წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღვთისა უდებებით (იერ. 48, 10).
წარსულს კვირას ამ სიტყვებზე დავაფუძვნეთ სწავლა და ქადაგება თქვენდამი. ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღესაც იგინივე უნდა დავსდვათ საფუძვლად ჩვენისა სიტყვისა; გარნა დღეს სხვა მხრით უნდა ავხსნათ იგი, და სხვანი სწავლანი და მაგალითნი გამოვიყვანოთ მათგან. ¬ წყეულ იყავნ მოქმედნი საქმისა ღვთისა უდებებით! ვისთვის იტყვის ამ საშინელ სიტყვას სულიწმინდა, ძმანო ქრისტიანენო? ვინ არის ქვეყანაზედ მოქმედი საქმისა ღვთისა? უპირველეს და უაღრეს ყოველთა მოქმედნი საქმისა ღვთისა ვართ ჩვენ, უღირსნი მწყემსნი თქვენი, საღმრთოთა საიდუმლოთა აღმასრულებელნი, ნიჭთა და მადლთა ღვთისათა დამრიგებელნი. ეს საქმე რომ დიდია, და ჭეშმარიტად ღვთის საქმე არის, და ყოველთა სხვათა საქმეთა უდიდესი და უპატიოსნესი, ეს ყოველმან მორწმუნემან კაცმან კარგად იცის. მაშასადამე, ეს საშინელი სიტყვა იერემია წინასწარმეტყველისა, უწინარეს ყოვლისა, გვაფრთხილებს და გვაშინებს ჩვენ, სამღვდელოთა პირთა. მართლა, რომელი ცოდვა იქნება ამაზე უდიდესი, როდესაც მღვდელი უდებებით ასრულებს ღვთის მსახურებასა? თუ კი მონა, უდებებით აღმასრულებელი...