ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. გაიხსენე, უფალო, რაც დაგვემართა; მოგვხედე და დაინახე ჩვენი შეგინება.2. ჩვენი სამკვიდრო უცხომ დაიმკვიდრა, ჩვენი სახლები - გადამთიელმა.3. ობლები გავხდით: მამა არა გვყავს, დაქვრივდნენ ჩვენი დედები;4. ჩვენსავე წყალს ვერცხლის ფასად ვსვამთ, შეშას ვყიდულობთ;5. კისრით მიგვათრევენ, ქანცი გაგვიწყდა, არა გვაქვს მოსვენება;6. ეგვიპტეს ვუშვერთ ხელს, აშურს, რომ გავძღეთ პურით;7. ჩვენმა მამებმა შესცოდეს და აღარ არიან, ჩვენ კი მათ სასჯელს ვიხდით;8. მონები ხელმწიფობენ ჩვენზე, არა ჩანს მხსნელი მათი ხელიდან;9. სიცოცხლის ფასად ვშოულობთ პურს, უდაბნოში მახვილის შიშით;10. თონესავით გვიხურს კანი, შიმშილის ხვატისგან.11. ქალებს ნამუსს ხდიან სიონში, ქალწულებს - იუდას ქალაქებში;12. ხელებით ჰკიდებენ მთავრებს, შეურაცხყოფენ მოხუცებულთ;13. მოყმენი დოლაბებს ეზიდებიან, ბიჭები ფორხილებენ შეშის ტვირთის ქვეშ;14. მოხუცებულნი კარიბჭესთან აღარ სხდებიან, მოყმენი აღარ მღერიან;15. შემწყდარია ჩვენი გულის სიხარული, გლოვად გადაიქცა ჩვენი ფერხულები;16. თავზეით გვირგვინი მოგვეხადა; ვაი ჩვვნ, რადგან შევცოდეთ!17. ამიტომ შეღონებული გვაქვს გული, ამიტომაც დაგვიბნელდა თვალისჩინი;18. გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ;19. შენ კი საუკუნოდ მყოფობ, უფალო, შენი ტახტი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე!20. სამუდამოდ რისთვის დაგვივიწყე, ასე ხანგრძლივად რისთვის მიგვატოვე?21. შენკენ მოგვაქციე, უფალო, და მოვიქცევით; განგვიახლე დღეები, როგორც ძველად იყო!22. ნუთუ საბოლოოდ შეგვიძულე და უსაზომოდ გაჯავრდი ჩვენზე?