იგავი ბატონის მომლოდინე მონების შესახებ
36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი.37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ.38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირად ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს.39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის.40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.41. უთხრა მას პეტრემ: უფალო, ჩვენ გვეუბნები ამ იგავს თუ ყველას?42. და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ?43. ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი პატრონი, როდესაც მოვა.44. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას.45. მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი პატრონი მოსვლას; და დაიწყებს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და ლოთობას,46. მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს.47. ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება, მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება.48. ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.