იგავი მდიდარსა და ლაზარეზე
19. იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.20. იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული.21. ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს.22. მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.23. ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.24. შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.25. მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.26. ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ.27. ხოლო მან თქვა: გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.28. ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.29. უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ.30. ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ.31. და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.