ხარება ზაქარიასი, იოანე ნათლისმცემლის მამისა
5. იუდეის მეფის - ჰეროდეს დღეებში იყო ერთი მღვდელი, აბიას წყებისა, სახელად ზაქარია, და მისი ცოლი, აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.6. ორივენი მართალნი იყვნენ ღმერთის წინაშე და უმწიკვლოდ ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებასა და განაწესს.7. მაგრამ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი უნაყოფო იყო, და ორივენი ხანშიშესულნი იყვნენ.8. ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე,9. მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ, წილად ხვდა საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში.10. ხოლო ხალხის მთელი სიმრავლე გარეთ ლოცულობდა კმევისას.11. მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე.12. მისი ხილვისას შეძრწუნდა ზაქარია და თავზარი დაეცა.13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით.15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე.16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ.17. უწინამძღვრებს მათ ელიას სულით და ძალით, რათა მოაქციოს მამების გული შვილების მიმართ, ხოლო ურჩნი - მართალთა გონიერების მიმართ, და, ამრიგად, განუმზადოს უფალს მზადმყოფი ხალხი.18. უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: მერედა, რითი გავიგებ ამას? რადგან მე მოხუცი ვარ და ჩემი ცოლიც ხანშია შესული.19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებული ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს.20. აჰა, დადუმდები და სიტყვას ვერ დასძრავ იმ დღემდე, როცა ახდება ეს, ვინაიდან არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროს.21. ხოლო ხალხი ელოდა ზაქარიას და უკვირდა მისი დაყოვნება ტაძარში.22. და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ.