შობა იოანე ნათლისმცემლისა
57. ხოლო ელისაბედისთვის მოაწია შობის ჟამმა და შობა ძე.58. გაიგეს მეზობლებმა და ნათესავებმა, რომ უფალმა განადიდა თავისი წყალობა მის მიმართ და ხარობდნენ მასთან ერთად.59. მერვე დღეს მოვიდნენ ყრმის წინადასაცვეთად და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის, ზაქარია.60. მაგრამ დედამისმა თქვა: არა, არამედ იოანე ერქმევა მას.61. უთხრეს: არავინა გვყავს გვარში ისეთი, რომ ეგ სახელი ერქვას.62. და ნიშნებით ეკითხებოდნენ მამამისს, რა სურდა დაერქმია მისთვის.63. ხოლო მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა: იოანეა მისი სახელი. და უკვირდა ყველას.64. მაშინვე ამოიდგა ენა, ხმა ამოიღო და აკურთხებდა ღმერთს.65. შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელს მთიანეთს მოედო ეს ამბავი.66. ყველამ, ვინც გაიგო, გულს ჩაიბეჭდა და ამბობდა: რა გამოვა ეს ბავშვი? და იყო ხელი უფლისა მასთან.67. ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:68. კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი.69. აღგვიმართა რქა ხსნისა თავისი მონის, დავითის სახლში.70. როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ:71. რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;72. რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;73. თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ,74. მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, - მის მიმართ უშიშრად75. და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე.76. ხოლო შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა.77. და მათი ცოდვების მიტევებით მისცე მის ხალხს ხსნის შემეცნება.78. ჩვენი ღმერთის გულმოწყალებით, ვისი მეოხებითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლით.79. რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.80. ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, როცა გამოეცხადა ისრაელს.