წინადაცვეთა და მირქმა იესო ქრისტესი
21. და როცა გასრულდა რვა დღე ყრმის წინადასაცვეთად, უწოდეს მას სახელად იესო, ჩასახვამდე დარქმეული ანგელოზის მიერ.22. ხოლო, როცა გასრულდა მათი განწმენდის დღენი, თანახმად მოსეს რჯულისა, იერუსალიმში წაიყვანეს იგი, რათა წარედგინათ უფლის წინაშე,23. (როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;)24. და რათა მიერთმიათ შესაწირავი, როგორც ნათქვამია უფლის რჯულში: ორი გვრიტი, ანდა ორი ხუნდი მტრედისა.25. და აჰა, იყო ერთი კაცი იერუსალიმში, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოსავი, რომელიც მოელოდა ნუგეშისცემას ისრაელისას, და სული წმიდა იყო მასზე.26. ნაუწყები ჰქონდა სულის წმიდის მიერ, რომ არ იხილავდა სიკვდილს, ვიდრე არ იხილავდა ქრისტეს უფლისას.27. სულით აღძრული მივიდა ტაძრად; და როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა აღესრულებინათ მის მიმართ ყველაფერი, რაც დაწესებული იყო რჯულით,28. ხელში აიყვანა იგი, აკურთხა ღმერთი და თქვა:29. აწ განუტევებ მონას შენსას, მეუფეო, თანახმად შენი სიტყვისა, მშვიდობით.30. რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი,31. რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე,32. ნათელი წარმართთა გასანათლებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად.33. ხოლო იოსები და იესოს დედა განცვიფრებულნი იყვნენ ყრმის მიმართ ნათქვამი სიტყვით.34. აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, იესოს დედას: აჰა, წევს იგი მრავალთა დამამხობლად და აღმადგინებლად ისრაელში, და განხეთქილების ნიშნად.35. და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალი გულის ზრახვანი.36. იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში;37. ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.38. სწორედ იმ ხანად მოვიდა, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც ხსნას ელოდა იერუსალიმში.39. და როცა უფლის სჯულისამებრ აღასრულეს ყველაფერი, გალილეას დაბრუნდნენ, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.