თავი 1. წმინდად (კათარად) წოდებულთა საკითხის შესახებ ადრეც ნათქვამია და კეთილად არის მოხსენიებული, რომ ისინი უნდა მიჰყვნენ ადგილობრივ წესს, რადგან მათი ნათლისღების შესახებ სხვადასხვაგვარად ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს.
პეპუზიანელთა შესახებ არა მგონია, რომ რაიმე თქმულიყო მათ დასაცავად და მიკვირს, თუ როგორ აუარა გვერდი ამას დიონისემ, რომელიც კანონს კარგად იცნობდა და მისდევდა. ძველებმა განაწესეს მიღება იმათი ნათლისღებისა, რომლებიც სარწმუნოებაში არ ცდებოდნენ. ამიტომ ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა). მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისაგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისაგან გაყოფილები. კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა) კი არის, როცა დაუმორჩილებელ ეპისკოპოსს ან მღვდელს აყოლილი ერი კრებას იწვევს, როცა რაიმე ბრალისთვის დასჯილი განუდგება სამღვდელო დასს, თავს არ მოუხრის კანონს, თავის თავს თვითონ ასამართლებს და ძალით მიიკუთვნებს პატივსა და მღვდლობას. ასევე თუ გამოიყოფა ვინმე, დატოვებს კათოლიკე ეკლესიას და მოაწყობს თვითნებურ შეკრებას - ეს არის თვითნებური თავყრილობა, კიდეშესაკრებლობა. ეკლესიაში მყოფთაგან განსხვავებული აზრის ქონება სინანულის შესახებ არის განხეთქილება. ხოლო ერესი, მაგალითად, მანიქეველთა, ვალენტინიანელთა, მარკიონელთა და თვით პეპუზიანელთა ნიშნავს გაყოფას თვით ღმრთის სარწმუნოების საკითხში.
პირველ მამებს სურდათ მწვალებელთა სრულიად გაძევება და მათი, როგორც წარმართთა, ისე მიღება-შეწყნარება. განხეთქილების მოქმედთა, როგორც ჯერ კიდევ ეკლესიის ნაწილთა, შეწყნარება შეიძლება. თვითნებური თავშეყრის მომწყობთა ჯეროვანი სინანულის, გამოსწორებისა და მობრუნების შემდეგ შეიძლება მათი ისევ შეერთება ეკლესიასთან. ისე რომ, დაუმორჩილებლებთან ერთად განდგომილი სამღვდელო დასის წარმომადგენლები თუ მოიქცევიან და ინანებენ თავიანთ განდგომას, ისინი იმავე ხარისხით იქნებიან შეწყნარებულნი, რომელშიც იყვნენ თავიდან.
პუპუზიანელები მწვალებლები არიან განცხადებულად, რადგან ისინი გმობენ სულიწმიდას და უსირცხვილოდ აკუთვნებენ მონტანსა და პრისკილას ნუგეშისმცემელთა სახელს. ამიტომ, როგორც კაცთა ღმერთმყოფელნი, დასასჯელნი არიან ამისთვისაც და იმიტომაც, რომ სულიწმიდას ადამიანებთან გათანაბრებით აგინებენ. ამგვარად საუკუნო სასჯელს იმსახურებენ, რადგან სულიწმიდის გინების შენდობა არ შეიძლება. რა გამართლება აქვს ამათი ნათლისღების შეწყნარებას, რომლებიც ნათელს სცემენ მამის, ძისა და მონტანის და პრისკილას მიმართ? არ არის ნათელღებული ის, ვინც ნათელ-იღო იმათ მიმართ, ვინც არ არის ჩვენთვის მოცემული.
თუმცა დიდი დიონისე არ შეხებია მათ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივყვეთ ამ შეცდომას, რადგან უსწორობა ცხადზე ცხადია, ყველასთვის თვალსაჩინოა და ამის არად ჩაგდება უსამართლობა იქნება.
წმინდად (კათარად) წოდებულნიც განხეთქილების მოქმედნი არიან. ჩვენს პირველ მამებს, კვიპრიანესა და ფირმილიანეს სურდათ ერთი განსაზღვრების განჩინება ყველა ამათთვის, რომლებიც არიან: წმინდად წოდებულნი, მმარხველნი (ენკრატიტები) და წყლისშემწირველნი (ჰიდროპარასტატები), რადგან გადნგომის დასაწყისი წარმოიშვება განხეთქილებისაგან. განუდგებიან რა ეკლესიას, მათ აღარ აქვთ თავის თავში სულიწმიდის მადლი, რადგან მოაკლდათ მადლი კანონიერი წესების მიყოლის აღკვეთასთან ერთად. პირველ განდგომილთ მამებისაგან ჰქონდათ მიღებული სულიერი მადლი. ხოლო თანდათან გამოეყვნენ მათ, ერისკაცები გახდნენ და არც ნათლიცემისა და არც ხელთდასხმის ნება არ ჰქონდათ, აღარ შეეძლოთ სულიწმიდის მადლი მიენიჭებინათ სხვებისთვის, რადგან თვითონ ჩამოშორდნენ ამ მადლს. ამის გამო მათგან ნათელღებულების, როგორც ერისკაცთა მიერ მონათლულების, ხელახლა ნათლისღებით განწმენდას ბრძანებს ეკლესია, როცა ასეთი ვინმე ისევ დაუბრუნდება მართლმადიდებლობას. მაგრამ რადგან აზიელთაგან ბევრს სურს მათი ნათლისღების შეწყნარება, შეიწყნარონ.
ჩვენ უნდა გავიგოთ მმარხველთა (ენკრატიტებად) წოდებულთა მზაკვრობა, რადგან ეკლესიისგან შეუწყნარებელნი რომ იყვნენ ისინი, ხელი მიჰყვეს თავიდანვე თავიანთი ნათლისღების დაჩქარებას, რითაც თავისი საკუთარი ჩვეულებაც შეცვალეს. ამიტომ რადგან არაფერი მათ შესახებ ნათლად თქმული და განჩინებული არ არის, ჩვენ გვმართებს მათი ნათლისღების გაუქმება. თუ ვინმეს ნათელ-უღია მათგან, ხელახლა უნდა ნათელ-ვცეთ მას, დაუბრუნდება რა ეკლესიას. მაგრამ თუ საერთო მამათა განგებას სურს თავის შეკავება და ამის სხვაგვარად განწესება, ისევ ჩვეულებას უნდა მივყვეთ და ჩვენი მამების დადგენილებას შევუდგეთ, რადგან როცა გვინდა ვინმე შევაჩეროთ აჩქარებული ნათლისღებისაგან, ვერიდები, რომ ცხოვნებისაგან არ დავაბრკოლო ისინი ჩვენი მკაცრი განჩინებით. თუ ისინი დაიცავენ ჩვენს ნათლისღებას, ეს ნუ დაგვამშვიდებს ჩვენ, რადგან ასე მოქცევა კი არ გვევალება ჩვენ, არამედ საჭიროა, პატივი ვცეთ და გულმოდგინედ მივყვეთ უცთომელ კანონს და კრძალვით დავიცვათ შემდეგი, რომ, როცა ვინმე, მათგან ნათელღებული, მოუბრუნდება ეკლესიას, პირველად მას ეცხებოდეს საცხებელი სულიწმიდისა მორწმუნეთა შორის და შემდეგ ეზიარებოდეს საიდუმლოს. ვიცი ესეც, რომ ძმები იზო და სატორნინე, რომლებიც მათი დასის წევრები იყვნენ, შევიწყნარეთ ეპისკოპოსის ტახტზე, რის გამოც მათი საზოგადოების წევრებს ვერ გამოვყოფთ ეკლესიისაგან რაიმე კანონის მიღებით მათი და მათი ეპისკოპოსების ზიარების შესახებ.