დიონისიოს ვასილიდი ეპისკოპოსს
ჩემ საყვარელ ძეს და ღმრთივმშვენიერ თანამწირველ ძმას უფლისა მიერ გიხაროდეს!
უერთგულესო და უგანათლებულესო შვილო ჩემო, შენ ხომ მომწერე მე და მკითხე, თუ რომელ საათზე უნდა გაიხსნას მარხვა აღდგომის დღესასწაულის წინ. შენ იმეორებ ზოგიერთი ზმის ნათქვამს, რომ მამლის ყივილის დროს უნდა გააკეთო ეს, ზოგიერთები კი მწუხრის დროს ამბობენ. რომში მყოფი ძმებიც თვლიან, რომ ეს უნდა მოხდეს მამლის ყივილის დროს. აქ მყოფთა შესახებ კი შენ ამბობ, რომ ისინი ადრე წყვეტენ მარხვას. შენ დროის ზუსტ განსაზღვრას ეძიებ და სრულიად გამოზომილ საათს, რაც ძნელიც არის და არცთუ უხიფათო. ჩვენი უფლის აღდგომის დროის შემდგომ საჭიროა დღესასწაულობისა და სიხარულის დაწყება. ხოლო მანამდე სულები მარხვით რომ უნდა დაიმდაბლონ ადამიანებმა, ეს ერთხმად არის აღიარებული ყველას მიერ. შენ ჩემთვის შეუცდომლად მოგიწერია და დაწვრილებით დაგიმტკიცებია წმინდა სახარებების ცოდნით, რომ მათში არაფერი აღმოჩნდა უფლის აღდგომის ზუსტი დროის შესახებ, რადგანაც მახარებლებმა სხვადასხვანაირად აღწერეს და სხვადასხვა დრო აღნიშნეს მენელსაცხებლე დედათა მისვლა საფლავთან, და თქვეს, რომ ყველა მისულმა უფალი უკვე აღმდგარი ნახა: ”მწუხრი შაბათისა”, როგორც თქვა მათემ (28,1) და ”კვირის პირველ დღეს გარიჟრაჟზე, ჯერ ისევ ბნელოდა” (), როგორც იოანე წერს, და ”კვირის პირველ დღესვე, გარიჟრაჟს ადრიანად” (), როგორც ამბობს ლუკა, და ”ადრე განთიადის ჟამს, მზის ამოსვლასთან ერთად” (), როგორც მარკოზი ამბობს. თუ როდის აღდგა, ეს ნათლად არავის უჩვენებია. შაბათის მწუხრზე, რომელიც ერთშაბათად თენდებოდა, მზის ამოსვლამდე (ერთ) შაბათისა საფლავთან მისულებმა რომ ვეღარ იპოვეს უფალი მასში, ეს აღიარებულია. მახარებელთა შორის ვერც ორხმაობას ვხედავთ, ვერც ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრს. ძუნწ ნათქვამად კი შეიძლება ვინმემ მიიჩნიოს ეს საძიებელი საკითხი. ერთხმად ამბობენ ყველანი, რომ იმ ღამეს აღმოხდა საფლავიდან სოფლის სინათლე, ჩვენი ქრისტე ღმერთი. სხვადასხვას ამბობენ ისინი საათის შესახებ. ჩვენ გულისხმიერად და სარწმუნოდ, გულმოდგინედ განვმარტოთ და შევათანხმოთ მათი ნათქვამი. მათეს მიერ ნათქვამია: ”ხოლო მწუხრი შაბათისა, რომელიც თენდებოდა ერთბაშად, მოვიდნენ მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამ საფლავის სანახავად. და აი, დიდი მიწისძვრა იყო, რადგან უფლის ანგელოზი გადმოვიდა ზეციდან, მოვიდა, გადააგორა ლოდი და დაჯდა ზედ. მისი შესახედაობა ელვასავით იყო, და მისი სამოსელი - თოვლივით სპეტაკი. მისი შიშით მცველები შეძრწუნდნენ და მკვდრებივით გახდნენ, ანგელოზმა კი მიმართა დედაკაცებს და უთხრა: ”ნუ გეშინიათ, ვინაიდან ვიცი, რომ ჯვარცმულ იესუს ეძიებთ, აქ არ არის; იგი აღდგა, როგორც თქვა” (). ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ეს მწუხრი სიტყვის ზოგადი მნიშვნელობით ნიშნავს შაბათის მიმწუხრს. ხოლო ვისაც სმენია უბრძნესი კაცების გამოკვლეული, ისინი ამბობენ არა ამას, არამედ გვიან ღამეს. და რომ მწუხრის ეს სახელი წარმოაჩენსო გვიანი და გრძელი დროის გასვლას, და რომ ღამეს ამბობს და არა მიმწუხრს, ეს ცხადია იმ სიტყვიდან, როდესაც ამბობს: ”რომელიც თენდებოდა ერთშაბათად”.
მოვიდნენ არა ნელსაცხებელთა მოსატანად, როგორც სხვები ამბობენ, არამედ საფლავის სანხავად. ნახეს ის მიწისძვრა და ანგელოზი, ლოდზე მჯდომარე, და მოისმინეს მისგან: ”არ არის აქ, აღდგა**”.
ასევე, იოანე ამბობს: ერთშაბათს, გარიჟრაჟზე, ჯერ ისევ ბნელოდა, მოვიდა მარიამ მაგდალინელი საფლავთან და ნახა ლოდი, საფლავიდან გადაგორებული”** (). ამრიგად, იოანე მახარებლის მიხედვით, სანამ ჯერ კიდევ სიბნელე იყო, მაგრამ ახლოს იყო გათენება, მაშინ მოვიდა მარიამი საფლავთან.
ლუკა ამბობს: ”და შაბათს მცნების თანახმად მოისვენეს, ხოლო ერთშაბათს გარიჟრაჟზე, დილაადრიან საფლავთან მოვიდნენ და მოიტანეს მომზადებული სურნელები და ნახეს ლოდი საფლავიდან გადაგორებული” (23,56-24,1). დილაადრიანი გარიჟრაჟი ნიშნავს გათენების წინ საცისკრო ჰაერის აღმონათებას შვიდეულის პირველი დღისას. იმიტომ, რომ გავიდა შაბათი მის ღამესთან ერთად და სხვა დღის დაწყებასთან ერთდ მოვიდნენ ქალები სურნელ-ნელსაცხებელით, საიდანაც ცხადია, რომ უფალი აღმდგარი იყო ამაზე ბევრად ადრე.
ამას მისდევს მარკოზიც და ამბობს, რომ ”იყიდეს სურნელები, რათა მოსულიყვნენ და ეცხოთ მისთვის. და ერთშაბათის ადრე ცისკარს მოვიდნენ საფლავთან, მზის ამოსვლის დროს” (). ამან თქვა ”ადრე ცისკრობა”, ეს იგივეა, რაც ”ცისკრად დილაადრიან”, და ზედ დაურთო ”მზის ამოსვლის დროს”, რადგანაც მათი ადრე ადგომა და მგზავრობა, ცხადია, დილაადრიან ცისკარზე და ძალიან ადრე ცისკარზე დაიწყო. ხოლო სვლითა და საფლავთან ყოფნით გაგრძელდა მათი დრო მზის ამოსვლამდე და სწორედ მაშინ უთხრა მათ სპეტაკოსანმა ჭაბუკმა: ”აღდგა, არ არის აქ” ().