ქვრივები, გლახაკები და უცხოელი მოგზაურები უნდა იღებდნენ ყოველნაირ დახმარებას. ნურავინ მიითვისებს ეკლესიის ქონებას, რადგანაც ის, ვისაც ჩაბარებული აქვს ღმრთის მღვდელმსახურება, ვერცხლისმოყვარე არ უნდა იყოს.
შენმა პატიოსნებამ გამომიცხადა მე, რომ ზოგიერთებს, ვინც თავს განწმენდილს (მწვალებელთა კათარები, ანუ ნავატიანები) უწოდებს, სწადიათ ეკლესიაში მოსვლა. ვინაიდან ჩვენი სანატრელი მამების დიდმა კრებამ, რომელიც შედგა ნიკეაში, განსაზღვრა, რომ ხელთდასხმულ უნდა იქნეს მათგან მოსულები, შენც შეასრულე ამ წესისამებრ იმათი ხელთდასხმა, ვინც თავისი სჯულისაგან მოდის ეკლესიაში, თუ მათი ცხოვრება ალალ-მართალია და არავითარი დაბრკოლება არ გააჩნიათ.
ვინმე მაქსიმემ საეკლესიო კანონების უცოდინარობის გამო გაბედა ცოლთან უკანონოდ შეერთება. მას აღელვებს ეკლესიისაგან ჩამოშორება და ამტკიცებს, რომ უსჯულოება უცოდინარობით მოიმოქმედა და უსამართლოდ თანაცხოვრებას თავს დაანებებს ცოლთან შეთანხმებით. ახლა კი, თუ ნახავ, რომ ამას მართლაც შეთანხმებით ამბობს და არ ტყუის, ვინაიდან უკვე ათი წელია მათი ქორწინებიდან გასული, და თუ ინებებ და გულით მოიწადინებ ამას, მიიღე იგი კათაკმევლებთან ერთად. ხოლო თუ დაინახავ, რომ მოტყუება სურს და უფრო მკაცრ შერისხვას იმსახურებს, რაც შთაგაგონოს ღმერთმა, ის მოიმოქმედე, და ყოველმხრივ უკეთესი გამოარჩიე. შენ, მანდვე მყოფი, შეძლებ მისი აზრისა და ნება-სურვილის შეტყობას.
კანონიერი საქმე მოუმოქმედებიათ დაბა გემინოსის მღვდლებს, თუკი ჭეშმარიტებას ამბობს წერილის მომტანი ევსტათია. მან თქვა, რომ ვინმე წარჩინებული დედაკაცი, რომელიც მიიხვეჭდა სხვისას და არ სურდა ამ უმსგავსობის შეწყვეტა, ჩამოაშორეს ეკლესიას. ვინაიდან შენც მიიჩნევ მას თავისი თავისთვის ბოროტი წარმატებისა და მოხვეჭის მსურველად, ისწრაფე, რათა დაიყოლიო იგი, თავი დაანებოს მომხვეჭელობას და შეუდგეს სინანულს. ამგვარად, თუ დაინახავ, რომ იგი ღმრთის კანონს ემორჩილება და სურს ეკლესიაში დგომა, ნება დართე ერთან ყოფნისა.
[1]-[2] – ადგილია ეგვიპტეში.