...იან, რათა მისი თავი გადაარჩინონ.
ისმინეთ, რას ეუბნება დავითს მთელი ხალხი (ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ თავს დავითს ვადარებდე, ასე არ გადავრეულვარ; არამედ მსურს ვაჩვენო ხალხის გულითადი სიყვარული წინამძღვრის მიმართ): „რათამცა არღარა განვიდა დავით ბრძოლად მათ თანა, რამეთუ არა დაშრტეს სანთელი იგი ისრაჱლისა." (). ხედავ, რაოდენი მოფრთხილებით ეპყრობოდნენ მოხუცს? ფრიად მჭირდება თქვენი ლოცვები; ნურავინ, როგორც ვთქვი, გადამეტებული თავმდაბლობით წამართმევს ამ თანადგომასა და დახმარებას. თუ ჩვენი საქმე კეთილად წარემართება, თქვენიც უფრო ბრწყინვალე იქნება; თუ ჩვენთან მოძღვრების ნაკადი უხვად მოვა, სიმდიდრე თქვენამდე გადავა. ისმინე წინასწარმეტყველის სიტყვა: „ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა," (). ხედავ პავლეს, რომელიც განუწყვეტლივ ეძიებს ამ ლოცვებს? გესმის, რომ პეტრე ასე გამოიხსნა საპყრობილიდან, რადგან მისთვის გულმოდგინე ლოცვა აღევლინებოდა? ფრიად მწამს, რომ თქვენს ლოცვას მრავალი რამის ძალა ექნება, როცა ესოდენი თანხმობით აღევლინება.
როგორ ფიქრობთ, რაოდენ აღემატება ჩვენს სიმცირეს ესოდენი ხალხისთვის ღმერთთან მიახლება და ვედრება? რამეთუ თუ თვით მე საკუთარი თავისთვის ვედრების კადნიერება არ მაქვს, მით უ...