...ი კურთხევისას გადადის განსაკუთრებული მადლი სულიწმიდისა.
მოძღვარი თავშეკავებული პიროვნება უნდა იყოს. წმიდა პავლე თავის მოწაფეს, მოციქულ ტიმოთეს, ასე არიგებს: „ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე; შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა“().
ნამდვილი სასულიერო პირი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არის; მუდამ ებრძვის ცოდვას, რომ უკეთესი გახდეს და იქცეს მაგალითად სამწყსოსათვის.
მას განსხვავებული კულტურის მქონე საზოგადოებაში უხდება მსახურება. ამიტომაც იგი უნდა იყოს არა მარტო კარგი ღვთისმეტყველი, არამედ სულიერი, განათლებული, კულტურული პიროვნება, მშვიდობისმყოფელი, მოსიყვარულე, მოწყალე მამა.
ხალხი სამღვდელოებას გამადიდებელი შუშით უყურებს და მას მცირე შეცდომასაც არ აპატიებს. მოძღვრის შეუფერებელი საქციელი ან სიტყვა-პასუხი მაშინვე განკითხვის საგნად იქცევა როგორც მორწმუნეთათვის, ისე, მითუმეტეს, ურწმუნოთათვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ მღვდელიც ადამიანია თავისი ადამიანური სისუსტეებითა და უძლურებით. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ბოროტი ძალა გაცილებით ძლიერ ებრძვის, რათა დაამციროს, დაამდაბლოს იგი და ამით მრევლის რწმენა შეარყიოს. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთის მიზეზით სხვებს შე...