...ლება
აი, ამ დროიდან შეიცვალა წესრიგი და პირმშოების ღირსება იმას გადაუვიდა, ვინც სულიერი სათნოებით ბრწყინავდა. „და მისცა, — ამბობს წერილი, — ესავ პირმშოებაჲ" იაკობს, ანუ საზრდელის სანაცვლოდ გაყიდა ღირსება, თავად ბუნებისგან მისთვის მინიჭებული. ამიტომ წერილი დაუმატებს: „და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი" (): ასე უგრძნობელი გახდა ბუნებისგან მისთვის მინიჭებული უპირატესობის მიმართ. ეს ყველაფერი კი იმისთვის მოხდა, რომ მისი უგუნურება გამომჟღავნებულიყო და ღვთის წინასწარმეტყველება მართლაც აღსრულებულიყო.
ჩვენ, ამის მსმენელნი, ვისწავლოთ, რომ ღვთის ნიჭები არასდროს უგულებელვყოთ და მცირედისა და უმნიშვნელოს გამო დიდი არ დავკარგოთ. რისთვის, მითხარი, როცა ჩვენთვის ცათა სასუფეველი და გამოუთქმელი სიკეთენი არის მომზადებული, რისთვის ვეტაცებით სიმდიდრის ვნებასა და დროებითს, ხშირად საღამომდეც ვერ შენარჩუნებულს და უსასრულოსა და საუკუნო სიკეთეს ვამჯობინებთ? და რა შეიძლება ამ უგუნურებეზე უარესი იყოს, როცა დროებით სიკეთეებზე მიჯაჭვულობით მომავალი სიკეთეებიც გვეკარგება და აწმყოთითაც ვერ ვტკბებით უმწიკვლოდ? რა სარგებელია, მითხარი, დიდ ქონებაში? თუ არ იცით, რომ სიმდიდრის მომრავლება სხვას არაფერს მოგვიტანს, საზრუნავისა, შფოთვისა და უძილობის მომრავლების გარდ...