წინასწარმეტყველი დავით ორმეოც და მეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად, ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსლითა პირად-პირადად. წმიდანი მამანი განგვიმარტვენ ჩვენ, რომელ სიტყვათა ამათ შინა დავით მეფე წინასწარ-მოასწავებდა ყოვლად-წმიდასა დედოფალსა მარიამს, რომლისა ხარებასა დღეს, ძმანო და დანო ქრისტიანენო, ვდღესასწაულობთ ჩვენ და ვიხარებთ. ჭეშმარიტად მხოლოდ ერთს უბიწოსა მარიამს შეეფერება მაღალი იგი ქება, რომელ ყოველი დიდება მისი შინაგან მისა იყო, თუმცა-ღა ამასთანავე იგი იყო შემკულ გარეგანითაცა გამოუთქმელითა მშვენიერებითა და სიკეთითა. ამით განსხვავდებოდა იგი ყოველთაგან ასულთა კაცთათა.
ეს დიდი ქება არს კეთილი და მისაღებელი მაგალითი ყოვლისა ქალისათვის. თუმცა ყოველს ადამიანს, ვითარცა მამა-კაცსა. ეგრეთვე დედა-კაცსა, აქვს...