24. და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის. 25. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.
უფალი მოუწოდებს მოწაფეებს სიფხიზლისაკენ. დაუკვირდით, ამბობს, რასაც უსმენთ; არ გამოტოვოთ არაფერი ჩემგან თქმული. „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“, ანუ რა ზომითაც ყურადღებით იქნებით, სარგებელსაც იმ ზომით მიიღებთ. იმ მსმენელს, რომელიც ყოველთვის ყურადღებითაა და ამასთან უმაღლესი ხარისხით, ღმერთი ჯილდოსაც უდიდესს მისცემს, ზანტი ადამიანისთვის კი ჯილდოც შესაბამისი იქნება. ვისაც მოშურნეობა და გულმოდგინება ექნება, მას ჯილდოც მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს მოშურნეობა და გულმოდგინება, მას ისიც წაერთმევა, რის ქონასაც ფიქრობს. რამეთუ სიზარმაცის გამო მასში ქრება ის მცირედი ნაპერწკალიც, რაც მას ადრე ჰქონდა, ისევე როგორც გულმოდგინების წყალობით იგი ღვივდება.