📋 სარჩევი
(თ. 4. მ. 1-2)
1. მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა. 2. და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:
თუმცა, თითქოსდა, გააბრუნა თავისი დედა, მაინც ისევ ემორჩილება მას, ვინაიდან მის გამო გადის ზვასთან. ნავში იმიტომ ჩაჯდა, რომ თვალწინ ეყოლებოდა რა ყველა, ყველას გასაგონად ესაუბრა და არავინ ჰყოლოდა ზურგს უკან.
(თ. 4. მ. 3-12)
3. ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად. 4. და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი. 5. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. 6. და ვითარცა მზე აღმოჰჴდა დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. 7. და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო. 8. და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული. 9. და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! 10. და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე? 11. ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად. 12. რაჲთა ხედვით ხედვიდენ, და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაჲ მათი.
პირველ იგავს სთავაზობს თესლზე, რათა უფრო ყურადღებიანი გახადოს მსმენელი. რამდენადაც ის აპირებს უთხრას, რომ თესლი არის სიტყვა და რომ თუკი იგი უყურადღებოდ დაეცემა, წახდება, ამდენად, უწინარეს ყოვლისა, ამაზე საუბრობს, რათა მსმენელი ეცადოს იყოს ყურადღებიანი და არ დაემსგავსოს იმ მიწას, რომელიც ღუპავს თესლს. მაგრამ ვინ არის მთესვარი? თავად ქრისტე, რომელიც თავისი კაცთმოყვარეობისა და გულმოწყალების გამო განუყოფლად გარდამოვიდა მამის წიაღიდან, გარდამოვიდა არა იმიტომ, რომ დაეწვა წყეული მიწა და ბოროტი გულები, არა იმიტომ, რომ გაეკაფა ეკალ-ბარდი, არამედ იმიტომ, რომ დაეთესა თესლი, რა თესლი? იქნებ მოსესი? ან იქნებ წინასწარმეტყველთა? არა, თავისი, ანუ რათა ექადაგა თავისი სახარება. და ის თესავდა კიდეც; მაგრამ ამ თესლთაგან ერთი დაეცა სულს, რომელიც ჩამოჰგავდა გზას, მრავალნი რომ თელავდნენ, ცის ფრინველებმა ანუ ჰაერში გაბატონებულმა დემონებმა კი ჩანთქეს ეს თესლი. ასეთ ადამიანებს მიაკუთვბნებიან კაცთმოთნენი; ისინი იგივენი არიან, რაც გზა, მრავალთა მიერ თელილი. ის ვინც ყველაფერს აკეთებს ამა თუ იმ კაცის საამებლად, იგი მრავალთა მიერ ითელება. მაგრამ დააკვირდი, უფალს არ უთქვამს, რომ თესლი გზის პირას დააგდეს, არამედ იგი დავარდა გზის პირას იმიტომ, რომ მთესვარმა დააგდო თესლი ნიადაგზე, როგორც კეთილზე, მაგრამ თავად აღმოჩნდა რა, იგი უვარგისი, ღუპავს თესლს, ანუ სიტყვას. თუმცა, ზოგიერთები კარგად იღებდნენ გზის პირას დავარდნილს, იმ აზრით, რომ იგი ურწმუნო გულზე დავარდა. რამეთუ გზა არის ქრისტე, ხოლო გზის პირას მყოფნი ურწმუნონი არიან, რომლებიც გზის მიღმა, ანუ ქრისტეს მიღმა იმყოფებიან. მეორე თესლი კლდოვან სულზე დავარდა, ვგულისხმობ მათ, ვინც ადვლად იღებს სიტყვას, მაგრამ შემდგომ უარყოფს. ისინი კლდოვანნი არიან, როგორც რამდენადმე მიმსგავსებული კლდეს, ანუ ქრისტეს, რადგანაც მიიღეს სიტყვა; მაგრამ რამდენადაც ისინი სიტყვას დროებით იღებენ და შემდგომ უარყოფენ, ამის გამო კარგავენ მსგავსებასაც. სხვა თესლის დავარდა სულზე, რომელიც მრავალი საზრუნავითაა შეპყრობილი, რამეთუ „ეკალი“ ყოფითი საზრუნავებია. მაგრამ მეოთხე თესლი დაეცა კეთილ ნიადაგზე. მაშ შეხედე, რაოდენ იშვიათია სიკეთე და რა ცოტანი ცხონდებიან! თესლის მხოლოდ მეოთხედი ნაწილი გადარჩა! მოწაფეებს, რომლებიც მასთან მარტოდ დარჩენილნი ეკითხებიან, ეუბნება: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოი“. მაგრამ ნუთუ დაყოფისა და ბუნებით დადგენილი დანიშნულების გამო, ერთს მიეცემა ეს, მეორეს კი არა? შეუძლებელია; მაგრამ მათ მიეცემათ როგორც მეძიებლებს „ეძიებდეთ, - ნათქვამია, - და ჰპოვებდეთ“, სხვები კი უფალმა დაბრმობილნი დატოვა, რათა მართებულის შესახებ ცოდნამ, მათი მეტად განსჯა არ გამოიწვიოს, როდესაც ისინი, არ აღასრულებენ იმას, რაც მართებთ აღასრულონ. თუმცა, გინდა იოცდე, რომ ღმერთისგან ყველას აქვს მინიჭებული უნარი ხედავდეს იმას, რის გაკეთებაც მართებს? ისმინე! „ხედვით ხედვიდენ“ - ეს ღმერთისგანაა „და არა იხილონ“ - ეს ღვარძლისგანაა; რამეთუ ღმერთმა ისინი შექმნა თვალხილულნი, ანუ გამგებნი სიკეთისა, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ, ხუჭავენ რა თვალებს თავისი ნებით, რათა არ მოექცნენ და არ გამოსწორდნენ, ისე თითქოსდა შურთ საკუთარი ცხონებისა და გამოსწორების. შეიძლება ასეც გავიგოთ: სხვებს ვეუბნები იგავებით „რაითა ხედვით ხედვიდენ და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისხმა-ყონ“, რათა თუნდაც ამიტომ მოექცნენ და გამოსწორდნენ.
(თ. 4. მ. 13-20)
13. და ჰრქუა მათ: არა იცით იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისჴმა-ჰყვნეთ? 14. რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს. 15. ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა. 16. და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად სიხარულით მიიღიან; 17. და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და რაჟამს მოიწიის ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდიან. 18. და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან, 19. და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. 20. და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული და სამოცეული და ასეული.
აქ მითითებულია სამი ჯგუფის ადამიანები, რომელშიც სიტყვა იკარგება; ერთნი - უყურადღებონი არიან, ისინი აღნიშნულნი არიან სიტყვით „გზასა ზედა“; მეორენი - სულმოკლენი, იგულისხმებიან სიტყვების ქვეშ „კლდოვანსა ზედა“. მესამენი - გემოთმოყვარენი, აღინიშნებიან სიტყვებით - „ეკალთა შორის“. სამი ჯგუფია იმათიც, ვინც მიიღო და შეინახა თესლი: ერთნი გამოიღებენ ნაყოფს ასეულს - ესენი არიან სრული და ამაღლებულნი ცხოვრების მქონე ადამიანები; მეორენი - სამოცეულს, ესენი საშუალონი არიან; მესამენი - ოცდაათეულს, რომელთაც თუმცა ცოტა, მაგრამ მაინც მოაქვთ, თავის ძალისდა შესატყვისად. მაშ, ერთნი ქალწულნი და მეუდაბნოენი არიან, მეორენი ისინი ვინც კრებულთან ერთად ცხოვრობენ, სხვები კი ერში და ქორწინებაში მყოფნი. მაგრამ უფალი იღებს მათ ყველას, როგორც ნაყოფის გამომღებთ. და მადლობა მის კაცთმოყვარეობას!
(თ. 4. მ. 21-23)
21. და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან? 22. რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს. 23. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
აქ უფალი ასწავლის მოციქულებს იყვნენ ნათელნი, ცხოვრებითა და საქციელით. როგორც ლამპარი იდგმება იმისთვის, რომ გაანათოს, ასევე თქვენი ცხოვრებაო, ეუბნება, ყველასათვის თვალსაჩინო იქნება და ყველანი მას შეხედავენ. ამიტომ ეცადეთ კეთილად იცხოვროთ, რამეთუ თქვენ კუთხეში კი არ ხართ დაყენებულნი, არამედ ლამპარის მაგივრობას სწევთ, ლამპარს კი საწოლის ქვეშ არ მალავენ, არამედ თვალსაჩინო ადგილას დგამენ, სასანთლეზე. და ჩვენგან ყოველი ლამპარია, რომელიც სასანთლეზე უნდა დაიდაგს, ანუ ღმერთით ცხოვრების სიმაღლეზე, რათა სხვებსაც გაუნათოს და არა მუცელღმერთობისა და საკვებზე ზრუნვის ცხრაკლიტულში და არც უმოქმედობის საწოლქვეშ. რამეთუ არავის, საკვებზე ზრუნვით დაკავებულთა და უდებებით შეპყრობილთაგან, არ ძალუძს იყოს ლამპარი, რომელიც თავისი ცხოვრებით ყველას უნათებს. „და არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს“. ვინც რა უნდა აკეთოს დაფარულად: კეთილი, თუ ბოროტი - ყველაფერი გაცხადდება აქაც და განსაკუთრებით მომავალ ჟამს. რა იყო ღმერთზე უფრო იდუმალი? თუმცაღა ისიც ხორცში მოგვევლინა.
(თ. 4. მ. 24-25)
24. და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის. 25. რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.
უფალი მოუწოდებს მოწაფეებს სიფხიზლისაკენ. დაუკვირდით, ამბობს, რასაც უსმენთ; არ გამოტოვოთ არაფერი ჩემგან თქმული. „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“, ანუ რა ზომითაც ყურადღებით იქნებით, სარგებელსაც იმ ზომით მიიღებთ. იმ მსმენელს, რომელიც ყოველთვის ყურადღებითაა და ამასთან უმაღლესი ხარისხით, ღმერთი ჯილდოსაც უდიდესს მისცემს, ზანტი ადამიანისთვის კი ჯილდოც შესაბამისი იქნება. ვისაც მოშურნეობა და გულმოდგინება ექნება, მას ჯილდოც მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს მოშურნეობა და გულმოდგინება, მას ისიც წაერთმევა, რის ქონასაც ფიქრობს. რამეთუ სიზარმაცის გამო მასში ქრება ის მცირედი ნაპერწკალიც, რაც მას ადრე ჰქონდა, ისევე როგორც გულმოდგინების წყალობით იგი ღვივდება.
(თ. 4. მ. 26-29)
26. და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა 27. და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, 28. რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა. 29. და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკაჲ.
ღმრთის სასუფეველში იგულისხმება ღმერთის წინასწარგანზრახულობა ჩვენს შესახებ. „კაცი“ არის თავად უფალი, ჩვენთვის განკაცებული. მან ჩააგდო თესლი მიწაში, ანუ სახარებისეული ქადაგება. ჩააგდო რა იგი, მას „სძინავს“, ანუ ამაღლდა ზეცად. თუმცაღა ის „აღდგის ღამე და დღე“, რამეთუ თუმცა უფალს, როგორც ჩანს კი სძინავს, ანუ მრავლისმთმენია, მაგრამ იგი „აღდგის“. „აღდგის“ ღამე, როცა საცთურთა მეშვეობით აღგვძრავს მის შესამეცნებლად; „აღდგის“ დღე, როცა ჩვენს ცხოვრებას სიხარულითა და ნუგეშით ავსებს. თესლი თითქოსდა მის გარეშე იზრდება, რადგან ჩვენ თავისუფალნი ვართ და ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული გაიზრდება თუ არ ეს თესლი. ნაყოფს უნებლიედ კი არ გამოვიღებთ, არამედ ნებსით, ანუ ნაყოფი თვითონ გამოგვაქვს. თავდაპირველად, როდესაც ჩვილები ვართ და ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია ქრისტეს ასაკისთვის, ჩვენ „ჯეჯილს“ აღმოვაცენებთ, ვუჩვენებთ რა სიკეთის ჩანასახს. მერე - თავთავს, როდესაც უკვე გვაქვს უნარი წინ აღვუდგეთ საცთურებს, რადგან თავთავებით იკვრება ძნა, დგას სწორად და უფრო მეტ განვითარებას მიაღწია, შემდეგ წარმოიქმნება „სავსე მარცვალი თავთავში“ - ეს მაშინ, როდესაც ვინმეს სრულქმნილების ნაყოფი გამოაქვს, როდესაც „მკა“ მოიწევა, მაშინ „ნამგალი“ შეკრებს ნაყოფს. ეს „ნამგალი“ ღმრთის სიტყვაა, „მკა“ კი - აღსასრულის ჟამი.
(თ. 4. მ. 30-34)
30. და ეტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ მისთჳს? 31. ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა. 32. და ოდეს დაეთესის და აღმოჴდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნცა ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველთა ცისათა დადგრომად.33. და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად. 34. და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის იგი ყოველი.
მცირეა სიტყვა რწმენისა: იმიტომ, რომ მხოლოდ უნდა ირწმუნო ქრისტე და ცხონდები. ხედავ, რომ ეს სიტყვა ისეთივე მცირეა, როგორც მდოგვის მარცვალი. მაგრამ მიწაზე დათესილი ქადაგება - სიტყვა გაფართოვდა და გაიზარდა ისე, რომ ის მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ, ანუ ყველა ადამიანი თავისი მაღალფარდოვანი ცოდნითა და მაღალი გონებით მართლაც, რამდენი ბრძენი დაამშვიდა ამ ქადაგებამ, დაუტევა რა ელინური სიბრძნე! ამრიგად, ეს ქადაგება ყველაზე დიდი გახდა და დიდ-დიდი ტოტები გამოისხა. რამეთუ მოციქულნი ამ ტოტებივით გაიყვნენ - ერთი - რომში, მეორე - ინდოეთში, მესამე - აქაიაში, დანარჩენები კი დედამიწის სხვა ქვეყნებში. უფალი ხალხს მრავალი იგავით ესაუბრაბა, სთავაზობს რა იგავებს მსენელის მდგომარეობიდან გამომდინარე. რამდენადაც ხალხი უბრალო და გაუნათლებელი იყო, ამიტომ ახსენებს მას მდოგვის მარცვალს, მწვანილსა და თესლს, რათა მისთვის ნაცნობი და ჩვეული საგნებით ასწავლოს რაიმე სასარგებლო, ანდა აიძულოს მივიდეს და ჰკითხოს და კითხვის წყალობით გაიგოს ის, რაც გაუგებარია. ასე უხსნიდა მოწაფეებს ყველაფერს პირისიპირ, რამდენადაც ისინი პირდაპირ მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ მას. უხსნიდა მხოლოდ ისეთ რამეს, რასაც ისინი ეკითხებოდნენ და რაც არ იცოდნენ და არა საერთოდ ყველაფერს, ცხადსაც კი. რამდენადაც როდესაც იგებდნენ იმას, რასაც ეკიტხებოდნენ, აქედან ცხადი ხდებოდა მათთვის სხვა რამეც და ამრიგად, ხსნიდნენ ყველაფერს.
(თ. 4. მ. 35-41)
35. მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო. 36. და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა. 37. და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. 38. და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით? 39. და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. 40. და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ? 41. და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?
მათე უფრო სხვაგვარად მოგვითხრობს ამის შესახებ, ვიდრე მარკოზი; ის რაც მან უფრო ვრცლად თქვა, ამან შეამოკლა და პირიქთ, ის რაც პირევლმა მოკლედ გადმოსცა, ამ უკანასკნელმა უფრო ვრცლად გვიამბო. უფალს თან მიჰყავს მოწაფეთაგან ერთნი, აძლევს რა შესაძლებლობას იყვნენ მხილველნი მომავალი სასწაულისა. მაგრამ თავი რომ არ აღიმაღლონ იმის გამო, რომ სხვები გაუშვა, ხოლო ისინი წაიყვანა და ამასთან ასწავლოს განსაცდელის გადატანა, უშვებს მათზე განსაცდელში იყვნენ ქარიშხალისაგან. ხოლო სძინავს ამასთან იმ მიზნით, რომ სასწაული უფრო მნიშვნელოვანი ეჩვენოთ, ძლიერი შიშის შემდეგ სხვაგვარად, ქარიშხალი ქრისტეს სიფხიზლის დროს რომ ამოვარდნილიყო, მათ არ შეეშინდებოდათ, ან არ მიმართავდნენ თხოვნით გადარჩენის შესახებ და აი ის უშვებს მათზე შიშით იყვნენ შეპყრობლნი საფრთხის გამო, რათა გააცნობიერონ მისი ძლიერება. რამდენადაც მათ მხოლოდ სხვებზე ჰქონდათ ნანახი ქრისტეს ქველი საქმეები, ხოლო თვითონ მსგავსი არაფერი განეცადათ, იყო შესაძლებლობა, რომ ისინი უზრუნველნი გახდებოდნენ, ამიტომ უფალი უშვებს იყოს ქარიშხალი. მას სძინავს ნავის კიჩოზე (ის, რაღა თქმა უნდა, ხის იყო). იღვიძებს რა, ქრისტე თავდაპირველად ქარს შერისხავს, რამდენადაც ის ზღვის ღელვის მიზეზად გვევლინება ხოლმე, შემდეგ კი ზღვასაც აწყნარებს. ამხელს მოწაფეებსაც, იმის გამო, რომ მათ რწმენა არ ჰქონდათ. რამეთუ რწმენა რომ ჰქონოდათ, დარწმუნებული იქნებოდნენ, რომ მას მძინარესაც შეეძლო მათი უვნებლად დაცვა. მოწაფეები ერთმანეთს ეუბნებიან: „ვინმე არს ესე“ იმიტომ, რომ კიდევ არ ჰქონდათ მის შესახებ ჩამოყალიბებული წარმოდგენა. რამდენადაც ქრისტემ დაამშვიდა ზღვა მხოლოდ იმითი, რომ უბრძანა და არა კვერთხით, როგორც მოსემ, არა ლოცვითი მოწოდებით, როგორც ელისემ იორდანეს, არა კიდობნით, როგორც ისუ ნავემ, ამიტომ მათ იგი ადამიანზე აღმატებულად მოეჩვენათ, ხოლო იმითი, რომ ეძინა, კვლავ ადამიანად წარმოუდგებოდათ.