თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ძუელსა მას შჯულსა, რაჟამს კარავი იგი საწამებელი ბრძანებითა ღმრთისაჲთა შეუმზადა რჩულისმდებელმან მოსე ძეთა ისრაჱლისათა, სხუასა მას ყოველსავე წმიდა ეწოდებოდა, ხოლო შინაგანსა მას კრეტსაბმელისასა - წმიდაჲ წმიდათაჲ; ეგრეთვესახედ ნეტარებანი ესე, რომელნი მთასა ამას ზედა მომცნა ჭეშმარიტმან მან რჩულისმდებელმან და უფალმან ყოველთამან, ყოველნივე წმიდა და დიდებულ არიან, რომელნი-იგი ზემო სიტყუანი აჴსენნა, ხოლო რომელი-ესე აწ გჳბრძანა, უმაღლეს არს და ჭეშმარიტად წმიდა წმიდათაჲ, რამეთუ უკუეთუ ხილვაჲ ღმრთისაჲ ესრეთ მაღალ და მიუწთომელ იყო, ძედ ღმრთისა წოდებაჲ ვითარ არამცა ჭეშმარიტად უმაღლეს და უაღრეს ბუნებათა იყო? რომელმან გონებამან ანუ ვითარმან სიტყუამან გამოთქუას ღირსებით სიმაღლე და დიდებულებაჲ ამის ნიჭისაჲ? უკუეთუ კეთილ უწოდო, ანუ წმიდა, ანუ პატიოსან, ანუ მაღალ, ანუ დიდებულ მადლსა ამის ნეტარებისასა, უაღრეს და უზეშთაესვე იპოოს იგი სახელისა მის.
უზეშთაეს თხოისა არს ნიჭი ესე, უაღრეს ცნობისა არს მადლი ესე, უმაღლეს ბუნებისა არს დიდებაჲ ესე! ჵ სიმდიდრე ნიჭთაჲ დიდისა მის მეუფისათაჲ! ჵ უხუებაჲ სახიერისა მის უფლისაჲ! ჵ სიტკბოებაჲ...