თარგმანი: ესე არს სიყუარულისა ღმრთისა ჩუენ შორის საცნაურმყოფელი, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ, ვითარ-იგი მან თავადმან თქუა: რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს; ხოლო დამმარხველი მცნებათა მისთაჲ კადნიერებით წარმოდგების დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა-იგი თავადი იქცეოდა სოფელსა ამას შინა ჭირით და სიგლახაკით, ეგრეთვე ამან წარვლო გზაჲ იგი იწროჲ და საჭიროჲ სოფელსა ამას შინა. გარნა შენ იხილე, თუ ვითარ იყო იგი თავადი სოფელსა შინა. არამედ ესოდენ ზეშთა იყო სოფლისა, რომელ კადნიერებით ჴმობდა: მოვიდეს მთავარი იგი სოფლისაჲ ამის და ჩემ თანა პოოს არარაჲ. ესრეთვე უჴმს ყოველსა მორწმუნესა, რაჲთა, რაჟამს განიხილვოდის მთავრისაგან ამის სოფლისა, არცა ერთი რაჲ აქუნდეს სოფლიოთა ვნებათა და საეშმაკოთა ნივთთაგანი, რომელ არიან ბოროტნი საქმენი, და ესრეთ განცხადებულებაჲ აქუნდეს დღესა მას საშჯელისასა; ესე იგი არს კადნიერებითი და ურცხუენელი კეთილი სიტყჳს-გებაჲ.
1 იოანე 4:17
16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.17. ამის წყალობით სიყვარულმა იმნაირ სრულყოფილებას მიაღწია ჩვენში (რათა გულდანდობილნი ვიყოთ განკითხვის დღეს), რომ ისეთივენი ვართ, როგორიც ისაა ამ ქვეყნად.18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში.
1 იოანე თავი 4