...ანვიხილავთ. ხედავ, როგორ მართალმა, მოისმინა რა სიტყვები: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე", არ დამშვიდდა ერთ ადგილას, არამედ აქედან იქ, იქიდან კვლავ სხვა ადგილზე გადავიდა? მაგრამ აი, უდაბნოდანაც კვლავ განდევნილია, არა ადამიანების მიერ, არამედ უკიდურესობითა და შიმშილით. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (). ისმინონ ეს იმათ, ვინც დაუფიქრებლად და გაუაზრებლად ამბობს და განმარტავს, რომ, თითქოს ამისა და ამისის მოსვლით შიმშილი დამდგარა და, თითქოს ამისა და ამისის გამოჩენისთანავე ეს და ეს მოხდა. აი, მართლის თანდასწრებითაც შიმშილი მოხდა, და ძლიერი შიმშილი, მაგრამ მართალი არ შეშფოთდა, ადამიანურ სისუსტეს არ დაემორჩილა და შიმშილი თავის ყოფნას არ მიაწერა. მაგრამ, როცა დაინახა, რომ ბუნება ძალას ჰკარგავს და შიმშილი ძლიერდება, „შთავიდა, — ნათქვამია, — ეგჳპტედ აბრაამ მსხემობად მუნ, რამეთუ განძლიერდა სიყმილი ქუეყანასა ზედა".
4. აბრაამის შიში და სარასადმი თხოვნა (12:11-13)
შეხედე, როგორ ფართოვდებოდა მართლის ასპარეზი. უფალი ისე აწყობდა, რომ ის მოძღვარი გამხდარიყო არამხოლოდ პალესტინის მცხოვრებთათვის, არამედ ეგვიპტელთათვისაც, და ყველასთვის თავისი სათნოების ნათელი გამოევლინა. როგორც რაღაც მნათობი, ქალდეის მიწაში დამალული და ფარული, ღმერთმა იქ...