მოისმინეთ, საყვარელნო, რა ბრძანებები მისცა უფალმა ქალდეველს, მოხუცს, რომელმაც არც რჯული იცოდა, არც წინასწარმეტყველები წაეკითხა და არანაირი სხვა სწავლება არ მიეღო? ხედავთ, რა მნიშვნელოვანი ბრძანებებია? რა ამაღლებული და მამაცური სული სჭირდებოდა მათ აღსასრულებლად? შეხედეთ პატრიარქის მორჩილებასაც, როგორ აღწერს მას წერილი. „და გამოვიდა", — ამბობს, — „აბრაამ, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰყუა მის თანა ლოთ". ნათქვამია არა უბრალოდ: „გამოვიდა აბრაამ", არამედ: „ვითარცა ამცნო მას უფალმან", — ანუ ის ყველაფერი აღასრულა, რაც ბრძანებაში იყო მოცემული. ღმერთმა უთხრა, ყველაფერი — ნათესაობა და სახლი — დაეტოვებინა, — და მან დატოვა. უთხრა, უცნობ მიწაზე წასულიყო, — ის დაემორჩილა. აღუთქვა „ნათესავად" დიდად ყოფა და კურთხევა, — მან ირწმუნა, რომ ესეც აღსრულდებოდა. ერთი სიტყვით, „ვითარცა ამცნო მას უფალმა" ღმერთმა, ისე „გამოვიდა", ანუ ღვთის სიტყვები ირწმუნა, ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე, და მტკიცე სულითა და გამბედაობითით წავიდა: ამიტომაც დიდი კეთილგანწყობის ღირსი გახდა უფლისგან. „და ჰყუა", — ნათქვამია, — „მის თანა ლოთ"....
დაბადება 12:5
4. წავიდა აბრამი, როგორც უბრძანა მას უფალმა; წავიდა მასთან ერთად ლოტი. სამოცდათხუთმეტი წლისა იყო აბრამი, როცა ხარანიდან გავიდა.5. თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.6. გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.
დაბადება თავი 12