მაშ, მამამთავარს სახით სათნოების ასეთი მაგალითი რომ გვაქვს, მივბაძოთ მას. მოვიხსენიოთ ბოლოს, თუმცა გვიანაა, ჩვენი ღირსება და, მამამთავარს მივბაძავთ რა, ვიფიქროთ საკუთარ ცხონებაზე, ყოველგვარი გულმოდგინება გამოვიჩინოთ, რათა არამხოლოდ სხეული გვქონდეს ჯანმრთელი, არამედ სულიც განვკურნოთ მრავალგვარი სნეულებისგან. სულის სნეულებების განკურნება ხომ უფრო ადვილია, ვიდრე სხეულის დაავადებებისა, ოღონდ თავშეკავებულნი და ფხიზლად მყოფნი ვიყოთ. ასე, თუ რაიმე ვნება გვაღელვებს, მაგრამ ჩვენ ღვთისმოსავი გონებით სამსჯავროს საშინელ დღეს წარმოვიდგენთ და მხედველობაში ვიქონიებთ არა ახლანდელ სიამოვნებებს, არამედ მათ მომდევნო ტანჯვას, ვნება მაშინვე გაეცლება ჩვენს სულს და მიატოვებს მას. ნუ ვიქნებით უზრუნველნი, არამედ ვიცით რა, რომ ღვაწლი და ბრძოლა გველის, რომ ბრძოლად მზად უნდა ვიყოთ, მუდმივად შევინარჩუნოთ სულის სიმტკიცე და ფხიზლობა, რათა, ზეგარდმო შეწევნით, მტაცებელი მხეცის თავი შევამუსრათ, ანუ ვგულისხმობ ჩვენი ცხონების მტერს. თავად უფალმა აღგვითქვა ეს, როცა ბრძანა: „აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა"...
დაბადება 18:19
18. აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა, ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით;19. რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე.20. თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები.
დაბადება თავი 18