...თან. ხოლო ესავმა, როცა ეს შეიტყო, აგრეთვე ისიც, რომ იაკობმა მამის კურთხევასთან ერთად მისგან შეგონებაც მიიღო — ქანაანის ქალიშვილთაგან ცოლი არ მოეყვანა — და შუამდინარეთში წავიდა, — თითქოს თავისი შეცდომის გამოსწორებისა და მამის დამშვიდების სურვილით, ნათქვამია, „მოიყვანა მაელეთ, ასული ისმაელისი, ძისა აბრაჰამისა" () ცოლად — თავის (არსებულ) ცოლებთან ერთად. ხედავ, საყვარელო, რა კეთილგონიერებით ამ სიყვარულსავსე დედამ იხსნა იაკობი საფრთხისგან, საპატიო საბაბი წარუდგინა რა მისი წასვლისთვის; ამასთან, ესავის ბოროტება არ გამოამჟღავნა, მამას (ნამდვილი) მიზეზი არ გაუხსნა, ძეს კი გარემოებისთვის შესაფერის რჩევას აძლევდა, რომ შიშით განწყობილიყო მისი სიტყვების მიღებისადმი, ხოლო მამას შესატყვის აზრებს ჩაუნერგავდა? და მართალიც შეეთანხმა მის სიტყვებს და გაუშვა იაკობი, თავისი კურთხევებით და კურთხევით წარგზავნა.
მაგრამ თუ ინებებთ და ჯერ კიდევ არ მოგბეზრდათ, ვნახოთ, როგორ მიდის იაკობი თავის გზას. თუ ყურადღებით ვიქნებით, აქედანაც არანაკლებ სარგებელს მოვიხვეჭავთ, რადგან მართალ კაცთა მოქმედების წესი თავისთავში ყველაზე დამრიგებლური სიბრძნისმოყვარეობას შეიცავს. მაშ, შეხედე ახლა ამ ჭაბუკს, სახლში გაზრდილს, რომელსაც არასოდეს გამოუცდია არც მგზავრობის სიძნელეები, არც...