თ ა რ გ მ ა ნ ი: კანას გალილეაჲსასა მოვიდა, რაჲთა მოაჴსენოს მათ სასწაული იგი, მის მიერ ქმნილი, და უმეტჱსად მორწმუნე-ყვნეს მისა მიმართ, ხოლო კაცი ესე სამეუფოჲ გინა თუ ნათესავისაგან იყო სამეუფოჲსა, ანუ თუ მთავრობისათჳს სახელ-სდვა სამეუფოდ. ხოლო იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ესე იყო, რომლისათჳს მათე იტყჳს; არამედ არა ესე არს, რამეთუ არა პატივისაგან ოდენ საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ იგი იყო, არამედ სარწმუნოებისაგანცა, რამეთუ იგი იტყოდა, ვითარმედ: „არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა ჩემსა შემოხჳდე“, ხოლო ესე ევედრებოდა მისლვად; და მუნ მთით მოსრულ იყო კაფარნაუმს, და აქა - სამარიაჲთ კანას.
იოანეს სახარება 4:47
46. ამრიგად, კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც ღვინოდ აქცია წყალი. და იყო იქ ერთი კარისკაცი, ვისაც ძე ავად გახდომოდა კაპერნაუმში.47. გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო.48. უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ.
იოანეს სახარება თავი 4