თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ უცხო-ყვნა იგინი თჳსებისაგან აბრაჰამისა, და ვინაჲთგან მათ უზეშთაესი იკადრეს თქუმად, მაშინ მოაწია მათ ზედა წყლულებაჲ სიტყუათაჲ და უჩუენა, ვითარმედ არა თუ ოდენ აბრაჰამისნი არა არიან, არამედ ეშმაკისანიცა არიან; და ვინაჲთგან მათ ურცხჳნოებით ღმერთსა მამად თჳსა უწოდეს, ამისთჳს თავადმანცა შემსგავსებული მათისა ურცხჳნოებისა მხილებისა წყლულებაჲ მოაწია მათ ზედა და არცა უწამებელად დაუტევა მხილებაჲ თჳსი, არამედ საქმეთაგან შესწამებდა მათ და უჩუენა, ვითარმედ კაცისმკლველობაჲ ეშმაკისა საქმჱ არს; და არა თქუა, თუ: საქმეთა ოდენ, არამედ: „გულისთქუმათაცა ეშმაკისათა გნებავს ყოფაჲ“, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ ყოვლითა მოსწრაფებითა მოსწრაფე არიან იგინი, ვითარცა ეშმაკივე, კაცის-კლვად, და ვითარმედ შური იყო მიზეზი ამის ყოვლისაჲ; რამეთუ მასცა არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თუმცა რაჲმე ევნო მისდა ადამს, არამედ ოდენ შურისათჳს უყო, რაჲ-იგი უყო. და ამასვე მოასწავებს აქაცა, ვითარმედ შემსგავსებულად მისა იქმთ თქუენცაო.
იოანეს სახარება 8:43
42. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.43. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას.44. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.
იოანეს სახარება თავი 8