თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან იგინი მოსეს სიტყუასა წინაუყოფდეს და მეცნიერებასა იქადოდეს, ამისთჳს ეტყჳს უფალი, ვითარმედ: ყოვლადვე არა იცით ძალი წიგნთაჲ, არცა ძალი ღმრთისაჲ გულისჴმა-გიყოფიეს. ამისთჳს ჴელ-ჰყოფთ გამოცდასა ჩემსა. უკუეთუმცა ანუ ბუნებითისა გულისჴმის-ყოფისაგან, ანუ წერილთა მეცნიერებისაგან იცოდეთ, ვითარმედ ღმრთისაგან ყოველივე შესაძლებელ არს, ესრეთმცა არა იტყოდეთ, არამედ ფრიადი ეგე უგულისჴმოებაჲ არს მიზეზ ურწმუნოებისა თქუენისა და რომელ ჰგონებთ, თუ მერმესა მას ცხორებასა ესევითარნი საქმენი არიან. არამედ გულისჴმა-ყავთ სახე იგი მერმისაჲ.
მათეს სახარება 22:29
28. მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.29. იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას.30. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში.
მათეს სახარება თავი 22