თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ მოსეს ძუელთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი თჳსნი აქუნდეს. ყოველთა შაბათთა მისითა აღმოკითხვითა შესაკრებელთა შორის მათთა. ესე იგი არს, რამეთუ მოსე უწოდიან წიგნთა მოსესთა, სიტყჳსაებრ მოციქულისა, ვითარმედ: დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვოდის მოსე. ვინაჲთცა ზოგად პავლეცა და იაკობცა ესრეთ იტყჳან ჰურიათაგამთა მიმართ, ვითარმედ: ვთქუათ რაჲ დაყენებაჲ წინადაცუეთისაჲ, ნუ ჰგონებთ, ვითარმედ ბოროტ უწოდთ ძუელსა შჯულსა, რომლისა-იგი წიგნნი მაშინ სადმე დიდითა ქადაგთა განვლინებითა შაბათთა ოდენ აღმოიკითხვოდეს და შესაკრებელსა ოდენ ჰურიათასა. ხოლო აწ ჩუენ დღითი-დღე ყოველთა ეკლესიათა აღმოვიკითხავთ მათ. და რაჟამს ვთქუათ ყოველი წიგნი ღმრთით-სულ და სარგებელ, ზოგად ყოველთათჳს ვიტყჳთ წიგნთა, ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რამეთუ ერთ არს ორისავე მის დამდებელი ღმერთი — ძუელისა და ახლისაჲ.
მოციქულთა საქმეები 15:21
20. არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს.21. ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში.22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის.
მოციქულთა საქმეები თავი 15