თარგმანი: ბერიაჲ ქალაქი არს მაკედონიისაჲ. ამის ქალაქისათჳს რომელნიმე ესრეთ იტყჳან, ვითარმედ ფერონისგან აღშენებულ არს და მოსახელედ მისსა ბერია წოდებულ არს, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს გარეშეთა სიბრძნისაჲ, რაჲთა ცვალნენ ასონი და ფერონს ვერონ უწოდონ და ფილიპპოსს ვილიპპოს. ხოლო ვიეთნიმე ესრეთ იტყჳან, ვითარმედ ვერია ეწოდების ქალაქსა მას მოსახელედ ვერიაჲსსა, რომელი იყო ასული მაკედონისი, და ვინაჲთგან არს სხუაჲცა ვერიაჲ ფინიკიისაჲ, ესე იგი არს ბივრიტიაჲ. ამისთჳს ამას უწოდიან ბერია მაკედონიისაჲ. ამას ქალაქსა უაზნაურეს თესალონიკელთასა უწოდს, რამეთუ არარაჲ წინა-აღდგომაჲ ყვეს ვითარ თესალონიკელთა, არამედ მყუდროებით შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი საღმრთოჲსა ქადაგებისაჲ, და რამეთუ არა ბოროტითა, არამედ კეთილის მოყუარითა ნებითა გამოეძიებდეს წიგნთაგან ჭეშმარიტებასა საქმისასა. გარნა შენ იხილე, რამეთუ მოძღუარი ესე წარმართთაჲ პავლე ყოველსა ადგილსა პირველად შესაკრებელსა შევალს ჰურიათასა, რაჲთა არარაჲთ დააბრკოლნეს იგინი. არამედ კადნიერებით ჴმობდეს, ვითარმედ დაუბრკოლებელ ვიყავ ჰურიათა მიმართ და წარმართთა, ვითარცა ზიარი მოღუაწე ყოველთა ცხორებისაჲ.
მოციქულთა საქმეები 17:11
10. მაშინ ძმებმა იმ ღამესვე გაამგზავრეს პავლე და სილა ბერეას, სადაც ჩასვლისთანავე შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში.11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო.12. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი.
მოციქულთა საქმეები თავი 17