მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

და ვითარცა მოვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ. და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათდა და სამსა შაბათსა ეტყოდა მათ წიგნთაგან, გამოუთარგმანებდა მათ და წინა-დაუდებდა, რამეთუ ქრისტესსა ჯერ-იყო ვნებაჲ და აღდგომაჲ მკუდრეთით, და ვითარმედ ესე არს იესუ ქრისტე, რომელსა მე გახარებ თქუენ (17,1-3).

თარგმანი: მარადის მცირეთა ქალაქთა თანა-წარჰჴდებოდეს და დიდთა მიმართ მივიდოდეს მოციქულნი, რაჲთა მიერ, ვითარ წყაროჲსაგან, ყოველთა გარემოთა ადგილთა მომრწყველ იქმნნენ საღმრთოჲთა ქადაგებითა. ვითარ-ესე აწ განვლეს ამფიპოლი, რომელ არს ქალაქი მაკედონიისაჲ თრაკიით კერძო, რომელსა ამფიპოლი ამისთჳს უწოდიან, რამეთუ ორად განიყოფვის შორის მისსა მდინარეობითა სტრჳმნო მდინარისაჲთა, რამეთუ ამფიპოლი მრჩობლ ქალაქად გამოითარგმანების. და კუალად, აპოლონიაჲ არს ქალაქები ოც და ხუთი, რომელი-იგი მესამე ნაწილი არს მაკედონიისაჲ. ესე ორნივე განვლნეს მოციქულთა და მიიწინეს თესალონიკედ. თესალონიკე არს ქალაქი მაკედონიისაჲ, რამეთუ ამიერ სძლო თეტტალოელთა ფილიპე ამჳნტოსმან და ამისთჳს უწოდა მას თეტტალონიკე, რომელ არს თეტტალოელთა მძლე. ამას ქალაქსა შინა დაიყოვნეს მოციქულთა. ამისთჳს სამსა შაბათსა მივიდეს პავლე შესაკრებელსა ჰურიათასა, რამეთუ დაღაცათუ ჰრქუა მათ — "აჰა მივიქცევით წარმართთა მიმართ", არამედ ვერვე უგულებელს-ჰყოფდა მათ ჩუეულებისაებრითა მით მჴურვალითა სიყუარულითა ძმობისა მათისაჲთა, რომლისათჳს ილოცვიდა თავსა თჳსსა შეჩუენებულ-ყოფად ქრისტესგან, უკუეთუმცა ოდენ იგინი ცხონდეს. ამათსა შესაკრებელსა შინა სამთა შაბათთა ეტყოდა წიგნთაგან და გამოუთარგმანებდა, ვითარმედ ქრისტესთჳს თქუეს წინაჲსწარმეტყუელთა საცხორებელი იგი ვნებაჲ მისი და აღდგომაჲ მკუდრეთით, და ამას წინაჲსწარმეტყუელთა ქადაგებულსა ქრისტესა მე გიქადაგებ თქუენ, რომლისა სიკუდილითა ვიქადი, რამეთუ ცხოველსმყოფელ იქმნა მკუდართა. ხოლო უკუეთუ ყოველნი იგი სიტყუანი პავლეს მიერ თქუმულნი არა აღუწერიან ლუკას, ესე ნუ გიკჳრს, რამეთუ არა ადვილ იყო წარმოთქუმულისა მის დასწავებაჲ და განგრძობაჲ თხრობისაჲ.

და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგა პავლეს და შილას მორწმუნეთა წარმართთა სიმრავლე მრავალი და დედათა მთავართა არა მცირედთაჲ. ხოლო შური აღიღეს, რომელნი-იგი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, და მოიყვანნეს სავაჭროთაგან კაცნი ვინმე ბოროტნი და ერის კრება ყვეს და აღაშფოთებდეს ქალაქსა მათ ზედა (17,4-5).

თარგმანი: მორწმუნე წარმართ უწოდს მათ, რომელნი შჯულითა ჰურია იყვნეს და ბერძლ-მეტყუელ. ამათ ჰრწმენა მოციქულთაჲ სიმრავლესა თანა დედათა მთავართასა. ამისთჳს ურწმუნოებასა შინა დაშთომილნი ეშურებოდეს მორწმუნეთა და შფოთსა აღუდგინებდეს მათ შორის ქალაქისა, ბირებითა კაცთა უნდოთაჲთა, რომელნი მიმოვარდებოდიან სავაჭროთა შინა და უბანთა ქალაქისათა, რამეთუ სხუაჲ არავინ ერჩდა მათ.

და ზედა მიადგეს სახლსა იასონისსა და ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა მთავართა წინაშე ქალაქისათა, და ღაღადებდეს, ვითარმედ: რომელთა ყოველი სოფელი აღუშფოთებიეს, იგინი აქაცა მოსრულ არიან, რომელნი შეუწყნარებიან იასონს და ესე ყოველნი წინა-აღმდგომსა კეისრისა ბრძანებათასა იქმან. მეუფესა სხუასა იტყჳან ყოფად, იესუს (17,5-7).

თარგმანი: ზემო თქუმულთა მათ მორწმუნეთაგანი არს უცხოთ შემწყნარებელი ესე მოციქულთაჲ იასონ, რომლისათჳს დასწერს პავლე ჰრომაელთა მიმართ: გიკითხავს თქუენ ტიმოთე, თანა-შემწე ჩემი, და ლუკიოს და იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი. ნათესავ უწოდს, რამეთუ მობაძავ იყვნეს სათნოებათა მისთა. ამან იასონ ახოვნებითა სულისაჲთა განარინა პავლე და თავი თჳსი მისცა მის წილ, რომელი წარითრიეს ჰურიათა და მის თანა ძმებითურთ მორწმუნით მიიზიდვიდეს მთავართა მიმართ ქალაქისათა. და დასდვეს ბრალი ესევითართა კაცთა შემწყნარებლობისაჲ, რომელნი კეისრისა წილ მეუფებასა ქრისტესსა ქადაგებენ. უკუეთუ სიტყჳსაებრ თქუენისა მკუდარ არს და არა აღდგომილ არს ქრისტე, რაჲსა გეშინის, ჵ უშჯულონო, კაცისაგან მკუდრისა? გარნა თუ ცხად არს, ვითარმედ დაღაცათუ უშჯულოებით ჰფარავთ, გარნა ეგრეთცა უწყით, ვითარმედ ცხოველ არს და აღდგომილ მკუდრეთით, და რომელსა-ესე თქუენ აღშფოთებად უწოდთ, ჭეშმარიტად განფენითა ქადაგებისა მისისაჲთა დაიპყრობს იგი კიდეთა ყოვლისა სოფლისათა, ჴმისა მისებრ საწინაჲსწარმეტყუელოჲსა.

აღაშფოთეს ერი იგი და მთავარნი ქალაქისანი, ესმოდა რაჲ ესე და მოჰჴადეს თავს-მდები იასონს და მაშინღა განუტევნეს იგინი (17,8-9).

თარგმანი: ჰურიანი იყვნეს მაშფოთებელ ერისა და მთავართა ჰამბვითა მით მოციქულთა ცილის-წამებისაჲთა, ვითარმედ წინააღმდგომ კეისრისა მეუფებისა ყოფად ქადაგებენ მეუფებასა ქრისტესსა. ხოლო მიზეზ ჰურიათა შფოთებისა იყო საჴმართმოყუარებაჲ და ამისთჳს განძჳნდეს, რაჟამს შჯულისაგან ჰურიათაჲსა განდგომილად იხილნეს მთავარნი იგი დედანი, რომელთაგან ფრიადი სარეწავი მიეცემოდა შესაკრებელსა მათსა. ამისთჳს, მი-რაჲ-იღეს იასონისგან ქრთამი, რაოდენი კმა-ეყოფოდა, განუტევეს იგი და მის თანანი ძმანი, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს ესრეთ, ვითარმედ: მიიღეს იასონისგან, რაოდენი კმა-ეყოფოდა და განუტევნეს იგინი. ესე იგი არს, ვითარმედ კმა-იყვეს რაჲ ქრთამი, მიცემული იასონისგან, განუტევნეს იგინი მიმოზიდვისაგან

ხოლო ძმათა მეყსეულად ღამე წარგზავნნეს პავლე და შილა ბერიად, რომელნი-იგი, ვითარცა მიიწინეს, შესაკრებელთა ხოლო ჰურიათასა შევიდეს, რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს თესალონიკელთა მათ, რომელთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი. ყოვლითა გულსმოდგინებითა, მარადღე გამოეძიებდეს წიგნთაგან, უკუეთუ ესე ესრეთ არს (17,10-11).

თარგმანი: ბერიაჲ ქალაქი არს მაკედონიისაჲ. ამის ქალაქისათჳს რომელნიმე ესრეთ იტყჳან, ვითარმედ ფერონისგან აღშენებულ არს და მოსახელედ მისსა ბერია წოდებულ არს, რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს გარეშეთა სიბრძნისაჲ, რაჲთა ცვალნენ ასონი და ფერონს ვერონ უწოდონ და ფილიპპოსს ვილიპპოს. ხოლო ვიეთნიმე ესრეთ იტყჳან, ვითარმედ ვერია ეწოდების ქალაქსა მას მოსახელედ ვერიაჲსსა, რომელი იყო ასული მაკედონისი, და ვინაჲთგან არს სხუაჲცა ვერიაჲ ფინიკიისაჲ, ესე იგი არს ბივრიტიაჲ. ამისთჳს ამას უწოდიან ბერია მაკედონიისაჲ. ამას ქალაქსა უაზნაურეს თესალონიკელთასა უწოდს, რამეთუ არარაჲ წინა-აღდგომაჲ ყვეს ვითარ თესალონიკელთა, არამედ მყუდროებით შეიწყნარეს სიტყუაჲ იგი საღმრთოჲსა ქადაგებისაჲ, და რამეთუ არა ბოროტითა, არამედ კეთილის მოყუარითა ნებითა გამოეძიებდეს წიგნთაგან ჭეშმარიტებასა საქმისასა. გარნა შენ იხილე, რამეთუ მოძღუარი ესე წარმართთაჲ პავლე ყოველსა ადგილსა პირველად შესაკრებელსა შევალს ჰურიათასა, რაჲთა არარაჲთ დააბრკოლნეს იგინი. არამედ კადნიერებით ჴმობდეს, ვითარმედ დაუბრკოლებელ ვიყავ ჰურიათა მიმართ და წარმართთა, ვითარცა ზიარი მოღუაწე ყოველთა ცხორებისაჲ.

მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არა მცირედსა (17,12).

თარგმანი: აქა აღესრულა სიტყუაჲ იგი პავლესი, ვითარმედ: მსახურებაჲ ჩემი ვადიდო, ნუ სადა ვაშურვო ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი; რამეთუ ამით ჭეშმარიტად იდიდა წარმართთა მიმართი იგი მსახურებაჲ პავლეს მოციქულებისაჲ, რაჟამს წარმართთა მოქცევითა აღაშურვნა და აღაბაძვნა ჴორცად მისსა წოდებულნი იგი ჰურიანი, და ესრეთ მოუჴდეს სარწმუნოებასა ქრისტესსა და ცხონდეს, რამეთუ აჰა მრავალთა მათგანთაცა ჰრწმენა სარწმუნოებად მოსლვასა თანა წარმართთა მამებისა და დედებისასა, და ესრეთ ცხონდეს ზოგად ყოველნი.

ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას. მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო, ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს (17,13-14).

თარგმანი: ესე არს უმეტესი დაუპყრობელობაჲ რისხვისა და შურისაჲ, რაჟამს ქალაქითი-ქალაქად მისდევდეს პავლეს ჰურიანი, რაჲთა მუნცა შფოთი აღუტეხონ, ხოლო მუნ მყოფნი იგი მორწმუნენი ძმანი კრძალულებით წარჰგზავნიან ზღჳთ, რაჲთა ვერ ჴელთ-იგდონ მდევართა, და პავლეს ოდენ მარტოდ, რამეთუ მისსა მიმართ იყო ყოველი შური მათი. ესრეთ უკუე არა ყოველსა ადგილსა მადლისა მიერ, არამედ კაცობრივითაცა ღონითა იჴსნებოდეს მოციქულნი მდევართაგან, ვითარ-ესე აწ პავლე ღამე სივლტოლითა თავსა თჳსსა დაიმდაბლებს და იჩემებს რეცა მოშიშებასა და უძლურებასა, ძლიერი იგი ყოველსავე შინა განმაძლიერებელისა მისისა ქრისტეს მიერ, და ჩუენ გუასწავებს, რაჲთა არა უდებ-ვჰყოფდეთ კაცობრივსაცა ღონესა კრძალულებით ლტოლვად განსაცდელთაგან.

და რომელთა-იგი მიჰყვანდა პავლე, წარიყვანეს იგი ვიდრე ათინადმდე და მოიღეს მცნებაჲ შილაჲს და ტიმოთეს მიმართ, რაჲთა ადრე მივიდენ მისსა, და გამოვიდეს (17,15).

თარგმანი: იხილე, ვითარ არა ჴმა-იყოფს მოციქული თავსა თჳსსა მარტოდ ქადაგებასა შინა საღმრთოსა, არამედ ასწრაფებს მისლვად ტიმოთესცა და შილას, რამეთუ დიდ იყო სახელოვნებაჲ ელადისაჲ, რომელსა შინა მიისწრაფდეს ქადაგებად, და არა ყოველთა ადგილთა სასწაულსა ჰყოფენ, რამეთუ არა სწორ არს სასწაულთმოქმედებითა ძლევაჲ დევნულებათა და ჭირთა მიერსა ძლევასა წინა-აღმდგომთასა, რომლისა მიერ ძალი ღმრთისაჲ უძლურებასა შინა გამოჩნდების, რაჟამს უძლურთა მიერ და დევნულთა მძლე ექმნეს ძლიერთა და მდევართა, ვითარცა ყოვლად ძლიერი ყოველსავე შინა.

ვიდრე-იგი ათინას შინა ელოდა მათ პავლე, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ჰხედვიდა რაჲ კერპთმსახურებასა მის ქალაქისასა, ეტყოდა მარადის შესაკრებელსა შორის ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს, და უბანთა ზედა ყოველსა დღესა, რომელთა-იგი შეემთხუეოდა (17,16-17).

თარგმანი: განგებულებით იქმნა დაყოვნებაჲ პავლესი ათინას შინა, რაჲთა უმრავლესი ჟამი დაყოს მუნ, მოლოდებისათჳს მოწაფეთაჲსა, და უმეტეს სარგებელ ეყოს ქალაქსა მას, რამეთუ ესე იგი ჟამი არს, რომლისათჳს მისწერს თესალონიკელთა მიმართ, ვითარმედ: ჯერ-ვიჩინეთ ათინას შინა დაშთომაჲ მარტოთა, და მივავლინე თქუენდა ტიმოთე. ცხად არს, ვითარმედ ბერიაჲთ რაჲ წარმოვიდოდა მოციქული, მაშინ წარავლინა ტიმოთე მოხილვად თესალონიკელთა მათ ძმათა, და თავადი მარტოჲ მიელოდა მას ათინას შინა. და მწუხარე იყო სულითა, ხედვიდა რაჲ კერპთმსახურებასა ესოდენ სიბრძნესა ზედა განთქუმულისა ქალაქისასა. ამისთჳს ასწავებდა შესაკრებელსა შინა ჰურიათა და რომელნი ჰმსახურებდეს. ესე იგი იყვნეს მწირნი, რომელნი-იგი არა ნათესავისაგან ჰურიათაჲსა იყვნეს, არამედ შჯულსა ზედა ჰურიათასა იყვნეს; და კუალად უბანთაცა ზედა, რომელთა დაემთხუეოდა, არცა ერთისა ვის უნდოჲსა მიმართ უღირს-იჩენდა ქადაგებად, რაჲთა ყოველთა ზედა განჰფინოს სიტყუაჲ ცხორებისაჲ.

რომელთამე ეპიკურელთა და სტოჲსა ფილოსოფოსთა სიტუა ყვეს მის თანა და რომელნიმე იტყოდეს: რაჲ-მე ჰნებავს თესლისმეტყუელსა ამას სიტყუად? (17,18).

თარგმანი: ესე ეპიკურელნი თჳთ-ფლობით დაამტკიცებენ ყოფასა არსთასა, ვითარმედ არავისგან დაბადებულ, არამედ თავით თჳსით თჳთმყოფნ არიან. ხოლო სტოჲსა ფილოსოფოსნი ნეტარებად უწოდენ გულის-თქუმათა აღსრულებასა. გარნა შენ იხილე ესევითართა მათ ზუაობით შეცთომილთაჲ, ვითარ ისმენდეს და არა გარე-მიაქცევდეს პავლეს სიტყუათა; რამეთუ, დაღაცათუ ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს მათ, არამედ არარასვე იქმოდეს გინებით და შეურაცხ-ყოფით, რაჲთა არა უცხოდ გამოჩნდენ წესისაგან ფილოსოფოსთაჲსა. ხოლო თესლის-მეტყუელ გინა თუ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, თესლის მკრებელ უწოდენ მას, მფრინვლისა მისგან მცირისა, რომელი გზათა ზედა კრებს თესლსა რასმე დაცჳვნებულსა. რამეთუ ესე არს ჩუეულებაჲ გარეშეთაჲ, რაჲთა თესლის-მეტყუელ და თესლის მკრებელ უწოდონ კაცსა ენავრცელსა, სიტყუა-მრავალსა და ურგებად მზრახვალსა, ვითარმცა საზრდელი არა აქუნდა და სიყმილისაგან კრებდა მარცუალსა თესლისასა. ესე იგი არს, რაჟამს კაცმან ჯეროვნისა რაჲსმე თქუმაჲ არა იცოდის უსწავლელობისაგან და ნათხოვთა რათმე მწულილთა ურგებისა მომზრახობისათა მიმოიკრებდეს და თჳსად შეიკრებდეს.

და რომელნიმე იტყოდეს: უცხოთა ეშმაკთა ჩანს მომთხრობელ ესე; რამეთუ იესუს და აღდგომასა ახარებდა მათ (17,18).

თარგმანი: ეშმაკ უწოდდეს ღმერთთა მათთა სიმრავლესა, რამეთუ იყო-ცა ქალაქი იგი მათი აღსავსე ეშმაკებითა მრავალთა მათ ღმერთთაჲთა. ვინაჲცა აწ პავლეს სწამებენ, ვითარმედ უცხოთა რათმე ეშმაკთა, ესე იგი არს უახლესთა ღმერთთა ახარებდა მათ, რამეთუ არა ხოლო იესუს, არამედ აღდგომასაცა ღმრთად ჰგონებდეს, ვითარცა ჩუეულნი ზორვასა ღმერთთა მამალთა და დედალთასა, და რამეთუ რაჲცა რაჲ უახლესი ესმოდის, ყოველსა ღმრთად ჰგონებდიან, ვინაჲთგან მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულიერსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას. ამისთჳს ქადაგებაჲ ქრისტესი წარმართთა მიერ სისულელედ და სიცოფედ შერაცხილ იქმნების.

შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და ეტყოდეს: შემძლებელ ვართ ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენ მიერ თქუმული მოძღურებაჲ; რამეთუ უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს უკუე ცნობად, რაჲსა ჰნებავს ამას ყოფად (17,19-20).

თარგმანი: ესევითარსა რასმე ზღაპრობენ წარმართნი ღმერთთა მათთათჳს, ვითარმედ არეს მიერ მოკლულ იქმნა ალიროთიოს, ძე პოსიდონისი, ვითარცა იძულებით განმხრწნელი ასულისა მისისაჲ, და ამის მკლველობისათჳს საშჯელი მიეჴადა არეს სხუათა მიერ ღმერთთა ათორმეტთა. ვინაჲცა ადგილსა მას, რომელსა შინა მიჰჴადეს არეს პატიჟი ალიროთიოჲს სისხლთაჲ, არიოპაგი უწოდეს, რომელი გამოითარგმანების კლდედ არეოჲსსა. და განაწესეს, რაჲთა მუნ განიბჭობვოდის ყოველი საქმე მოსისხლეთაჲ. და ნაცვალად ათორმეტთა მათ ღმერთთა, ათორმეტნი კაცნი დასხდებოდეს ბჭედ. რამეთუ ათინელთა შორის ორნი ადგილნი იყვნეს სამშჯავროჲსანი, რომელთაგანსა ერთსა მას რაჲ წელ ერგასისნი ბჭენი იცვალებოდიან, ხოლო მეორესა მარადის იგივე და ერთგზის ჩინებულნი ათორმეტნი კაცნი დასხდებოდიან ბჭობად კაცის-მკლველთა საქმისა და სხუათაცა უპატიოსნესთა საქმეთა ქალაქისათა განაგებდიან. ამას ადგილსა ეწოდებოდა არიოპაღოს, რამეთუ პაღოს უწოდიან ადგილსა მაღალსა, ბორცუსა ანუ მწუერვალსა კლდისასა. ამისთჳსცა არი კაცისა სახელი არს, ხოლო პაღოს ადგილისა მაღლისაჲ. ამას ადგილსა მიიყვანეს პავლე, ვითარცა სასისხლესა, რაჲთა შიშითა სიკუდილისაჲთა დააყენონ იგი კადნიერად მეტყუელებისაგან. ამისთჳს "ახად" უწოდენ მეტყუელებასა მისსა, და რეცა კსინვით ეტყჳან, ვითარმედ: შემძლებელ ვართ ცნობად შიშითა სამშჯავროჲსაჲთა, რაჟამს მუნ წარგადგინოთ, რამეთუ მაშინ ზარგანჴდილმან განაცხადო ახლის-მეტყუელებაჲ შენი, რომლისაჲ გუნებავს ცნობად, ვითარცა უცხოჲსაჲ. აწ უკუე, ჵ ცუდ-სახელნო ბრძენნო, უცხო არს, თუმცა ღმრთისასა იტყოდა ჯუარცუმასა და ვნებასა და სიკუდილსა უკუდავისა და უვნებელისასა, ხოლო უკუეთუ ღმერთმან ჴორცშესხმულმან ჴორცითა ივნო, და ღმრთეებით ჰგიეს უვნებელად, ესე არა უცხო არს, არამედ ჭეშმარიტ და მტკიცე და მართალ.

ხოლო ათინელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუად არარად მოცალე იყვნეს, გარნა სიტყუად რაჲსმე და სმენად უახლესისა (17,21).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, ვინაჲთგან სიბრძნის სასწავლო იყო ქალაქი იგი, ამისთჳს ზოგად მკჳდრნი ქალაქისანი მოსწავლეთა თანა, უცხოჲთ მოსრულთა, მარადის ამისთჳს ოდენ მოცალე იყვნეს, რაჲთამცა ანუ ესმა, ანუ თქუეს რაჲმე უახლესი. გარნა ეგრეთცა არაჲვე ასმიოდა მათ ამისსა უახლესი, რომელსა პავლე ქადაგებდა.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა > თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა