„აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“ ().
1. ზეცისა და ქმნილების საერთო ქება
წმინდანებს, დიდი მადლიერების გამო, ასეთი ჩვეულება აქვთ: როცა ღმრთისადმი მადლობის აღვლენას აპირებენ, მრავალს უხმობენ ქების თანამოზიარეებად და სთხოვენ, მათთან ერთად შეეწიონ ამ კეთილ მსახურებას. ესვე გააკეთა სამმა ყრმამაც: როცა სახმილში იყვნენ, მთელ ქმნილებას მოუწოდეს, მათთვის აღსრულებული კეთილისყოფის ქებასა და ღვთის გალობაში ჩართულიყო. ამასვე აკეთებს აქ მეფსალმუნეც: ორივე სამყაროს უხმობს, ზემოსა და ქვემოს, გრძნობადსა და გონებით საწვდომს. ესვე ჩანს წინასწარმეტყველ ესაიასთანაც, როცა ამბობს: „იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა“, „რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი“ (). და თვითონ ეს მეფსალმუნეც კვლავ იმავეს აკეთებს, როცა...