📋 სარჩევი
„აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი“ ().
1. ზეცისა და ქმნილების საერთო ქება
წმინდანებს, დიდი მადლიერების გამო, ასეთი ჩვეულება აქვთ: როცა ღმრთისადმი მადლობის აღვლენას აპირებენ, მრავალს უხმობენ ქების თანამოზიარეებად და სთხოვენ, მათთან ერთად შეეწიონ ამ კეთილ მსახურებას. ესვე გააკეთა სამმა ყრმამაც: როცა სახმილში იყვნენ, მთელ ქმნილებას მოუწოდეს, მათთვის აღსრულებული კეთილისყოფის ქებასა და ღვთის გალობაში ჩართულიყო. ამასვე აკეთებს აქ მეფსალმუნეც: ორივე სამყაროს უხმობს, ზემოსა და ქვემოს, გრძნობადსა და გონებით საწვდომს. ესვე ჩანს წინასწარმეტყველ ესაიასთანაც, როცა ამბობს: „იხარებდით ცანი და იშუებდით ქუეყანა“, „რამეთუ შეიწყალა ღმერთმან ერი თჳსი“ (). და თვითონ ეს მეფსალმუნეც კვლავ იმავეს აკეთებს, როცა ამბობს: „გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა“ (), „მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი“ (). და სხვაგანაც კვლავ ესაია ამბობს: „ღრუბელნი წთოდედ სიმართლესა“ (). რადგან წმინდანები მარტონი საკმარისნი არ არიან მეუფის ქებისთვის, ყველას იხმობენ, რათა გალობის თანამოზიარეებად მიიღონ. და ამას განსაკუთრებით ხშირად აკეთებს ეს მეფსალმუნე, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა“ (). და კვლავ: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა“ ().
ამით იგი კიდევ სხვა რამესაც ამტკიცებს. რა არის ეს? ის, რომ უგუნურთაგან არავინ იფიქროს, თითქოს ორი შემოქმედი არსებობდეს. რადგან ქმნილებანი განსხვავებულნი არიან და არსებით ერთმანეთისაგან დაცილებულნი: ერთი გრძნობადია, მეორე კი გონებით საწვდომი; ერთი ხილულია, მეორე კი უხილავი; ერთი სხეულებით არის სავსე, მეორე კი უსხეულოა. ამიტომ, საქმეთა განსხვავებიდან ვინმემ განსხვავებული შემოქმედები რომ არ შემოიტანოს, მეფსალმუნე მათ ერთ გუნდად აყენებს: ყველასაგან ერთ მელოდიას აღავლენს ღმერთის წინაშე და ამბობს, რომ ერთი და იგივე ღმერთი უნდა იგალობებოდეს როგორც ზემო, ისე ქვემო ქმნილების მიერ. ამითაც ცხადყოფს, რომ ორივეს შემოქმედი ერთია. და პირველად ზემოდან იწყებს და ამბობს: „აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი;“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „ყოველნი მხედრობანი მისნი“; ამით ქერუბიმებს, სერაფიმებს, უფლებებს, მთავრობებსა და ხელმწიფებებს გულისხმობს. ეს არის მეტად ანთებული სულის ნიშანი; ეს არის ცეცხლოვანი ტრფიალის საქმე — ყველას აღძრავდე სანატრელის ქებისკენ. ეს არის გონების საქმე, რომელიც განუწყვეტლივ ტკბება ღმერთზე ფიქრით, მისი დიდებით შეძრული და განცვიფრებულია და მთლიანად ღმერთს ეკუთვნის. „აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „ნათლის ვარსკვლავნი“. „აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი“ (). „აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს“ (). „და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე“ (). სხვა ამბობს: „დაადგინა ისინი, რათა საუკუნოდ დარჩენილიყვნენ. ბრძანება დადო და იგი არ გადავა“. რატომ, ზეციურ ძალებზე მცირედის თქმის შემდეგ, სწრაფად გადავიდა იქიდან ხილულებზე და აქ მსჯელობა განავრცო, თითოეულს დაწვრილებით მიჰყვა, ზემოსაც და ქვემოსაც? იმიტომ, რომ ეს ყოველივე მაშინდელი მსმენელებისთვის უფრო ცხადი იყო: ხედავდნენ და თვალწინ ჰქონდათ. ამიტომ მოსეც, როცა შესაქმის თხრობას იწყებს და ზემოთა შესახებ არაფერს ამბობს, არც მცირეს და არც დიდს, დასაწყისს ცითა და მიწით აკეთებს; შემდეგ მზესა და მთვარეზე, მცენარეებზე, მცურავებზე და ოთხფეხებზე გადადის და მსჯელობას ადამიანთან ასრულებს.
როცა აქ ამბობს „ცანი ცათანი“, სიმრავლეს კი არ გულისხმობს, არამედ იმავე ცას ებრაული გამოთქმით უწოდებს. რადგან ებრაელთა ენაში ჩვეულებაა, ცას „ცანნი“ ეწოდოს; როგორც სხვაგანაც ამბობს: „ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ“ ()1. და კიდევ: „წყალნი ზესკნელს ცათანი“ (). მოსესგანაც გსმენია, რომ ღმერთმა წყალთაგან ერთი ნაწილი ქვემოთ დატოვა, მეორე კი ცათა ზურგს ზემოთ ამაღლებულად ყოფნისთვის განამზადა: უფსკრულის შუაში მყარი განამტკიცა და წყლები ცათა ზურგს ზემოთ დატოვა, რათა იქ დარჩენილიყვნენ. მაგრამ როგორ აქებს ეს ყოველივე ღმერთს, იკითხავდა ვინმე, როცა არც ხმა აქვს, არც ენა, არც სული, არც განსჯა, არც გონება, არც სამეტყველო ორგანო და არც აზრი? იმიტომ, რომ დიდებისმეტყველების ორი გზა არსებობს, მათთან ერთად კი მესამეც: ერთი სიტყვებით აღესრულება, მეორე ხილვით, მესამე კი ცხოვრებითა და საქმეებით. რადგან ადამიანთა შემთხვევაშიც არა მხოლოდ მაშინ აღევლინება ღმერთს დიდება, როცა ისინი ხმას გამოსცემენ, არამედ მაშინაც, როცა დუმან; როგორც ქრისტეც ამბობს: „ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა“ (). და კვლავ: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“ (). არის დიდებისმეტყველება ენითაც, როგორც მოსემ მარიამთან ერთად ადიდა და თქვა: „უგალობდეთ უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს“ (). არის დიდებისმეტყველებაც თვით ქმნილების მეშვეობით, როგორც თვით ეს მეფსალმუნე ამბობს: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნილსა ჴელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“ (). ასევე აქაც ქმნილება აქებს მას სილამაზით, განლაგებით, სიდიდით, ბუნებით, გამოყენებით, მსახურებით, მდგრადობითა და იმ სარგებლობით, რომელიც მათგან წარმოიშობა. ამიტომ, როცა ამბობს: „აქებდით უფალს, ანგელოზნო, ძალნო, ცანო, მთვარევ, მზეო, ვარსკვლავნო და წყლებო, რომლებიც ცათა ზემოთ ხართ“, ამას ამბობს: ყოველი შექმნილი თავისი შემოქმედის სიბრძნის ღირსია და მრავალი საკვირველებით არის სავსე. ამას მოკლედ მოსეც შესავალში ამბობდა: „და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად“ (). იმდენად კეთილია ყოველივე, რომ შემოქმედს ადიდებს და მჭვრეტელს შემქმნელის ქებისკენ მიუძღვება.
2. ქმნილების დამტკიცება და განგების სიუხვე
ამრიგად, ამას უწოდებს იგი ქებას: შექმნილთა მშვენიერებას, რომელიც შემქმნელისადმი საგალობელს წარმოშობს. ამასვე ცხადყოფს პავლეც: „რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ“ (). და ეს წინასწარმეტყველიც, როცა ქმნილებანი ჩამოთვალა და მჭვრეტელთა თვალს მიანდო მათი მშვენიერების, სიდიდისა და სარგებლობის შეცნობა, თვითონ სხვა მიზეზს ასახელებს და ამბობს: „მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს“ (); „და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს“ (). ამრიგად, რომ ისინი მშვენიერნი და საკვირველნი არიან, ამას თვით ხედვაც ცხადყოფს; ხოლო რომ მათ შემოქმედი ჰყავთ, რომ ეს ყველაფერი თავისთავად არ არის და არც შეუქმნელია, ამის დანახვაც თვით ამ განმარტებიდან საკმარისად შეიძლება. ხოლო თუ ვინმე დაეჭვდება, ჩემგან ისწავლოს, რომ ქმნილებას ჰყავს შემოქმედი და შემქმნელი, განმგებელი და მზრუნველი. რადგან აქ ორ რამეს ასახელებს, უფრო კი სამს; ხოლო თუ ვინმე სიზუსტით გამოიკვლევს, ოთხსაც: რომ მან შექმნა, არარსთაგან შექმნა, იოლად შექმნა და შექმნილთაც მტკიცედ იცავს. რადგან სიტყვა „მან თქუა“ () იოლად აღსრულებას ცხადყოფს; როგორც ამას პავლეც აჩვენებდა და ამბობდა: „რომელმან-იგი განაცხოველნის მკუდარნი და უწესნ არა-არსსა მას, ვითარცა არსსა“ (), რითაც მოწოდების სიტყვით ამ იოლად აღსრულებაზე მიგვანიშნებდა. ხოლო რომ შექმნილთაც მტკიცედ იცავს, ამას კვლავ თვით წინასწარმეტყველი აჩვენებს, როცა დასძენს: „და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.“ ().
იხილე, აქაც როგორ მიანიშნა კვლავ ხელმწიფებასა და უფლებამოსილებაზე: არა მხოლოდ იმით, რომ ისინი მყარად დგანან, არამედ იმითაც, რომ „ბრძანება“ ახსენა და ამ ადამიანური სიტყვებით ღვთის მოქმედება წარმოაჩინა. რადგან როგორც შენთვის არის თქმა იოლი და ბრძანება ადვილი, ასეა ღმერთისთვის არარსთა შექმნა და შექმნილთა მტკიცედ დაცვა; უფრო სწორად, არც ასე, არამედ ბევრად მეტად. რადგან შეუძლებელია იმ იოლად აღსრულების სიჭარბის წარმოდგენა, რომლითაც მან ეს ყოველივე შექმნა. საკვირველი მხოლოდ ის კი არ არის, რომ ღმერთი ქმნილებას მტკიცედ იცავს ან ბუნების კანონები ურყევად დგანან, არამედ ისიც, რომ ეს ასე უსაზღვრო დროის განმავლობაშიც გრძელდება. მაშ, გაიაზრე, რამდენი საუკუნე გავიდა და არსებულთაგან არაფერი აირია: არც ზღვას დაუფარავს მიწა, არც მზეს დაუწვავს ეს ხილული სამყარო, არც ცა შერყეულა, არც ღამისა და დღის საზღვრები არეულა, არც ჟამთა მონაცვლეობა, არც სხვა რამ ამგვარი; არამედ ქვემო და ზემო ყოველივე სრული სიზუსტით დგას და თავიდან ერთხელ დადებულ საზღვრებს თვითონვე ინარჩუნებს. ამრიგად, ზემო ქმნილებასა და ზეციურებზე საუბრის შემდეგ, წინასწარმეტყველი მიწაზე ჩამოდის.
რაც მან ზემოთა მიმართ გააკეთა, როცა ზეცათა მიღმა მყოფთაგან დაიწყო და შემდეგ ზეციურთამდე ჩამოვიდა, იმასვე აკეთებს აქაც: ზეციურთაგან მიწაზე გადმოდის. რადგან არიან ზოგიერთნი, რომლებიც ამბობენ, რომ ზეციურნი ღვთის შემოქმედებას შეჰფერიან, მიწიერებს კი საყვედურობენ: ამბობენ, რომ მიწიერ სამყაროში არსებობენ მორიელები, იქედნები, გველეშაპები, მხეცთა დანარჩენი მოდგმა და უნაყოფო ხეები. მათ წინაშე, თითქოს თავს იმართლებდეს, წინასწარმეტყველი სიტყვას კვლავ სხვაგვარად წარმართავს. და იხილე, რას აკეთებს: აღიარებულ სიკეთეებს გვერდით ტოვებს — ცხვრებსა და ხარებს, რომელთა სარგებლობას თვით გამოცდილებაც აჩვენებს, ვირებს, აქლემებს და ყოველივეს, რაც ჩვენი ტვირთების გადაზიდვისთვის გამოდგება. სიტყვას კი იმათკენ მიმართავს, რომლებიც თითქოს უსარგებლონი არიან: შუაში შემოჰყავს ვეშაპები, ზღვის გაუვალი ნაწილი და ის, რაც თითქოს გვაწუხებს — ცეცხლი, სეტყვა, თოვლი, მყინვარი; შემდეგ უნაყოფო ხეები და მთები. კვლავ, ვაკეებს, მიწათმოქმედებისთვის გამოსადეგ დაბლობებსა და შინაური ნაყოფის მომცემ ადგილებს ტოვებს და მთებსა და ბორცვებზე, უფრო უდაბურ ადგილებზე გადადის; ყველა ქვეწარმავალსაც იხსენებს. ხოლო ეს უფრო ნათლად რომ შევიტყოთ, ღირს თვით სიტყვებს მივაპყროთ ყური. რადგან მას შემდეგ, რაც თქვა: „ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს“ (), დაურთო: „აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;“ (). სხვა თარგმანი ამბობს: „ქარი გრიგალისა“. „მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;“ ().
რისთვის წარმართავს სიტყვას ასე? იმიტომ, რომ სიუხვით ცხადყოფს ღვთის განგებას. რადგან თუ ისინიც, რომლებიც თითქოს უსარგებლონი და ადამიანთა მოდგმის მტერნი არიან, იმდენად მშვენიერნი და სასარგებლონი არიან, რომ თვითონაც, თავიანთი შექმნილობით, ღმერთს საგალობელსა და დიდებისმეტყველებას აღუვლენენ, მაშინ იფიქრე, როგორნი არიან დანარჩენნი. და თუ გნებავს, ნათქვამთაგან თითოეულს მივყვეთ. ამბობს: „ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი“ (). ვეშაპებად აქ ზღვის დიდ ცხოველებს გულისხმობს, როგორც სხვაგანაც, როცა ამბობს: „ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა“ (). და ბევრგან შეიძლება ნახოს კაცმა, რომ ეს ცხოველი ასე იწოდება.
3. სტიქიონთა მორჩილება და ყოველივეს სარგებელი
და როგორ ადიდებს ეს ცხოველი თავის შემოქმედს? — იკითხავს ვინმე. და როგორ არ ადიდებს? როცა მის სიდიდესა და სხეულის მტკიცე აგებულებას დაინახავ, რასაც წმიდა წერილი იობში უფრო დიდი სიცხადით მოგვითხრობს, როგორ არ გაოცდები შემოქმედით, რომელმაც ასეთი დიდი ცხოველი წარმოშვა? არა მხოლოდ სიდიდის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ზღვის გაუვალი ნაწილი მას სამკვიდრებელ ადგილად განუჩინა. საოცარია ისიც, როგორ არ გადადის საკუთარ საზღვრებს, თუმცა ველური და მეტად დიდი ცხოველია, არამედ თავის ადგილებში ბინადრობს, არა მხოლოდ მიწისკენ და დასახლებული ქვეყნისკენ არ გამოდის, არამედ ზღვის სანაოსნოდ გამოსადეგ ნაწილსაც არ აზიანებს; თევზთა მოდგმას არ ანადგურებს, არამედ საკუთარი მხარის შიგნით ცხოვრობს. და არა მხოლოდ ესაა საკვირველი, არამედ უფსკრულიც, რაოდენ დიდია მისი სიღრმე. რაც ამ მხეცთან დაკავშირებით ითქმის, იგივე ზღვაზეც ჩანს. ზღვაც, ქართა ძალებით აუტანლად მძვინვარე და წყლის ასეთი სიმრავლის მქონე, საკუთარ საზღვრებს არ არღვევს, მეზობელ მიწას არ ფარავს, არამედ თვითონაც ურყევი ბორკილებით არის დაბმული, თუმცა წყლების ბუნება უწესრიგოა. როცა წყლის ასეთი სიმრავლე არსებობს და ამდენი ქარი ამოძრავებს, დაუკვირდი, როგორი სასწაულია, რომ არც უწესრიგობის, არც სიმძიმისა და არც ძალის გამო საკუთარი მხარიდან არ გადადის, არამედ ასეთ უწესრიგობაში მთელ წესრიგს ინარჩუნებს. ამ ყველაფერზე დაფიქრებული შეძლებ აქედანაც ღმერთს საგალობელი უქსოვო და გაოცდე მისი ძალით, სიბრძნით, ძლიერებითა და ხელმწიფებით.
ამის გარდა არსებობს სხვა, გამოუთქმელი მიზეზებიც, რომლებიც მხოლოდ შემოქმედმა იცის. ამიტომაც ვინმე ამბობდა: „ნუ იტყვი: რისთვის არის ეს? რა საჭიროებისთვის არის ეს? რადგან ყოველი რამ თავისი საჭიროებისთვის შეიქმნა“ ()2. „ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;“ (). აქ ნათქვამთან ერთად კიდევ სხვა რამესაც დასძენს. წინა ფსალმუნში იგი საკვირველად იმას მიიჩნევდა, რომ დროის უმცირეს მოქცევაში თოვლი და მყინვარი მთელ მიწას მოედება, იყინება, იცვლება და საწინააღმდეგო მდგომარეობებში გადადის; აქ კი იმას უკვირდება, რომ ისინი, არარსებულნი, არსებობაში მოვიდნენ, არსებობაში მოსულნი კი რჩებიან და, მიუხედავად უგონობისა, მსახურთა რიგს იკავებენ და ღვთის ბრძანებას დიდი მორჩილებით საქმეში აღასრულებენ. უფრო მეტიც, ერთმა ბრძანებამ ხშირად ბუნების საწინააღმდეგო საქმეც აღასრულა; როგორც ბაბილონის ღუმელში ცეცხლი ერთსა და იმავე დროს მწველიც იყო და ცვარისებურად გამაგრილებელიც, და ორივე მოქმედებას ასრულებდა. მაშ, იკითხავს ვინმე, ეს მადლობის ღირსია? დიახ, და თანაც დიდი მადლობისა. რადგან ღმერთი ერთნაირად უნდა ვადიდოთ, როცა სჯის და როცა სასჯელისგან ათავისუფლებს. რადგან ორივე მზრუნველობის ნიშანია და ორივე სიკეთისა.
ადამიანები ერთს სიკეთით აკეთებენ, მეორეს კი ბოროტებითა და რისხვით; ღმერთი კი ორივეს კაცთმოყვარეობით აღასრულებს. ამიტომ მას ერთნაირად უნდა ვუგალობდეთ: იმისთვისაც, რომ ღმერთმა ადამი სამოთხეში დაადგინა, და იმისთვისაც, რომ გამოაძევა; მადლიერებაც უნდა ვიცოდეთ არა მხოლოდ სასუფევლისთვის, არამედ გეენისთვისაც. რადგან გეენაც მან შექმნა და გეენითაც დაგვემუქრა კიდეც, რათა ბოროტებისგან გაგვათავისუფლოს. როგორც მკურნალი გვაკვირვებს არა მხოლოდ მაშინ, როცა კვებავს, არამედ მაშინაც, როცა შიმშილით ავიწროებს; არა მხოლოდ მაშინ, როცა გარეთ, მოედანზე გაჰყავს, არამედ მაშინაც, როცა სადმე სახლში კეტავს; არა მხოლოდ მაშინ, როცა ზეთს სცხებს, არამედ მაშინაც, როცა წვავს და კვეთს, რადგან, თუნდაც მოქმედებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყოს, იგი ერთ მიზანს უმზერს. ასევე ღმერთიც ყოველივეს გამო უნდა ვადიდოთ — და ბევრად უფრო მეტადაც: რამდენადაც ერთი ღმერთია, მეორე კი ადამიანი; და რამდენადაც ადამიანთა საქმეები ხშირად საწინააღმდეგო შედეგამდეც მიდის, ღვთისა კი სათანადო სიბრძნითა და მზრუნველობით ხდება. სეტყვა და ცეცხლი მხოლოდ დასჯას კი არ ემსახურება; ამავე სტიქიონებმა სასჯელისაგანაც ადამიანები იხსნეს, ომებიც შეაჩერეს და მოახლოებული მტრებიც უკუაქციეს. ან ნუთუ არ იცი, რამდენი სასწაული აღესრულა ეგვიპტეში ამ სტიქიონთა მეშვეობით, ასევე იუდეველთა შორის და ჩვენს თაობაშიც? მბრძანებლის ძალა იმდენად დიდია, რომ რასაც ანგელოზების — იმ გონიერი და დიდი ძალების — მეშვეობით აკეთებდა, იმას ხშირად სტიქიონთა მეშვეობითაც სასწაულებრივად აღასრულებდა, რათა, როცა ამას ანგელოზიც აღასრულებს, უგუნურთაგან არავინ მიაწეროს ეს ანგელოზს, არამედ მბრძანებელს. მაშ, ანგელოზმა შეაჩერა ომი? ომი სეტყვამაც შეაჩერა. პირმშოები ანგელოზმა მოსრა? ზღვის ქარიშხალმაც მთელი ხალხი მოსრა.
ამიტომ ყოველივესთვის მადლობდე კაცთმოყვარე ღმერთს. „მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი; მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;“ (). იხილე, როგორ მეტად ჩერდება იმათზე, რომლებიც თითქოს უფრო უსარგებლონი ჩანან: მთებზე, ხეობებზე, ბორცვებზე, მხეცებსა და ქვეწარმავლებზე, უნაყოფო ხეებზე. ნაყოფიერ ხეებს თავისთავად ცხადი სარგებელი აქვთ, ისევე როგორც ვაკე ველებსა და შინაურ ცხოველებს; მაგრამ მხეცები, ქვეწარმავლები, მთები და უნაყოფო ხეები რა სარგებელს გვაძლევენ? — იკითხავს ვინმე. დიდ სარგებელს, და თანაც ისეთს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მტკიცედ ამაგრებს. რადგან მშენებლობისთვის მთები, ბორცვები და უნაყოფო ხეები ჩვენთვის მეტად გამოსადეგია; და ამათგან სარგებელი რომ არ გვქონოდა, ჩვენი მოდგმის დაღუპვას არაფერი შეაკავებდა. როგორც დამუშავებული ადგილები გვჭირდება გამოსაკვებად, ასევე გვჭირდება უნაყოფო ხეებიცა და ქვებიც სახლების ასაშენებლად და მათგან ურიცხვი სხვა რამის დასამზადებლად.
4. მხეცთა სარგებელი და ნების სიფხიზლე
მაგრამ, ამბობს ვინმე, გველებს, მორიელებს, გველეშაპებსა და ლომებს რა სარგებლობა მოაქვთ ცხოვრებისთვის? ან რა მოგებაა მათგან? დიდი და გამოუთქმელი, თანაც მოშინაურებულ ცხოველებზე არანაკლები. ისინი სხეულის საჭიროებისთვის არიან გამოსადეგნი; ეს მხეცები კი შენში შიშს გალავანივით აღმართავენ, გონიერებას გასწავლიან, ფხიზელსა და ბრძოლისთვის მზადმყოფს გხდიან, სამოთხეში წინაპრის ცოდვას გახსენებენ და გაჩვენებენ, რამდენი ბოროტების მიზეზია ურჩობა. რადგან მანამდე მხეცები ასეთი არ იყვნენ — ადამიანისათვის საშიშნი და გასაქცევნი, არამედ მოშინაურებულნი და ხელშემჩვევნი იყვნენ. ამიტომაც ღმერთმა ისინი ადამთან მიიყვანა და ადამმა მათ სახელები დაარქვა. გველი დედაკაცს ელაპარაკება და ევა არ განერიდება. ხოლო როდესაც მცნება დაირღვა და ღმერთს არ დაემორჩილნენ, ადამიანის პატივის ნიშნები მოიკვეცა. ამიტომ, როცა ლომს დაინახავ, როცა გველს დაინახავ, ეს ამბები გაიხსენე, და ისინი სიბრძნისმოყვარეობის მცირე საბაბს როდი მოგცემენ. გაიხსენე დანიელიც: როგორ გახდა მისთვის საშინელი მხეცები არაფრად ჩასაგდები, რადგან დანიელი პირვანდელ ხატს დაუბრუნდა; ასევე პავლესთვისაც არაფრად ჩასაგდები გახდა იქედნე. აქედან სულისათვის არამცირედ გულმოდგინებასა და მზრუნველობას მოიმკი.
ამასთან ერთად, სხვა მხრივაც შეიძლება გაოცდე ღმრთის მხეცებისადმი განგებულებითა და მათთვის დადგენილი წესრიგით. რომელია ეს? ის, რომ ღმერთმა მათთვისაც ქალაქებიდან მოშორებული ადგილები — უდაბნოები — გამოყო; და, მიუხედავად ასეთი საშიშრობისა, ქალაქებში არ მკვიდრდებიან, შიგნით მცხოვრებლებს არ ესხმიან თავს, არამედ უდაბნო უყვართ და ეთვისებათ, რადგან ღმერთმა დასაბამიდანვე არგუნა მათ ეს: ჰქონოდათ შესაფერისი ადგილი და ცხოვრების ხვედრი. რადგან როდესაც შენ გძინავს, სწორედ მაშინ მიაშურებენ ისინი უდაბნოს. ამას წინასწარმეტყველიც სხვაგან აჩვენებს, როცა ასე ამბობს: „დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი,“ (). ხედავ, როგორ გრჩება ახლაც მეუფების კვალი — თუნდაც დაკნინებული, მაგრამ მაინც ძველი პატივის მინიშნებას რომ ატარებს? რადგან მონებივით ისინიც დროითა და ადგილით ცალკე არიან განსახლებულნი; თუ შენ მათთან არ მიხვალ, ისინიც არ მოვლენ შენთან, არამედ უდაბნოებში მკვიდრობენ. თუ კი წუხხარ და უკმაყოფილო ხარ მხეცების გაჩენის გამო, დიდად უგუნურობ. რადგან თუ საკუთარ თავს კარგად განაგებ, აქედან არაფერს ივნებ; ხოლო თუ მხეცებისგან ზიანს იღებ, დაფიქრდი, რომ ადამიანებისგან ხშირად უფრო მძიმე ზიანიც მიგიღია.
რადგან ადამიანიც შეიძლება მხეცზე უფრო სასტიკი იყოს. მხეცს მხეცობა ცხადად აქვს, ადამიანი კი ბოროტებას სიმშვიდის ნიღბით ფარავს; ამიტომ მისგან თავის დაცვა ხშირად ძნელია. მაგრამ თუ ფხიზლობ, არც მხეცი და არც ადამიანი რაიმე საშინელს არ გიზამს, არამედ უდიდეს სარგებელსაც მოგიტანს. და რას ვამბობ მხეცსა და ადამიანს, როცა თვით ეშმაკმაც იობს არა მხოლოდ არაფერი ავნო, არამედ ურიცხვი გვირგვინის საბაბადაც ექცა? რას ვამბობ მხეცსა და ადამიანს, როცა შენში მდებარე ნივთიერებათაგანაც, თუ დაუდევარი იქნები, გაცილებით უფრო მძიმე რამეს დაითმენ — მაგალითად, ნაღვლისა თუ ფლეგმისგან, თუ რაიმე უზომობით მათ სიჭარბეს უყურადღებოდ დატოვებ? ამიტომ ყოველმხრივ ფხიზელი გონება გვჭირდება. მაგრამ როგორც დაუდევრობისას აქედან უდიდეს ზიანს მიიღებ, ასევე ფხიზლობისა და მღვიძარებისას არამცირე სარგებელს მოიმკი; რადგან ყველაფერი შენს ნებაზეა დამოკიდებული. რაც მთელ სამყაროში თოვლი, ცეცხლი და ქარია, იგივეა სხეულში ფლეგმა, სისხლი და ნაღველი. ამიტომ საჭიროა, ისინი საუკეთესო განსჯით განვაგოთ, რათა მათგან სარგებელი მოვიმკათ და არა ზიანი მივიღოთ. და რას ვამბობ სხეულზე, როცა სულსაც აქვს გარკვეული ძალები: თუ მათ უზომობამდე მიუშვებ, სნეულებებად იქცევიან, ხოლო თუ შეაკავებ, შემწეებად გახდებიან? რადგან მრისხანება, თუ საჭიროებისამებრ გამოიყენებ, შენთვის ცხონების წამალი ხდება; ხოლო თუ უზომოდ გამოიყენებ, წარწყმედის მიზეზად იქცევა. გულისთქმაც, ზომიერად განგებული, მამად გაქცევს; მართლაც, იგი შვილების შობისთვის სასარგებლოა; მაგრამ თუ მიუშვებ, ხშირად სიძვასა და მრუშობაში ჩაგაგდებს. ამიტომ საქმეებს ნუ დაადანაშაულებ; ყველგან საკუთარ ნებას დააკისრე ბრალი: თუ მას უგულებელყოფ, საკუთარი თავისგანაც ივნებ და საკუთარი სხეულისგანაც დაიღუპები; ხოლო თუ მასზე იზრუნებ, არც დემონებისგან, არც ეშმაკისგან და, მით უმეტეს, არც მხეცებისგან რაიმე საშინელსა და უსიამოვნოს დაითმენ.
„მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი“ (). სხვა თარგმანშია: „ყველა ტომი.“ „მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი“ (). „ჭაბუკნი და ქალწულნი“ (). სხვა თარგმანშია: „რჩეულნი.“ „მოხუცებულნი ყრმათა თანა“ (), სხვა თარგმანში კი: „ახალგაზრდებთან ერთად.“ „იქებდით სახელსა უფლისასა“ ().
აქ კვლავ განგების სხვა სახეს წამოსწევს — მმართველთა წყობას; ამას პავლეც რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ადგენს და დიდი გონიერებით აჩვენებს, რომ ღმრთის სიბრძნის საქმეა მთელი ეს ყოფა მმართველებად და ქვეშევრდომებად განეწესებინა. რადგან ამბობს: „რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს.“ (). თუ ამას გააუქმებ, ყველაფერი დაირღვევა. რადგან თუ ახლაც, როცა მმართველები არსებობენ და მათ შორის მრავალი გახრწნილია, ამ საქმის საჭიროება იმდენად დიდია, რომ მათი ცუდი განწყობის პირობებშიც კი დიდი სარგებელი ჩნდება, დაფიქრდი: ხელისუფლების მქონენი ხელისუფლებას კარგად რომ იყენებდნენ, რამდენ კეთილდღეობას მიიღებდა ადამიანთა მოდგმა. მაგრამ ხელისუფლებათა დაწესება ღმრთის საქმეა; ხოლო ის, რომ ბოროტნი მიჰყავთ ამ თანამდებობებზე და ამ ხელისუფლებებს სათანადოდ არ იყენებენ, ადამიანთა ბოროტების ბრალია.
5. ყველა წოდების მოწოდება ქებისკენ
ამრიგად, ამბობს, რომ მეფეთა არსებობისთვისაც და მსაჯულთა არსებობისთვისაც დიდი მადლობა უნდა აღვუვლინოთ ღმერთს. რადგან ღმერთი ადამიანთა კეთილწესიერებაზე ზრუნავდა და იმაზე, რომ მრავალნი მხეცებზე უფრო უგუნურ მდგომარეობაში არ ყოფილიყვნენ; ამიტომ, როგორც სადავეების მართვისა და ხომალდის წარმართვის ხელოვნება, ასევე ხელისუფლებანი და მეფობანი გვიბოძა. ამიტომ, თუნდაც მმართველი იყო, მადლობა აღუვლინე კაცთმოყვარე ღმერთს, რადგან ესოდენი ზრუნვის შესაძლებლობა მიიღე; ხოლო თუ დაქვემდებარებული ხარ, მაშინაც მადლობა აღუვლინე, რადგან გყავს მზრუნველი, რომელიც ბოროტთა მზაკვრობის სამიზნედ არ გტოვებს. თუნდაც სიბერეს მიაღწიო და თუნდაც ახალგაზრდა იყო, მადლობა აღუვლინე ღმერთს. რადგან სწორედ ამას ამტკიცებს მთელი ეს ფსალმუნი: ყოველივესთვის უნდა ვაქებდეთ მას, თუნდაც მმართველი იყო და თუნდაც ერის წევრი. ამიტომაც, ამის ცხადსაყოფად, თქვა: „და ყოველნი ერნი“ (). თუნდაც ახალგაზრდა იყო, ამბობს, თუნდაც მოხუცი, თუნდაც ქალი და თუნდაც კაცი.
„რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა“ (). სხვა ამბობს: „რადგან აღმატებულია“. „და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა“ (). სხვა ამბობს: „და მისი საგალობელი“. „და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა“ (). „გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა“ ().
ხოლო მისი ნათქვამი ასეთია: ხილულ ყოველივეზეც დაყრდნობით ვაჩვენე ღმერთის მზრუნველობა, დიდება და დიდებულება; მაგრამ მისი ქება მხოლოდ ამის გამო კი არ გვმართებს, არამედ ამათ გარეშეც. რადგან ამათზე უწინარესაც და ამათ გარეშეც აღმატებულება, დიდება და ყველასგან მადლობის აღვლენა მისი კუთვნილებაა. ხოლო სიტყვები „მისი მხოლოსა“ () იმათგან გასარჩევად თქვა, ვინც ჭეშმარიტად ღმერთები არ არიან. შემდეგ, მსმენელი უფრო ამაღლებულ აზრამდე აჰყავს და კვლავ მიწიდან ცისკენ გადაჰყავს. რადგან, როგორც დასაწყისში ციდან მიწისკენ ჩამოვიდა, ასევე, ხილულ ყოველივეზე დაყრდნობით, კვლავ ზეცაზე მაღლა აჰყავს მსმენელი და ამბობს: „და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა“ (). ესე იგი, თუმცა ზენა, უხილავი და გონისმიერი ძალნი არ წყვეტენ მადლობის აღვლენასა და საგალობლით ქებას, მაინც ესოდენმა და ესოდენ დიდმა ღმერთმა ღირსგვყო, რომ ჩვენც თავის ერად ვეწოდებინეთ; და არა მხოლოდ ვეწოდებინეთ, არამედ აღვემართეთ და ავემაღლებინეთ. ამიტომაც დაურთო: „და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა“ (), და ამით კვლავ მისადმი უფრო დიდი მსახურებისკენ იზიდავს მათ; აჩვენებს, რომ ღმერთმა ეს იმიტომ კი არ გააკეთა, თითქოს მათი მსახურება სჭირდებოდა — რადგან როგორ დასჭირდებოდა ეს მას, ვისაც დიდება ბუნებით აქვს და ესოდენი ქმნილება ჰყავს დამორჩილებული? — არამედ მხოლოდ სახიერების გამო გაიხადა ისინი თავისიანებად და მთელ ქვეყნიერებაზე გამოჩენილნი და ბრწყინვალენი გახადა. ამასვე ცხადყოფდა, როცა ამბობდა: „გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა“ ().
რადგან, როცა ამბობს, რომ ისინი მისი ერიც არიან, ამას იმისთვის არ ამბობს, რომ ისინი კვლავ უფრო გულგრილნი და მოდუნებულნი გახადოს, ან რომ მხოლოდ ამაზე მინდობილებმა სულიერი სათნოება უგულებელყონ. ამიტომ, თქვა რა: „გალობად ყოველთა“ (), უბრალოდ „ადამიანებს“ კი არ ამბობს, არამედ „წმიდათა მისთა“ (); და კვლავ, როცა თქვა: „ძეთა ისრაჱლისათა“ (), დაუმატა: „ერი, რომელ მახლობელ არს მისა“ (). ხოლო სხვა მთარგმნელმა „საგალობლის“ ნაცვლად „ქება“ თქვა. ამრიგად, ფსალმუნის ნათქვამი ასეთია: თუ წმიდა იქნებით, თუ მას მიეახლებით, დიდ დიდებას ეზიარებით. რადგან ყოველივე, რაც მას ეკუთვნის, თავისთავად საკმარისი და მტკიცეა, ვინაიდან იგი ასე მდიდარია და ესოდენი დიდება აქვს. ახლა კი საჭიროა, ჩვენგანაც შესაბამისი საქმეები მოჰყვეს, და მაშინ ჩვენც დიდ ბრწყინვალებას ვეზიარებით.
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.