იგავი ბატონის ქონების მფლანგველ მნეზე
1. თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო.2. მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა.3. მაშინ მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? აგერ ჩემი ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი მერცხვინება.4. თუმცა ვიცი, რაც უნდა ვქნა, რომ თავის ჭერქვეშ მიმიღოს ხალხმა, როცა მოურაობას ჩამომართმევენ.5. მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?6. მან მიუგო: ასი კასრი ზეთი. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი, დადექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი.7. ახლა მეორეს ჰკითხა: შენ რამდენიღა გმართებს? და მან მიუგო: ასი კოდი პური. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი.8. შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: ფხიანად მოიქეციო; ვინაიდან ამ სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი.9. ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში.10. მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა.11. თუ ამ ცრუ და უსამართლო სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?12. ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?13. არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.