მოციქულისაჲ: ხოლო ნაკერპავთა მათთჳს ვიცი, რამეთუ ყოველთა მეცნიერებაჲ გაქუს (8,1).
თარგმანი: მიზეზი ნაკერპავთათჳს მხილებისაჲ ესე არს, რამეთუ რომელნიმე სრულნი იყვნეს სარწმუნოებითა და იცოდეს, ვითარმედ "არა შემავალი შეაგინებს კაცსა", და ვითარმედ კერპნი ქვანი და ძელნი არიან და არარა. ამისთჳს უკრძალავად შევიდოდეს ტაძრებსა კერპთასა და ჭამდეს ნაკერპავსა. და ესე საქმე თჳთ მათ სრულთაცა ავნებდა, რამეთუ ტაბლასა ეშმაკთასა ეზიარებოდეს და უსწავლელთაცა ავნებდეს, რამეთუ არა გამოიძიებდეს იგინი თუ გრილითა გონებითა იქმან ამას, არამედ საქმესა მას ოდენ ხედვიდეს და მიზეზსა მიიღებდეს კერპთა ზორვად, რამეთუ ჰგონებდეს თუ სრულნი იგი პატივისათჳს კერპთაჲსა ეზიარებოდეს ჭამასა ნაკერპავისასა. ამისთჳს მიუწერს და ამხილებს საქმისა მისთჳს.
მოციქულისაჲ: მეცნიერებამან განალაღის, ხოლო სიყუარულმან აღაშენის. უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს, ვითარმედ იცის რაჲმე, არღა უცნობიეს, ვითარ-იგი ჯერ-არს ცნობად. ხოლო ვის უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ (8,1-3).
თარგმანი: ზუაობდეს იგინი, ვითარმედ: მეცნიერებაჲ გუაქუს, ვითარმედ კერპნი არარა არიან და ამისთჳს ვჭამთ ნაკერპავსა. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ვიცი, ვითარმედ მეცნიერებაჲ გაქუს, გარნა სიყუარული არა გაქუს, და მეცნიერებაჲ ეგე არად სარგებელ არს, უკუეთუ სათნოებაჲცა არა ერთოს, რამეთუ ოდენ განალაღებს გულსა; ხოლო სიყუარული არს აღმაშენებელი სათნოებათაჲ.
კუალად ამითცა დაამდაბლებს ზუაობასა მეცნიერთასა, ვითარმედ: ჰზუაობთ თუ — ყოველივე კეთილად იცით! არამედ უწყოდეთ, ვითარმედ, რომელი ზუაობდეს...