მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასიტყვა - ებისტოლე

წიგნის მიმოხილვა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

წმიდისა მამისა ჩუენისა კჳრილე ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა, რომელმან თარგმნნა ყოველნივე საწინაჲსწარმეტყუელონი წიგნნი და აღწერნა სხუანი წიგნნი მრავალნი, ებისტოლე სხჳსა ვისმე ეპისკოპოსისა მიმართ, რომელი ვედრებულ იყო მისდა, რაჲთამცა აღწერა მოკლე თარგმანებაჲ წმიდისა მოციქულისა პავლეს ებისტოლეთაჲ

მოსწრაფებაჲ და სწავლის მოყუარებაჲ სიწმიდისა შენისაჲ ფრიად მთნდა მე, წმიდაო მამაო, და ამისთჳს მორჩილებითა შენითა ძნელსა საქმესა ჴელ-ვყავ, და მოსწრაფებაჲ ფრიადი შორის შემოვიღე, რაჲთამცა დავაწესე ებისტოლეთა თანა წმიდისა მოციქულისა პავლესთა თარგმანიცა მათი, რაჲთა ადვილ იყოს გულისჴმის-ყოფაჲ მათი ყოველთა მიერ, რომელნიცა იკითხვიდენ მოსწრაფებით სიტყუათა მისთა.

ვინაჲთგან უკუე წმიდასა მამასა ჩუენსა იოვანე ოქროპირსა უთარგმნიან ებისტოლენი ესე წმიდისა პავლესნი, და რავდენნიმე სიტყუანი მისნი ვპოენ დიდისა ბასილის მიერცა კესარიელისა და გრიგოლ ღმრთისმეტყუელისა და წმიდისა ათანასის მიერცა თარგმნილნი, ამისთჳს არღარა ჴელ-ვყავ ყოვლისავე თავით ჩემით თარგმანებად, არამედ მათ წმიდათა მიერ აღწერილისაგან გამოვკრიბე, და რომელიმე ჩემ მიერცა შევსძინე, და განვაწესე სიტყუათა თანა წმიდისა მის მოციქულისათა მოკლედ თარგმანი მათი , რაჲთა ადვილ იყოს საპოვნელად, თუ რომელი თარგმანი რომლისა სიტყჳსაჲ არს.

პირველად უკუე ჯერ-ვიჩინე მცირედ წმიდისა მოციქულისა პავლესთჳს თქუმად.

პავლე მოციქული ნათესავით იყო ებრაელი, ტომისაგან ბენიამენისა, ფარისეველთა დასისაგან. აღზრდილ იყო მორწმუნისა გამალიელის მიერ, რომლისაგან ესწავა რჩული მოსესი და მკჳდრ იყო ტარსუნს კილიკიისასა. ხოლო ემტერებოდა ქრისტიანეთა და სდევნიდა ეკლესიათა, ვიდრეღა თანა ეყო სიკუდილსა პირველმოწამისა სტეფანესსა. ხოლო ამას ყოველსა იქმოდა არა უკეთურითა გონებითა, ვითარ სხუანი ჰურიანი, არამედ უმეცრებით კეთილი ეგონა, რასა-იგი იქმოდა. ამისთჳს უფალმან იცოდა კეთილი გონებაჲ მისი და არა უგულებელს ყო იგი, არამედ, მივიდოდა რაჲ იგი დამასკედ, გამოუბრწყინდა გზასა ზედა, ვიდრე ნათლისა მისგან დაუბნელდეს თუალნი. და, შევიდა რაჲ დამასკედ, მოვიდა მისა მოციქული ანანია და ნათელ-სცა, და უწოდა პავლე. და აზიარა წმიდათა საიდუმლოთა. და მეყსეულად შეიმოსა მან შური იგი საღმრთოჲ და ქადაგებდა ქრისტესა ყოველსა სოფელსა. ხოლო შემდგომად ჟამისა რამდენისამე მივიდა იერუსალემდ ხილვად პეტრესა და მიერ მიიღო მოციქულებაჲ წარმართთაჲ. და განვიდა და ქადაგა ქრისტე ყოველსა ქუეყანასა. მივიდა იერუსალემით ტარსუნს და მიერ ანტიოქიას, და კუალად მეორედ იერუსალემს, და კუალად მეორედ ანტიოქიას და მუნ განიჩინა ბარნაბას თანა მოციქულებად. და შთავიდა სელევკიას და მერმე კჳპრეს, სადაცა იწყო პავლე წოდებად. და მერმე პერგეს და მერმე ანტიოქიას პისიდიისისა. და მერმე იკონიას, და მერმე ლუსტრას და დერბეს ლუკაონისასა და მერმე პამფილიას და მერმე პერგეს და მერმე ატალიას და მერმე მესამედ ანტიოქიას ასურეთისასა. მიერ მესამედ იერუსალემს წინადაცუეთისათჳს სიტყუად. და მიერ მეოთხედ ანტიოქიას და მერმე წარვლო ასურეთი და კილიკიაჲ, და მივიდა მეორედ დერბედ და ლუსტრად, სადა-იგი ტიმოთეს წინა-დასცჳთა, და მერმე ფრიგჳას და გალატელთა სოფელსა და მერმე მისიას და მერმე ტროადას და მერმე ნეაპოლის და მიერ ფილიპეს მაკედონიისასა და მერმე წარვლეს ამფიპოლი და აპოლონიაჲ და მივიდეს თესალონიკედ, მერმე ბერიას, მერმე ათინას, მერმე კორინთეს და მიერ ეფესოს და მერმე კესარიას და მერმე მეორედ ანტიოქიას პისიდიისასა, და მერმე გალატეთს და ფრჳგიას და კუალად მეორედ ეფესოს, და მერმე წარვლო მაკედონიაჲ და მივიდა ელადას. და კუალად წარმოვლო მაკედონიაჲ და მოვიდა ფილიპიას მეორედ და ფილიპიაჲთ ტროადას, სადა ევტჳქოს აღადგინა, და მერმე ასონს და მერმე მიტჳლინეს. და მერმე ქიონს, მიერ სამოსს და მიერ მელიტონს და მიერ მოუწოდა ეფესელთა და ეზრახა და წარვიდა კონს და მიერ როდონს და მიერ პატრას და მიერ ტჳროსს, და მიერ პტოლემაიდას და მიერ კესარიას და მიერ მეოთხედ აღვიდა იერუსალემდ. და იყოფოდა რაჲ მუნ, აღიძრნეს მის ზედა ჰურიანი და ენება მოკლვაჲ მისი. ხოლო ლჳსია ათასის-თავმან აღიტაცა მათგან და წარავლინა იგი კესარიას, ფლიქს მთავრისა მიმართ. და მან დაიმჭირა იგი საპყრობილესა შინა ორ წელ, და მერმე გარდაიდგინა ფელიქს და მიიღო მთავრობაჲ პორკიონმან ფესტოს, რომელმანცა ინება დასჯაჲ პავლესი მომადლებისაჳს ჰურიათაჲსა, ხოლო პავლე უღაღადა კეისარსა და ამისთჳს ვერღარა იკადრა ფესტოს სჯაჲ მისი, არამედ წარავლინა კეისრისა ნერონის მიმართ ჰრომედ. და იყვნეს მის თანა არისტარხოს, რომლისათჳს იტყჳს ებისტოლეთა თჳსთა შინა, ვითარმედ: "არისტარხოს თანა-ტყუე ჩემი", და ლუკაცა მახარებელი, რომელმან აღწერნა საქმენიცა მოციქულთანი.

წარმოემართნეს უკუე ნავითა კესარიაჲთ და მივიდეს სიდონს და მიერ მჳრას და მიერ კნიდონს და მიერ ღელვა-გუემულნი განვიდეს მელიტონ ჭალაკსა, სადა იქედნე მოეხჳა მკლავსა მისსა და მიერ მივიდეს სჳრაკოსს და მიერ რიგიონს და მიერ პოტიოლს, და მიერ ჴმელით აღვიდა ჰრომს, და იყო პყრობილად ორ წელ.

აქამომდე აღწერა ლუკა მახარებელმან, რამეთუ მას ჟამსა აღწერა წიგნი იგი მოციქულთა საქმისაჲ.

ხოლო ამისა შემდგომად, ვითარცა იტყჳს ევსევი პამფილიელი, რომელმან მრავალნი აღწერნა საეკლესიონი საქმენი, და მანვე დაწერა ამისცა მოციქულისა და პეტრეს წამებაჲ, იტყჳს იგი, ვითარმედ ამისა შემდგომად დაუტევეს იგი არისტარხოს და ლუკა და ქადაგებდა იგი სიტყუასა ღმრთისასა. და ვითარცა ორი იგი წელი გარდაჴდა, განიკითხა იგი ნერონ და განუტევა. და განვიდა იგი და ქადაგა სახარებაჲ სხუასა ათსა წელსა. და მერმე განაძჳნა კუალად ეშმაკმან ნერონ და მოსრნა მრავალნი ქრისტეანენი და წარჰკუეთა ამის ნეტარისაცა თავი. და ჯუარს-აცუა პეტრე მოციქულიცა, ხოლო იყო მაშინ პავლეს თანა კუალად ლუკავე. და ესრეთ მოიღუაწა მან ღუაწლი კეთილი თთუესა ივნისსა კ̂თ, დღესა ხუთშაბათსა, ვნებითგან მაცხოვრისაჲთ ოც და მეათექუსმეტესა წელსა. დაყო ქადაგებასა შინა ლ̂ე წელი. მრავალნი უკუე ღუაწლნი თავს ისხნა ქრისტესთჳს, და მრავალნი სწავლანი წარმოუთხრნა კაცთა. ხოლო უმეტეს ყოვლისა წერილითა ამით ათოთხმეტთა ამათ ებისტოლეთაჲთა ყოველივე მოქალაქობაჲ სათნოებისაჲ გამოსახა, და სარწმუნოებაჲ მართალი დაამტკიცა.

ხოლო აწ ჩუენ ვიტყოდით სიტყუათა მათ მისთა ძალსა შეძლებისაებრ, ხოლო შენ ლოცვა ყავ ჩუენთჳს უფლისა მიმართ.