უწყებაჲ და სახე ძალისა და მიზეზისა წმიდისა პეტრე მოციქულისა მეორისა კათოლიკისაჲ
ეგრეთვე მეორესა კათოლიკესა თჳსსა მისწერს მათდა მიმართ, რომელთა-იგი ჰრწმენა, და მოაჴსენებს ამის მიერ პირველ მიწერილსაცა, და აუწყებს, ვითარმედ ადრე ყოფად არს განსლვაჲ მისი ჴორცთაგან, და რაჲთა მოსწრაფე იყვნენ მოჴსენებად, რომელი-იგი მიეთხრა მოძღურებაჲ.
პირველად უკუე სარწმუნოებისათჳს ასწავებს მათ და უჩუენებს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ეხარა იგი, და ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელებანი, მაცხოვრისათჳს თქუმულნი, არა არიან კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ ითქუნეს. და მერმე ამცნებს, რაჲთა არა ერჩდენ მაცთურთა. და იტყჳს, ვითარმედ იყოს წარწყმედაჲ მათი, ვითარცა განდგომილთა მათ ანგელოზთაჲ იყო. და წინაჲსწარ აუწყებს, ვითარმედ მოიწინენ დღენი, რომელთა შინა მეკიცხარნი იქცეოდინ და ენებოს ცთუნებაჲ ვიეთიმე, და ეტყოდინ, ვითარმედ ამაოდ ითქუმის თქუენ შორის მოსლვაჲ მაცხოვრისაჲ, ვინაჲთგან მარადის ითქუმის და არასადა მოვიდა, და ამათ ესევითართაგან განშორებასა ამცნებს და ასწავებს, რაჲთა არა სულმოკლე იქმნენ ჟამთა განგრძობისათჳს, რამეთუ ყოველნივე ჟამნი არარაჲ არიან წინაშე უფლისა. ვინაჲცა ერთი დღე ვითარცა ათასი წელი იყოს და ათასი წელი — ვითარცა ერთი დღე. და დაამტკიცებს, ვითარმედ ადრე მოიწიოს დღე იგი უფლისაჲ, და ამცნებს, რაჲთა ყოველნი განმზადებულ იყვნენ მისთჳს საქმეთა მიერ კეთილთა, და რაჲთა უყუარდენ ებისტოლენი პავლე მოციქულისანი და რაჲთა არა ერჩდენ, რომელნი გარდააქცევდენ მათ, ამისთჳს, რამეთუ ყოველთავე საღმრთოთა წიგნთა გარდააქცევენ იგინი. და ასწავებს, რაჲთა უწყოდიან საქმე კეთილისაჲ, და რაჲთა არა შესცთენ სარწმუნოებისაგან, და ესრეთ აღასრულებს მეორესა წიგნსა თჳსსა.