...ვევა, როდესაც იბეჭდება ცილისმწამებლური წერილები და გამიზნულად ხდება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის უნდობლობის გაღვივება. მათ ავტორებს ავიწყდებათ, რომ ეკლესია მაცხოვრის მისტიკური სხეულია, რომელიც კლდესა ზედა არის დაშენებული და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. ეკლესია „სუეტი და სიმტკიცეა ჭეშმარიტებისა“ ().
წმიდა ბასილი დიდი ასე გვარიგებს: „შენ ხარ კეთილმოწყობილი ჭურჭელი, რომელმაც უფლისაგან სიცოცხლე მიიღე: ადიდე შენი შემოქმედი, რადგან იმისთვის ხარ მოწოდებული, რომ იყო ღირსეული გამოვლინება ღვთის მადლისა; ეს სამყარო შენთვის, ცოცხალი წიგნია, რომელიც უფლის სიდიადეს ქადაგებს და შენ, გონიერ არსებას, მის იდუმალ და უხილავ ბრწყინვალებას გაზიარებს, რათა შეიცნო ჭეშმარიტების ღმერთი“. (გრ. დიაჩენკო, „სარწმუნოება“, გვ. 176).
ყოველწლიურად ჩვენ ყველანი ზეიმით ვეგებებით პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც მუდამ ახალი, ადრინდელისგან განსხვავებული სიხარული მოაქვს. ესაა განცდა მარადიული ნეტარებისა. ყოველ წელს ჩვენს გულებში ინთება ახალი კანდელი, ცათა სასუფევლისკენ ჩვენი მომავალი მსვლელობის გზის გამნათებელი.
შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ჩვენ სიკვდილის დათრგუნვასა და მარადიული ცხოვრების დაწყებას ვდღესასწაულობთ.
სააღდგომო საგალობელში ვკითხულო...