...ესაია 45:8). რადგან წმინდანები მარტონი საკმარისნი არ არიან მეუფის ქებისთვის, ყველას იხმობენ, რათა გალობის თანამოზიარეებად მიიღონ. და ამას განსაკუთრებით ხშირად აკეთებს ეს მეფსალმუნე, როგორც მაშინ, როცა ამბობს: „თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა“ (). და კვლავ: „ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა“ ().
ამით იგი კიდევ სხვა რამესაც ამტკიცებს. რა არის ეს? ის, რომ უგუნურთაგან არავინ იფიქროს, თითქოს ორი შემოქმედი არსებობდეს. რადგან ქმნილებანი განსხვავებულნი არიან და არსებით ერთმანეთისაგან დაცილებულნი: ერთი გრძნობადია, მეორე კი გონებით საწვდომი; ერთი ხილულია, მეორე კი უხილავი; ერთი სხეულებით არის სავსე, მეორე კი უსხეულოა. ამიტომ, საქმეთა განსხვავებიდან ვინმემ განსხვავებული შემოქმედები რომ არ შემოიტანოს, მეფსალმუნე მათ ერთ გუნდად აყენებს: ყველასაგან ერთ მელოდიას აღავლენს ღმერთის წინაშე და ამბობს, რომ ერთი და იგივე ღმერთი უნდა იგალობებოდეს როგორც ზემო, ისე ქვემო ქმნილების მიერ. ამითაც ცხადყოფს, რომ ორივეს შემოქმედი ერთია....