...გონებასას სიამოვნებით მიიღებთ და საქმეში მოიყვანთ. ვხედავ, რა სიამოვნებით ისმენთ ჩემს სიტყვებს და თქვენი ტაშისა და შექებისგან ვასკვნი, რომ საქმითაც გამოსწორდებით. ამაში კმაყოფილნი, მივუბრუნდეთ წინა საუბრის გაგრძელებას. „და იყო, — ნათქვამია, — მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა" ().
არც ეს დავტოვოთ ყურადღების გარეშე. აქედანაც ბევრი რამ შეიძლება გავიგოთ: პირველ ყოვლისა, იაკობის გულწრფელობა — როგორ ყოველგვარი ვერაგობისგან უცხო კაცი მოტყუებული იქნა; მეორე — როგორ კეთდებოდა მაშინ ყველაფერი დიდი წესიერებით: არსად იყო ცეკვები, არც ჩირაღდნები, არც სხვა რამ ზედმეტი განათება, რის გამოც ლაბანის მოტყუებამაც გაიარა. თუმცა, აქ შეიძლება ლაბანის სიყვარულიც შევნიშნოთ იაკობის მიმართ, რადგან ეს იმისთვის მოიფიქრა, რომ მართალი თავისთან უფრო დიდხანს შეეყოვნებინა. ლაბანმა იცოდა, რომ იაკობი მეორისადმი ცხელ სიყვარულს გრძნობდა და, რომ თუ სასურველს მიიღებდა, ლიას გულისთვის აღარ დარჩებოდა მასთან სამსახურში. ამიტომ ლაბანმა, ამ კაცის კეთილი თვისებების მცოდნემ, გაიგო რა, რომ სხვაგვარად ვერ დაარწმუნებდა, ეს მოტყუება მოახდინა და ლია მისცა ზელფა მხევალთან ერთად. შემდეგ კი, როცა მართალმა ახსნა მოსთხოვა, რატომ ასე მოატყუა, ლაბანმა დამაჯე...