...შენი ტვირთი? რა მოხდა, რომ მისგან ცდილობ დამალვას, ვინც ასე გაგაკეთილშობილა და ასეთ პატივში აგიყვანა? ვისი შიშით ცდილობ ახლა დამალვას? განა მამხილებელი გამოჩნდა? განა მოწმეები წამოდგნენ? საიდან გაჩნდა შენში ასეთი მორცხვობა და შიში? „ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე" (). საიდან შეიცანი სიშიშვლე? მითხარი, რა სიახლე და უცნაურობაა? ვის შეძლებდა ოდესმე ამის თქმა, შენ თავადვე რომ არ მოგეტანა თავს ასეთი სირცხვილი, იმ ერთადერთი ხისგან, რომ არ გეგემა, რომლისგანაც არგემებას გამცნე? ყურადღება მიაქციე კაცთმოყვარეობასა და უფლის უკიდურეს თავშეკავებას. მას შეეძლო მაშინვე, ასეთი ცოდვის ჩამდენისთვის პასუხის გაცემის ღირსადაც კი არ მიეჩნია, ის სასჯელი დაეტეხა, რომელიც შეცოდებისთვის წინასწარ უკვე განესაზღვრა; მაგრამ დიდხანს ითმენს, აყოვნებს, ეკითხება, პასუხს უსმენს, კვლავ ეკითხება, თითქოს დამნაშავეს გამართლებისკენ მოუხმობს, რათა, შემთხვევა რომ გაიხსნა, ასეთი შეცოდების შემდეგაც გამოეჩინა თავისი კაცთმოყვარეობა. ამით ის გვასწავლის, რომ დამნაშავეთა განსჯისას უხეშად არ მოვეპყრათ და მხეცურ სისასტიკეს არ გამოვიჩენდეთ, არამედ დიდსულოვნება და მოწყალება გამოვავლინოთ, თითქოს საკუთარ სხეულის ნაწილებზე ვასრულებთ სასამართლოს...
დაბადებისა 3:10
9. და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ?10. და მან თქუა: ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე.11. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე-ა ?
დაბადებისა თავი 3