📋 სარჩევი
1. ღვთის კაცთმოყვარეობა დაცემის შემდეგ (3:8)
საკმაოდ ვრცლად, ჩანს, ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ, ჩვენი ძალისამებრ, ხეზე და თქვენთვის, საყვარელნო, გიჩვენეთ ის მიზეზი, რის გამოც საღვთო წერილმა მას შეცნობის ხე უწოდა, კეთილისა და ბოროტის. ამიტომ დღეს მინდა მომდევნოზე გადავიდე, რათა იცოდეთ ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა და ის, თუ რა მოწყალება გამოიჩინა ჩვენი მოდგმისადმი მზრუნველობის გამო. ნამდვილად, მან ყოველივე ისე მოაწყო და წარმართა, რომ მის მიერ შექმნილი გონიერი ქმნილება სრული პატივით სარგებლობდა და ცხოვრებით ანგელოზებს არაფრით ჩამორჩენოდა, არამედ სხეულშივე მათი უვნებობა შეეძინა. როცა კი იხილა, რომ ორივემ (პირველმშობელმა) თავისი უზრუნველობით მისი მცნება დაარღვია, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ მუქარით დაიცვა ისინი, ამის შემდეგაც არ შეწყვიტა თავისი კაცთმოყვარეობა, არამედ ერთგული დარჩა თავისი სახიერებისა. როგორც შვილთმოყვარე მამა, რომელიც ხედავს, რომ მისმა შვილმა უზრუნველობით საკუთარი კეთილშობილებისთვის უღირსად მოიქცა და პატივის სიმაღლიდან უკიდურეს სიმდაბლეში დაეცა, მხურვალე მამობრივი სიყვარულის გრძნობით, არ ტოვებს მას ამ მდგომარეობაში, არამედ ისევ ასრულებს თავის მოვალეობას და თანდათან ცდილობს ამ სიმდაბლიდან ამოიყვანოს და წინანდელ პატივში აღადგინოს, — სწორედ ასევე ყოვლადსახიერმა ღმერთმა, შეიბრალა რა ადამიანი ბოროტი ზრახვის გამო, რომელსაც დაექვემდებარა, ცოლისგან შეცდუნებულმა და გველის მეშვეობით ეშმაკის რჩევა მიმღებმა, მყისვე მოვიდა მასთან, როგორც ექიმი ავადმყოფთან და ტანჯულთან, რომელიც ძირს წევს და ექიმის მრავალფეროვანი მკურნალობა და შემწეობა სჭირდება.
რათა ღვთის გამოუთქმელი მოწყალება თავად სიტყვებიდანაც (საღვთო წერილისა) შეიცნოთ, უნდა მოისმინოთ ის, რაც წაკითხულ იქნა. „და ესმათ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა" (). ნუ ჩაივლით, საყვარელნო, ყურადღების გარეშე საღვთო წერილის ნათქვამს და ნუ შეჩერდებით მხოლოდ სიტყვებზე, არამედ იფიქრეთ, რომ ასეთი უბრალო სიტყვები ჩვენი უძლურებისთვის იხმარება და ყოველივე ღვთისადმი შესაფერისად აღესრულება ჩვენი ცხონებისათვის. რადგან, მითხარი, თუ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით მივიღებთ და ნათქვამს ღვთისადმი შესაფერისად ვერ გავიგებთ, მრავალი რამ უცნაურად არ მოგვეჩვენება? აი, თავად შევხედოთ დღევანდელი საკითხავის დასაწყისს. „და ესმა, — ნათქვამია, — ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი", და შეეშინდათ. რას ამბობ? ღმერთი დადის? ნუთუ ფეხებსაც მივაწერთ მას? და ამის ქვემოთ არაფერ უფრო მაღალს ვიგულისხმებთ? არა, ღმერთი არ დადის, — ნუ იყოფინ! მართლაც, ნუთუ ის, ვინც ყველგან არის და ყოველივეს ავსებს, ვისი საყდარი ცა არის და მიწა — ფეხთა საყრდენი, სამოთხეში დადის? რომელი გონიერი ადამიანი იტყვის ამას? მაშ, რას ნიშნავს: „ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი"? მან ინდომა მათში ისეთი შეგრძნება (ღვთის სიახლოვისა) აღეძრა, რომ შეშფოთებულიყვნენ, რაც მართლაც მოხდა: მათ ეს იგრძნეს და მიახლოებული ღვთისგან დამალვა სცადეს. მოვიდა ცოდვა და შეცოდება და სირცხვილმა დაისადგურა მათზე.
მიუკერძოებელი მოსამართლე, ესე იგი, სინდისი, წამოდგა, ხმამაღლა ღაღადებდა, საყვედურს უთქვამდა, აჩვენებდა და თითქოს თვალწინ უდგამდა შეცოდების სიმძიმეს. სწორედ ამიტომ კაცთმოყვარე მეუფემ, დასაბამიდანვე ადამიანის შექმნისას, სინდისი ჩაუდო, როგორც დაუდუმებელი მხილებელი, რომელსაც ვერ მოატყუებ და ვერ შეაცდენ. თუნდაც ცოდვის ჩამდენმა და უსჯულო საქმის აღმასრულებელმა ყველა ადამიანისგან შეძლოს თავის დამალვა, — ამ მოსამართლისგან ვერ დაიმალება; პირიქით, ყოველთვის თავის თავში ატარებს ამ მხილებელს, რომელიც აშფოთებს, აწამებს, სჯის; არასოდეს ჩუმდება, არამედ თავს ესხმის სახლშიც, მოედანზეც, კრებაშიც, ტაბლასთანაც, ძილის დროსაც, გაღვიძებისასაც; ანგარიშს მოსთხოვს შეცოდებებისთვის, ცოდვათა სიმძიმესა და მოსალოდნელ სასჯელს თვალწინ უდგამს; და როგორც გულმოდგინე ექიმი, არ წყვეტს თავისი წამლების დადებას, თუმცა ხედავს, რომ არ დაუჯერებენ, მაინც უკან არ იხევს, არამედ მუდმივად განაგრძობს მზრუნველობას.
2. სინდისის მხილება და ცოდვით დამალვა
სწორედ ეს არის სინდისის საქმე: მუდამ შეახსენოს (ცოდვა) და არ მისცეს შესაძლებლობა (ცოდვილს) ოდესმე დაივიწყოს თავისი შეცოდებანი, არამედ თვალწინ უდგამდეს მას, რათა ამით მაინც ნაკლებად მიდრეკილნი გავხდეთ წინანდელი ცოდვების განმეორებისკენ. თუ ჩვენთაგან მრავალი ვერ სძლევს უზრუნველობას სინდისის ამოდენა თანადგომისა და შემწეობის პირობებშიც კი, თავის თავში ასეთი ძლიერი მხილებელი და დამსჯელი — სინდისი — რომ ჰყავს, რომელიც გულს გლეჯს და ყოველ ჯალათზე მძიმედ სტანჯავს, მაშინ ამ შემწეობის გარეშე განა მყისვე არ დავიღუპებოდით? ამიტომ ახლა პირველქმნილიც, როცა ეს შეგრძნება აღეძრა და ღვთის სიახლოვის აზრი მოეფიქრა, იმ წამშივე იმალება. რა არის ამის მიზეზი, მითხარი? ის, რომ იხილა, რა ძლიერი მხილებელი აღუდგა, ესე იგი, სინდისი. სხვა მხილებელი და ცოდვის მოწმე მას არ ჰყავდა, გარდა იმისა, რასაც თავის თავში ატარებდა. მეორე მხრივ კი, სინდისის მხილებასთან ერთად, იმ დიდების დაკარგვამაც, რომელიც მანამდე ნათელი სამოსლის მსგავსად ჰმოსავდათ, სიშიშვლის შეგრძნებით აგრძნობინა შეცოდების სიმძიმე. ამიტომ, როცა ამ მძიმე ცოდვის შემდეგ სირცხვილით აღივსნენ, დამალვა სცადეს. „ესმა, — ნათქვამია, — ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა".
არაფერია, საყვარელო, ცოდვაზე უარესი: მოსვლისთანავე, ის არა მხოლოდ სირცხვილით გვმოსავს, არამედ უგუნურსაც ხდის მათ, ვინც მანამდე გონიერი და დიდი სიბრძნის მქონე იყო. დაფიქრდი, რა უგუნურებამდე მივიდა საბოლოოდ ის, ვინც ამის წინ ისეთი სიბრძნის მქონე იყო, ვინც საქმით გვიჩვენა მისთვის ბოძებული სიბრძნე, ვინც ისეთი წინასწარმეტყველება წარმოთქვა. როცა მოისმინა, როგორც ნათქვამია, „ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი", ცოლთან ერთად დაიმალა „უფლისა ღმრთისა" პირისაგან „საშუალ ხისა სამოთხისა". რა უგუნურება — ღვთისგან დამალვა გინდოდეს, ყველგანმყოფისგან, შემოქმედისგან, რომელმაც ყოველივე არარსებობიდან არსებობაში მოიყვანა, რომელიც დაფარულს იცნობს, რომელმაც ადამიანთა გულები ცალ-ცალკე შექმნა, რომელიც ყველა საქმეს განიცდის, გულთა და თირკმელთა გამომცდელისგან, რომელიც ჩვენი გულის მოძრაობებსაც კი ხედავს! მაგრამ ნუ გიკვირს, საყვარელო! ცოდვილთა ჩვეულება ასეთია: თუმცა დამალვა ვერ შეუძლიათ, მაინც დამალვას ცდილობენ. რომ ეს იმ სირცხვილის აუტანლობის გამო ქნეს, რომელიც ცოდვის შემდეგ დაეფარათ, იმ წარუვალი დიდების დაკარგვით, იფიქრე იმაზე, სად იმალებიან? „საშუალ სამოთხისა". როგორც უვარგისი და მადლიერებას მოკლებული მსახურნი, რომლებსაც პატრონისგან დამალვა არ შეუძლიათ, შიშისგან აღელვებულნი, სახლის ერთი კუთხიდან მეორეში მიჰქრიან, რადგან შიშმა მათი სული შეარყია, — ზუსტად ასევე ესენიც (პირველმშობლებიც), თავშესაფრის ვერმპოვნელნი, თავად ამ სახლში, ესე იგი, სამოთხეში თავს იფარავენ. უმიზნოდ არ არის მითითებული დროც (ღვთის მოსვლისა): „ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისა, მავალისაჲ სამოთხეს შინა, მიმწუხრი", — რათა იცოდე მეუფის კაცთმოყვარეობა: როგორ არ დააყოვნა, არამედ, როგორც კი იხილა მომხდარი და ჭრილობის სიმძიმე, მყისვე მკურნალობას მიჰყო ხელი, რათა ჭრილობა არ ანთებულიყო და განუკურნებელი არ გამხდარიყო. ამიტომ ჩქარობს დაასწროს და მყისვე აჩერებს ჭრილობის ზრდას; თავისი სახიერების მიხედვით, წუთითაც არ ტოვებს მას მოუვლელად. ჩვენი ცხონების მტერმა, რომელსაც მუდამ შურს ჩვენი ნეტარება, იმდენი ბოროტება გამოიჩინა, რომ თავიდანვე, დასაწყისშივე ხაფანგი დაუგო და თავისი დამღუპველი რჩევით იმ საკვირველ მდგომარეობას ააცდინა ისინი. მაგრამ ბრძენმა ღმერთმა, რომელიც ჩვენს (ცხოვრებას) თავისი სიბრძნით განაგებს, ეშმაკის ბოროტებაც იხილა და ადამიანის უზრუნველობაც, რომლის გამოც ის, ცოლთან ერთად შეცდუნებული, ასეთ სირცხვილში ჩაიგდო თავი, და გამოჩნდა; და როგორც მშვიდი და კაცთმოყვარე მოსამართლე, სასამართლო გახსნა, შიშითა და ძრწოლით სავსე, ზედმიწევნით გამოძიება ჩაატარა და ამით გვასწავლა, რომ მოყვასთა შესახებ მსჯავრი მხოლოდ ზედმიწევნითი გამოძიების შემდეგ გამოვიტანოთ.
3. ღვთის კითხვა ადამისადმი: „სადა ხარ?" (3:9-11)
მაშ ვისმინოთ, თუ გნებავთ, რას ეკითხება მოსამართლე, რას პასუხობენ განსასჯელნი, რა სასჯელი ეკისრებათ და რა მსჯავრდებას განიცდის ის, ვინც ასეთი ხაფანგი დაუგო მათ. მაგრამ დაძაბეთ, გთხოვთ, თქვენი გონება და ყურადღებით მოისმინეთ ნათქვამი, დიდი შიშით, რადგან, თუ ჩვენ, როცა მიწიერ მოსამართლეს ვხედავთ, რომელიც მაღალ ადგილას ზის, განსასჯელთ შუაში გამოიყვანს, სცემს და სჯის, არამცირე შიშით ვდგავართ და გვსურს მოვისმინოთ, რას ამბობს მოსამართლე და რას პასუხობს დამნაშავე, მით უმეტეს ასე უნდა მოვიქცეთ ახლა, როცა ბუნების შემოქმედს ვხედავთ, თავის ქმნილებებზე სასამართლოს რომ ახორციელებს. თუ ყურადღებით მოისმენთ, დაინახავთ, რა განსხვავებაა ღვთის კაცთმოყვარეობასა და ადამიანთა სისასტიკეს შორის მოყვასთა მიმართ. „და უწოდა უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ: სადა ხარ" ()? თავად ეს კითხვა გაიძულებს, გაოცდე ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობით, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მოუხმო, არამედ იმის გამოც, რომ თავად მოუხმო, რასაც ადამიანები თანასწორ და თანაბუნებიან მოყვასთა მიმართ არ აკეთებენ. თქვენ იცით, რომ როცა მოსამართლეები, მაღალ საჯდომელზე დამსხდარნი, დამნაშავეთა სასამართლოს ახორციელებენ, საკუთარი პირით პასუხს არ აღირსებენ მათ და ამითაც უჩვენებენ, რა უპატიობას მოიტანეს თავზე ბოროტი საქმეების ჩადენით; მოსამართლე თუმცა პასუხობს, მის პასუხს განსასჯელს სხვა ვინმე გადასცემს და განსასჯელის სიტყვებს მოსამართლეს კი — ვიღაც მესამე, მათ შორის მდგომი. ასეთია, როგორც ყველამ იცის, მოსამართლეთა ჩვეულება ყველგან. მაგრამ ღმერთი ასე არ მოიქცა, — არამედ როგორ? თავად მოუხმობს. „და უწოდა, — ნათქვამია, — უფალმან ღმერთმან ადამს და ჰრქუა მას: ადამ, სადა ხარ?" შეხედე, რა ძალა აქვს ამ მოკლე გამონათქვამს. დამნაშავეს მოხმობა — ეს თავისთავად უკვე დიდი და გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის საქმეა; სირცხვილით დაფარულს, რომელსაც არ ბედავს პირის გახსნა და ენის მოძრაობა, — კითხვით (გამართლების) საბაბის მიცემა არის დიდი სახიერების საქმე. მაგრამ სიტყვებს: „სადა ხარ" — კაცთმოყვარეობის გარდა, სხვა დიდი მნიშვნელობაც აქვთ. ღმერთი ადამს თითქოს ასე ეუბნებოდა: რა მოხდა? ერთნაირს დაგტოვე და სხვანაირს გხვდები ახლა; დიდებით შემოსილს დაგტოვე, სიშიშვლეში გხვდები ახლა. „სადა ხარ"? როგორ მოხდა ეს შენთან? რა ავაზაკმა და ქურდმა მოიპარა ასე უეცრად მთელი შენი სიმდიდრე და ასეთ სიღატაკეში დაგტოვა? საიდან გაჩნდა სიშიშვლის შეგრძნება? ვინ არის დამნაშავე იმისა, რომ იმ საკვირველ სამოსელს ააცდინე, რომლითაც შემოსილი იყავი? რა მოულოდნელი ცვლილებაა! რა ქარიშხალმა ჩაძირა ასე სწრაფად მთელი შენი ტვირთი? რა მოხდა, რომ მისგან ცდილობ დამალვას, ვინც ასე გაგაკეთილშობილა და ასეთ პატივში აგიყვანა? ვისი შიშით ცდილობ ახლა დამალვას? განა მამხილებელი გამოჩნდა? განა მოწმეები წამოდგნენ? საიდან გაჩნდა შენში ასეთი მორცხვობა და შიში? „ჴმისა შენისა მესმა, მავალისა შორის სამოთხესა, რამეთუ შიშუელ ვარ და დავიმალე" (). საიდან შეიცანი სიშიშვლე? მითხარი, რა სიახლე და უცნაურობაა? ვის შეძლებდა ოდესმე ამის თქმა, შენ თავადვე რომ არ მოგეტანა თავს ასეთი სირცხვილი, იმ ერთადერთი ხისგან, რომ არ გეგემა, რომლისგანაც არგემებას გამცნე? ყურადღება მიაქციე კაცთმოყვარეობასა და უფლის უკიდურეს თავშეკავებას. მას შეეძლო მაშინვე, ასეთი ცოდვის ჩამდენისთვის პასუხის გაცემის ღირსადაც კი არ მიეჩნია, ის სასჯელი დაეტეხა, რომელიც შეცოდებისთვის წინასწარ უკვე განესაზღვრა; მაგრამ დიდხანს ითმენს, აყოვნებს, ეკითხება, პასუხს უსმენს, კვლავ ეკითხება, თითქოს დამნაშავეს გამართლებისკენ მოუხმობს, რათა, შემთხვევა რომ გაიხსნა, ასეთი შეცოდების შემდეგაც გამოეჩინა თავისი კაცთმოყვარეობა. ამით ის გვასწავლის, რომ დამნაშავეთა განსჯისას უხეშად არ მოვეპყრათ და მხეცურ სისასტიკეს არ გამოვიჩენდეთ, არამედ დიდსულოვნება და მოწყალება გამოვავლინოთ, თითქოს საკუთარ სხეულის ნაწილებზე ვასრულებთ სასამართლოს; და გვახსოვდეს, რომ ისინი ჩვენივე ბუნების არიან, და სასჯელი კაცთმოყვარეობით შევარბილოთ. არა უმიზნოდ იხმარა საღვთო წერილმა ასეთი მოწყალება (სიტყვებში); სიტყვათა სიუხეშით ის ღვთის კაცთმოყვარეობას გვასწავლის და მოშურნეობას აღგვძრავს, რათა ადამიანის ძალისამებრ მივბაძოთ უფლის სახიერებას. „და ჰრქუა მას: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე" ()? საიდან, ამბობს, შეეძლო ამის შეტყობა და ასეთი სირცხვილით დაფარვა, თუ უკიდურეს თავშეუკავებლობას არ მისცემდი თავს და ჩემს მცნებას არ უგულებელყოფდი?
4. ადამის თავის მართლება და ბრალის გადაწვდენა (3:12)
ყურადღება მიაქციე, საყვარელო, ღვთის სახიერების სიჭარბეს: ის მასთან (ადამთან) ისე საუბრობს, როგორც მეგობარი მეგობართან, და საყვედურს ეუბნება მცნების დარღვევისთვის. „ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე"? დიდი ძალა აქვს სიტყვებსაც: „მისგან არა ჭამად". განა, ამბობს, სამოთხის სიამოვნებებში შეგიზღუდე? განა სრული თავისუფლება არ მოგეცი და სამოთხეში არსებული ყველაფერი შენს ხელთ არ ჩავაბარე, ოღონდ ერთი ხისგან თავის შეკავება გამცნე, რათა გენახა, რომ მეუფის ქვეშ იმყოფები და გარკვეული მორჩილება უნდა გამოგეჩინა? მაშ, რა უზრუნველობაა ეს, რომ ამდენი სიამოვნების მქონემ ამ ერთისგან ვერ შეიკავე თავი და ისე სწრაფად დაარღვიე ჩემი მცნება და ამდენ უბედურებაში ჩაიგდე თავი? რა სარგებელი ნახე? განა წინასწარ არ გეთქვა ყოველივე? განა არ შეგიკავე და მუქარით არ დაგიცავი? განა არ გითხარი, რა მოგივათ? განა იმიტომ არ აგიკრძალეთ, რომ ამას (უბედურებას) არ დაქვემდებარებოდით? ვინ მოგცემს შენდობას, როცა ამდენი გაფრთხილების შემდეგ ასე უყურადღებო აღმოჩნდი? განა, როგორც მამამ საყვარელ შვილს, ყოველივე არ გამცნე და არ გითხარი — სხვა ხეებისგან გეგემა, იმისგან კი თავი შეგეკავებინა, რათა არ დაგეკარგა ყველა შენი სიკეთე? მაგრამ შენ, როგორც ჩანს, სხვისი რჩევა უკეთესად მიიჩნიე, ჩემ მცნებაზე მეტად სანდოდაც კი, და ეს მეტის მიღწევის იმედით ჩაიდინე; ჩემი ბრძანებების უგულებელყოფით ხისგან გემოვნება გაბედე. აი, საკუთარი გამოცდილებით შეიცანი, რა დამღუპველი იყო ეს რჩევა. ხედავთ კაცთმოყვარე მოსამართლის სახიერებას? ხედავთ მის გამოუთქმელ მშვიდობასა და უბოროტობას? ხედავთ მოწყალებას, რომელიც ყოველ სიტყვასა და აზრს აღემატება? ხედავთ, როგორ კითხვითა და სიტყვებით: „ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე", — (ღმერთი) გამართლების კარს უხსნის, რათა ასეთი ცოდვილისადმი თავისი კაცთმოყვარეობა გამოეჩინა? მოვისმინოთ დამნაშავის პასუხიც, რას ამბობს. „და თქუა, — ნათქვამია, — ადამ: დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე" (). უბედური სიტყვები, რომლებიც დიდ შეცოდინებას აღძრავენ და შეძლებენ კაცთმოყვარეობისკენ აღძრან უფალი, ასეთი მშვიდი და სახიერებით ჩვენს ცოდვებზე მაღლა მდგომი. რადგან (ღმერთმა) თავისი დიდი სულგრძელობით მისი სული შეარყია და ცოდვის სიმძიმე აჩვენა, ადამი თავის გამართლებაში ეუბნება: „დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე". ვაღიარებ თავს ცოდვილად, ამბობს; მაგრამ „დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა", რომლის შესახებაც შენ თავადვე თქვი: „უქმნეთ მაგას შემწე, მსგავსი მაგისი" (), — სწორედ ის გახდა ჩემი დაღუპვის მიზეზი. „დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა". ნუთუ შემეძლო მოლოდინი, რომ ის, ვინც ჩემი ნუგეშისთვის იქნა შექმნილი, ასეთ სირცხვილში ჩამაგდებდა? შენ მომეცი ის; შენ მომიყვანე იგი. მან, არ ვიცი, რა მოტივით, „მომცა ხისაგან, და ვჭამე". ამ სიტყვებს გარკვეული გამართლების სახე აქვს, მაგრამ ეს შენდობას არ მოიტანს. რადგან რა შენდობის ღირსი ხარ, — ეუბნება (ღმერთი ადამს), — ჩემი მცნებანი რომ დაგავიწყდა და ცოლის მიცემული ჩემს სიტყვებზე მეტად ამჯობინე? დაე, ცოლმაც მოგცა; მაგრამ ჩემი მცნება და სასჯელის შიში საკმარისი იყო, რომ გემოვნებისგან გაგექცია. განა არ იცოდი? განა არ სცოდნოდი? შენზე მზრუნველობით, იმიტომ გეთქვა წინასწარ, რომ ამას არ დაქვემდებარებოდით. მაშ, თუმცა ცოლმა მცნების დარღვევის საბაბი მოგცა, ამით შენ არ უდანაშაულო არ იქნები. შენ უნდა გამოგეჩინა ჩემი მცნებისადმი მეტი ნდობა და არა მხოლოდ თავად შეკავებულიყავი გემოვნებისგან, არამედ ცოლისთვისაც გეჩვენებინა ცოდვის სიმძიმე. შენ ხარ ცოლის თავი; ის შენთვის შეიქმნა; შენ კი წესრიგი ამოაბრუნე და არა თუ გამოასწორე ის, არამედ თავადაც გაიტაცე; სხეული თავს უნდა მორჩილებდეს, პირიქით კი გამოვიდა: თავი სხეულს მიჰყვა და მაღალი დაბალი გახდა. რადგან შენ მთელი წესრიგი ამოაბრუნე, ამიტომ ახლა ასეთ მდგომარეობაში ხარ, შენ, ვინც მანამდე ასეთი დიდებით იყავი შემოსილი. ვინ ღირსეულად დაგიტირებს ამდენი სიკეთის დაკარგვისთვის? და ყოველივეში, რაც მოგივიდა, ნურავის ადანაშაულებ, გარდა საკუთარი თავისა და შენი უზრუნველობისა. რომ შენ არ გინდოდეს, ცოლი ვერ შეძლებდა ამ დაღუპვამდე მიგეყვანა. მან არ გთხოვა, არ დაგარწმუნა, არ შეგაცდინა. მან მხოლოდ მოგცა, შენ კი მყისვე, ასეთი სიმსუბუქით, გადაწყვიტე გეგემა; ჩემი მცნება სულ არ მოგაგონდა, არამედ იფიქრე, თითქოს მე მოგატყუე და იმიტომ აგიკრძალე გემოვნება, რომ მეტ სიკეთეს ვერ მიიღო. და რა მიზნით მოგატყუებდი, მე, ვინც ამდენი სიკეთე მოგანიჭე? თავად ის, რომ წინასწარ გამცნე თავშეკავება, რათა ახლანდელ უბედურებაში არ ჩაცვენილიყავით, — ეს რა სიკეთე არ იყო! მაგრამ შენ ეს ყოველივე არად ჩააგდე და აი, საკუთარი გამოცდილებით შეიცანი შენი ცოდვის სიმძიმე. მაშ, ნუ მიაწერ ბრალს მხოლოდ ცოლს, არამედ — შენს უზრუნველობასაც.
5. ევას გამოკითხვა და გველის მსჯავრი (3:13-15)
მას შემდეგ, რაც ყოვლადსახიერმა ღმერთმა საკმაოდ ესაუბრა ადამს და მან აღიარა თავისი ცოდვა, ვინაიდან, როგორც ეგონა, ბრალი ცოლს გადასწვდინა, — შეხედე, რა მოწყალებას იყენებს ისევ (უფალი), როგორ აღირსებს ცოლსაც პასუხის გაცემას თავის წინაშე. „ჰრქუა, — ნათქვამია, — ღმერთმან დედაკაცსა: რაჲ ვსე ჰყავ" ()? შენ მოისმინე, ამბობს, რომ ქმარი ბრალს შენ გწვდის და ყოველივეს შენ გაწერს, შენ, ვინც მისი შემწეა და იმისთვის შეიქმნა, რომ რაც კი შესაძლებელი იყო, ნუგეში მიეცა, როგორც მისი მსგავსსა და თანაბუნებიანს. მაშ, რისთვის გააკეთე ეს, ცოლო? რისთვის გახდი საკუთარი თავისა და ქმრისთვის ასეთი სირცხვილის მიზეზი? რა სარგებელი ნახე ასეთი თავშეუკავებლობისგან? რა მოგიტანა შეცდუნებამ, რომელსაც ნებაყოფლობით დაემორჩილე და ქმარიც თანამონაწილე გახადე? მაშ, რას პასუხობს ცოლი? „გუელმან მაცთუნა მე, — ამბობს, — და ვჭამე". შეხედე, ისიც დიდი შიშითაა მოცული და ჩადენილი ცოდვის გამო იმართლებს თავს. როგორც ქმარი ფიქრობდა ბრალი ცოლზე გადაეწვდინა და ამბობდა: ცოლმა მომიტანა და მომცა, და ვჭამე, — ისევე ცოლიც, თავშესაფარს ვერმპოვნელი, ჩადენილს აღიარებს და ამბობს: „გუელმან მაცთუნა მე, და ვჭამე". ეს ბოროტი, ამბობს, ცხოველი გახდა ჩვენი ასეთი დაღუპვის მიზეზი; მისმა დამღუპველმა რჩევამ ჩაგვაგდო ასეთ სირცხვილში; მან შემაცდინა და ვჭამე. ნუ ჩაუვლით, საყვარელნო, ამ სიტყვებს ყურადღების გარეშე, არამედ კარგად განიხილეთ, რათა დიდი სარგებელი მივიღოთ აქედან. სასამართლო აქ საშინელია და საზარელი, და უნდა ყურადღებით მოვისმინოთ ყოველი ნათქვამი და გონებისთვის დიდი საუნჯე შევაგროვოთ. შეხედე, ქმარიც ამბობს: „დედაკაცი, რომელი მომეც ჩემ თანა, მან მომცა მე ხისაგან და ვჭამე". არანაირი იძულება, არანაირი ძალადობა; ჩანს ნებაყოფლობა და განზრახვა: მხოლოდ „მომცა", არ აიძულა, ძალით არ ჩააჭმევინა. ცოლმაც თავის გამართლებაში ვერ თქვა: გველმა მაიძულა, „და ვჭამე", — არამედ რა? „გუელმან მაცთუნა მე"; ხოლო შეცდუნებისთვის დანებება თუ არდანებება მის ხელთ იყო. „გუელმან, — ამბობს, — მაცთუნა მე". და ნამდვილად, ჩვენი ცხონების მტერი, რომელიც ამ მზაკვარი ცხოველის მეშვეობით მოქმედებდა და რჩევას იძლეოდა, მოატყუა (ცოლი), ესე იგი, არ აიძულა და ძალით არ ჩააჭმევინა, არამედ დამღუპველი რჩევით თავის მოტყუება აღასრულა, რადგან იხილა, რომ ცოლი ადვილად მიიღებდა მოტყუებას, არანაირი შეწყნარების არღირსს. „გუელმან მაცთუნა მე, და ვჭამე". შეხედე, როგორ ყოვლადსახიერი უფალი მათი სიტყვებით კმაყოფილდება და მეტის თქმას არ აიძულებს. რადგან ამის შესახებაც არა იმიტომ ეკითხებოდა, რომ არ იცოდა: იცოდა, სრულყოფილად იცოდა; მხოლოდ იმისთვის, რომ თავისი კაცთმოყვარეობა გამოეჩინა, მათ უძლურებამდე მოწყალებით იწევს და ცოდვის აღიარებისკენ მოუხმობს. ამიტომ მეტს აღარ ეკითხება. უნდა ეცნო შეცდუნების სახეც; მაგრამ, რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ კითხვა (ცოლისა და ქმრისადმი) არა უცოდინრობით იყო ნაკარნახევი, ღმერთი კმაყოფილდება მათი ნათქვამით. ცოლმა, როცა თქვა: „გუელმან მაცთუნა მე, და ვჭამე", ამით მიუთითა იმ დამღუპველ შთაგონებაზე, რომელიც ეშმაკისგან გველის მეშვეობით მიიღო, ესე იგი, რომ გემოვნების შემდეგ „იყვნეთ ვითარცა ღმერთნი" (). ნახეთ, რა ზედმიწევნითობით იყო გამოკითხული ადამი? რა მოწყალებით შემოვიდა სასამართლო დარბაზში ცოლიც? როგორ იმართლებდნენ ორივენი თავს? შეხედეთ ახლა გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის სიჭარბესაც, მოსამართლისას. როცა ცოლმა თქვა: „გუელმან მაცთუნა მე, და ვჭამე", (ღმერთი) გველს პასუხის ღირსადაც არ აცხადებს, გამართლების საშუალებას არ აძლევს და არ ეკითხება, როგორც (ეკითხა) ქმარსა და ცოლს; არამედ, მათი გამართლება მიღებული, თავს ესხმის მას, როგორც ყოველი ბოროტების დამნაშავეს. და, რადგან ღმერთმა, ყოვლისმცოდნემ და დაფარულის გამცნობმაც, იცოდა, რომ გველი ეშმაკის მზაკვრობისა და ბოროტების იარაღი იყო ადამიანის წინააღმდეგ, რათა შენ შეგეცნო მისი სახიერება ადამიანთა მიმართ, რომლის მიხედვითაც, ეს ყოველივე რომ იცოდა, ერთს ეუბნებოდა: „სადა ხარ? ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ?" — მეორეს კი: „რაჲ ვსე ჰყავ?" — ასე არ იქცევა მზაკვარი ამ მხეცის მიმართ, არამედ როგორ? „და ჰრქუა უფალმან ღმერთმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე". ხედავ განსხვავებას? ცოლს უთხრა: „რაჲ ვსე ჰყავ?" — გველს კი: „რამეთუ ჰყავ ესე". რადგან შენ, ამბობს, ეს ბოროტება ჩაიდინე, ეს დამღუპველი რჩევა მიეცი, ასეთი დიდი ბოროტების იარაღი შეიქმენ, ჩემი ქმნილების წინააღმდეგ შურის პირი ასე გაილესე, — „წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა, მკერდსა ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა" (დაბ 3:14–15).
6. გველის სასჯელი და ეშმაკის საუკუნო ცეცხლი (3:14-15)
ყურადღება მიაქციე აქ წესრიგსა და თანმიმდევრობას, რომელიც სავსებით გამოაჩენს (უფლის) კაცთმოყვარეობას. გამოკითხვა ქმრიდან დაიწყო, შემდეგ ცოლზე გადავიდა. და, როცა ცოლმა დამნაშავეზე მიუთითა, გველთან მისულმა, პასუხი აღარ მოსთხოვა და ისეთი სასჯელი დაადო, რომელიც მარადჟამ გაგრძელდებოდა და, თვალნათლივ, მომავალ ყველა თაობას ასწავლიდა — ასეთი დამღუპველი რჩევა არ მიეღოთ და მისი მზაკვრობით არ შეცდუნებულიყვნენ. მაგრამ, ვინმე იტყვის: თუ რჩევა ეშმაკმა მისცა და გველი იარაღად გამოიყენა, მაშინ რისთვის დაისაჯა ეს ცხოველი? ესეც გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის საქმე იყო. როგორც შვილთმოყვარე მამა, რომელიც თავისი შვილის მკვლელს სჯის, იმ დანასა და ხმალსაც ამტვრევს, რომლითაც მკვლელმა მკვლელობა ჩაიდინა და წვრილ ნაჭრებად ამსხვრევს, — ანალოგიურად, ყოვლადსახიერმა ღმერთმაც, როცა ეს ცხოველი, ხმალივით, ეშმაკის ბოროტების იარაღად გამოადგა, საუკუნო სასჯელს დაუქვემდებარა, რათა ამ გრძნობადი და ხილული მოვლენიდან დაგვესკვნა, რა დამცირებაშია თავად ეშმაკი. თუ იარაღად მსახური ასეთ რისხვას დაექვემდებარა, მაშინ რა სასჯელს იმსახურებს ის, ვინც ამ იარაღს იყენებდა? ეს განსაკუთრებით ქრისტემ გვიჩვენა, როცა საღვთო სახარებაში „მარცხენით" მდგომთ ეუბნება: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს" (). მისთვის არის თავდაპირველადვე განმზადებული, მას ელოდება ის ჩაუქრობელი ცეცხლი. მაშინ რა შეიძლება იყოს უბედურესი იმ ადამიანებზე, რომლებიც, საკუთარი ცხონების უგულებელყოფით, ეშმაკისთვის განმზადებულ იმავე სასჯელის თანამონაწილე გახდნენ? რომ ჩვენთვის, თუ ვინებებთ სათნოების აღსრულებას და იესო ქრისტეს მიერ დადგენილი კანონების შესრულებას, სასუფეველი არის განმზადებული, — ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს (ქრისტე): „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ" (). ხედავ, მისთვის ჩაუქრობელი ცეცხლია განმზადებული, ჩვენთვის კი, თუ უზრუნველნი არ ვიქნებით, — სასუფეველი? ამის მოფიქრალნი, ვიზრუნოთ ცხოვრებაზე, ბოროტებას მოვერიდოთ და ეშმაკის მზაკვრობით არასოდეს შევცდუნდეთ. თუ გნებავთ და დაღლილად არ გრძნობთ თავს, კიდევ განვიხილოთ გველზე დადებული სასჯელი, რათა ამგვარად, სასამართლოს ბოლომდე თანდათან მიმოვიხილავთ, ღვთის კაცთმოყვარეობის სიდიადე ვნახოთ. თუ ადამიანები ხშირად მთელ დღეს ატარებენ საჯარო სასამართლოზე მჯდომი და განსასჯელთა მიმართ განაჩენის გამომტანი მოსამართლის ხილვაში და არ მიდიან, ვიდრე მოსამართლე არ ადგება, მით მეტი მოშურნეობით მართებს ახლა ვუყუროთ ყოვლადსახიერ ღმერთს, — როგორ, ერთი მხრივ, გველს მძიმე სასჯელს უწესებს, რათა ამ გრძნობადი ცხოველის, რომელიც ბოროტმა დემონმა იარაღად გამოიყენა, სასჯელით გაგვეგო ის სასჯელი, რომელიც თავად ეშმაკს ელოდება; და როგორ, მეორე მხრივ, ცოლსაც და ქმარსაც შეფარდებულ სასჯელს აწესებს, რომელიც უფრო გამოსწორებას ემსახურება, ვიდრე ტანჯვას, — რათა, ყოველივე ეს ყურადღებით განვიხილოთ და კაცთმოყვარე ღვთის მზრუნველობას გაუკვირდეთ, რომელიც ჩვენი მოდგმის მიმართ გამოიჩინა. მაშ, რას ამბობს? „და ჰრქუა უფალმან ღმერთმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე, წყეულ იყავ შენ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა, მკერდსა ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა".
7. წყევლის აზრი და მტრობა გველსა და ცოლს შორის (3:14-16)
დიდია და ძლიერია რისხვა, რადგან განუზომლად დიდია მოტყუებაც, რომელიც ბოროტმა ეშმაკმა გველის მეშვეობით ჩაიდინა. „და ჰრქუა უფალმან ღმერთმან გუელსა: რამეთუ ჰყავ ესე". რადგან შენ, ამბობს, ასეთი ბოროტების იარაღი შეიქმენ და ამგვარად მოტყუება აღასრულე, დამღუპველი რჩევა მიეცი და (პირველმშობლებს) სასიკვდილო თასი დაულიე; რადგან ეს ჩაიდინე და ჩემი ქმნილებანი ჩემი კეთილგანწყობისგან ააცდინე, ბოროტი დემონის ნების იარაღი შეიქმენ, რომელიც ბოროტებითა და უსაზღვრო ამპარტავნობით ზეციდან მიწაზე დაემხო, — ამის გამო, რომ მან შენ იარაღად გამოგიყენა, საუკუნო სასჯელს დაგადებ, რათა შენთან მომხდარიდან მანაც იცოდეს, რა სასჯელი ელოდება, და მომავალმა ადამიანებმა ისწავლონ — მისი შთაგონებით არ გატაცდნენ და მის შეცდუნებას არ მიჰყვნენ, რათა იმავეს არ დაექვემდებარონ: ამის გამო „წყეულ იყავ... ყოველთა მჴეცთაგან", რადგან შენი სიბრძნე არა ჯეროვნად გამოიყენე; პირიქით, ის უპირატესობა, რომელიც ყველა ცხოველის წინაშე გქონდა, ყოველი ბოროტების მიზეზი გახდა. „გუელი, — ნათქვამია, — იყო უბრძნეს ყოველთა" საცხოვართა და „მჴეცთა" ქვეყანისათა (). ამიტომ „წყეულ იყავ ყოველთაგან პირუტყუთა და ყოველთაგან მჴეცთა ქუეყანისა ზედათა". მაგრამ, რადგან წყევლის საგანი გრძნობებს არ ექვემდებარებოდა და თვალისთვის უხილავი იყო, ამიტომ (ღმერთი) გრძნობად სასჯელსაც ადებს, რათა მუდმივად თვალწინ გვქონდეს მისი დასჯის კვალი. „მკერდსა ზედა და მუცელსა ხჳდოდი და მიწასა სჭამდე ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა", — იმის გამო, ამბობს, რომ შენი მოწყობა არა ჯეროვნად გამოიყენე, არამედ გაბედე ჩემი გონიერი ქმნილების მისამართით საუბარში შესვლა. როგორც შენი მეშვეობით მოქმედმა და შენ იარაღად გამომყენებელმა ეშმაკმა იმიტომ, რომ თავისი ღირსების ზემოთ აიმაღლა, ზეცა დაკარგა, ასევე შენც ვბრძანებ, სხვა მოწყობა მიიღო — მიწაზე იხოხიალო და მით იკვებებოდე, რათა ზემოთ ყურების საშუალებაც არ გქონდეს, არამედ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში იყო და ყველა მხეცს შორის მარტო შენ მიწით იკვებებოდე. და არა მხოლოდ ეს, არამედ „მტერობაჲ დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა". ამითაც არ დავკმაყოფილდები, რომ მიწაზე იხოხიალო, არამედ ცოლსაც შეურიგებელ მტრად გაგიხდი; და არა მხოლოდ მას, არამედ მის თესლსაც შენი თესლის საუკუნო მტრად დავადგენ. „იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა". ისეთ ძალას მივცემ მას (ცოლის თესლს), რომ მუდამ შენს თავზე დადგება, შენ კი მის ფეხქვეშ იქნები. შეხედე, საყვარელო, როგორ ამ ცხოველის სასჯელშიც ღმერთი კაცთა მოდგმის მიმართ თავის მზრუნველობას გვიჩვენებს! და ეს მხოლოდ გრძნობად გველს ეხება; სურვილის მქონეს კი შეუძლია შემდეგ ჩაწვდეს დაწერილის აზრს და გაიგოს, რომ თუ ეს გრძნობადი (გველის) შესახებ ითქვა, მით უმეტეს საჭიროა ნათქვამი გონებითი გველზე მიესადაგოს. ისიც გააუქმა და ჩვენს ფეხქვეშ დადო ღმერთმა, და ხელმწიფება მოგვცა მის თავზე დავდგეთ. განა სწორედ ამას არ მიანიშნებს, როცა ამბობს: დადექით „გუელთა ზედა და ღრიაკალთა" ()? რათა არ ვეგონოთ, თითქოს ეს გრძნობად ცხოველებზეა ნათქვამი, დაუმატა: „და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა". ნახეთ ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა ეშმაკის იარაღზე დადებული სასჯელიდანაც? გადავიდეთ, თუ გნებავთ, ისევ ცოლზე. რადგან მან (გველმა) შეიყვანა შეცდუნებაში, პირველმა მიიღო სასჯელი; და, რადგან ჯერ ცოლი შეაცდინა, შემდეგ კი ცოლმა ქმარი გაიტაცა, ცოლს ჯერ ადებს (ღმერთი) სასჯელს, რომელიც, თუმცა, გამოსწორებას ისახავდა მიზნად. „და დედაკაცსა მას ჰრქუა: განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ" (). შეხედე უფლის სახიერებას, რა სიმშვიდეს იჩენს ასეთი შეცოდების შემდეგ. „განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი". მე, ამბობს, მინდოდა, რომ უდარდელი, უმტკივნეულო ცხოვრება გეწარმოებინა, ყოველგვარი მწუხარებისა და ტკივილისგან თავისუფალი, ყოველგვარი სიამოვნებით სავსე, (მინდოდა, რომ) სხეულშემოსილს სხეულებრივი არაფერი გეგრძნო. მაგრამ, რადგან ასეთი ბედნიერება ჯეროვნად ვერ გამოიყენე და სიკეთეთა სიჭარბემ ასეთ უმადურობამდე მიგიყვანა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდ თავნებობას არ მიეცე, ლაგამს გადებ და მწუხარებასა და კვნესას გასჯი. „განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, და მწუხარებით ჰშვნე შვილნი". მე, ამბობს, ისე მოვაწყობ, რომ შვილთა შობა — დიდი ნუგეშის წყარო — მწუხარებით დაიწყება, რათა თავადვე, ყოველდღიურ მწუხარებასა და ტკივილში, შობის ჟამს, მუდმივი შეხსენება გქონდეს, რა დიდი იყო ეს ცოდვა და ურჩობა, რათა დროთა განმავლობაში არ დაივიწყო ახლა მომხდარი, არამედ იცოდე, რომ ამის მიზეზი შენთვის მოტყუება გახდა. ამიტომ „განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, და მწუხარებით ჰშვნე შვილნი". აქ იგულისხმება შობის ტკივილები და ის დიდი შრომა, რომელიც (ცოლმა) უნდა აიტანოს, ამდენი თვე ნაყოფს ტვირთად რომ ატარებს, — აგრეთვე ამისგან გამოწვეული განსაკუთრებული ტკივილები, ასოთა გადაჭიმვა და ის აუტანელი ტანჯვა, რომელიც მხოლოდ მათ იციან, ვინც გამოცდილი აქვს.
8. ევას სასჯელი და ქმრისადმი დამორჩილება (3:16)
მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთმა მწუხარებასთან ერთად ისეთი დიდი ნუგეშიც მოანიჭა, რომ ჩვილის შობით მიღებული სიხარული ტოლს უწევს იმ ტკივილებს, რომლებიც ამდენი თვის განმავლობაში დედის მუცელს ტანჯავს. ასეთ შრომას გადამტანნი, ტკივილებით ასე წამებულნი და, ასე ვთქვათ, თავად სიცოცხლეზე ხელჩაქნეულნი, მშობიარობის შემდეგ, როცა თავიანთი ტანჯვისთვის სიხარულს ეზიარებიან, თითქოს ყოველივე ივიწყებენ და კვლავ შვილების შობას ეძლევიან: ასე მოაწყო ღმერთმა ადამიანთა მოდგმის უწყვეტი შენარჩუნებისთვის! მომავალ სიკეთეთა იმედი ყოველთვის აადვილებს ამჟამინდელი მწუხარების ატანას. ეს ყველას შეუძლია დაინახოს მოსარისკე ვაჭრებში, რომლებიც უზარმაზარ ზღვებს გადაცურავენ, გემის დამსხვრევასა და ზღვის ავაზაკთა თავდასხმას ატანენ და ხშირად, მრავალი ასეთი საშინელების შემდეგ, იმედში იცრუებიან; მაგრამ მაინც არ ჩერდებიან, არამედ ისევ იმავეს ეკიდებიან. იგივე შეიძლება ითქვას მიწათმოქმედებზეც: ისინიც, ღრმა კვლების გახვნის, მიწის დამუშავებაზე დახარჯული ბევრი შრომისა და უხვი თესვის შემდეგ, ხშირად იმედში იცრუებიან გვალვისა თუ წვიმის სიჭარბის ან თავთავების მომწიფებისას მოვარდნილი ჟანგის გამო; მიუხედავად ამისა, არ თმობენ, არამედ, დრო რომ დადგება, ისევ მიწათმოქმედებას ეკიდებიან. ამას ყოველ საქმიანობაში შეამჩნევ. ზუსტად ასევე ცოლიც: ხშირად, მრავალი იმ თვის შემდეგ (ტვირთისას), აუტანელი ტკივილების, უძილო ღამეების, ასოთა გადაჭიმვის შემდეგ, რაიმე უმნიშვნელო არახელსაყრელი გარემოების გამო, ვადამდე მოისვრის ჯერ არჩამოყალიბებულ ან არსრულყოფილ, ავადმყოფ ან ხშირად მკვდარ ჩვილს და, ძლივს გადარჩენილი, თითქოს ყოველივეს ივიწყებს, ისევ იმავეს ეკიდება, ისევ იმავეს ითმენს. და რას ვამბობ, იმავესო! ხშირად ისე ხდება, რომ შვილთან ერთად თავადაც იღუპება, მაგრამ ესეც ვერ ასწავლის დანარჩენებს და ვერ შეაკავებს ამ საქმისგან: ასეთი სიხარული და სიამოვნება დააკავშირა ღმერთმა მწუხარებას! ამიტომ თქვა (ღმერთმა): „განმრავლებით განვამრავლო მწუხარებანი შენნი, და მწუხარებით ჰშვნე შვილნი". იგივე თქვა ქრისტემაც, მოწაფეებთან საუბრისას, ერთდროულად მწუხარების სიმძიმესაც რომ აჩვენებდა და სიხარულის სიუხვესაც: „დედაკაცი, რაჟამს შობნ, მწუხარე არნ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი"; შემდეგ, რომ გვეჩვენებინა, როგორ სწრაფად გადის მწუხარების გრძნობა და სიხარულსა და მხიარულებას ენაცვლება, ამბობს: „ხოლო რაჟამს შვის ყრმაჲ, არღარა მოეჴსენის ჭირი იგი სიხარულითა მით, რამეთუ იშვა კაცი სოფელსა შინა" (). ხედავ უსაზღვრო მზრუნველობას (ღვთისას)? ხედავ, რომ სასჯელი შეგონებით არის სავსე? „მწუხარებით ჰშვნე შვილნი". შემდეგ: „და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდეს შენ". თითქოს ცოლის წინაშე იმართლებს თავს, კაცთმოყვარე ღმერთი ამბობს: დასაწყისში შენ თანასწორპატივად შეგქმენი (ქმრისა) და მინდოდა, რომ ერთი ღირსებისანი ყოფილიყავით, ყოველივეში თანაზიარობდით, და როგორც ქმარს, ისე შენ მოგეცით ყველა ქმნილებაზე ხელმწიფება; მაგრამ, რადგან თანასწორპატივობა ჯეროვნად ვერ გამოიყენე, ამიტომ ქმარს დაგიმორჩილებ: „და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდეს შენ". რადგან შენ, თანასწორპატივიანი და თანაბუნებიანი ქმარი მიატოვე, ის, ვისთვისაც შეიქმენი, და ბოროტ ცხოველთან — გველთან საუბარი აირჩიე და მისგან რჩევა მიიღე, ამიტომ უკვე მას დაგიმორჩილებ და შენს ბატონად გამოვაცხადებ მას, რათა მისი ხელმწიფება აღიარო; რადგან ვერ შეძელი ბატონობა, ისწავლე კარგი ქვეშევრდომი იყო. „და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი, და იგი გეუფლებოდეს შენ". ცხენისთვისაც უკეთესია ლაგამი ჰქონდეს და მართვის ქვეშ იაროს, ვიდრე ამის გარეშე კლდეებზე იჭენოს. ამრიგად, შენი სასარგებლოდ მინდა, რომ „ქმრისა" მიმართ გქონდეს „მიქცევაჲ", მას მორჩილებდე და სიხარულით აღიარებდე მის ბატონობას. ვხედავ, რომ სიტყვის სიგრძემ დაგღალათ; მაგრამ, გთხოვთ, ოდნავ გამხნევდით, რათა სასამართლო დაუმთავრებელი არ დავტოვოთ და არ წავიდეთ, მოსამართლე კიდევ (სასამართლოზე) მჯდომარე რომ დავტოვოთ: ხომ უკვე თავად დასასრულს მივუახლოვდით.
9. ადამის სასჯელი და სიკვდილის განაჩენი (3:17-19)
ვნახოთ მაშ, ცოლის შემდეგ, რას ეუბნება ღმერთი ქმარს და რა სასჯელს ადებს მასაც. „ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე, წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა, მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ და სჭამდე თივასა ველისასა. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა ვიდრე მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან მოღებულ იქმენ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე" (დაბ 3:17–19). აქედანაც უფლის ადამიანისადმი დიდი და გამოუთქმელი მზრუნველობა ჩანს; მაგრამ ყურადღებით მოვისმინოთ თითოეული სიტყვა. „ადამს ჰრქუა: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე". რადგან შენ, ამბობს, ცოლის ხმა მოისმინე და ხისგან გეგემა, მისი რჩევა ჩემს მცნებაზე მეტად ამჯობინე და ერთადერთი იმ ხისგან, რომლისგანაც არგემებას გამცნე, თავის შეკავება არ ინდომე (მრავალი ხისგან კი არა, მხოლოდ ერთისგან შეკავებას გიბრძანე, იმისგანაც ვერ შეიკავე თავი; ჩემი მცნებანი დაგავიწყდა და ცოლი მოისმინე), — ამის გამო საქმით შეიცნობ, რა ბოროტება ჩაიდინე.
ისმინეთ, ქმრებო! ისმინეთ, ცოლებო! ერთნი — რომ ცოლებს არ მორჩილებდეთ, როცა ცუდს გირჩევენ; მეორენი — რომ ასეთ რჩევას აღარ სთავაზობდეთ. თუ მან (ადამმა) ბრალი ცოლს რომ გადასწვდინა, მაინც შენდობა ვერ დაიმსახურა, მაშინ რა გამართლება ექნება იმას, ვინც იტყვის: „ცოლის გამო შევცოდე ამასა და ამაში, ესა და ეს გავაკეთე"? ცოლი იმიტომაა შენს ხელმწიფებას დამორჩილებული, შენ იმიტომ ხარ მისი ბატონი, რომ ის გმორჩილებდეს, თავი ფეხს არ მიჰყვეს. მაგრამ ხშირად საპირისპიროს ვხედავთ: ის, ვინც თავის ადგილას უნდა იყოს, ფეხის ადგილასაც ვერ რჩება; ხოლო ფეხის ადგილას მდგომი, თავის ადგილას დგება. ამიტომაც ნეტარი პავლე, ქვეყნიერების მოძღვარი, ყოველივე ამის წინასწარმხილველი, ღაღადებდა: „რაჲ იცი, დედაკაცო, აცხოვნო თუ ქმარი შენი? ანუ შენ რაჲ იცი, მამაკაცო, აცხოვნო თუ ცოლი შენი?" (). მაგრამ ქმარმაც დიდი სიფრთხილით უნდა მოერიდოს ცოლის დამღუპველ რჩევებს და ცოლმაც, კარგად მოიხსენებს რა სასჯელს, რომელიც ევამ დაიმსახურა ქმრისთვის დამღუპველი რჩევის მიცემის გამო, ნუ გაბედავს ქმრისთვის მსგავსი რამ ურჩიოს; ნუ მიბაძავს ევას, არამედ მისი მაგალითით განსწავლული, ისეთს ურჩევდეს, რაც არც მას და არც ქმარს არანაირ მსჯავრსა და სასჯელს არ დაატეხს. მაგრამ დავუბრუნდეთ საგანს. „ადამს ჰრქუა ღმერთმან: რამეთუ ისმინე ჴმაჲ ცოლისა შენისაჲ და სჭამე ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისი ხოლო არაჭამაჲ, მისგან სჭამე". რადგან შენ, ამბობს, ჩემი მცნების დაცვისადმი ასეთი უზრუნველობა გამოიჩინე და არ ისარგებლე არც შიშით, არც წინასწარი გაფრთხილებით, რაც თავს გადაგხდებოდათ დაგემოვნებისთვის, არამედ ისეთ უკეთურობამდე მიხვედი, რომ ამდენი სიამოვნების პირობებში ერთი ხისგან ვერ შეიკავე თავი, — ამის გამო „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა". შეხედე უფლის კაცთმოყვარეობას, როგორ (განსხვავებულად) სჯის გველსა და ამ გონიერ არსებას (ადამიანს). იმას ეუბნება: „წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან"; ამას კი ასე არა; როგორ? — „წყეულ იყავნ ქუეყანა საქმეთა შინა შენთა". და სამართლიანადაც. რადგან მიწა ადამიანისთვის შეიქმნა, რომ მისი ნაყოფებით სარგებლობდა, ამიტომ ახლა ღმერთი, ადამიანის გამო, ასე შეცოდებულისა, მიწას აკისრებს წყევლას; და, რადგან მიწაზე დადებულმა წყევლამ ადამიანს მოსვენება და კეთილდღეობა წაართვა, „წყეულ, — ამბობს, — იყავნ ქუეყანაჲ საქმეთა შენთა შინა". შემდეგ, რათა იცოდე, რას ნიშნავს „წყეულ", დაუმატა: „მწუხარებით სჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა". შეხედე, ყოველი სასჯელი მთელ საუკუნეზე ვრცელდება, რათა არა მხოლოდ მათ (პირველმშობლებს) მიეღოთ ამისგან სარგებელი, არამედ მომავალ თაობებსაც შეეტყოთ, რისთვის დაედოთ ეს სასჯელი. „მწუხარებით, — ამბობს, — ჰჭამდე მას ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა". შემდეგ, წყევლის სახესა და მწუხარების მიზეზს უფრო ზუსტად რომ განსაზღვრავს, დაუმატა: „ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენებდეს შენ". აი, წყევლის სახსოვარნი! ეკლებს, ამბობს, და კუროჲსთავებს აღმოგაცენებს. მე ისე მოვაწყობ, რომ მძიმე შრომა და მზრუნველობა გეტვირთება, მწუხარებაში გაატარებ მთელ სიცოცხლეს, რათა ეს შენთვის ლაგამი იყოს, რომ საკუთარ ღირსებაზე მეტად არ იფიქრო, არამედ მუდამ გახსოვდეს შენი ბუნება და მომავალში არასოდეს დაუშვა მსგავსი შეცდუნება. „და ჰჭამდე თივასა ველისასა. ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა". შეხედე, ურჩობის შემდეგ ყოველივე რა შეცვლილია მისი წინანდელი ცხოვრებისგან! მე, ამბობს, ამ სამყაროში რომ შემოგიყვანე, მინდოდა, რომ უმწუხარო, უშრომელო, უზრუნველო, ტკივილის გარეშე გეცხოვრა, კეთილდღეობითა და სიუხვით სავსე ყოფილიყავი, სხეულებრივ საჭიროებებს არ ექვემდებარებოდი, არამედ ამ ყოველივესგან თავისუფალი იყავი და სრული თავისუფლებით სარგებლობდი. მაგრამ, რადგან ასეთი თავისუფლება სასარგებლო არ აღმოჩნდა შენთვის, მიწას ისე დავწყევლი, რომ ის აღარ მოგცემს წინანდელივით ნაყოფს თესვისა და დამუშავების გარეშე, არამედ მხოლოდ დიდი შრომით, ძალისხმევითა და მზრუნველობით; მუდმივ მწუხარებასა და ტკივილში ჩაგაგდებ, ყოველივეს ტანჯვით გააკეთებინებ, რათა ეს ტანჯვა-შრომა მუდმივი შეგონება იყოს შენთვის — მოკრძალებით იქცეოდე და შენი ბუნება იცოდე. და ეს არა მცირე ან ხანმოკლე დროით, არამედ მთელი სიცოცხლე გაგრძელდება. „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა, ვიდრემდის მიქცევადმდე შენდა მიწად, რომლისაგან აღებულ ხარ, რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე". ამას ითმენ, ვიდრე შენი სიცოცხლის დასასრული არ დადგება, როცა მიწად დაიშლები, რომლისგანაც აღებულიც ხარ. თუმცა სხეულებრივი ბუნება მოგეცი, ჩემი კაცთმოყვარეობით, მაგრამ ეს სხეული მიწისგანაა და ისევ მიწად იქცევა: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე". რომ ეს ასე არ მომხდარიყო, იმიტომ გამცნე ხისგან არ შეხებოდი, ვამბობდი რა: „რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ" (). მე ეს არ მინდოდა; მაგრამ, რადგან ჩემი მხრიდან ყოველივე გაკეთდა და შენ თავადვე მოიტანე ეს თავზე, არავის ადანაშაულო, გარდა საკუთარი უზრუნველობისა. აქ კიდევ ერთი კითხვა ჩნდება, რომელიც, თუ გნებავთ, მოკლედ გადავჭრით და სიტყვას დავამთავრებთ. „თქუა, — ნათქვამია, — ღმერთმან: რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ"; მაგრამ ჩანს, რომ ისინი ურჩობისა და გემოვნების შემდეგ კიდევ მრავალი წელი იცოცხლეს. ეს გაუგებრობა მხოლოდ მათთვის ჩანს, ვინც ზედაპირულად უყურებს ამ სიტყვებს. მაგრამ ვინც კეთილი განზრახვით ისმენს, მისთვის ნათელია ნათქვამი და ყურადღებიანს არანაირი გაუგებრობა არ ეჩვენება. თუმცა მათ (ადამმა და ევამ) მრავალი წელი იცოცხლეს, მაგრამ იმ წუთიდან, რაც მოისმინეს: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე", სასიკვდილო განაჩენი მიიღეს, მოკვდავნი გახდნენ და, შეიძლება ითქვას, მოკვდნენ. ამას მიუთითებდა საღვთო წერილი, როცა ამბობდა: „რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ" — იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: მიიღებთ განაჩენს — მოკვდავნი იყოთ. როგორც ადამიანურ სასამართლოებში, სიკვდილით დასჯილი, ციხეში ჩასმული, თუნდაც დიდხანს იყოს იქ, მკვდართაგან არაფრით უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობს, რადგან უკვე განაჩენით არის სიკვდილს მიცემული, — ზუსტად ასევე პირველმშობლებიც, იმ დღიდან, რაც სასიკვდილო განაჩენი მოისმინეს, თუმცა კიდევ დიდხანს იცოცხლეს, მაგრამ განაჩენით უკვე მომკვდარნი იყვნენ. ვიცი, რომ ბევრი ითქვა და ჩვენი სწავლება ძალიან გაგრძელდა. ამიტომ, ღვთის შემწეობით, ჩვენი ძალისამებრ, საღვთო წერილის დღევანდელი საკითხავი ბოლომდე რომ განგიმარტეთ, აქვე შევწყვიტოთ სიტყვა.
10. შეგონება სათნოებისა და მადლიერებისკენ
შესაძლებელი იქნებოდა სხვა საკითხავიც შემოგთავაზებინათ და გამეჩვენებინა, რომ თავად ეს დადებული სასჯელი და ადამიანთა მოკვდავობა ღვთის კაცთმოყვარეობის უფსკრულს შეიცავს; მაგრამ, რომ თქვენი გონება მრავალრიცხოვანი (აზრებით) არ დამეტვირთა, მხოლოდ ერთს გთხოვთ — აქედან გასვლის შემდეგ ფუჭ საუბრებსა და უსარგებლო ყბედობას ნუ მისცემთ თავს, არამედ თავის თავთან იფიქრეთ და სხვებთანაც ისაუბრეთ ნათქვამზე; გაიხსენეთ, რას ეუბნებოდა მოსამართლე, რით იმართლებდნენ თავს დამნაშავენი; როგორ ერთი მეორეს გადასწვდიდა ბრალს, ხოლო ეს — გველს; და როგორ (ღმერთმა) გველიც დასაჯა, საუკუნო, მთელ დროზე გადაჭიმული სასჯელი დაადო, მასზე ძლიერი რისხვის გამოხატვით მოტყუებულთა მიმართ თავისი მზრუნველობა გამოიჩინა. თავად იქიდან, რომ შემაცდუნებელს ასე მიაგო, ჩანს, რომ ეს შემაცდუნებელი განსაკუთრებით ძვირფასთ შეაცდინა. შემდეგ, გაიხსენეთ ცოლზე დადებული სასჯელი, უფრო სწორად — გამოსწორება; გაიხსენეთ ადამისთვის ნათქვამიც და განაჩენი: „რამეთუ მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე" — რომ წარმოგიდგინოთ გონებაში, ამასთანავე, უფლის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობასაც გაუკვირდით, რომლის მიხედვითაც, თუ კეთილის ქმნასა და ბოროტებისგან განრიდებას გადავწყვეტთ, მიწისგან წარმოშობილთა და მიწად დაშლადთა, გვპირდება, რომ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით გვაღირსებს, მისი მოყვარულებისთვის განმზადებულით, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა" (). მაშ ჩვენ მართებს უფლისადმი დიდი მადლიერება ასეთი სიკეთეებისთვის და არასოდეს გამოვუშვათ ეს მეხსიერებიდან; პირიქით, კეთილი საქმეებითა და ბოროტებისგან სრული განდგომით შევიწყნაროთ იგი და მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. თუ ის, უკვდავი ღმერთი, არ უარყო ჩვენი მოკვდავი და მიწიერი ბუნების მიღება, ძველი მოკვდავობისგან გათავისუფლება, ზეცაზე მაღლა აღტაცება, მამის მარჯვნივ თანამჯდომარეობით პატივისცემა და მთელი ზეციერი მხედრობისგან თაყვანისცემის ღირსყოფა, — მაშინ განა უკიდურესი უმადურობა არ იქნებოდა, რომ საპირისპიროთი მიგვეზღო მისთვის, და უკვდავი სული ხორცს მიგვეჯაჭვა, ასე ვთქვათ, და მიწიერი, მკვდარი და უმოქმედო გაგვეხადა? არა, გევედრებით, ნუ ვიქნებით ასე უმადურნი იმის მიმართ, ვინც ჩვენ ამდენი სიკეთე მოგვანიჭა, არამედ მისი კანონების მიმდევარნი ვიქნეთ, მის სათნო და სასურველს ვაკეთებდეთ, რათა მანაც საუკუნო სიკეთეთა ღირსად გვაცნოს, — რისი ღირსნიც ვიყვნეთ ყველანი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.