თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამათ სიტყუათათჳს ბრძოლად აღმიდგებიან ურჩულონი ჰურიანი და მათისა მის სიბოროტისა მიმსგავსებულნი მწვალებელნი ვინმე, უცხონი შვილთაგან ეკლესიისათა, და ცუდადმეტყუელებენ და ამას ზრახვენ, თუ შემდგომად საკჳრველისა ამის შობისა კუალად მოასწავებსო სახარებაჲ შობასა ქალწულისასა რჩულითა მით ქორწინებისაჲთა, და ამას სიტყუასა შემწედ თჳსისა უგუნურებისა მოიღებენ, ვითარმედ: „არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ“.
ხოლო ჩუენდა ფრიადი შრომაჲ არად საჴმარ იყო ამისთჳს, რამეთუ ესე ოდენ იყო საძიებელი, რომელ მახარებელმანცა გამოაჩინა, ვითარმედ უთესლოდ შვა და ქალწულადვე ეგო და შემდგომი ამისი. ცხად არს ყოვლისავე კაცისა მიერ გულისჴმისსაყოფელად, ვითარმედ შეუძლებელ იყო ქალწული იგი, ესევითარისა მის უცხოჲსა მიდგომილებისა და საკჳრველისა შობისა ღირსქმნული, შემდგომად შობისა მის წესსა მას ქორწინებისასა მონებად, ანუ იოსებისა კადრებად შეხებად მისა. არამედ რაჲთა განჩინებულადცა პირი დაუყოთ პირთა მათ უღობავთა და გულთა მწჳრისსახეთა, ესრეთ ვიტყჳთ: ნუ იყოფინ ესე, ურჩულონო, ნუ იყოფინ! უბიწოდ ეგო მარადის და შეუხებელად საუნჯე იგი ქალწულებისაჲ; არა განეღო...