მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი“ (1,22-23).

გესმა, ვითარმედ მრავალნი თქუენ შორის იტყჳან, თუ: ვითარ იქმნების ესე, რომელ გუესმოდის რაჲ სწავლაჲ ესე სულიერი ეკლესიასა შინა, ლმობიერ ვიქმნებით და, გან-რაჲ-ვიდით ამიერ, ლმობიერებაჲ იგი წარჴდის და სხუად შევიცვალნით? ისმინეთ უკუე, თუ ვინაჲ იქმნების საქმე ესე: ამისთჳს, რამეთუ განხჳდეთ რაჲ ამიერ, მეყსეულად კაცთა თანა უწესო-თა აღერევით და საქმეთა ცუდთა და მავნებელთა შეექცევით. არამედ არა ჯერ-არს, მი-რაჲ-ხჳდეთ ეკლესიით სახიდ თქუენდა, მეყსეულად უწესოებისა ჴელ-ყოფაჲ, არამედ მი-რაჲ-ხჳდეთ კაცად-კაცადი სახლად, პირველად ლოცვისა შეწირვაჲ ჯერ-არს და მერმე წიგნისა ჴელად აღებაჲ და მცირედ აღმოკითხვაჲ და ესრეთ საქმეთა ჴორციელთა ჴელ-ყოფაჲ. აწ უკუე გნებავს თუ სმენილთაცა სიტყუათა არადავიწყებად და ლმობიერებისა მის კეთილისა დამარხვად, განაჩინეთ მსგეფსსა შინა ერთი დღე სულიერისა საქმისა შესაქცეველად და დღესა მას ერთსა შჳდეულისასა შემოკრბებოდეთ აქა და ისმენდით სიტყუათა ამათ სულიერთა და მას დღესა ყოვლითურთ სიტყუათა მათ იწურთიდით და სახლეულთა თქუენთა მიუთხრობდით, რაჲთა შეექუსოს ჴსენებაჲ თქუმულთა ამათ გონებასა თქუენსა და დაუვიწყებელ იქმნას. და არა ძნელ არს ესე, არამედ ფრიად სუბუქ. რამეთუ დასასჯელ ვართ, უკუეთუ ექუსი დღე იყოს ჴორცთა და სოფლისა ზრუნვათათჳს გან-ჩემებულად და სულიერისათჳს არცა თუ ერთი დღე თავს-ვიდვათ წარგებად. არა ჰხედავთა შვილთა თქუენთა, რამეთუ რაჲ-იგი ისწავლონ სასწავლოსა შინა, მო-რაჲ-ვიდენ სახლად, დღე ყოველ იწურთიან მას. უკუეთუ ჩუენცა არა ესრეთ ვქმნათ, არაჲ სარგებელი ვპოოთ შთასხმითა წყლისაჲთა ჭურსა შინა განჴურეტილსა, რომელნი-ესე არა ვაჩუენებთ ესევითარსა მო-ღუაწებასა საღმრთოთა საქმეთა შინა, ვითარ-იგი გუაქუს ოქროჲსათჳს და ვეცხლისა. რამეთუ მცირედი თუ ვინმე ოქროჲ პოის, საუნჯეთა შინა და ვაშკარანთა დამალის და ბეჭდითა დაჰკრძალის; ხოლო ჩუენ ვჰპოებთ სიტყუათა უპატიოსნესთა ოქროჲსა და მარგალიტისა და ქვათა პატიოსანთა, სიტყუათა სულისა მიერ წმიდისა თქუმულთა, განა არა შევიღებთ კრძალულებით საუნჯეთა შინა გონებისა ჩუენისათა, არამედ უდებებით გუაქუს იგი წარსაპარველად მტერისა მიერ. ვინ უკუე შემიწყალნეს ჩუენ, რომელნი-ესე მბრძოლნი ვართ თავთა ჩუენთანი? არამედ აწ ვიწყოთ მოსწრაფებით დამარხვად სულიერისა მის საფასისა. რამეთუ არა შესაძლებელ არს ერთსა შინა დღესა ყოველივე წარმოთქუმად ჩუენ მიერ, არამედ რაჲ-იგი მრავალთა შინა დღეთა მიგითხრათ, ვითარცა ჯაჭჳ ოქროჲსაჲ შეათხზენით ურთიერთას და გაქუნდეს ყოველივე იგი გუამი წერილთაჲ სრული გონება-თა შინა თქუენთა. ისმინეთ უკუე, რაჲ-ესე აწ წარვიკითხეთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ წინაწარმეტყუელისაგან: აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“ (1,22-23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თქუა მიდგომილებაჲ იგი სულისა მიერ წმიდისა და შობაჲ იგი უხრწნელი. მერმე მიხედნა უფსკრულსა მას კაცთმოყუარებისა ღმრთისასა, თუ ვითარ მოულოდებელი იგი და მოუგონებელი საქმე იქმნა, ვითარ რჩულნი იგი ბუნებისანი დაიჴსნეს, ვითარ განდგომილთა მათ და რისხვეულთა დაგებაჲ იქმნა, და უზეშთაესი იგი ყოველთაჲ უმდაბლესისა და უდარესისა ყოველთაჲსა მოვიდა, შუაკედელნი დაიჴსნეს, და წყალობაჲ ღმრთისაჲ სოფელსა მოეფინა. ღირსად საკჳრველებისა მის ღაღატ-ყო, ვითარმედ: „ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი უფლისა მიერ“, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ნუ ჰგონებ, თუ ახალი არს განზრახვაჲ ესე, არამედ პირველითგანვე განგებულ იყო, ვითარცა გუესმის, ვითარ იტყჳს პირითა ესაიაჲსითა. ხოლო ამას ანგელოზი ეტყჳს იოსებს ჩუენებასა შინა, რაჲთა განეღჳძოს რაჲ და მოიჴსენოს სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ, გულისჴმა-ყოს ჭეშმარიტებაჲ თქუმულთაჲ მათ და ცნას, ვითარმედ ესე არს ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, რომელსა ქადაგებდეს წინაწარმეტყუელნი, და ჰრწმენეს ჭეშმარიტებაჲ სიტყუათა მათ ანგელოზისათაჲ.

ესე პირველითგან არა მიუთხრა ქალწულსა, ახარებდა რაჲ. ხოლო იოსებს, ვითარცა მეცნიერსა წიგნებისა მის წინაწარმეტყუელთაჲსა, სამარ-თლად აღუჴსენა სიტყუაჲ ესაიაჲსი. და პირველ ამისა ეტყოდა, ვითარმედ: „მარიამ, ცოლი შენი“;1 ხოლო აწ, ვინაჲთგან წინაწარმეტყუელი მოწამედ მოიყვანა ჟამსა თჳსსა, სახელ-სდვა მას ქალწულად, რაჲთა ასმინოს სიტყუაჲ, რომელი წურთილ იყო მის მიერ სიყრმითგან, და არღარა შეორგულდეს საკჳრველსა მას ზედა. ამისთჳს მოწამედ ჭეშმარიტებისა სიტყუათა თჳსთაჲსა მოიყვანა ანგელოზმან წინაწარმეტყუელი, და არა მისა ოდენ კმა იყო, არამედ ღმრთისაცა აღიყვანა სიტყუაჲ და ჰრქუა: ესე არს, რომელსა იტყჳს უფალი პირითა ესაიაჲსითა: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“. ვითარ უკუე არა ეწოდა ემმანუელ, არამედ იესუ ქრისტე? რამეთუ არა თქუა, თუ უწოდო, ანუ თუ უწოდოს, არამედ „უწოდიანო“, უწოდიან ერთაო და ჭეშმარიტებამან საქმისამან. რამეთუ არს ესე ჩუეულებაჲ წერილისაჲ, რაჲთა წესი იგი, რომელი საქმეთა მიერ დამტკიცნებინ, სახელად უწოდის, ვითარცა აწ ესე არს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“, ამას მოასწავებს,

1 შდრ. მათ. 1,20.

ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: იხილონ ღმერთი კაცთა თანა. რამეთუ მარადის იყო იგი კაცთა თანა, და „სავსე არს ცაჲ და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა“;1 არამედ ესრეთ, ვითარ აწ იქმნა, არღასადა ყოფილ იყო, რაჲთამცა მიიხუნა ჴორცნი კაცობრივნი და იქცეოდა ქუეყანასა ზედა. ამისთჳს თქუა: „უწოდიან სახელი მისი“, ესე იგი არს, ხედვიდენ ყოველნი ღმერთსა კაცთა თანა. ამას ზედა უკუეთუ ჯერეთ მედგრობდენ ჰურიანი და არა შეიწყნარებდენ სიტყუასა ამას, ვჰკითხოთ მათ, ვითარ იტყჳს იგივე წინაწარმეტყუელი: „და მრქუა მე უფალმან: უწოდი სახელი: ადრე წარმოტყუენე და მსწრაფლ წარმოიღე“.2 ოდეს ეწოდა მას ესე სახელი? ნუ იყოფინ! არამედ ვინაჲთგან იშვა რაჲ უფალი ქალწულისაგან, წარმოიტყუენა ძალი მტერისაჲ და გამოიჴსნეს, რომელნი შეეწყუდინეს ჯოჯოხეთს, ამისთჳს თქუა, ვი-თარმედ: „უწოდი სახელი: ადრე წარმოტყუენე და მსწრაფლ წარმოიღე“. წესი იგი საქმისაჲ სახელად აღწერა; და კუალად იტყჳს ქალაქისა მისთჳს, ვითარმედ: „გეწოდოს შენ ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ, სიონ“.3 და არასადა იპოების, ვითარმედ ეწოდა სახელი ქალაქსა მას სიმარ-თლედ, არამედ მარადის იერუსალჱმ იყო სახელი მისი, გარნა უმჯობესისა მიმართ შეცვალებასა მისსა მოასწავებდა და წესი იგი საქმისაჲ სახელად განაჩინა. რამეთუ ჭეშმარიტად საქმეთამიერი სიმტკიცე უძლიერეს არს მარადის სახელისა და უჭეშმარიტეს.

ხოლო კუალად სხუასაცა წინამიყოფენ სიტყუასა უგუნურნი იგი და თუალდაბრმობილნი ჰურიანი, ვითარმედ თქუმულ არს სხუათა მიერ თარგმანთა, რომელთა ებრაულისაგან ბერძულად თარგმანეს, ვითარ აკჳლა და სჳნმახოს, ვითარმედ: „ესერა ქალი მიუდგეს“; და არა თქუეს ქალწული, დაღაცათუ სამეოცდაათთა მათ თარგმანთა ქალწული თქუეს. პირველად ამას ვიტყჳთ ჩუენ, ვითარმედ ყოველივე, რავდენი სამეოცდაათთა მათ თარგმნეს, იგი არს ჭეშმარიტი და სარწმუნოჲ თარგმანებაჲ, რამეთუ იგინი უწინარეს ქრისტეს მოსლვისა მრავლითა წლითა იყვნეს, და ორ-ორი შეყენებულ იყო პტოლემეოს მეფისა მიერ, და ყოველნი ერთსა წიგნსა თარგმნიდეს. რამეთუ ოცდაათხუთმეტგზის ითარგმანა თითოეული წიგნი, ვითარცა იყვნეს სამეოცდაათნი, ორ-ორი სენაკსა ერთსა შეყენებულ; და მერმე მოიღის მეფემან ყოველთა აღწერილი, და არა იპოის ყოვლადვე მათ შორის განწვალებაჲ, არამედ ყოველივე სწორად აღწერილ არნ, რამეთუ მადლი ღმრთისაჲ განაგებდა ამას. ამისთჳსცა უეჭუელ არს მათ მიერ თარგმანებული, ხოლო აკჳლა და სჳნმახოს და თეოდოტიონ შემდგომად მრავლისა ჟამისა ქრისტეს მოსლვისა გამოჩნდეს და თარგმნეს წიგნები იგი ებრაული ბერძულებრ, არა თუ ერთსა ჟამსა იყვნეს, არამედ აკჳლა ადრიანოს მეფისა ზე იყო, რომელი ქრისტეანე იქმნა წარმართთაგან და კუალად დაუტევა ქრისტეანობაჲ და ჰურია იქმნა და წინადაიცჳთა; და სჳნმახოს პერტი-

1 შდრ. ესაია 6,3. 2 ესაია 8,3. 3 ესაია 1,26.

ნაქს მეფისა ზე სამარიტელი იყო, ხოლო თეოდოტიონ კომოდ მეფისა ზე, წვალებისაგან მარკიანელთაჲსა. ესე სამნივე წინააღმდგომ ქრისტეანთა სარწმუნოებისა იყვნეს და არარაჲ ჭეშმარიტი და უცთომელი თარგმნეს, არამედ რავდენიცა შეუძლეს წინააღმდგომად ჩუენისა ამის სარწმუნოებისა, გარდააქცინეს წერილნი. ხოლო სამეოცდაათთა შორის არცა ამისი არს იჭჳ, თუ შემწე ჩუენდა იყვნეს, არცა თუ მბრძოლ, ამისთჳსცა უეჭუელ და ჭეშმარიტ არს თარგმანებაჲ მათი და მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა აღსრულებულ.

ხოლო დაღაცათუმცა ესრეთ წერილ იყო, არავე დამაყენებელ არს სიტყუაჲ ეგე, არცა წინააღმდგომ ჩუენდა. რამეთუ რაჲ წინააღმდგომ არს, ანუ რაჲ განყოფილებაჲ, გინა თუ ეგრეთ თქუას, ვითარმედ: „ესერა ქალი მიუდგეს უთესლოდ“, გინა თუ: „ესერა ქალწული მიუდგეს“. არამედ ჩუენ სიტყუასა მას დაწესებულსა და სამეოცდაათთა მიერ გამოთარგმანებულსა შევიწყნარებთ, ვითარმედ: „ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“. არამედ კუალად სხჳთაცა სიტყჳთა წინააღგჳდგებიან შვილნი ჰურიათანი, გუელნი იგი, ნაშობნი იქედნეთანი, და იტყჳან, ვითარმედ: იყავნ სიტყუაჲ ეგე ეგრეთ, ვითარმედ: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე“; ვინაჲ ჩანს ამის სიტყჳსაგან, თუ უქორწინებელად და უთესლოდ მიუდგა? რამეთუ ყოველი დედაკაცი პირველად ქალწულ არნ და მერმე შეერთებითა მამაკაცისაჲთა მიუდგის, და აქაცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: „აჰა ქალწული მიუდგეს“; ხოლო ამას არაღარა შესძინებს, თუ უქორწინებელად და უთესლოდ.

ამის ესევითარისა გესლიანისა სიტყჳსა მათისა მიმართ პირველად ესე ვთქუათ, ვითარმედ: ნეტარ არიან ყურნი, რომელთა არა ასმიეს ჴმაჲ საეშმაკოთა სიტყუათა თქუენთაჲ, და თუალნი, რომელთა არა უხილავს დაბნელებული პირი თქუენი, და გულნი, რომელნი არა მოწყლულ არიან გესლიანითა მით ნაკბენითა თქუენითა; მერმე ესე მიუგოთ: ურჩულონო და მედგარნო, რომელთათჳს იტყჳს ესაია: „მოედით აქა, ძენო ურჩულო-თანო და ნათესავნო მემრუშეთანო! ვის ზედა აღაღეთ პირი თქუენი, ანუ ვის ზედა განსძართ ენაჲ თქუენი? ანუ არა თქუენ ხართა შვილნი წარწყმედისანი, ნათესავნი უშჯულონი, რომელნი ევედრებოდეთ კერპთა ხე-თა ქუეშე სერტყოვანთა, დაუკლევდით შვილთა თქუენთა ჴევთა შინა და შორის კლდეთა და ადგილთა ღელეთა? მუნ არს ნაწილი თქუენი, და ესე არს სამკჳდრებელი თქუენი. მათდა შესწირენ შესაწირავნი. ვაჲ სულსა თქუენსა, რამეთუ ბოროტი იზრახეთ“.1 ესევითარსა მრავალსა შემსგავსებულად ურჩულოებისა თქუენისა გეტყჳს ესაია და სხუანი იგი წინაწარმეტყუელნი: „გულფიცხელნო და ქედფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვი-

1 ესაია 57,3-6.

თარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. რომელნი წინაწარმეტყუელთაგანნი არა დევნეს მამათა თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისა და მართლისასა, რომლისა თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით“.1 და აწ სიტყუათა მათ საწინაწარმეტყუელოთა ბირებითა მამისა თქუენისა ეშმაკისაჲთა გარდააქცევთ და ალაგთა უფლისათა წრფელთა გულარძნილებითა თქუენითა ღრღჳანჰყოფთ; აღმოიკითხეთ, უკეთურნო, ზემოჲთრე სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისაჲ და აღიხილენით, ბრმანო, თუალნი თქუენნი, რასა იტყჳს ესაია: „და შესძინა უფალმან სიტყუად აქაზისა და ჰრქუა: ითხოე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა სიღრმედ მიმართ გინა სიმაღლედ“.2 და მერმე იტყჳს: „თქუა ესაია: ისმინეთ აწ, სახლო დავითისო! ნუ მცირე არსა თქუენდა ღუაწლისა შემთხუევად კაცთა, და ვითარ ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა? ამისთჳს მოგცეს თქუენ თავადმან უფალმან სასწაული: აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“.3 აწ უკუე ვინაჲთგან საქმე ესე, ვითარცა დიდი სასწაული და უცხოჲ, აღუთქუა ჩუენებად, უკუეთუ არა ქალწულისა უქორწინებელისა მოასწავებს უთესლოდ მუცლადღებასა და უხრწნელად შობასა, ვითარ-ეგე თქუენ წაჰრევთ, რაჲ სასწაული არს ანუ რაჲ საკჳრველი ქალწულისა ქორწინებაჲ და შეერთებითა მამაკაცისაჲთა მიდგომილებაჲ, რაჲთამცა ესე სასწაულად უცხოდ და განსაკჳრვებელად შემოიღო წინაწარმეტყუელმან? არამედ წინაწარმეტყუელმან ესრეთ თქუა: უგუნურნო და ცოფნო, ვინაჲთგან სასწაულთა ეძიებთ, სახლო დავითისო, - რამეთუ აქაზ მეფისა მიმართ იტყოდა, - და ღუაწლსა შეამთხუევთ უფალსა, გიჩუენოს სასწაული, რომელი დასაბამითგან არასადა ხილულ არს, არცა სმენილ კაცთა შორის. რაჲ არს უცხოჲ იგი სასწაული? „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს: ჩუენ თანა ღმერთი“.4 ესერა სახელიცა მისი თქუა, ვითარმედ: „ღმერთი მოსრული ჩუენდა მომართ“, ვითარცა მცირედ ქუემორე იტყჳს განცხადებულადრე და ვითარმცა მუნ მდგომარე იყო სულითა მით წინაწარმეტყუელებისაჲთა: „ყრმაჲ იშვა ჩუენდა, და ძე მოგუეცა ჩუენ, რომლისა მთავრობაჲ ზედა მჴართა მისთა, და ჰრქჳან მას სახელი დიდისა ზრახვისა ანგელოზ, საკჳრველი თანამზრახვალი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშჳდობისაჲ, მამაჲ მერმეთა მათ საუკუნეთაჲ“.5 ვისნი არიან სახელნი ესე, ურჩულონო, თჳნიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელი გჳშვა ქალწულმან სულისაგან წმიდისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიღჳძა იოსებ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან მან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი“ (1,24).

1 საქმე 7,51-52. 2 ესაია 7,10-11. 3 ესაია 7,13-14. 4 ესაია 7,14; მათ. 1,23. 5 ესაია 9,6.

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა გონებაჲ მორწმუნე და წრფელი, რომელმან ოდეს-იგი იჭჳ ცოდვისაჲ მოიგონა, განტევებაჲ იზრახა, რაჲთა არა იყოს სახლსა მისსა წინააღმდგომი რჩულისაჲ; და კუალად, რაჟამს ესმა სიტყუაჲ ანგელოზისაჲ და იჭჳ იგი ბოროტი განქარდა, მეყსეულად ყოველივე ორგულებისა გულისსიტყუაჲ აღმოიგდო გულისაგან თჳსისა და წარიყვანაო, ესე იგი არს, თუ მიითუალა გონებითა ყოფად ქალწულისა სახლსა შინა მისსა. რამეთუ არა თუ სხუაგან სადმე იყო ანუ განსრულ იყო სახლით, რომელ იტყჳს, თუ „წარიყვანა“, არამედ გონებისა მისისა იტყჳს ზრახვასა. რამეთუ პირველ ჩუენებისა განეზრახა განტევებაჲ მისი და განვლინებაჲ სახლისაგან მისისა, ხოლო ესმა რაჲ სიტყუაჲ ანგელოზისაჲ და გულსავსე იქმნა, დაამტკიცა გონებასა თჳსსა მსახურებად ესრეთ საკჳრველისა მის ქალწულისა. რამეთუ ცნა, ვითარმედ ესე არს ქალწული იგი, რომლისათჳს მარადის აღმოიკითხვიდა წინაწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულსა, ვითარმედ: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ“;1 და კუალად იტყჳს: „აღმოვიდეს კუერთხი ძირისაგან იჱსესისა, და ყუავილი ძირისაგან მისისა აღმოსცენდეს“.2 გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს ბჭე იგი, რომელსა მოასწავებდა ეზეკიელ და იტყოდა: „ვიხილე ბჭე იგი, რომელი იყო აღმოსავალით, და იგი იყო დაჴშულ; და მრქუა მე უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს და არა განეღოს, და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მიერ, და იყოს დაჴშულ“.3 გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომლისათჳს იტყოდა დავით: „წმიდა-ყო საყოფელი თჳსი მაღალმან, ღმერთი მის შორის, და იგი არა იძრას უკუნისამდე“;4 ესე არს, რომელსა მანვე „კიდობნად სიწმიდისა“5 სახელ-სდვა. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი იაკობ კიბედ იხილა ზეცად აღწევნულად და თქუა, ვითარმედ: „საშინელ არს ადგილი ესე“.6 გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი მოსე მაყულად შეუწუველად იხილა, რომელსა შორის ცეცხლი ეგზებოდა, და მაყუალი იგი არა შეიწუვოდა;7 ესე არს, რომელსა სოლომონ „ცხედრად მეუფისა“ და „წყაროდ დაბეჭდულად“ სახელსდვა. გულისჴმა-ყო იოსებ ყოველი იგი ქადაგებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ განიღჳძა ძილისა მისგან უმეცრებისა და განაგდო საბურველი იგი, რომელი ძეს გულსა ზედა ჰურიათასა, და მიითუალა გონებითა მსახურებაჲ ქალწულისაჲ მის და წარიყვანა ცოლი თჳსი. იხილეა ესეცა, ვითარ პირველ შობისა ზედაჲსზედა ცოლად მისა სახელ-სდებს? რამეთუ ვითარცა-იგი მაშინ განგებულებით ცოლად მისა საგონებელ იყო ზემოთქუმულ-თა მათ მიზეზთათჳს, ეგრეთვე მახარებელი სიტყუასა თჳსსა შეჰმზადებს, სიტყჳთ იტყჳს სახელსა ცოლებისასა, ვითარცა მაშინ საგონებელ იყო, და საქმით გამოაჩინებს ჭეშმარიტებასა მას საქმისასა და ღაღადებს:

1 ესაია 7,14. 2 ესაია 11,1. 3 შდრ. ეზეკ. 44,1-2. 4 ფსალმ. 45,5-6. 5 ფსალმ. 131,8. 6 დაბ. 28,17. 7 შდრ. გამ. 3,2.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად ამათ სიტყუათათჳს ბრძოლად აღმიდგებიან ურჩულონი ჰურიანი და მათისა მის სიბოროტისა მიმსგავსებულნი მწვალებელნი ვინმე, უცხონი შვილთაგან ეკლესიისათა, და ცუდადმეტყუელებენ და ამას ზრახვენ, თუ შემდგომად საკჳრველისა ამის შობისა კუალად მოასწავებსო სახარებაჲ შობასა ქალწულისასა რჩულითა მით ქორწინებისაჲთა, და ამას სიტყუასა შემწედ თჳსისა უგუნურებისა მოიღებენ, ვითარმედ: „არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ“.

ხოლო ჩუენდა ფრიადი შრომაჲ არად საჴმარ იყო ამისთჳს, რამეთუ ესე ოდენ იყო საძიებელი, რომელ მახარებელმანცა გამოაჩინა, ვითარმედ უთესლოდ შვა და ქალწულადვე ეგო და შემდგომი ამისი. ცხად არს ყოვლისავე კაცისა მიერ გულისჴმისსაყოფელად, ვითარმედ შეუძლებელ იყო ქალწული იგი, ესევითარისა მის უცხოჲსა მიდგომილებისა და საკჳრველისა შობისა ღირსქმნული, შემდგომად შობისა მის წესსა მას ქორწინებისასა მონებად, ანუ იოსებისა კადრებად შეხებად მისა. არამედ რაჲთა განჩინებულადცა პირი დაუყოთ პირთა მათ უღობავთა და გულთა მწჳრისსახეთა, ესრეთ ვიტყჳთ: ნუ იყოფინ ესე, ურჩულონო, ნუ იყოფინ! უბიწოდ ეგო მარადის და შეუხებელად საუნჯე იგი ქალწულებისაჲ; არა განეღო ყოვლადვე ტაძარი იგი ღმრთისაჲ, რომლისათჳს ჰრქუა უფალმან ეზეკიელს: „ბჭე ესე დაჴშულ იყოს და არა განეღოს, და არცა განვიდეს ვინ მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ შევიდეს მიერ, და იყოს დაჴშულ“.1

ხოლო მრქუან თუ, ვითარმედ: რაჲსათჳს თქუა მახარებელმან, თუ: „არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ“? ვჰრქუათ ჩუენ ჰინდო-თა მათ გონებითა და სულითა: უწყით-მეა, რასა-ეგე იკითხავთ? ჰე, უგუნურ ხართ და უსწავლელ, უგულისჴმო და ბრმა, არამედ ჩუენგან ისწავეთ სიტყუაჲ ესე, თუ: ვიდრემდე და ვიდრემდის - მუნ ჟამადმდე, სადა-იგი იყოს სიტყუაჲ მეტყუელისაჲ, მოასწავებს, ხოლო წაღმართ მისა არას გამოაჩინებს, არცა აღსასრულსა რას მის საქმისასა დაამტკიცებს, უკუეთუ სხუაჲ არარაჲ შესძინოს. და მრავალი მაქუს ამის სიტყჳსა სახე წმიდათა წერილთაგან, რომელთაგან მცირედი ვთქუა გულისჴმისსაყოფელად სახეთა მათ სიტყუათასა. ჰრქუა უფალმან მოციქულთა შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.2 რაჲ არს ესე? ნუუკუე შემდგომად სოფლისა აღსრულებისა განეშოროსა უფალი მათგან? და ვითარ ეგების ესე მოგონებადცა? და კუალად იტყჳს დავით წინაწარმეტყუელი: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე

1 ეზეკ. 44,2. 2 მათ. 28,20.

მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.1 ეწამების მას მოციქული პავლე და იტყჳს: „რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევაჲ, ვიდრემდე დაისხნეს მტერნი მისნი ქუეშე ფერჴთა მისთა“.2 რასა იტყჳთ ამისთჳს? ნუუკუე სთქუათა, ვი-თარმედ ჯდეს იგი მარჯუენით მამისა და სუფევდეს, ვიდრემდე დაემორ-ჩილნენ მტერნი მისნი, და მერმე აღდგეს მარჯუენით ჯდომისაგან, ანუ არღარა სუფევდესა? რომელმანმცა ეშმაკმან მოიგონა ესე ანუ იკადრამცა თქუმად? ჵ თქუენ, ეშმაკთა უურცხჳნესნო!

და კუალად წერილ არს დაბადებასა შინა: „არა მოიქცა ყორანი იგი ნოესა, ვიდრემდე განჴმა ქუეყანაჲ“.3 არა თუ ამას მოასწავებს, ვითარმედ შემდგომად განჴმობისა მოიქცა. და კუალად წერილ არს: „გამობრწყინდეს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდე განკფდეს მთოვარე“.4 არა თუ ამას იტყჳს, თუ ამისა შემდგომად არღარა ბრწყინვიდეს სიმართლე და მშჳდობაჲ მისი. და სხუაჲ ესევითარი მრავალი არს გამოჩინებად, ვითარმედ სიტყუაჲ ესე: ვიდრემდე ანუ ვიდრემდის - სადამდის სიტყუაჲ იგი იყოს, მოასწავებს, ხოლო აღსასრულსა მის საქმისასა და ამისა შემდგომად არღარა ყოფასა არა გამოაჩინებს.

ეგრეთვე აქა არა თუ ამისთჳს თქუა: „არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ“, რაჲთამცა მოიგონე, თუ მისა შემდგომად იცნა, არამედ „ვიდრემდე შვა ძე თჳსი“ ამისთჳს თქუა, რაჲთა უცხოჲ იგი და საკჳრველი საქმე დაამტკიცოს უთესლოდ და უხრწნელად შობისაჲ. ხოლო შემდგომი ამისი დაიდუმა, რამეთუ საკჳრველი ესე იყო და ძნიად დასარწმუნებელი: უთესლოდ და უხრწნელად შობაჲ. აწ რომელი-ესე ძნელ იყო საცნობელად და უცხო მოგონებად, გუასწავა მახარებელმან, ხოლო რომელი-იგი ადვილ იყო და ცხად, ჩუენ დაგჳტევა გულისჴმისსაყოფელად; რამეთუ რაჲმცა იყო ამისა უმეტეს ცხად და გულისჴმისსაყოფელად ადვილ, ვითარმედ შეუძლებელ იყო გამოუთქუმელისა მის შობისა შემდგომად წესსა მას ქორწინებისასა შესლვაჲ წმიდისა მის ქალწულისა, რომელი-იგი შობამდე ქალწულ იყო და შობასა ქალწულ და შემდგომად შობისა ქალწულადვე ეგო და კურ-თხევაჲ იგი შვილიერებისაჲ დაიმკჳდრა.

ეჰა საკჳრველი! ქალწული დედა იქმნა და ქალწულადვე ეგო. ჰხედავა განახლებასა მას გონებისასა? სხუათა დედათა ზე ვიდრემდის ქალწული იყოს, დედაჲ არა არს, და რაჟამს-იგი დედა იქმნას, ქალწულებაჲ არა აქუს; ხოლო აქა ორივე ესე სახელი ერთად შემოკრბა. რამეთუ იგივე დედაჲ არს და ქალწული, და არცა ქალწულებამან შობად დააყენა, არცა შობამან ქალწულებაჲ დაჰჴსნა; და ნანდჳლვე ეგრეთ შუენოდა, რომელი-იგი უხრწნელ-ყოფად ბუნებისა ჩუენისა მოვიდა სოფლად, რაჲთა დაწყებაჲ უხრწნელებისაჲ დედისა თჳსისაგან ყოს, რომლისაგან თავს-იდვა განკაცებაჲ სულისა მიერ წმიდისა. ამას მოასწავებდა ხილვაჲ იგი, რომელი იხილა

1 ფსალმ. 109,1. 2 1 კორ. 15,25. 3 დაბ. 8,7. 4 ფსალმ. 71,7.

მოსე რჩულისმდებელმან, რაჟამს ცეცხლი ედებოდა მაყუალსა მას და არა შესწუვიდა; რამეთუ ეგრეთვე ქალწულმან გჳშვა ცეცხლი ღმრთეებისაჲ და არა განიხრწნა.

ესე ყოველი ესრეთ გულისჴმა-ყავთ, ვითარცა ვთქუთ ჭეშმარიტი განმარტებაჲ სიტყჳსაჲ მის, ვითარმედ: „არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ“.

პირმშოჲ ეწოდა უფალსა ჩუენსა ქალწულისაგან, და კეთილად ეწოდა, არა თუ რაჲთამცა მოასწავა, თუ სხუაჲცა იშვა შემდგომად მისა, - ნუ იყოფინ! - არამედ რომელ-იგი არასადა იშვა სხუაჲ ესრეთ. რამეთუ ვის ესმა სადა შობაჲ უთესლოდ და მშობელისა მის უხრწნელად დამარხვაჲ? ამისთჳს პირმშოდ ეწოდა, რამეთუ პირმშოჲსა სახელი არა თუ სხუათა შემდგომად მისა შობასა გამოაჩინებს, არამედ რომელმან-იგი პირველ განა-ღოს საშოჲ, მას ეწოდების პირმშო, გინა თუ შეუდგენ სხუანიცა ძმანი, გინა თუ არა. ამით სახითა თქუა, ვითარმედ: „ძე თჳსი პირმშოჲ“, ვითარმცა იტყოდა, თუ: ძე, რომელი დასაბამითგან ესევითარი არა შობილ იყო ქუეყანასა ზედა, არამედ აწ იშვა პირმშოჲ და მხოლოდშობილი.

ეგრეთვე პავლეცა მოციქულმან სახელ-სდვა უფალსა პირმშოდ მამისაგან შობითა მით დაუსაბამოჲთა, რამეთუ იტყჳს: „რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ“;1 არამედ არა თუ ამით სიტყჳთა სხუასაცა ბუნებითსა ძმასა უფლისასა მოასწავებს. და კუალად იგივე პავლე იტყჳს უფლისათჳს: „რომელი-იგი არსო დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით“;2 არამედ არა თუ ეგრე გუასწავებს, თუ სხუაჲცა ვინ იპოა მსგავსად უფლისა შემმუსრველი ჯოჯოხეთისაჲ და მესამესა დღესა დიდებით აღდგომილი მკუდრეთით ძალითა მით ღმრთეებისაჲთა.

ამისთჳს უკუე ისმენდი მეცნიერებით და გრწმენინ ღმრთისმოყუარებით: პირმშო ეწოდა უფალსა მამისაგან, რამეთუ პირველ საუკუნეთა მხოლოჲ მხოლოდ მხოლოჲსაგან იშვა შობითა უცხოჲთა და მოუგონებელითა; პირმშო ეწოდა ქალწულისაგან, რამეთუ არასადა შობილ იყო კაცთა შორის დედაკაცისაგან უთესლოდ ყრმაჲ და შემდგომად შობისა დაეცვა დედაჲ ქალწულად; პირმშოჲ ეწოდა მკუდრეთით, რამეთუ მან ყო შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ და დაჰჴსნა ძალი სიკუდილისაჲ, რომელი ადამისითგან ვიდრე მისდამდე სუფევდა კაცთა ზედა. სამკერძოვე პირმშო ეწოდა მეუფესა ჩუენსა ქრისტეს, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ, და განჩინებულ იყოს დიდებაჲ მისი ყოველთა შორის.

და კუალად მეტყჳან ჩუენ წინააღმდგომნი, ვითარმედ: იყავნ, რაჲეგე სთქუ ესრეთ, არამედ ესეცა განგჳმარტე, ვითარ ძმად მისა ეწოდა იაკობს და ძმათა მისთა. ისმინეთ ამისთჳსცა: ვითარცა-იგი იოსებ

1 კოლ. 1,15. 2 კოლ. 1,18.

არა ქმარი იყო მარიამისი, არამედ ესრეთ საგონებელ იყო, და მამად იესუჲსაცა უწოდდეს, ეგრეთვე ძეთა მათ იოსებისთა ძმად ეწოდა მისა, რამეთუ, ვითარცა ზემო ვთქუ, მრავალი იქმნა განგებულებით სიტყუაჲ დასაფარველად უთესლოჲსა მის და უხრწნელებით შობისაჲ. ამისთჳსცა იტყოდა მათთჳს იოვანე, ვითარმედ: „არცა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“.1 არამედ რომელნი-იგი პირველ ურწმუნოებით იყვნეს, იქმნეს უკუანაჲსკნელ დიდ და საკჳრველ, და უფროჲსად ნეტარი იგი იაკობ, ვიდრე-ღა ოდეს-იგი აღვიდეს პავლე და მისთანანი იერუსალჱმდ რჩულისათჳს კითხვად და წესთათჳს, მისა მივიდეს. რამეთუ ესრეთ საკჳრველი კაცი იყო, ვიდრეღა პირველი ეპისკოპოსი იგი იქმნა ქრისტეანეთაჲ, და წერილ არს მისთჳს, ვითარმედ ესოდენ ფიცხელი მოღუაწებაჲ აქუნდა, რომელ სრულიად ასონი მისნი მკუდარ იყვნეს, და მრავლისა ლოცვისა და მუჴლთდრეკისაგან და ზედაჲსზედა შუბლისა მისისა ქუეყანად დადებისაგან ესრეთ იქმნა შუბლი მისი დაბებკულ და დაკანებულ, რომელ არარაჲთა უმოლხინეს იყო მუჴლთა აქლემისათა, ესოდენ განზრქელებულ იყო ტყავი და განკაფებულ ჴორცნი მრავლითა მით მოღუაწებითა. ამან კუალად პავლეს, მისლვასა მას მისსა იერუსალჱმს, ასწავა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შევიდა პავლე იაკობისა, და ყოველნივე მოვიდეს ხუცესნი, და მოიკითხნა იგინი. და ჰრქუა მას იაკობ: ჰხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი!“2 რამეთუ მათ ყოველთა წინამძღუარი და მოძღუარი იაკობ იყო, ესოდენ აქუნდა ღმრთისა მიერ მადლი და შური საღმრთოჲ. ხოლო უკუანაჲსკნელ მოიკლაცა ურჩულოთა ჰურიათა მიერ სახელისათჳს ქრისტესისა, რამეთუ წამა ჭეშმარიტებაჲ და ქადაგა ღმრთეებაჲ მისი კადნიერებით.

ესრეთ მიუთხრობელმან ძალმან ქრისტესმან აღავსნა მადლითა, და რომელნი-იგი პირველ ჯუარ-ცუმისა ურწმუნო იქმნეს მისა მიმართ, შემდგომად აღდგომისა ესრეთ აღივსნეს სარწმუნოებითა მისითა და სიყუარულითა, ვიდრეღა არა ჰრიდეს სისხლთა მათთა დათხევად და სულთა მათთა დადებად სახელისა მისისათჳს. რამეთუ ჭეშმარიტად მიუთხრობელ არს მადლი უფლისაჲ, რომელი აღდგომითა მისითა მოჰფინა მოციქულთა ზედა და მათ მიერ ყოველთა მორწმუნეთა, და ამისთჳს უდიდებულესნი ძალნი შემდგომად აღდგომისა გამოჩნდეს, რაჲთა უეჭუელ იყოს ჭეშმარიტებაჲ ქადაგებისა მათისაჲ.

რამეთუ ჩუეულებაჲ ბუნებისა ამის კაცობრივისაჲ ესე არს, რომელ მრავალნი იყვნიან სოფელსა შინა დიდებულ და ქებულ და ყოველთა მიერ საწადელ, ხოლო წარ-რაჲ-ვიდიან ამიერ სოფლით, მეყსეულად დაივიწყნიან, ვითარმცა ყოვლადვე არა ყოფილ იყვნეს. ხოლო ქრისტე, იქცეოდა რაჲ ქუეყანასა ზედა, შეურაცხებით იქცეოდა, ვითარცა ერთი მდაბალთაგანი,

1 იოან. 7,5. 2 შდრ. საქმე 21,18-20.

და არა მრავალთა ჰრწმენა მისი. ხოლო ჯუარს-ეცუა რაჲ ცხორებისათჳს ჩუენისა და სიკუდილისა გემოჲ იხილა და აღდგა მკუდრეთით და ზეცად ამაღლდა, ესოდენ განეფინა მადლი მისი ქუეყანასა ზედა, ვიდრეღა ყოველნი მას შეეწყნარნეს, და მრავალთა სახელისა მისისათჳს სიკუდილი სიხარულით დაითმინეს, და აღივსო სოფელი დიდებითა მისითა.

სწავლაჲ ე ვითარმედ არა ჯერ-არს სხუათა სათნოებასა მინდობაჲ, არამედ თავით თჳსით მოღუაწებაჲ; და მოვახშეთათჳს

ხოლო ამას ყოველსა არა ამისთჳს ვიტყჳთ, რაჲთა გესმოდის ხოლო, არამედ რაჲთა ჰბაძვიდეთცა სიმჴნესა მას წმიდათასა, კადნიერებასა მათსა მძლავრთა მიმართ და ყოველსა მას სიწმიდესა, რაჲთა არავინ წარიკუეთოს სასოებაჲ, დაღაცათუ პირველ ამისა უდებ იყო და დაჴსნილ, რაჲთა არას ვინ ესვიდეს სხუასა, გარნა წყალობასა ღმრთისასა და ნაყოფსა თჳსისა მის სინანულისა და შრომისასა. რამეთუ უკუეთუ მათ არას სარგებელ ეყო თჳსებაჲ ქრისტესი, რამეთუ მისვე ტომისა და ნათესავისანი იყვნეს, ვინაჲცა ქრისტე გამოჩნდა, უკუეთუმცა არა ეჩუენა წესი ესევითარისა ამის დიდისა სათნოებისაჲ, ვითარ ჩუენგანნი მრავალნი განსამართლებელად თავისა თჳსისა იტყჳან თჳსებასა და ძმობასა ანუ შვილებასა კაცთა მარ-თალთასა? არამედ არარაჲ ამის ესევითარისა გულისსიტყჳსაგან გუერგების ჩუენ, უკუეთუ არა ვიღუაწოთ აღსრულებად მცნებათა. ამისთჳს იტყჳს წინაწარმეტყუელი: „ძმამან ვერ იჴსნას, იჴსნასა იგი კაცმან?“1 ვერვინ გჳჴსნის, უკუეთუ ჩუენცა არა გუაქუნდეს ნაყოფი სინანულისაჲ, არცა თუ მოსე იყოს, გინა სამოელ, გინა იერემია. და ისმინე, რაჲ მიუგო უფალმან იერემიას: „ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს“, რამეთუ არა ვისმინო შენი; და რად გიკჳრს, უკუეთუ შენი არა მესმის? დაღაცათუ მოსე ანუ სამოელ მევედრებოდეს, არავემცა ვისმინე მისი;2 დაღაცათუ ეზეკიელ ევედრებოდის, არა ესმას მას; აღ-თუ-დგენ ნოე და იობ და დანიელ, ძენი და ასულნი მათნი ვერ განარინნენ;3 დაღაცათუ აბრაჰამ მამათმთავარი ევედრებოდის უკურნებელად ცოდვილთათჳს და არამოქცეულთა სინანულად, არავე ისმინოს მისი; დაღაცათუ სამოელ იყოს, ჰრქუას მას: „ნუ იგლოვ საულისთჳს“;4 დაღაცა-თუ დისათჳს ვინ ევედრებოდის, ვითარცა მოსე მარიამისთჳს, უკუეთუ არა ჯერ-იყოს, არა ისმინოს მისი.5

არა თუ ამას ვიტყჳ, თუ ლოცვასა წმიდათასა არა აქუს ძალი. ჰე, ჭეშმარიტად დიდი ძალი აქუს! არამედ მაშინ სარგებელ არიან ჩუენდა, ოდეს

1 ფსალმ. 48,8. 2 შდრ. იერ. 11,14; 14,11; 15,1. 3 შდრ. ეზეკ. 14,14-18. 4 შდრ. 1 მეფ. 16,1.

5 რიცხ. 12,13-14.

ჩუენცა სინანულად მოვიქცეთ და ცოდვისაგან განვეშორნეთ. და ესე საცნაურ არს, ვითარმედ დიდი კადნიერებაჲ აქუნდა მოსეს, ამისთჳსცა იჴსნა ძმაჲ თჳსი და სამეოცი ბევრი ერისაჲ მის რისხვისაგან მოწევნულისა ღმრთისა მიერ; და დაჲ თჳსი ვერ იჴსნა. და არავე დიდი იყო მისი იგი ცთომაჲ, რამეთუ მან მოსესთჳს თქუა სიტყუაჲ შეურაცხი, ხოლო მათ ღმერთსა შესცოდეს. საძიებელ არს, თუ ვითარ იგინი მიანიჭნა მოსეს, ევედრებოდა რაჲ, და დისათჳს არა უსმინა? და რად ვიტყჳ დისათჳს? თავისა თჳსისათჳს ვერ ითხოა საქმე ერთი, არამედ ესოდენთა შრომათა შინა და ჭირთა, შემდგომად ორმეოცისა წლისა ოფლთა და ღუაწლთა, დაყენებულ იქმნა შესლვად ქუეყანასა მას აღთქუმისასა.

რაჲსათჳს უკუე იქმნა საქმე ესე? ისმინეთ, მიგითხრა: არა ჯერ-იყო თხოისა მის მისისა აღსრულებაჲ და შესლვაჲ მისი ქუეყანასა მას, რამეთუ იცოდა ღმერთმან უგუნური და განდრეკილი გონებაჲ ჰურიათაჲ, რომელნი-იგი გამოვიდეს რაჲ ეგჳპტით, მეყსეულად დაივიწყეს ღმერთი და მოსეს ეძიებდეს, და ვითარცა მას დაეყოვნა, ჴბოჲ ქმნეს და თაყუანის-სცეს. იცოდა ღმერთმან, ვითარმედ შეიყვანნეს თუ იგინი მოსე ქუეყანასა მას და მუნ აღესრულოს, ეგულებოდა მათ ღმრთად აღსარებაჲ მისი, და ესრეთ დიდიმცა იქმნა სავნებელი. ხოლო ღმერთსა არა ენება, რაჲთამცა კაცი იგი წმიდაჲ და სათნოჲ ყვეს უგუნურთა მათ მიზეზად თჳსისა მის კერპთმსახურებისა. ამისთჳს არა შეუნდო შესლვად ქუეყანასა მას, არცა საფლავი მისი საცნაურ იქმნა ამის მიზეზისათჳს.

და სამოელცა საულ ვერ იჴსნა რისხვისაგან, ხოლო ისრაჱლნი მრავალგზის გამოიჴსნნა; და იერემია ჰურიანი ვერ იჴსნნა, ხოლო სხუანი ვინმე იჴსნნა რისხვისაგან; და დანიელ ბარბაროზნი იჴსნნა სიკუდილისაგან, ხოლო ჰურიანი ვერ იჴსნნა ტყუეობისაგან; და სახარებასა შინა ვიხილოთ ორივე იგი ერთსა ზედა, რამეთუ თანამდებმან მან ბევრეულისა შანთისამან იჴსნა თავი თჳსი ვედრებითა და კუალად ვერ იჴსნა; და სხუამან კუალად წინაუკმო, პირველად განსცა თავი თჳსი და უკუანაჲსკნელ დიდად სარგებელ ეყო. ვინ არს ესე? შვილი იგი უძღები, რომელმან წარაგო ყოველი მონაგები მამული და მერმე მოიქცა და ევედრა მამასა სახიერსა და შეწყნარებულ იქმნა.

აწ ამის ყოვლისაგან გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ უკუეთუ განვსცნეთ თავნი ჩუენნი ცოდვასა, ვერცა წმიდათა ვედრებითა შემძლებელ ვართ ცხორებისა პოვნად. უკუეთუ კულა მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვიწყოთ ქმნად კეთილისა, მაშინ მეოხებაჲცა წმიდათაჲ დიდად სარგებელ გუეყოს, და თჳთ ჩუენიცა ვედრებაჲ შეისმინოს ღმერთმან უმეტეს. რამე-თუ ეგრეთ ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა ჩუენი უფროჲსად მომმადლოს თხოაჲ, ვიდრე სხუათა - ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენითა ვედრებითა დაჰჴსნას განმზადებული ჩუენთჳს რისხვაჲ, რაჲთა ჩუენ მოგუცეს კადნიერებაჲ შეწირვად ლოცვისა.

ესრეთ შეიწყალა ქანანელი იგი, ესრეთ აცხოვნა მეძავი და ავაზაკი, არა ვისითა მეოხებითა და შუამდგომელობითა, არამედ თჳთ მათითა ვედრებითა. და არა თუ ეგრეთ ვიტყჳ, თუ ნუ ვევედრებით წმიდათა და მეოხად მივავლენთ ღმრთისა მიმართ; ჰე, ვევედრებოდით მათ და შეუვრდებოდეთ, რაჲთა მეოხ გუეყვნენ წინაშე ღმრთისა; არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა არა ვიყვნეთ უდებებასა შინა და ცოდვასა, შუებასა და ძილსა და ვჰგონებდეთ სხუათა ლოცვითა მიმთხუევად ცხორებასა.

რამეთუ ისმინეთ, რასა მეტყჳს უფალი: „მოიგენით თავისა თჳსისა მეგობარნი“. ესე თქუა და არა დაიდუმა, არამედ შესძინა: „მამონაჲსაგან სიცრუისა“,1 რაჲთა შენცა ნაყოფი გაქუნდეს სათნოებისაჲ და არა ცუდად გინდეს მეგობართა მოგებაჲ. რამეთუ სახელითა მით მამონაჲსითა სიცრუით მოგებულისა მის სიმდიდრისაგან მოწყალებისა ქმნაჲ მოასწავა, და საკჳრველი ესე არს, რომელ არცა გამოეძიებს მონაგებსა მას სიცრუისასა და გარემიაქცევს, ვითარმცა იტყოდა: მოგიგიეს ბოროტად, წარაგე აწ კეთილად, შეგიკრებიეს უჯეროდ, განაბნიე ჯეროვნად. და რაჲ სათნოებაჲ არს ესევითარისა მონაგებისაგან ქმნაჲ ქველისსაქმისაჲ? გარნა ღმერთი თჳსისა კაცთმოყუარებისათჳს ამასცა შეიწირავს. ხოლო ჩუენ ესოდენსა მოვიწიენით ულმობელობასა, რომელ არცა თუ სიცრუით შეკრებულისა მისგან ვიქმთ ქველისსაქმესა, არამედ ბევრეული რაჲ მოვიტაცოთ, უკუეთუ მცირედი რაჲმე მივსცეთ, ვჰგონებთ, თუ ყოველი მიგჳცემიეს. არა გესმისა, რასა იტყჳს პავლე: „რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს“.2 რაჲსათჳს უკუე ერიდები? არა თუ წარსაგებელი არს საქმე ეგე, სარგებელი არს და შესაძინელი, ვაჭრობაჲ არს კეთილი, სათესავი არს ნაყოფიერი. არა უწყია, ვითარმედ სადა თესლი იყოს, მუნ მკაჲცა იქმნების? ხოლო შენ უკუეთუ ყანისა ნაყოფიერისა თესვაჲ გენების, არა თუ შენი ოდენ სთესე, არამედ სხუათაგანცა ივასხი და ზღვევად გიჩნნ ესევითარისა ქუეყანისა თესვასა რიდობაჲ. ხოლო აწ წინამდებარე არს სათესავად ყანაჲ იგი ზეცისაჲ, რომელსა ვერ რომელი უწესობაჲ ჰაერთაჲ ავნებს, არამედ უეჭუელად ასეულად და ათასეულად მოგცემს ნაყოფსა. გცონის თესვად და ჰრიდებ; არა უწყია, ვითარმედ მრავალგზის რიდობაჲ მიზეზ იქმნის ზღვევისა, და არარიდობაჲ - მიზეზ შეძინებისა?

აწ უკუე განაბნიე საფასე, რაჲთა მრავალწილად შეიკრიბო. ნუ ჰმარხავ, რაჲთა არა წარსწყმიდო; წარაგე, რაჲთა შეიძინო; და უკუეთუ დამარხვაჲ გნებავს, ნუ დაჰმარხავ, რაჲთა არა ყოველივე წარსწყმიდო. მიანდვე ნამარხევი იგი ღმერთსა, რამეთუ არავინ წარიტაცოს მისგან. ნუ შენ ჰვაჭრობ, რამეთუ არა იცი ვაჭრობაჲ სარგებელისაჲ, არამედ ავასხე, რომელიიგი უმრავლეს თავთასა მოგცემს აღნადგინებსა; ავასხე, სადა-იგი არა არს

1 ლუკ. 16,9. 2 2 კორ. 9,6.

შური, სადა არა არს შესმენაჲ, არცა შიში; ავასხე, რომელსა არარაჲ ეჴმარების შენგან, არამედ შენი ოდენ ჰნებავს სარგებელი, რომელი ყოველთა ზრდის და შიან შენი ცხორებაჲ, მშიერისა მაგის და წარწყმედილისა, რომელი მდიდარ არს და შენთჳს დაგლახაკნა, რაჲთა განგამდიდროს; ავასხე, რომლისაგან აღნადგინებად მოგეცემის სასუფეველი ცათაჲ. ამის სოფლისა აღნადგინები გეჰენიისა მომატყუებელ არს და იგი - სასუფეველისაჲ. რაჲ უკუე მიუგოთ, რომელ-ესე მცირედისა წილ ფრიადი მოგუეცემის, და მოგუეცემის უეჭუელად; მოგუეცემის ჟამსა, ოდეს ჩუენ დიდად გჳჴმდეს; მოგუეცემის უჭირველად, უყუედრებელად, უშიშებით, და ჩუენ დაუტევებთ ესევითარსა მას სარგებელსა და ვეძიებთ სოფლიოსა ამას, უნდოსა, ამაოსა, სავსესა საცთურითა და ჭირითა და მომატყუებელსა ჯოჯოხეთისასა. რამეთუ არარაჲ არს სოფლიოჲსა ამის აღნადგინებისა და ვახშისა უძ-ჳრეს; არაჲ არს ამისა უბოროტეს, რომელ-ესე მოიყიდის სულ-თქუმასა და ჭირსა გლახაკთასა და სარგებელად უჩნს სხუათა ზღვევაჲ და სასყიდელსა ეძიებს აქავე წყალობისასა, ვითარმცა ეშინოდა, ნუუკუე მოწყალეთა თანა აღიწეროს.

აღნადგინებისა მოყუარე სახითა მოწყალებისაჲთა უღრმესსა აღმოითხრის უწყალოებისა მთხრებლსა, სახითა შეწევნისაჲთა განუმრავლებს გლახაკსა ჭირთა და ზღვევათა, სახითა ჴელის-აპყრობისაჲთა უღრმესსა კაპანსა შთააგდებს, შეიწყნარებს გლახაკსა, ვითარცა ნავთსაყუდელი, და დაანთქამს მას, ვითარცა ნიავქარი გრიგალი, ვითარცა კლდე, დაფლული ზღუასა შინა.

არამედ მეტყჳან მე მოყუარენი იგი აღნადგინებისანი, მოვახშენი და უწყალონი: რაჲ არსო ესე, რომელსა მამცნებ? ოქროჲ იგი, რომელი შრომით შემიკრებიეს, მივსცე სხუასა სესხად, რაჲთა განამრავლოს მან და განმდიდრდეს, და მე სასყიდელი არარაჲ მოვიღოა? ნუ იყოფინ! არა ესრეთ ვიტყჳ, რაჲთა უსასყიდლოდ განხჳდე, არამედ მნებავს სასყიდლის-მიცემაჲ შენი არა უნდოჲსა და მცირისაჲ, არამედ დიდადშუენიერისა და დიდებულისაჲ. რამეთუ ოქროჲსა წილ მნებავს, რაჲთა მიიღო აღნადგინებად სასუფეველი ცათაჲ. ხოლო შენ რაჲსათჳს სიგლახაკესა შინა შეაწყუდევ თავსა შენსა და მიწათა შინა სძურები და დიდის წილ მცირესა ეძიებ და არარასა? ესე საქმე არს უგუნურთა ვაჭართაჲ. ჵ საკჳრველი! ღმერთი აღგითქუამს მცირედისა წილ საფასისა კეთილთა მათ წარუვალთა, და შენ ეტყჳ: ნუ მომცემ სასუფეველსა, არამედ მომეც ოქროჲ იგი წარწყმედადი; ესე გონებისა უფალმან თქჳსა? არა უწყითა, ვითარმედ რომელსა სუროდის სიმდიდრისა ამისთჳს, სოფლიოჲსა საქმისათჳს სურის, წარწყმედადისა და ამაოჲსა?

აწ უკუე რომელსა სიმდიდრე უყუარს ჭეშმარიტი, გამოირჩიენ მან ფრიადი იგი მცირედისა წილ, წარუვალი წარმავალისა წილ, განუხრწნელი განხრწნადისა წილ, არსი იგი არაარსისა წილ, და ესრეთ ორივე მიეცეს. რამეთუ რომელმან შეიყუაროს ქუეყანისაჲ, ვიდრეღა ზეცისაჲ, უეჭუელად ორისაგანვე გამოეჴუას. ხოლო რომელმან ზეცისა კეთილთა პატივსცეს, ვიდრეღა ქუეყანისათა, და იგინი აღირჩინეს, ორივე იგი მიეცეს მას. ამისთჳს ჩუენცა უგულებელს-ვყოთ ქუეყანისაჲ ესე ყოველივე ცუდი და ამაოჲ და აღვირჩინეთ ზეცისა კეთილნი, წარუვალნი იგი და დაუსრულებელნი, რაჲთა მივემთხჳნეთ მათ და ვსუფევდეთ ანგელოზთა თანა მადლი-თა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.