მაგრამ სიტყვის წესრიგს დავუბრუნდეთ და შევხედოთ მართლის მორჩილებას, როგორ ასრულებდა ღვთის ბრძანებებს, მიზეზების ძიების, ანგარიშის მოთხოვნის გარეშე, როგორც ეს ბევრი უგუნური ადამიანი იქცევა, ღვთის საქმეთა გამომძიებელი და ამბობს: რისთვისაა ეს, რისთვისაა ის და რა სარგებელი მოაქვს ამას ან იმას? მართალი ასე არ იქცეოდა: ის, როგორც მონა, რომელსაც ბატონი უყვარს, არაფერს იკვლევდა და ყველაფერს ისე ცდილობდა აღესრულებინა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა. ამაში რომ დარწმუნდე, მოისმინე. ღმერთმა რომ აღთქმა მისცა და მასთან საუბარი დაასრულა, მართალმა მაშინვე აღასრულა ნაბრძანები — ღვთისგან ნაბრძანები სასწაული, ანუ წინადაცვეთა, ისმაელსაც, ყველა სახლისწულსა და მონასაც დაადო, როგორც ღმერთმა უბრძანა. თავადაც წინადაიცვითა. „ხოლო აბრაჰამ იყო ოთხმეოცდაათცხრამეტისა წლისა, — ნათქვამია, — რაჟამს დაიცჳთა ჴორცი დაუცვეთელობისა თჳსისა. ხოლო ისმაილ, ძე მისი, ათცამეტის წლის" (დაბ 17:24–25). ნუ იფიქრებ, რომ წერილი უმიზეზოდ აჩვენებს წლებს: ეს იმისთვისაა, რომ ამითაც შეიცნო მართლის დიდი მორჩილება, რომელმაც, უკიდურეს სიბერეში მყოფმა, მოთმინებით გადაიტანა წინადაცვეთის ტკივილი...
დაბადება 17:24
23. ადგა აბრაამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაელს, თავის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ჰყავდა ნაყიდი, ყველა მამაკაცს, აბრაამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას.24. ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრაამი, როცა დაიცვითა ჩუჩა.25. მისი ვაჟი ისმაელი ცამეტი წლის იყო, როცა დაიცვითა ჩუჩა.
დაბადება თავი 17