...უგეშს მიანიჭებს, როცა შეიტყობენ, რომ მე, ჩემი მდგომარეობით მკვდართაგან არაფრით გამორჩეული, უეცრად დედა გავხდი, დაბერებული საშოდან შვილი ვშობე და კიდევ შემიძლია მისი ძუძუთი კვება და რძის მოცემა, მე, რომელმაც შვილოსნობის არანაირი იმედი აღარ მქონდა. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა?" (). იმისთვისაც მიენიჭა მას რძის წყაროები, რომ შობის ნამდვილობა დაეტკიცებინა, რომ ვინმეს ბავშვი ყალბი არ ეგონა; რძის ნაკადები ყველას ნათლად აჩვენებდა, რომ მოვლენა ყოველგვარ ადამიანურ მოლოდინს აღემატებოდა. „ვინ უთხრას, ვითარმედ აწოებს ყრმასა სარრა", — რომ ძე ვშობე ჩემს სიბერეში? რომ მე, მოხუცმა, შევძელი შობა და, ამ ასაკში, ჯერ კიდევ შემიძლია ძუძუთი კვება? „და განორძნდა ყრმაჲ იგი და განეყენა სძესა და ყო აბრაჰამ სერი დიდი, რომელსა დღესა განეყენა სძესა ისაკ, ძე მისი" ().
6. მოთმინება და სასოება ღვთის მიმართ
ხედავ ღვთის გამოუთქმელ სიბრძნეს — როგორ მოსინჯა მართლის მოთმინება ყოველნაირად და სწორედ მაშინ მოიყვანა აღთქმა აღსრულებამდე, როცა თავად მამამთავარსაც და ყველა მის მხილველსაც, ადამიანური ბუნების მიხედვით, თითქოს არანაირი იმედი აღარ ჰქონდა? მაშ, ჩვენც, საყვარელნო, ვაჩვენოთ ისეთ...