1. დამცინიან ჩემზე უმრწემესნიც, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებში არ გავრევდი;2. რაღაში მარგია მათი მკლავის ძალა? სიბერე ეწია მათ.3. შიმშილისგან გაძვალტყავებულნი გარბიან გვალვიან უდაბნოში, დიდი ხნის მიტოვებულ ტრამალებში;4. ქათანაცარას წიწკნიან ბუჩქებდაან და კურდღლისცოცხას ფესვებია მათი პური;5. ადამიანთაგან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰყვებიან;6. რომ ხევ-ხუვებში და მიწის მღვიმეებში იცხოვრონ;7. ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარების ქვეშ იყუჟებიან;8. არამზადებივით, უგვანი ბრბოსავით, განიდევნენ ქვეყნიდან;9. ახლა მათი სამღერელი და სალაპარაკო გავხდი;10. ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ სახეში,11. რადგან ახსნეს ჩემი თოკი და შემაჭირვეს, ლაგამი დამიგდეს წინ.12. მარჯვნივ ნაბიჭვარი აღმიდგა და ფეხებში მცემენ, ჩემი დაღუპველი გზები მოასწორეს;13. დამინგრიეს გზა-სავალი ჩემს დასამხობად, შემწეც არ უნდათ;14. თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან;15. საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი;16. და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;17. ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს სახსრებს;18. ძლივძლივობით მეხდება ტანსაცმელი, პერანგის საყელოსავით მაქვს შემოჭერილი;19. ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე;20. შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენს წინაშე და ვერ მამჩნევ;21. მტარვალად მექეცი, შენი ძლიერი მკლავით მებრძვი;22. ამწიე და ქარზე შემაგდე, ქარიშხალს მიმეცი გასაცამტერებლად.23. ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;24. განა ნანგრევიდან არ იწვდიან ხელს და უბედურებაში არ ითხოვენ შველას?25. განა არ მიტირია ბედშავზე? განა არ მიწუხნია გაჭირვებულზე?26. ჰოდა, სიკეთეს ველოდი და ბოროტება მოვიდა, ნათელს ვთესავდი და ბნელი მოვიდა;27. შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა;28. ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ;29. ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს;30. კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები;31. მოთქმად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური!