მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აჰა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“ (10,16).

ვინაჲთგან სათანადოჲსა მისთჳს ჴორცთა საზრდელისა განაწესა, თუ ვინაჲ იყოს მორეწაჲ მისი, და სახლნი მორწმუნეთანი განუხუნა მათ და ბრძანა, ვითარმედ თანამდებ არიან გამოზრდად მათდა; და წესი შესლვისა მათისაჲ განაწესა და მოკითხვისაჲ, რომელ ეგულებოდა მიცემად; და საშინელი იგი სასჯელი განაჩინა მათ ზედა, რომელნი არა შეიწყნარებდენ მათ; და სასწაულთმოქმედებითა შეჭურნა; და ყოვლით კერძო მტკიცე და შეურყეველ ყვნა; და ყოვლისა ჴორციელისა ზრუნვისაგან შორს-ყვნა; ვინაჲთგან ესე ყოველი კეთილად და შუენიერად შეჰმზადა, ამიერითგან იწყებს თხრობად მოწევნადთა მათ ზედა ჭირთა და განსაცდელთა, არა რომელ-იგი მოკლედ ხოლო ყოფად იყო, არამედ ყოველივე, რომელიცა შემდგომად მრავლისა ჟამისა მოწევნად იყო, რაჲთა შორითვე შეჭურნეს და განმზადნეს ბრძოლად ეშმაკისა. რამეთუ ფრიად სარგებელ ეყოფოდა მათ საქმე ესე: პირველად, რაჲთა გულისჴმა-ყონ წინაჲსწარმცნობელობისა მისისა ძალი; მეორედ, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ უძლურებისაგან მოძღურისა მათისა შეემთხჳნეს მათ ესევითარნი იგი განსაცდელნი, არამედ ცნან ყოველთა, ვითარმედ მან უბრძანა ესრეთ თავს-დებად მიუთხრობელითა მით განგებულებითა თჳსითა; მესამედ, რაჲთა არა მოულოდებელად შეემთხჳნენ მათ ჭირნი იგი და უცხოდ აღუჩნდეს და შეშფოთნენ; მეოთხედ, რაჲთა არა ჟამსა მას ჯუარ-ცუმისა მისისასა ესმნენ ესე საქმენი და უმეტესად შეწუხნენ, რამეთუ ეგრეთცა მწუხარებისაგან მაშინ დიდად დამძიმდეს, ამისთჳს აბრალებდა მათ და ჰრქუა: „ამას გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი“.1 ამის ყოვლისათჳს აწვე შორით ყოველსა მიუთხრობს, რაჲ-იგი შემთხუევად იყო მათდა.

ხოლო რაჲთა ცნან, ვითარმედ ახალი არს ბრძოლისა ამის რჩული და საკჳრველი არს განწყობილებისა ამის წესი, ვითარ შიშუელთა და უჴამლოთა და თჳნიერ კუერთხისა და თჳნიერ ვაშკარანისა წარავლენს განწყობად მბრძოლთა მიმართ დიდთა და მრავალთა, არა ამას ზედა ხოლო დაასრულა სიტყუაჲ თჳსი, არამედ უმეტესი საკჳრველებაჲ შესძინა, რაჲთა უმეტესად ცნან მათ ძალი მისი; ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: შორის მგელთა მრავალთა გიჴმს შესლვაჲ, და ამცნებს, რაჲთა შევიდოდინ შორის მგელთა, ვითარცა ცხოვარნი, არა ესე ხოლო, არამედ რაჲთა უმანკოცა იყვნენ, ვი-თარცა ტრედნი. ეჰა ბრძოლაჲ საკჳრველი, ჵ განწესებაჲ ესე უცხოჲ, ცხო-

1 შდრ. იოან. 16,6.

ვართა და ტრედთაჲ მგელთა მიმართ განწყობაჲ და შორის მათისა მის ბანაკისა შესლვაჲ.

გარნა იხილეღა მიუთხრობელი იგი ძალი ერისმთავრისაჲ მის, ვითარ ქმნა, რომელ ცხოარნი და ტრედნი მგელთა მძლე ექმნეს და, შე-რაჲ-ვიდეს შორის მათსა, არა ხოლო თუ მრავლისა მის კბენისა მათისაგან არა იძლინეს, არამედ იგინიცა მგლობისაგან შეცვალნეს, რომელ-ესე ფრიად უაღრეს არს და უზეშთაეს, ვიდრეღა მოკლვაჲ, შეცვალებაჲ ბუნებისა მგელთაჲსა, რამეთუ მგელთა მოჰკლვენ მრავალნი, ხოლო შესცვალებს მგელთა ცხოვრად ვერვინ, გარნა მათ, რომელნი ყოველთა მეუფისა მიერ აღჭურვილ იყვნეს. ამისთჳსცა ათორმეტნი იყვნეს, და ყოველი სოფელი აღვსებულ იყო მგელთაგან, არამედ უშიშად ერეოდეს იგინი მათ ყოველთა და უმრავლესნი ცხოართა სიკეთედ მოაქცინეს, ხოლო რომელნი არა მოიქცნეს, არა მოციქულთაჲ იყო ბრალი, არამედ მათისა მის გარდარეულისა და გარდამატებულისა უკეთურებისაჲ.

ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი მტერთა თჳსთა, ვითარცა მგელნი, ებრძვიან, რამეთუ წინააღუდგებიან ბრძანებასა უფლისასა, რომელმან-იგი ვითარცა ცხოვართაჲ ბრძანა შესლვად ბრძოლასა მგელთასა. აწ უკუე ვიყვნეთ თუ ვითარცა ცხოარნი, ვერეოდით მტერთა, დაღაცათუ ბევრეულნი მგელნი იყვნენ. ხოლო მგელ თუ ვიქმნეთ, ვიძლინეთ, რამეთუ განგუეშორების ძალი იგი და შეწევნაჲ მწყემსთმთავრისაჲ მის, რომელი-იგი ცხოართა ჰმწყსის, არა თუ მგელთა. ამისთჳსცა, მგელ თუ ვიყვნეთ, დაგჳტეობს ჩუენ და წარვალს, რამეთუ არა ვინებეთ შეწევნისა მისისა მოგებად; ხოლო მშჳდ თუ ვიყვნეთ, ვითარცა ცხოვარნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი, უფალი არს თანაშემწე ჩუენდა და წინააღმდგომ მბრძოლთა ჩუენთა.

ხოლო შენ გულისჴმა-ყავ ახოვნებაჲ იგი მოციქულთაჲ, ვითარ ესმნეს სიტყუანი იგი ფიცხელნი და არა შეშინდეს, არცა დაიჴსნნეს კაცნი უმეცარნი ესევითართა საქმეთა, კაცნი უსწავლელნი და გლახაკნი. ესმა, ვითარმედ მოძულებულ იყვნენ ყოველთაგან, მიეცნენ სატანჯველთა და სამსჯავროთა და თითოსახეთა სიკუდილთა, და უფროჲსღა, რომელ შემდგომად სასწაულთა საქმისა ესევითარივე მოწევნად იყო მათ ზედა; არამედ ამის ყოვლისათჳს არცა შეშინდეს, არცა დაიჴსნეს, რამეთუ ძალი იგი და მადლი მოძღურისა მის და მეუფისაჲ იქმოდა მათსა მას ახოვნებასა და უშიშობასა. ამისთჳსცა ყოვლისა პირველად ესე ჰრქუა მათ: „აჰა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა“, კმა არს ესე თქუენდა ნუგეშინისსაცემელად, კმა არს ესე თქუენდა განმაძლიერებელად, რომელ მე წარგავლინებ. იხილეა ჴელმწიფებაჲ? იხილეა ძალი იგი უძლეველი?

ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს: ნუ შესძრწუნდებითო, რომელ შორის მგელთა წარგავლინებ და გიბრძანებ, რაჲთა იყვნეთ, ვითარცა ცხოვარნი და ვითარცა ტრედნი, რამეთუ ძალ-მედვა არა ვითარცა ცხოართა შორის მგელთა წარვლინებად, არამედ რაჲთამცა გყვენ, ვითარცა ლომნი, საშინელ ყოველთა მიერ, არამედ ესრეთ ჯერ-არს ყოფად, ვითარ-ესე ვიქმ; ამან საქმემან თქუენცა უმეტესად განგაბრწყინვოს და ჩემი ძალი უბრწყინვალესად გამოაჩინოს. ვითარცა-იგი ოდესმე ეტყოდა პავლეს: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“.1

ხოლო ვინაჲთგან თჳსისა ძალისა და ჴელმწიფებისა სახე აუწყა, რაჲთა არა ყოველივე მადლისა მისისაჲ იყოს, არამედ მათცა აჩუენონ თავისა მიერ თჳსისა ნაყოფი სათნოებისაჲ, ამისთჳს ჰრქუა მათ: „იყვენით მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. რომელი არს მეცნიერებაჲ იგი გუელისაჲ, რომელსა ბრძანებს მოგებად? ესე იგი არს: ვითარცა გუელი უფროჲს ყოვლისა თავსა იფარავს, დაღაცათუ ყოველი გუამი მისი მოიწყლას, ვიდრემდის ცხოელ იყოს, თავსა იფარავს, ეგრეთვე შენ ჟამსა განსაცდელთასა სარწმუნოებაჲ შენი შეიკრძალე; ნუ ჰრიდებ ნუცა საფასეთა, ნუცა ჴორცთა, ნუცა სულსა შენსა მიცემად სიკუდილად, რამეთუ თავი და საფუძველი ცხორებისა შენისაჲ სარწმუნოებაჲ არს; უკუეთუ იგი დაიცვა, ყოველივე თუ წარსწყმიდო, ნუ ჰზრუნავ, კუალად მოგეცეს შენ უმეტესად. და კუალად, ოდეს-იგი ენებოს გუელსა ძუელისა მის ტყავისა აღძარცუვაჲ, მეცნიერებით აღიძარცჳს, რამეთუ შევალს ჴურელსა იწროსა და შეიწრებითა ფრიადითა ტყავსა მას დაძუელებულსა განაგდებს. ჯერარს უკუე ჩუენდაცა შესლვითა იწროჲსა მის ბჭისაჲთა და საჭიროჲსა მის გზისა სლვითა აღძრცუად ძუელისა მის კაცისა და შემოსად ახლისა მისა, რომელი მსგავსებითა უფლისაჲთა განახლდების ჩუენ შორის.

ამის ესევითარისა ჯერისათჳს მეცნიერებასა მას გუელისასა ბაძვად განაწესა და მერმე უმანკოებაჲ ტრედისაჲ დაურთო, რაჲთა ორისა ამის სახისა შეზავებითა აღესრულოს წესი სათნოებისაჲ. თქუა მეცნიერებაჲ გუელისაჲ, რაჲთა ფრთხილ ვიყვნეთ ეშმაკთა მიმართცა და კაცთა მიმართ ბოროტისა განმზრახთა და არა განვსცემდეთ აზნაურებასა სულისა ჩუენისასა, არცა მივერჩდეთ ვნებასა სულისასა; და მერმე დაურთო უმანკოებაჲ ტრედისაჲ, რაჲთა არა ბოროტსა უყოფდეთ ბოროტისმყოფელთა ჩუენთა, არცა მივაგებდეთ ნაცვალსა მტერთა ჩუენთა, რამეთუ ამათ ორთა სახე-თაგან უკუეთუ ერთიცა აკლდეს კაცსა, არა აქუს მას წესი სათნოებისაჲ.

ეჰა ბრძანებაჲ სრულებისაჲ, არა კმა არს მოთმინებაჲ განსაცდელთაჲ, არამედ არცა თუ განრისხებად შეგინდობო, რამეთუ ესრეთ არს სახე ტრედისაჲ. თქუას სადმე ვინ, ვითარმედ: ვის ძალ-უც ესე, ანუ ვითარ ეგების, უკუეთუმცა ლერწამი დაურთო ცეცხლსა და ეტყოდა არა დაწუვად? არამედ ცუდ არიან სიტყუანი ესე და ამაო, რამეთუ აღესრულნეს მცნებანი იგი დაუკლებელად; და მეცნიერ იქმნეს სანატრელნი იგი, ვითარცა გუელი, და უმანკო, ვითარცა ტრედი, და არა თუ სხჳსა რაჲსმე ბუნებისანი იყვნეს იგინი, არამედ ჩუენისავე ამის ბუნებისანი.

1 2 კორ. 12,9.

აწ უკუე ნუვინ ჰგონებს, თუ შეუძლებელ არიან მცნებანი ქრისტესნი, რამეთუ უმჯობეს ყოველთასა მან მხოლომან იცნის ბუნებანი საქმეთანი და არარაჲ შეუძლებელი გჳბრძანა; უწყის, ვითარმედ სიფიცხესა სიმშჳდე უფროჲსად მძლე ექმნების, ვიდრე სიფიცხევე, და უკუეთუ სახესა ეძიებ ამის საქმისასა, აღმოიკითხე წიგნი იგი „საქმე მოციქულთაჲ“ და იხილო, რავდენგზის აღბორგდა ერი იგი ჰურიათაჲ მოციქულთა ბრძოლად და კბილთა იღრჭენდეს, ხოლო იგინი, ვითარცა ტრედნი უმანკონი, სიმშჳდით დგეს და სიტყჳთა დაწყნარებულითა სიბორგილე მათი განაქარვიან. ოდესმე ეტყოდეს რაჲ იგინი: ნუ იტყჳთ, ნუცა ასწავებთ სახელითა იესუსითა, მიუგეს მათ: „უკუეთუ სამართალ არს თქუენი სმენაჲ უფროჲს, ვიდრეღა ღმრთისაჲ, საჯეთ“;1 აჰა უმანკოებაჲ ტრედისაჲ. იხილე კუალად მეცნიერებაჲ გუელისაჲ: „ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფებისო, რომელი-იგი ვიხილეთ და გუესმა, ვითარმცა არა ვიტყოდეთ“.2 ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო შეკრძალულებაჲ ჯერ-არს, რაჲთა არცა განსაცდელთაგან ძრწოდის კაცი, არცა გულისწყრომისაგან განფიცხნებოდის? ამისთჳსცა ეტყჳს უფალი მოწაფეთა თჳსთა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა“ (10,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველგან თავს-დებაჲ ბოროტთაჲ მათ უბრძანა და ჴელმწიფებაჲ ტანჯვისაჲ სხუათა მისცა, რაჲთა სცნა, ვითარმედ თავს-დებასა შინა განსაცდელთა და სატანჯველთასა მიეცა მათ ძლევაჲ ბრწყინვალე და დიდებული.

ეჰა ძალი იგი მეუფისაჲ, რომელ უძლურებითა ძლიერნი დაამჴუნა! ეჰა სიკეთე გონებათა მათთაჲ, ვითარ არა განჰკრთეს, არა თქუეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს საქმე ესე? ჩუენ ზედა აღდგებიან მეფენი და მთავარნი, ჩუენთჳს განემზადებიან დილეგნი, ჩუენ ზედა აღიძრვიან ერნი ჰურია-თა და წარმართთანი, ყოველი სოფელი მბრძოლად ჩუენდა გამოვალს, ჩუენ ძლით შვილთა მკლველ და ძმათა მკლველ და მამათა მბრძოლ იქმნებიან კაცნი, რამეთუ თქუა: „მისცნეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ, და მამამან - შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ“.3 ვითარ უკუე სხუათა ჰრწმენეს ჩუენი, ოდეს ჩუენ მიერ ესევითარნი ბუნებისა ბრძოლანი იქმნენ? არა ყოველნი მბრძოლ და მდევარ ჩუენდა იქმნენა და ყოვლისა სოფლისაგან განგჳოტნენ? დაღაცათუმცა არა ათორმეტნი ვიყვენით, არამედ ბევრეულნი, დაღაცათუმცა არა უსწავლელნი ვიყვენით, არამედ ფილოსოფოსნი, ვითარმცა უძლეთ ესოდენთა ამათ განსაცდელთა

1 საქმე 4,19. 2 საქმე 4,20. 3 მათ. 10,21.

და ბრძოლათა თავს-დებად? ხოლო აწ ათორმეტნი ვართ და ყოველთა მიერ დაწუნებულნი სიგლახაკისა ჩუენისათჳს და უსწავლელობისა, რაჲ-მე იყოს სასოებაჲ ჩუენი? ვითარ შთავცჳვენით სიძნელესა ამას? - არარაჲ ესევითარი თქუეს, არცა მოიგონეს, არამედ ყოველსავე მორჩილებით და უმანკოებით შეიწყნარებდეს, რამეთუ დიდ იყო მათიცა სიკეთე და ერთგულებაჲ და უფროჲსად სახიერისა მის მოძღურისა მადლი და დიდებაჲ და ფრიადი იგი სიბრძნე, ვითარ თითოეულსა ძნელოვნებასა თანა ნუგეშინის-ცემაჲ შეაუღლა. ოდეს-იგი ჰრქუა, ვითარმედ: ნურაჲ გაქუნ გზასა და ვიდოდეთ უპოვრებით, მეყსეულად დაურთო, ვითარმედ: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“;1 კუალად, ოდეს თქუა, თუ: „არა შეგიწყნარნენ თქუენ“, შესძინა, ვითარმედ: „უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი“;2 და კუალად, აწ თქუა რაჲ, ვითარმედ: „წინაშე მეფეთა და მთავართა მიგიყვანნენ თქუენ“, შესძინა: „ჩემთჳსო, საწამებელად მათა და წარმართთა“. ხოლო ესე არა მცირე ნუგეშინის-ცემაჲ არს, რაჟამს ვნებაჲ იგი ქრისტესთჳს იყოს და მათდა სამხილებელად, რაჟამს იცოდინ, ვითარმედ ღმერთი მარადის ჩუენ თანა არს, რომელმან ყოველივე წინაჲსწარ უწყის. და ამას თანა სხუაჲცა ნუგეშინის-ცემაჲ ფრიადი წინაუყო მოძღუარმან მან და მეუფემან სახიერმან და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის“ (10,19-20).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა შეურვებულ იყვნენ სიტყჳს-გებისათჳსცა მეფეთა მიმართ და მთავართა და დარწმუნებისათჳსცა ერისა მის ბოროტთა შინა განფრდილისა, ამისთჳს აღუთქუა მათ მიცემად სიტყჳსა ესევითარისა, რომელსა ვერვინ უძლოს წინააღდგომად. და სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „მე მოგცე პირი და სიბრძნე“,3 ხოლო აქა იტყჳს, ვითარმედ: „სული მამისა თქუენისაჲ იტყოდის თქუენ შორის“, რაჲთა ცნან, ვითარმედ პატივსა მას და საზომსა წინაჲსწარმეტყუელთასა აღსრულ არიან, და რამეთუ ერთ არს მისმიერი მიცემაჲ სიბრძნისაჲ და სულისა მიერ წმიდისა, რამეთუ ყოველივე განუყოფელ არს მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ: მადლი და დიდებაჲ, პატივი და ძალი და მეუფებაჲ.

ხოლო ვინაჲთგან აუწყა ძალი იგი, მოცემადი მათდა, მერმე განსაცდელთა მათცა მოწევნადთა მიუთხრობს და ეტყჳს:

1 მათ. 10,10. 2 მათ. 10,14-15. 3 ლუკ. 21,15.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ, და მამამან - შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“ (10,21-22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ ძნელ იყვნეს სიტყუანი ესე და შემძლებელ კლდისაცა შერყევად, არამედ აქაცა ნუგეშინის-ცემაჲ თანაშეაერთა: სახელისა ჩემისათჳს შეგემთხჳოსო ესე ყოველი; და სხუაჲცა დაურთო სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ: რომელმან დაითმინოსო სრულიად, იგი ცხონდეს. ესოდენ აღორძინდესო ძალი ქადაგებისა თქუენისაჲ, ვიდრეღა მრავალთა ბუნებაჲცა უარ-ყონ და თჳსებაჲ შეურაცხ-ყონ და უფროჲს ყოვლისა სიტყუასა თქუენსა პატივ-სცენ. აწ უკუე ვინაჲთგან მძლავრებაჲ იგი ბუნებისაჲ ვერ შემძლებელ არს თქუენდა წინააღდგომად, სხუაჲმცა ვინ უძლო წინააღდგომად? გარნა არა ადვილად და უშრომელად წარემართოს ქადაგებაჲ იგი თქუენი, არამედ ჭირითა მრავლითა და შრომითა, და იყვნეთ მო-ძულებულ ყოველთაგან უკეთურთა და უშჯულოთა და არაღირსთა ცხორებისათა, რომელთათჳს ზემო ვთქუ, ვითარმედ უძჳრეს იყოს სასჯელი მათი სოდომელთასა. ხოლო ნეტარ იყოს, რომელმან ესე ყოველი სახელისა ჩემისათჳს სრულიად მოითმინოს, ესე იგი არს, რომელი აღსასრულადმდე ეგოს კეთილსა მას შინა აღსაარებასა, რამეთუ იგი ცხონდეს და სასუფეველი ცათაჲ დაიმკჳდროს.

სადა არიან აწ წარჩინებულნი იგი წარმართთა ფილოსოფოსნი, მდიდარნი იგი და მძლავრნი, რომელნი ჰგონებდეს, თუ უკუნისამდე ეგოს საჴსენებელი მათი? აჰა ესერა ვითარცა სიზმარი დავიწყებულ არიან და ვი-თარცა არაყოფილნი შეირაცხნეს, რომელთა ესოდენი აქუნდა დიდებაჲ და ქებაჲ ერთა მიერ, და სიმდიდრითა ფრიადითა სავსე იყვნეს, და სწავლულებაჲ სიბრძნისა მის წარწყმედადისაჲ აურაცხელი აქუნდა. სადა არს აწ საჴსენებელი მათი? წარჴდა და უჩინო იქმნა. ეგრეთვე მეფენი, ძლიერნი და მპყრობელნი ერთა და ქუეყანათა მრავალთანი, დავიწყებულ არიან ჯოჯოხეთსა შინა. ხოლო ათორმეტთა მათ ყოველნივე სიმრავლენი ეშმაკთანი და ყოვლისა სოფლისა მეფენი და მძლავრნი მბრძოლად აღუდგეს, გლახაკ-თა მათ და უსწავლელთა, ხოლო იგინი ყოველთავე ერეოდეს და ყოველთა მძლე ექმნეს. და საკჳრველი ესე არს, რომელ არა თუ მოსწყჳდნეს, რომელ-თაცა ერეოდეს, არამედ მოაქცინეს ღმრთისა; პოვნეს ეშმაკთა სწორად და ყვნეს ანგელოზთა თანამოდასედ; ბუნებაჲ კაცთაჲ ბოროტისა მის ეშმაკთა მძლავრებისაგან განათავისუფლეს, ხოლო ყოველთა ბოროტთა მომპოვნებელნი იგი ეშმაკნი სრულიად განდევნეს კაცთაგან; არა სოფლისაგან ხოლო დაშენებულისა, არამედ უდაბნოთაგანცა განიოტნეს; და წამებენ კრებულნი მონაზონთანი, რომელნი სწავლითა მათითა დაენერგნეს უდაბნოთა შინა და საყოფელ ანგელოზთა ყვნეს იგინი.

ესრეთ ყოველთავე მბრძოლთა და წინააღმდგომთა მძლე ექმნეს და ყოველთა სიბრძნისმეტყუელთა პირი დაუყვეს; ხოლო მათნი ენანი ვერვინ დააყენნა, არამედ ვითარცა-იგი ბრწყინვალებასა მზისასა ვერვის ძალ-უც დაყენებად, ეგრეთვე ვერცა ღმრთისმეტყუელთა მათ პირთა მათთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფა დადუმებად. ესე ამისთჳს, რამეთუ არა იგინი იყვნეს მეტყუელნი, არამედ ძალი იგი სულისა წმიდისაჲ. ხოლო მათცა, რაჲ-იგი საძიებელ იყო, აჩუენეს: გონებაჲ კეთილი, სიყუარული ქრისტესი, მორჩილებაჲ შეუორგულებელი, მოთმინებაჲ განსაცდელთაჲ; ამისთჳსცა სამართლად მიიღეს ძალი მაღლით გამო.

და იხილე, ვითარ პირველითგან რომელიმე უფლისა მიერ იყო და რომელიმე - მოწაფეთა მიერ: ქმნაჲ სასწაულთაჲ უფლისა მიერ იყო, ხოლო არარაჲსა მოგებაჲ მათისა მის სათნოებისაჲ იყო; კუალად, გან-ღებაჲ კართაჲ და შეწყნარებაჲ მათი ზეგარდამოჲსა მადლისაჲ იყო, ხოლო არარაჲსა უმეტეს თანაწარუვალისა მის საჴმრისა ძებნაჲ მათისა მის სიბრძნისაჲ იყო; მიცემაჲ მშჳდობისაჲ ზეგარდამოჲსა მის მადლისაჲ იყო, ხოლო ძიებაჲ ღირსთაჲ და არა ყოველთა მიმართ შესლვაჲ მათისა მოთმინებისაჲ იყო; ტანჯვაჲ არაშემწყნარებელთა მათთაჲ უფლისა მიერ იყო, ხოლო განურისხველად წარსლვაჲ მათისა მის სიმშჳდისაგან აღესრულებოდა; მიცემაჲ სულისა წმიდისაჲ უფლისა მიერ იყო, ხოლო მიმსგავსებაჲ ცხოართა და ტრედთა და ყოვლისავე სიმშჳდით თავს-დებაჲ მათისა ახოვნებისაგან იქმნებოდა; მოქცევაჲ ერთაჲ მადლისაგან იყო საღმრთოჲსა, ხოლო მოთმინებაჲ სრულიადი მათ აჩუენეს. ამისთჳსცა თქუა უფალმან: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“. რამეთუ მრავალნი დაწყებასა მჴურვალე არიან კეთილთა საქმეთა შინა და მერმე დაიჴსნებიან, ამისთჳს იტყჳს უფალი: აღსასრულსა ვეძიებო; რამეთუ რაჲ სარგებელ არს თესლი, რომელი მყის აღმოეცენის და აღყუავნის და მერმე დაჭნის და განჴმის და არა სრულ-ყვის ნაყოფი თჳსი? ამისთჳს ვიდრე აღსასრულადმდე ეძიებს მოთმინებასა უფალი. რაჲთა არავინ თქუას, თუ: ყოველივე უფალმან მიანიჭა, და რაჲ არს მათი მადლი? ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: მრავალნი შემთხუევად არიან თქუენდა შრომანი და განსაცდელნი, და ჯერ-არს თქუენდა ყოვლისავე მოთმინებაჲ. დაღაცათუ ერთისა განსაცდელისაგან გიჴსნე კეთილად, სხჳსათჳს დამარხულ ხართ. და ვიდრემდის სოფელსა ამას შინა იყვნეთ, ჭირნი და განსაცდელნი არა დაგაკლდენ. ამისთჳს გეტყჳ: „რომელმან მოითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.

და კეთილად ჰრქუა: „ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით“, რამეთუ ნანდჳლვე ფრიად საზრუნველ იყო, წარადგინნიან რაჲ წინაშე მეფე-თა და მძლავრთა, ერთა ზედა და მჴედრობათა, მახჳლთა წინაშე წუდილთა და მტარვალთა განმზადებულთა, და არცა თუ სიტყჳსა თქუმად შეუნდობდიან, არამედ, ვითარცა მაშფოთებელთა სოფლისათა, ძჳრ-ძჳრითა სიკუდილითა ენების მოწყუედაჲ მათი. ამისთჳსცა იგინი თჳსსა მოთმინებასა და ახოვნებასა აჩუენებდიან, გარნა ზეგარდამოჲცა მადლი და შეწევნაჲ ფრიადი უჴმდა და სიტყუაჲ სულისა მიერ წმიდისა მოცემული დაყოფად პირსა ცილისმწამებელთა მათთასა და დარწმუნებად ერისა ჭეშმარიტისა მის ქადაგებისა მათისა, ვითარცა-იგი იხილვების თითოეულისა მიერ: პეტრეს და პავლეს და იოვანეს და სხუათა ყოველთავე, რომელთა ზედა შემოიღებდიან შესმენათა მრავალთა. ხოლო მათ სიტყჳთა მით სიბრძნისა და მეცნიერებისა მათისაჲთა, რომელი აქუნდა სულისა მიერ წმიდისა, ყოველივე განაქარვიან და დაარწმუნიან ერთა ჭეშმარიტებისა იგი სახარებაჲ. და ესე ყოველი მრავლითა მით მოთმინებითა მათითა წარჰმართეს მადლითა ქრისტესითა, ვითარცა იტყჳს პავლე: „დღითი-დღე მოვსწყდებით“;1 და ესრეთ აღსასრულადმდე თავს-იდებდეს ყოველთა მათ აურაცხელთა და მიუთხრობელთა ჭირთა და განსაცდელთა.

სწავლაჲ ლგ მოთმინებისათჳს განსაცდელთაჲსა და სახე იობისგან

აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ ჩუენ, რომელთა ესოდენნი სახენი მოთმინებისანი გუქონან და ჩუენ ჟამსაცა მშჳდობისასა დავიჴსნებით, თჳნიერ მბრძოლთასა მოვსწყდებით, თჳნიერ მდევართასა ვივლტით, მყუდროებით და უშრომელად ცხორებაჲ გჳპოვნიეს და ეგრეთცა ვიღელვებით. მაშინ ყოველივე სოფელი, ვითარცა ერთი საჴუმილი, ეტყინებოდა, და მოციქულნი შერბიოდეს და ალისა მისგან გამოიტაცებდეს კაცთა. ხოლო შენ, კაცო, ვერცა თუ თავსა შენსა დაიცავა? არა არს აწ დევნულებაჲ, არცა ტანჯვაჲ, არამედ ყოველივე მყუდროებაჲ იხილვების: მეფენი მორწმუნენი და პატივი ქრისტეანეთაჲ ფრიადი და სწავლანი სულიერნი, და ამას ყოველსა ზედა ფრიადი არს უდებებაჲ და დაჴსნილობაჲ.

ანუ არა ჩუენისა ამის ბუნებისანი იყვნეს წმიდანი იგი? რაჲ არს უკუე ესოდენი ესე შეცვალებაჲ წესთაჲ? რაჲ არს ესევითარი ესე დაჴსნილობისა ჩუენ ზედა მოფენილი არმური? აწ უკუეთუმცა იქმნა, - რომელ-იგი ნუმცა სადა ქმნილ არს, - დევნულებაჲ ეკლესიათაჲ, არამცა საცინელ ყოველთასა ვიქმნენითა? რამეთუ უკუეთუ მშჳდობისა ჟამსა ვერ აღდგებოდის კაცი, ვითარ შევიდეს იგი მწყობრსა დღესა ბრძოლისასა? რომელი ყოვლადვე რკინობასა არა ცდილ იყოს, ვითარ შევიდეს სარბიელსა რკინობად? არა ჯერ-იყოა ჩუენდა დღითი-დღე ბრძოლაჲ და სრბაჲ ასპარეზსა მას სულიერსა, რაჲთა გამოცდილ და ჴელოვანმცა ვიყვენით, ვითარცა იქმან სოფლიონნი მორკინალნი და მალემსრბოლნი, მსახიობელნი და მჴედარნი? ყოველნივე ჴელოვნებასა შინა თჳსსა დაუცხრომელად იწურთებიან, რაჲთა ჟამსა ჯეროანსა გამოცდილ იპოვნენ.

1 შდრ. 1 კორ. 15,31.

აწ უკუე შენცა, მორწმუნეო, ჰბაძევდი მათ და ბრძოლათა შინა ეშმაკისათა დღითი-დღე მჴნდებოდე; მარადის მბრძოლი გეწყვების, ოდესმე გულისწყრომისა მიერ, ოდესმე გულისთქუმათა მიერ ბოროტთა და თითოსახეთაგან ვნებათა; შენცა მარადის წინაგანეწყვებოდე მას და წინააღუდგებოდე ყოველთავე ვნებათა, თავს-იდებდ განსაცდელთა გონებისათა, რაჲ-თა უკუეთუ ჴორციელნიცა მოგიჴდენ, მოითმინნე. რამეთუ ნეტარი იობცა უკუეთუმცა არა წურთილ იყო მოთმინებასა, ვერმცა ესრეთ ახოვნად და კეთილად თავს-ესხნეს დიდნი იგი განსაცდელნი: მონაგებისა ყოვლისავე მოოჴრებაჲ და შვილთა მოწყუედაჲ და ჴორცთა თჳსთა წყლულებაჲ, მეუღლისა წყალობაჲ, მეგობართა ყუედრებანი, მონათა შეურაცხებანი.

ხოლო რაჲ იყო წურთაჲ მოთმინებისა მისისაჲ? სიმდიდრე იგი და მონაგებნი შეერაცხნეს არარად, ვითარცა თავადი წამებს სიტყჳთა თჳსითა, ამისთჳსცა არცა წარწყმედაჲ მათი შეჰრაცხა ყოვლადვე. შვილთა თჳსთა ყოველთა ღმრთისმოშიშებითა ზრდიდა; რომელი-იგი უცნაურთაცა ბრალ-თა მათთათჳს მსხუერპლსა შესწირვიდა, ოდესმცა შეუნდო მეცნიერებით ცოდვად?

ისმინე სიწმიდისათჳსცა წურთილებაჲ მისი: „საზღვარი დავდევო თუალთა ჩემთა არა მიხედვად დედაკაცსა უცხოსა“.1 ამისთჳსცა არცა ცოლსა თჳსსა მიერჩდა სიტყუად უჯეროებისა. ამისთჳსცა განკჳრვებულ ვარ, ვითარ, იცოდა რაჲ ეშმაკმან ესევითარი იგი კეთილსა შინა წურთილობაჲ მისი, იკადრა ბრძოლად მისა. გარნა უკეთური არს ბოროტი იგი, არაოდეს წარიკუეთს სასოებასა ბრძოლისასა, რომელ-ესე უმეტესი დასასჯელი არს ჩუენი, რამეთუ იგი არაოდეს წარიკუეთს სასოებასა წარწყმედისა ჩუენისასა, და ჩუენ წარვიკუეთთ სასოებასა ცხორებისა ჩუენისასა. ხოლო წყლულებასა მას გუამისასა და მოწევნასა სენთასა იხილე, ვითარ იწურთიდა ნეტარი იგი: ვინაჲთგან მისდა ესევითარი არარაჲ სადა შემთხუეულ იყო, არამედ მარადის დიდებასა და შუებასა შინა აღზრდილ იყო, სხუათა ხედვიდა უძლურთა და განრღუეულთა და თავსა თჳსსა მზაჰყოფდა ესევითარისათჳს. და ამას მოასწავებს სიტყჳთა მით, რომელსა იტყჳს: „შიში, რომელი მეშინოდა, მოიწია ჩემ ზედა, და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე“;2 და კუალად იტყჳს: „მე ყოველსა ზედა უძლურსა ვტიროდე და სულთ-ვითქუემდ, ვიხილი რაჲ კაცი ჭირსა შინა“.3 ამისთჳსცა ვერარამან შეაშფოთა დიდთა მათ განსაცდელთაგანმან. რამეთუ ნუ წარწყმედასა მას საფასეთასა იტყჳ და სიკუდილსა შვილთასა და წყლულებასა ჴორცთასა და ბოროტის-ზრახვასა მეუღლისასა, არამედ სხუანი იგი განსაცდელნი იხილენ, ფრიად უძჳრესნი. სთქუა სადმე, ვითარმედ: სხუაჲ არა წერილ არს განსაცდელი იობისთჳს; - ამისთჳს, რამეთუ უგულისჴმოდ ვიკითხავთ. ხოლო უკუეთუ გულისჴმა-ვყოთ, სხუანი იყვნეს განსაცდელ-

1 იობ 31,1. 2 იობ 3,25. 3 იობ 30,25.

ნი, უმეტესად შემძლებელნი შეწუხებად მისა: პირველად, რამეთუ არა იცოდა სასუფეველისათჳს ცათაჲსა და მერმისა მისთჳს აღდგომისა განცხადებულად, ვითარ-ესე აწ საცნაურ არს. ამისთჳს იტყოდა: „არა უკუნისამდე ვცხონდე, რაჲთა სულგრძელ ვიქმნე“;1 მეორედ, რამეთუ მრავალი სათნოებაჲ იცოდა თავისა თჳსისაჲ და ხედვიდა წინააღმდგომსა; მესამედ, რომელ ვერ ჰპოებდა ბრალსა თჳსსა; მეოთხედ, რამეთუ ჰგონებდა, თუ რისხვისაგან ღმრთისა მოიწია იგი ყოველი; მეხუთედ, რამეთუ ესმოდა მეგობართაჲ მათ, ვითარ შეასმენდეს მას, ვითარცა ბოროტისმოქმედსა; მეექუსედ, რამეთუ ხედვიდა, ვითარმედ კაცნი ბოროტისმოქმედნი იშუებდეს და ეკიცხევდეს მას; მეშჳდედ, რამეთუ არა აქუნდა პირველ მისა ყოფილი ესევითარი სახე, რაჲთამცა ხედვიდა მას. ესე ყოველი შემძლებელ იყო შერყევად კლდისაცა მყარისა, არამედ მისი გონებაჲ ვერ შეარყია. იხილეთღა აწ, რაოდენი სწავლაჲ გჳსწავიეს: სასუფეველსა მოველით და აღდგომასა მერმესა, და სახენი სათნოებისანი ბევრეულნი გუქონან; და უკუეთუ მცირე რაჲმე განსაცდელი შეგუემთხჳოს, წარვიწირავთ ცხორებასა ჩუენსა, ხოლო იგი ყოველსა ახოვნად თავს-იდებდა.

არცა თუ დედაკაცისა მის სიტყუათა შეუძლეს შერყევად გონებისა მისისა, რომელ-იგი ფრიად ძნელ იყვნეს და შესაწუხებელ, არამედ ყოველსავე ახოანი იგი თანაწარჰჴდა; არცა წყლულებამან მიდრიკა, არცა გულისთქუმამან, რამეთუ კლდე იყო შეურყეველი. მომეცით მე კადნიერებაჲ თქუმად, ვითარმედ მოციქულთაცა არა უდარეს იყო ნეტარი იგი. რამეთუ მოციქულთა დიდი ნუგეშინის-ცემაჲ აქუნდა, რომელ იცოდეს, ვითარმედ ქრისტესთჳს შეემთხუევის, რაჲცა შეემთხუეოდა, ხოლო მას ესე ნუგეშინის-ცემაჲ არა აქუნდა, არცა სწავლათა მიერ ქრისტესთა განმტკიცებულ იყო; და კუალად არა მეთევზურთა და გლახაკთაგან იყო, არამედ - სიმდიდრესა შინა აღზრდილი, და მეყსეულად ესევითარსა შთავარდა სიგლახაკესა. და რომელ-იგი მოციქულთათჳს ყოვლისა უძნელეს იყო, იგი ამასცა სჭირდა - მოძულებული მეგობართაგან და თჳსთა და ყოვლისა კაცისა. ხოლო გოდოლი იგი მოთმინებისაჲ, რომელი აქუნდა მოციქულთა, - სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: სახელისა ჩემისათჳს არსო ესე ყოველი თქუენ ზედა, - მას ესე არა აქუნდა.

საკჳრველ არიან სამნი იგი ყრმანი, რამეთუ შეჰკადრეს ალსა მას ცეცხლისასა და მძლავრსა მას წინააღუდგეს. არამედ ისმინე, რასა ეტყჳან: „ღმერთთა შენთა არა ვჰმსახურებთო და ხატსა მას ოქროჲსასა არა თაყუანის-ვსცემთ“.2 ხოლო ესე დიდი ნუგეშინის-ცემაჲ იყო, რომელ იცოდეს, ვითარმედ ღმრთისათჳს შეემთხუევის, რაჲცა შეემთხჳოს. გარნა იობ არა იცოდა, თუ საქმე იგი გამოცდაჲ იყო და ბრძოლაჲ. უკუეთუმცა იცოდა, ყოვლადვე არამცა შეჰრაცხა განსაცდელი იგი.

1 იობ 7,16. 2 დან. 3,18.

ამისთჳსცა ოდეს-იგი ჰრქუა უფალმან: „ანუ ჰგონებ, ვითარმცა სხუად რაჲმე გამოგეცხადე შენ? არამედ რაჲთა გამოსჩნდე მართლად“,1 იხილე, ვითარ ერთისა მისთჳს სიტყჳსა ესრეთ განისუენა სულმან მისმან: შეურაცხ-ყო თავი თჳსი და ყოველივე იგი, რაჲ შემთხუეულ იყო, არარად შეჰრაცხა. ამისთჳს იტყოდა: „ჰამბვით მესმინა შენთჳს ყურთა ჩემთა პირველ, ხოლო აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისთჳს განვიქარვე თავი ჩემი და დავდენ და შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად“.2

ამას უკუე ესევითარსა სიმჴნესა, ამას ესევითარსა გონიერებასა ჩუენცა ვჰბაძვიდეთ, მორწმუნენო, რომელნი-ესე შჯულსა ძუელსა და ახალსა სწავლულ ვართ, ვჰაბძვიდეთ პირველ ახლისა და ძუელისაცა შჯულისა ყოფილსა, რაჲთა საუკუნეთაცა სავანეთა ზიარ მისა ვიქმნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარები-თა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 იობ 40,3. 2 იობ 42,5-6.