იესოს მიერ ფარისევლის სახლში ფარისეველთა და მწიგნობართა მხილება
37. ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა.38. ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა.39. მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.40. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?41. მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ.42. მაგრამ ვაი თქვენდა, ფარისეველნო, რომელნიც იხდით მეათედს პიტნისას, ტეგანისას და ყოველი მწვანილისას, ღმრთის სამართალს და სიყვარულს კი უგულებელყოფთ. ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ.43. ვაი თქვენდა ფარისეველნო, ასე რომ გიყვართ სინაგოგებში წინა რიგში ჯდომა და საკრებულოებში სალმის ძღვნა.44. ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ უჩინო საფლავებს, რომლებსაც ფეხით თელავენ კაცნი და არ კი იციან.45. მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც გვაგინებ?46. მაგრამ მან თქვა: და თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი, რადგან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ შეაშველებთ ტვირთს.47. ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი.48. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ.49. ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან.50. რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი,51. აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას.52. ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა.53. ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა,54. რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.