იგავი ბოროტ მევენახეებზე
33. სხვა იგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნახელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან.35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს.36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს.37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს.
1. და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.2. როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან.3. ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.4. კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს.5. ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ.6. ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.7. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო ჩვენ დაგვრჩებაო.8. შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.9. მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს.
9. და უთხრა ხალხს ეს იგავი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და მისცა იგი მევენახეებს, თვითონ კი დიდი ხნით გაემგზავრა.10. როდესაც დრომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მისთვის; მაგრამ მევენახეებმა სცემეს და ხელცარიელი გაისტუმრეს.11. ახლა სხვა მსახური გაგზავნა; ხოლო მევენახეებმა ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს.12. და კვლავ გაგზავნა მესამეც; მათ კი დაჭრეს და გააგდეს იგი.13. მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: რა ვქნა? მოდი, გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ მისი რიდი მაინც დაიდონო.14. მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ დაგვრჩება მისი სამკვიდრო.15. ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?16. მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას!