მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარემოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღდგა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფისაჲ, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდნეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრევე უყვეს“ (21,33-36).

ამის იგავისაგან მრავალთა საქმეთა მოასწავებს ქველისმოქმედება-თა ღმრთისათა, რომელნი პირველითგან ქმნნა ჰურიათა თანა, და მათსა მას მარადის კაცისმკლველობასა, და ვითარ არარაჲ დაუტევა ღმერთმან, რომელიცა ღონე იყო მოქცევად მათდა, და მათ არა ინებეს, არამედ წინაჲსწარმეტყუელნი იგი, მივლინებულნი მათა, მოსწყჳდნეს, და არავე გარემიიქცა მათგან, არამედ ძე თჳსი მოავლინა.

და კუალად ესეცა მოესწავების ამის იგავისა მიერ, ვითარმედ ერთი არს ღმერთი და მეუფე ძუელისა მის და ახლისა შჯულისაჲ, და თუ ვი-თარ დიდნი იგი და გამოუთქუმელნი კეთილნი აღესრულნეს სიკუდილითა ქრისტესითა. კუალად გამოაჩინებს სასჯელსა მას და ტანჯვასა, მოწევნადსა ჰურიათა ზედა ჯუარ-ცუმისათჳს მისისა, და სრულიადსა მათსა დაცემასა და განვრდომასა და წოდებასა მას წარმართთასა.

ესე ყოველი იგავისა ამისგან მოგუესწავების. ამისთჳს სამართლად პირველთქუმულისა მის მახლობელად თქუა ესე, რაჲთა უჩუენოს ურჩულოებისა მათისა სიმრავლე, რომელ ესოდენთა კეთილთა ზედა ვერცა თუ მეზუერეთა და მეძავთა სწორად ინებეს მოქცევად მეუფისა მის სახიერისა.

აწ უკუე გულისჴმა-ყავთ მისი იგი დიდებული მოღუაწებაჲ და მათი უზომოჲ დაჴსნილობაჲ: რომელი მუშაკთა საქმე იყო, თავადმან ქმნა; ვენაჴი დაასხა და ზღუდე გარემოსდვა და სხუაჲ ყოველივე ქმნა და დაუკლებელად მისცა მათ, რაჲთა სცვიდენ, და არავე ინებეს და არცა ქმნეს.

რამეთუ გამოიყვანნა რაჲ ეგჳპტით „ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა“1 და შჯული მოსცა მთასა ზედა სინასა და ბევრეულნი სასწაულნი უჩუენნა და კარავი საწამებელი შეუმზადა, მერმე ქალაქი აღუშენა და ტაძარი იგი საკჳრველად შუენიერი. ესე არს ვენაჴი: შჯული იგი და ქალაქი და ტაძარი. ხოლო რაჲ არს იგი, რომელ იტყჳს, თუ: „წარვიდა“? ესე იგი არს: სულგრძელ ექმნა; რამეთუ მრავალთა მათ ცოდვათა მათთათჳს არა მიაგო ღირსი მისაგებელი. დიდსა მას სულგრძელებასა მისსა წარსლვად

1 ფსალმ.135,12.

უწოდა. „და მიავლინნა მონანი მისნი“, ესე არიან წინაჲსწარმეტყუელნი, „მოღებად ნაყოფისა“, რომელ არს მორჩილებაჲ და აღსრულებაჲ მცნებათა მისთაჲ; ხოლო მათ აჩუენეს თჳსი უკეთურებაჲ არა უნაყოფოებითა ოდენ და უქმობითა კეთილისაჲთა, არამედ ტანჯვითა მით მივლინებულთა მათ მონათაჲთა. რამეთუ რომელნი თანამდებნი იყვნენ თანანადებისა დიდისანი და არა აქუნდეს, რაჲთა მისცენ, ვედრებაჲ უჴმს და დროებისა თხოაჲ, არა წინააღდგომაჲ; ხოლო იგინი არა წინააღმდგომ ოდენ იპოვნეს, არამედ ჴელნიცა სისხლითა მით წინაჲსწარმეტყუელთაჲთა შეიღებნეს. ამისთჳს მეორედცა მიუვლინნა და მესამედ, რაჲთა მათიცა უკეთურებაჲ გამოჩნდეს და მიმავლინებელისა მის კაცთმოყუარებაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შენუთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“ (21,37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲსათჳს პირველითგან არა ძე თჳსი მიავლინა? რაჲთა წინაჲსწარმეტყუელთა ზედა ქმნილთა მათ უკეთურებათაგან შეიკდიმონ და ჰრცხუენეს ძისა მისგან მხოლოდშობილისა.

არიან სხუანიცა სიტყუანი ამის პირისათჳს, გარნა თანაწარვჰჴდეთ აწ და შემდგომი იგი ვაჴსენოთ. რაჲ არს: „შე-ნუთუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა“? არა თუ უმეცარ იყო, თუ რაჲ ეგულებოდა მათ ყოფად, არამედ მას იტყჳს, რომელ თანანადებ იყო მათდა ქმნად, - და არა ეტეოდა ბუნებასა არაშეკდემაჲ ძისაგან, - რაჲთა ესრეთ გამოაჩინოს დიდი იგი და შეუნდობელი ცოდვაჲ მათი. და სხუასაცა ადგილსა წერილ არს: „ნუუკუე ისმინონო“;1 არა თუ მასცა უმეცარ იყო, არამედ რაჲთა ვერვინ თქუას უგულისჴმოთაგანმან, თუ: წინაჲსწარ თქუმამან მისმან აიძულნა იგინი ქმნად, რაჲ-იგი მან თქუა; ამისთჳს არა იტყჳს, რაჲ ეგულებოდა მათ ქმნად, არამედ რაჲ-იგი თანაედვა ბუნებით და საქმით, რაჲთა ოდეს არა ქმნან სიტყუაჲ მისი, არცა შეიკდიმონ ძისა მისგან მხოლოდშობილისა, ყოველივე მიზეზი მიეღოს.

ამისთჳს ესრეთ გამოსახა სიტყუაჲ თჳსი, და ნანდჳლვე ესრეთ იყო. და-ღაცათუ მონათა მათ უსახურ ექმნეს და მკლველ, პატივისა მისგან ძისა შეკდემაჲ უჴმდა, შევრდომაჲ თანაედვა და შენდობისა თხოაჲ პირველქმნილთა მათ ბოროტთაჲ. ხოლო იგინი უძჳრესისა მიმართ საქმისა აღიჭურ ნეს, რამეთუ ესე საქმე მათი არს, მარადის უკუანაჲსკნელითა პირველთა ბოროტთა დაჰფარვენ, ვითარცა უფალი ეტყოდა, ვითარმედ: „აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ“;2 და ზემოჲთვე წინაჲსწარმეტყუელნი ამას აბრალობდეს, ვითარმედ: „ჴელნი თქუენნი სისხლითა სავსე არიან“.3 დაღაცათუ პირველ ყოვლისა ესე მიიღეს მცნებაჲ, ვითარმედ: „არა კაცჰკლა“,4 არამედ ბოროტი იგი ჩუეულებაჲ თჳსი არა დაუტევეს. ამისთჳსცა ისმინეთ, რასა იტყჳან უშჯულონი იგი და არაღირსნი ცხორებისანი:

1 ეზეკ. 2,5. 2 მათ. 23,32. 3 ესაია 1,15. 4 გამ. 20,13.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ქუეყანისმოქმედთა მათ იხილეს ძე იგი მისი და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“ (21,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი : რაჲსათჳს იქმთ ამას, ჵ უშჯულონო და ქედფიცხელნო და ღმრთისა მოძულენო, რაჲ საბრალობელი ჰპოეთ მის თანა დიდი, გინა თუ მცირე? კეთილი გიყო თქუენ და პატივ-გცა; ღმერთი იყო და არს და თქუენთჳს კაც იქმნა; სასწაულნი ბუნებათა უაღრესნი აღასრულნა თქუენ შორის, ცოდვათა შენდობასა მოგცემდა, სასუფეველად ცათა მიგიწოდდა. რომლისა საქმისათჳს იზრახეთ მოკლვაჲ მისი? ეჰა უკეთურებაჲ დიდი და უგუნურებაჲ უკუანაჲსკნელი, რომელიღა მიზეზი შემოიღეს უღმრთოთა მათ: „მოვკლათო იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი“.

ვინმცა უძლო ღირსად სიცოფისა მათისა განქიქებად მათა? ვინ წარმოთქუას ჯეროვნად სიბორგილისა მათისა სულმყრალობაჲ და სიხენე-შე? ესაია წარმოდეგინ და იტყოდენ: „ვაჲ სულსა მათსა, რამეთუ ზრახეს ზრახვაჲ ბოროტი: მოვკლათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს“.1

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განიყვანეს იგი გარეშე ვენაჴისა მის და მოკლეს“ (21,39).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ადგილსაცა მოასწავებს, სადა ეგულებოდა მათ მოკლვაჲ მისი? გარეგან ქალაქისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჟამს მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანისმოქმედთა მათ? ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანისმოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა“ (21,40-41).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ლუკა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ უფალმან თქუა განჩინებაჲ ესე, და „მათ თქუეს: ნუ იყოფინ! ხოლო თავადმან მიხედნა მათ და თქუა: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელ-თა, იგი იქმნა თავ საკიდურთა?“2

ხოლო მათე ესერა იტყჳს, ვითარმედ მათ მისცეს განჩინებაჲ, ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნესო.

გარნა არა ესე წინააღდგომაჲ არს ურთიერთას, რამეთუ ორივე იქმნა. პირველად მათ მისცეს განჩინებაჲ სასჯელისა თჳსისაჲ, ვითარცა ესერა მა-თე გუაუწყებს. მაშინ უფალი ეწამა სიტყუასა მათსა და ჰრქუა: ჰე, წარწყმიდნეს ქუეყანისმოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. მერმე ცნეს მათ სიტყჳსა მის ძალი, ვითარმედ მათთჳს იყო, და თქუეს: „ნუ იყოფინ!“

1 ესაია 3, 9-10; შდრ. სიბრძ. სოლ. 2,12. 2 ლუკ. 20,16-17.

ვითარცა ლუკა იტყჳს. ხოლო უფალმან წინაჲსწარმეტყუელი წინაუყო მათ, რაჲთა დაარწმუნოს ჭეშმარიტებაჲ სიტყჳსა მის.

ხოლო დაღაცათუ თქუა, თუ: „მისცეს ვენაჴი იგი სხუათა“, არამედ არა გამოაცხადა სახელი წარმართთაჲ, რაჲთა არა სცეს მათ მიზეზი. რამეთუ ვითარცა ოდესმე ნათან უყო დავითს, რაჲთა მან თჳსითა პირითა მისცეს განჩინებაჲ ბრალისა თჳსისაჲ, ეგრეთვე აქა უფალმან იგავი ესე წინაუყო, რაჲთა მათ თქუან თჳსითა პირითა სასჯელი თჳსი, რაჲთა ცნან სიმართლე და უცთომელობაჲ განკითხვისაჲ მის.

ხოლო რაჲთა ცნან, ვითარმედ არა თუ ბუნებაჲ ოდენ ჭეშმარიტებისაჲ დამამტკიცებელ არს სასჯელისა მის, არამედ მადლიცა სულისა წმიდისაჲ პირველითგან მოასწავებდა და ღმერთი განაჩინებდა სასჯელსა მას, ამის-თჳს წინაჲსწარმეტყუელისა იგი სიტყუაჲ წარმოიღო სამხილებელად მათდა და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“1 (21,42).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო გამოაჩინა განვრდომაჲ იგი ჰურიათაჲ და შეწყნარებაჲ წარმართთაჲ. ესე საქმე ქანანელისაგანცა მოასწავა და ასისთავისაგანცა და კარაულისაგანცა და სხუათა მრავალთა სახეთაგან. ეგრეთვე აქა ესე აუწყა. ამისთჳს იტყჳს: „უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“.

რომელსა იტყჳს უფლისა მიერ ყოფად და საკჳრველად წინაშე თუალ-თა ჩუენთა? შენაწევრებასა მას განყოფილთა მათ კიდეთასა. ესე იგი არს, ვითარმედ წარმართნი მოვიდენ სარწმუნოებად, და ჰურიათაგან რომელ-თაცა ჰრწმენეს, ერთ იქმნენ მათ თანა. რომელთა შორის პირველ ფრიადი და ურიცხჳ იყო განყოფილებაჲ და მტერობაჲ, რომელთა შეერთებაჲ ძნელ იყო და საკჳრველ.

„ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურ-თა“. ლოდად ქრისტეს უწესს და მაშენებელად იტყჳს მოძღუართა მათ ჰურიათა, მწიგნობართა და ფარისეველთა, რომელთადა რწმუნებულ იყო შენებაჲ წესთა მათ შჯულისათა.

ამათ შეურაცხ-ყვეს ქრისტე, რამეთუ იტყოდეს: „ესე არა ღმრთისაგან არსო“;2 „არამედ აცთუნებს ერსა“;3 და მრავალსა ესევითარსა ეტყოდეს. ღაღადებს უკუე წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: ესე ლოდი, რომელი უგუნურთა მათ მაშენებელთა შეურაცხ-ყვეს, ესოდენ პატიოსან არს, ვიდრეღა თავ საკიდურთა იქმნა. ხოლო თავ საკიდურთა არა ყოველსა ლოდსა ჴელ-ეწიფების ყოფად, არამედ რომელი-იგი არნ ფრიად გამოცდილი

1 ფსალმ. 117,22-23; შდრ. ესაია 28,16. 2 იოან. 9,16. 3 იოან. 7,12.

და შემძლებელი ორკერძოვე კედელთა მათ შეკრვად. ხოლო ამან ლოდმან არა ნაშენები იგი ოდენ შემზადა, არამედ ორნი იგი კედელნი განყოფილნი შეაერთნა. ესე არიან ჰურიათაგან და წარმართთა შემოკრებილნი მორწმუნენი. ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ქრისტე არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან ყო ორივე ერთ და შუაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, მტერობაჲ იგი ჴორცითა თჳსითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა უაღრესითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა“.1

ეჰა რაოდენი ბრალობაჲ არს ესე ჰურიათაჲ, რომელთა შენებაჲ იგი შჯულისაჲ ერწმუნა და ესოდენ უგუნურ იქმნეს, რომელ მომზავებელი იგი ორკერძოვე და შემძლებელი ესევითარისა ნაშენებისა შემზადებად ლოდი ვერ იცნეს, არამედ ვითარცა უჴმარი, ესრეთ შეურაცხ-ყვეს. გარნა იგი ჭეშმარიტად თავ საკიდურთა იქმნა და ორნივე კედელნი შეაერთნა.

გნებავსა ორთა მათ კედელთა ხილვაჲ? ისმინე თავადისა ქრისტესი: „სხუანიცა ცხოვარნი მიდგანო, რომელ არა არიან ამის ეზოჲსანი, იგინიცა ჯერ-არიან ჩემდა მოყვანებად, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.2

უფლისა მიერ იყო ჭეშმარიტად საქმე ესე, არა კაცობრივი იყო, არცა ანგელოზთა ანუ მთავარანგელოზთა ჴელ-ეწიფებოდა ამის ერთობისა ქმნად, არამედ ღმერთსა შუენოდა ესე დიდებული საკჳრველი. და ვითარ არა საკჳრველ არს სიკუდილითა დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ, ჯუარითა შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ, განდგომილთა მათ და განშორებულთა მოყვანებაჲ, ვითარ ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ იგი ქადაგებისაჲ, ვითარ ყოველნივე ჭეშმარიტებითა შეაერთნა, ქუეყანისანი ზეცად აღიყვანნა, ბუნებაჲ იგი ჩუენი, ქუესკნელთა ქუეყანისათა შთავრდომილი, უმაღლეს ცათა ყო და მარჯუენით მამისა დასუა. ჭეშმარიტად „უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა“.

რაოდენცა განვიცადოთო თუალითა გონებისაჲთა, უსაკჳრველესად აღგჳჩნდეს დიდებული ესე საქმე.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა“ (21,43).

თ ა რ გ მ ა ნ ი: აჰა ესერა განცხადებულად განვრდომაჲ ჰურიათა მათ ურწმუნოთაჲ მოასწავა და მოღებაჲ მათგან ყოვლისავე კეთილისაჲ და მიცემაჲ მორწმუნეთა მათ წარმართთა. ხოლო რაჲთა ცნან, ვითარმედ არა განვრდომადმდე ოდენ არს პატიჟი მათი, არამედ სატანჯველიცა მოწევნად არს მათ ზედა, ამისთჳს შესძინა და თქუა:

1 ეფეს. 2,14-15. 2 იოან. 10,16.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი“ (21,44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ორნი წარწყმედისა მათისა სახენი მოასწავნა: ერთად, შებრკოლებაჲ მათი და სიბრმისაგან გონებათა მათთაჲსა დაცემაჲ, რამეთუ ესე არს, რომელ თქუა, თუ: „რომელიცა დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს“ - ურწმუნოებისა მათისათჳს და მისა მიმართ დაბრკოლებისა; და მეორედ, მოოჴრებაჲ მათი, რომელი შეემთხუეოდა ტყუეობისა მისგან ჰრომ-თაჲსა, რომელიცა განცხადებულად მოასწავა სიტყჳთა მით, თუ: „რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი“.

რამეთუ ვინაჲთგან სიტკბოებით მოსლვაჲ მისი არა შეიწყნარეს, მიჰფინა მათ ზედა რისხვაჲ თჳსი და შემუსრნა და სრულიად განაქრინა, ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელნი პირველითგან ქადაგებდეს. რამეთუ ესაია ვენაჴსა ამსგავსა სახლი ისრაჱლისაჲ, რომელმან ყურძნისა წილ ეკალი მოიღო, და იტყჳს, ვითარმედ: „ზღუდე გარემოუდევ და სარითა განვაგე; დავასხ ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი მას შინა და საწნეხელი მოვ-თხარე მას შორის და ველოდე, ვითარმედ ყოს ყურძენი, და მან ყო ეკალი. და აწ საჯეთ ჩემდამო და შორის ვენაჴისა მის ჩემისა, რაჲღა-მე ჯერ-იყო ყოფად ვენაჴისა მის, და არა უყავ მას? რამეთუ ველოდე, რაჲთამცა ყო ყურძენი, და მან ყო ეკალი. ველოდე, რაჲთა ყოს სამართალი, ხოლო მან ყო უშჯულოებაჲ და ღაღადებაჲ“.1 კეთილად გამოსახა სიბოროტე მათი წინაჲსწარმეტყუელმან, და გულისჴმა-ყავთ, რომელსა იტყჳს ეკალსა ანუ რომელსა ღაღადებასა.

ეკალსა მოასწავებს ყოველსა უშჯულოებასა მათსა, და უმეტესად, რომელ-იგი შეთხზნეს ეკალთაგან გჳრგჳნი და დადგეს თავსა მეუფისასა; ხოლო ღაღადებაჲ, რომელ ქმნეს, ყოველთა მიერ საცნაურ არს, რაჟამს ღაღად-ყვეს: „აღიღე ეგე, აღიღე და ჯუარს-აცუო“.2 ამისთჳს ისმინეთ შემდგომიცა სიტყუაჲ ჴმამაღლისაჲ მის: „აწ გითხრაო, რაჲ უყო სავენაჴესა მას ჩემსა: მოვარღჳო ზღუდე მისი, და იყოს მიმოსატაცებელ, და დავარღჳო კედელი მისი, და იყოს დასათრგუნველ, და დაუტეო სავენაჴე ჩემი, და არა განისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდეს მას, ვითარცა ოჴერსა, ეკალი; და ღრუბელთა უბრძანო, რაჲთა არა წჳმონ მას ზედა წჳმაჲ; რამე-თუ სავენაჴე უფლისა საბაოთისი სახლი ისრაჱლისაჲ არს“.3 და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „რაჲ ბრალობაჲ პოეს ჩემ თანა მამათა თქუენთა? ერო ჩემო, რაჲ გავნე შენ, ანუ რაჲ შეგაწუხე შენ?“4

ეგრეთვესახედ აწ თავადმან მათითავე პირითა ათქუმია სასჯელი მა-თი და თჳსითა ბრძანებითა დაამტკიცა და წინაჲსწარმეტყუელებაჲ დავი-თისი წინაუყო. ამას ყოველსა ზედა არა ჯერ-იყოა სინანული და თაყუანის-

1 ესაია 5,2-7. 2 იოან. 19,15. 3 ესაია 5,5-7. 4 შდრ. იერ. 2,5; მიქ. 6,3.

ცემაჲ სახიერისაჲ მის? გარნა იგინი უძჳრესისა მიმართ წარემატებოდეს, ვითარცა ამისა შემდგომად ჰრქუა მათ ნეტარმან სტეფანე: „გულფიცხელნო და ქედფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა და სასმენელითაო, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეთცა თქუენ. რომელნი-მე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისა და მართლისასა, რომლისაცა თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით“.1 იხილე უკუე აწცა ესევითარი იგი უკეთური გონებაჲ მათი, რამეთუ იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველ-თა იგავი ესე მისი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუა. და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისთჳს, რამეთუ ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი აქუნდა მათ“ (21,45-46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის ჴელ-ყვეს შეპყრობად მისა, ხოლო თავადი ოდესმე შორის მათსა განვიდის, დაეფარის, და ვერ ხედვიდიან; და ოდესმე შორის მათსა დგან და ბორგნეული იგი გონებაჲ მათი ვითარცა აღჳრი-თა დააყენის, რომელ მათცა უკჳრდა და იტყოდეს: „არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? და აჰა ესერა განცხადებულად ეტყჳს, და არას ეტყჳან მას“.2 ხოლო აწ, ვინაჲთგან შიში იგი ერისაჲ მის იყო უკეთურთა მათ მღდელთმოძღუართა და ფარისეველთა ზედა, ესე კმა-იყო და სხუაჲ უაღრესი სასწაული არაჲ ქმნა, რამეთუ არა ენება ყოვლადვე უაღრეს ბუნებათა ქმნად, რაჲთა განგებულებაჲ იგი განკაცებისა მისისაჲ სარწმუნო იქმნას.

არამედ ჵ ფრიადი იგი სიბრმე ჰურიათა მათ მღდელთმოძღუართა და მწიგნობართაჲ! ვითარ არცა სიტყუათაგან უფლისათა შეიკდიმეს, არცა წინაჲსწარმეტყუელთა ჴმანი ისმინნეს, არცა თჳსთა სიტყუათაგან შეირცხჳნეს, არცა ერისა მისგან შეიგონეს. ესრეთ ყოვლით კერძო დააბნელნა იგინი შურმან და დიდებისმოყუარებამან და ძიებამან წარმავალისა ამის პატივისამან. რამეთუ არარაჲ არს ესრეთ წარმწყმედელ კაცისა, ვი-თარ შემსჭუალვაჲ და სიყუარული ამის საწუთროჲსაჲ და საცთურთა მათ მისთაჲ; არარაჲ ესრეთ უცხო-ჰყოფს საუკუნეთა კეთილთაგან, ვითარცა ტრფიალებაჲ ცუდისა ამის და ამაოჲსა სოფლისაჲ. ხოლო რომელთაცა შეიყუარონ საუკუნე იგი სუფევაჲ და უფროჲს ყოვლისა მას პატივ-სცენ, იგინი აქაცა კეთილად არიან და მუნ საუკუნეთა კეთილთა ღირს იქმნენ; ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“.3 დაღაცათუმცა ესე სიტყუაჲ არა იყო, თუ: „ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“, არცა ეგრეთ ჯერ-იყო სურვილი წარმავალთაჲ ამათ, ხოლო აწ ძიებითა

1 საქმე 7,51-52. 2 იოან. 7,25-26. 3 მათ. 6,33.

მით საუკუნეთაჲთა საწუთროჲსაჲცა შეგუეძინების. და ეგრეთცა მრავალნი ქვათა უფიცხეს არიან გულითა და უგულისჴმო და სრულიად ულმობელ.

სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა

აწ უკუე ისმინეთ სიტყუაჲ ჩემი ამის პირისათჳს. მითხართა, ძმანო, თუ რაჲ საწადელი არს ამას საწუთროსა შინა ანუ რაჲ კეთილი? ჭეშმარიტად არარაჲ. არამედ უფროჲსღა მოქალაქობაჲ იგი მონაზონთაჲ, რომელი ფიცხელ და საჭირო და საწყინო მრავალთა მიერ წოდებულ არს, ფრიად უტკბილეს არს და უსაწადელეს სოფლიოჲსა ამის შუენიერად და სუბუქად საგონებელისა. და მოწამე ხართ მრავალნი თქუენგანნი, რომელნიცა ჟამსა განსაცდელისა და ჭირისასა, უწყი, რამეთუ სანატრელად უწესდით მას და მათ ჰნატრიდით, რომელნი მთათა შინა და ქუაბთა ცხონდებიან და უზრუნველად ღმერთსა ჰმონებენ. გულისჴმა-ყავთ უკუე და იხილეთ ყოველივე ჭეშმარიტებით, და ესოდენ ჰპოოთ უმჯობეს მოქალაქობაჲ იგი მონაზონთაჲ, ვიდრე ცხორებაჲ სოფლიო, რაოდენ უმჯობეს არს ნავთსაყუდელი მყუდროჲ სადგურად, ვიდრე გული ზღჳსაჲ, ქარითა სასტიკითა აღდუღებული.

და იხილეთ საყოფელთაგან მებრ დაწყებაჲ ბედნიერობისა მათისაჲ. დაუტევნეს სიყუარულისათჳს ღმრთისა ქალაქნი და უბანნი და ამბოხებანი და შფოთნი, და გამოირჩიეს მთათა შინა და ქუაბთა და უდაბნოთა მოქალაქობაჲ, სადა-იგი არა არს ზიარებაჲ სოფლისაჲ, სადა-იგი არარაჲ კაცობრივი იპოების, არცა ზრუნვანი, არცა შფოთნი, არცა შურნი და ჴდომანი და ბოროტისა ზრახვანი, ტრფიალებანი ჴორცთანი, გულისთქუმანი და გემოჲთმოყუარებანი, არცა სხუაჲ რაჲმე ესევითარი. ხოლო საქმე მა-თი არს ზრახვაჲ სასუფეველისათჳს ცათაჲსა, სათნოებათათჳს და ძლევისათჳს ვნებათაჲსა, გონებაჲ მათი არს მარადის ღმრთისა თანა, გული მათი ყოვლისავე ვნებისაგან წმიდა არს; საქმე უპყრიეს, რაჲ-იგი აქუნდა ადამს სამოთხეს შინა პირველ ურჩებისა, ოდეს დიდებაჲ შეემოსა და ღმერთსა კადნიერებით ჰზრახვიდა და სანატრელსა მას საყოფელსა მკჳდრ იყო. რამეთუ არარაჲთა არიან ესენი მისა უდარეს; არა აქუნდა მას ზრუნვაჲ სოფლისაჲ, არცა ამათ აქუს; ღმერთსა ეტყოდა გონებითა წმიდითა, ეგრეთვე ესენი იქმან; და უფროჲსიცა აქუს; კადნიერებაჲ, რაოდენ უმეტესი მადლი მოუღებიეს სულისაგან წმიდისა.

ვერ ძალ-მიც თითოეულად საქმეთა მათთა თქუმად, გარნა მრავლისაგან მცირედი მიგითხრა. ესე აქუს წესად მნათობთა მათ სოფლისათა: ცისკარსა ფრიად მსთუად აღდგებიან სარეცელთაგან თჳსთა, გონებითა მღჳძარითა და ფრთხილითა, რამეთუ არარაჲ არნ დამამძიმებელ მათა, არცა ზრუნვანი, არცა ჭამადთა თითოსახეობანი, არცა მწუხარებანი სოფლიონი, არამედ ვითარცა ანგელოზნი იქცევიედ ქუეყანასა ზედა.

აღდგებიან უკუე სუბუქად და დაუყენებელად და წარდგებიან წინა-შე ღმრთისა სიხარულით და ვითარცა ერთისა პირითა გალობასა და ქებასა შესწირვენ ღმრთისა და ჰმადლობენ აურაცხელთა მათ ქველისმოქმედებათა მისთათჳს, რომელთა იქმს კაცად-კაცადსა ზედა და ზოგად ყოველთა ზედა.

ხოლო მე ზემო ვთქუ, ვითარმედ საქმე უპყრიეს, რაჲ-იგი აქუნდა ადამს სამოთხესა შინა, გარნა აწ ამას გკითხავ: რაჲთა განყოფილ არს ანგელოზთაგან ესევითარი იგი კრებული, რომელნი დაუცადებელად ადიდებენ ღმერთსა: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ!“1 ჭეშმარიტად მობაძავნი არიან უჴორცოთა ანგელოზთანი კაცნი იგი ჴორციელნი.

ხოლო რაჟამს გალობაჲ იგი საღმრთოჲ აღასრულონ, მერმე მუჴლთა მოიდრეკენ და ვედრებასა შესწირვენ ღმრთისა; ხოლო ვედრებაჲ მათი არა არს ცუდთა რაჲმე და ამაოთა საქმეთათჳს, არამედ ამას ევედრებიან, რაჲთა ღირს იქმნენ კადნიერებით დადგომად წინაშე საყდართა დიდებისათა, ოდეს-იგი მოვიდეს განკითხვად ცხოელთა და მკუდართა მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, და რაჲთა არავის მათგანსა ესმას ჴმაჲ იგი საშინელი: „წარვედით ჩემგან, არა გიცნი თქუენ“.2 კუალად ევედრებიან, რაჲთა სიწმიდი-თა გონებისაჲთა და სიმრავლითა სათნოებათაჲთა განვლონ ზღუაჲ ესე ამის ცხორებისაჲ და ღირს იქმნენ მიწევნად ნავთსაყუდელსა მას ზეცისა სასუფეველისასა. და წინაუძღჳს ვედრებისა მის მამაჲ და მოძღუარი, რაჲთა ყოველივე საქმე მათი წესიერ იყოს. და აღასრულნიან რაჲ წმიდანი იგი ლოცვანი, და აღმობრწყინდის მზე, განვალს კაცად-კაცადი საქმედ განწესებულ-თა მათ საქმეთა თითოეულისათა, რაჲთა მოირეწონ საზრდელი თჳსიცა და მომავალთაცა გლახაკთაჲ. ხოლო სამოსელი მათი კუალად ახოვნებისა და სიმჴნისა სახე არს, რამეთუ არა მსგავს არიან მათსა, რომელნი ვლენ „ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თუალთაჲთა და შეთრევითა ქუექუემო-თაჲთა“,3 ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, სამკაულითა ბრწყინვალი-თა, მელევანდებითა და საკუხებითა, ძოწეულითა და ბისონითა, მეწამულითა და ზეზითა, ოქროჲსა თანა და ანთრაკსა განრჩუნვილითა. არამედ სანატრელთა მათ ჰბაძვენ: ელიას და იოვანეს და წმიდათა მოციქულთა. მსგავსად მათსა შეჰმზადებენ ესენიცა სამოსელთა თჳსთა, რომელნიმე თმისაგან თხათაჲსა და რომელნიმე თმისაგან აქლემთაჲსა, სხუანი ხალენებითა და დაძუელებულითა თხის ტყავებითა დასჯერდებიან.

ხოლო ტაბლაჲ თუ მათი ვინ განიცადოს, ცნას, ვითარ ჴორცთაღა შინა უჴორცოთა მიემსგავსნეს, რამეთუ საზრდელ მათა არს პური და

1 ლუკ. 2,14. 2 შდრ. მათ. 25,41,12. 3 ესაია 3,16.

მარილი ანუ მცენარეთაგან მხალთა ველისათა, და იგიცა არა მაძღრივ, არამედ საპყრობელად ხოლო ბუნებისა ჴორცთაჲსა. და სასუმელ მათა არს წყალი, და იგიცა ნაკლულევანად. ხოლო რომელნიმე მცირედსა მას ჭამადსა დღითი-დღე მიღებად იკდემენ, არამედ ორ-ორით, გინა სამ-სამით, ანუ თუ ექუს-ექუსითცა იხილვენ გემოსა ჭამადისასა. ესრეთ ყოვლით კერძო აჭირვებენ ჴორცთა თჳსთა სასოებითა საუკუნოჲსა მის ცხორებისაჲთა.

სადა არიან, რომელნი-იგი განთიადითგან მიმწუხრამდე სხენან ტაბლათა ზედა ბრწყინვალეთა, აღვსებულთა ყოვლითა სანოვაგითა უცხოჲთა და თითოფერითა, და სუმენ განწურვილსა ღჳნოსა სიმღერითა და ემბნითა, ქნარითა და თითოსახითა სიღოდითა?

სადა არიან მიმავალნი იგი თეატრონად და მხილველნი კრებულთა მათ საეშმაკოთა და მსმენელნი ჴმათა მათ სიძვად აღმზრზელთა? ჰრცხუენოდენ მოქალაქეთა მათგან ზეცისა სავანეთაჲთა. რამეთუ მეცა გეტყჳ თქუენ უძლურებისათჳს თქუენისა სიტყუასა მას მოციქულისასა: „ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და ურჩულოებასა ურჩულოებად, ეგრეთცა აწ წარუდგინენით ასონი თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ“.1

იხილეთ, რაოდენი არს ორთა მათ განწყობილთა შორის განყოფილებაჲ, წმიდათა მათ მეუდაბნოეთა ვიტყჳ და შუებათა შინა და განცხრომათა და სიმღერათა შინა მყოფთა.

ესოდენი არს მათ შორის განყოფილებაჲ, რაოდენ უკუეთუმცა ვის ესმა ანგელოზთა ზეცათა შინა გალობაჲ ჴმითა მით საწადელითა და მერმე მივიდამცა და ესმა კუმინვაჲ ღორთაჲ, მწჳრესა შინა დაფლულთაჲ.

რამეთუ პირითა მათ ნეტართაჲთა ქრისტე ზრახავს, ხოლო ამათ უბადრუკთაჲთა ეშმაკი ვალალაებს; ამათ თანაშემწედ აქუს სტჳრი და წინწილაჲ, განბერვითა ღაწუთაჲთა საწყინოჲსა ჴმისა აღმომტეობელი, ხოლო პირითა მით წმიდათაჲთა მადლი სულისა წმიდისაჲ ღაღადებს ჴმითა სასმენელი-თა, ჴმითა კურთხევისაჲთა, ჴმითა საგალობელითა და საწადელითა. რაოდენსაცა ვიტყოდი, ჯეროვნად ვერ გამოვაჩინებ განყოფილებასა მათსა და ამათსა, გარნა მინდა ვინმე ცნობამიღებულთა ამათგანი წარყვანებად და თუალითა ჩუენებად კრებული იგი წმიდათაჲ, და არღარამცა მეჴმარნეს მრავალნი სიტყუანი. იგი კრებული მგელთა კრავ-ჰყოფს, ესე განწყობილი მემღერეთაჲ ცხოვართა მგლად გარდააქცევს. მუნ უკუეთუ ვინ მივიდეს გლახაკი და იხილნეს შვილნი მდიდართა და დიდებულთანი, შემოსილნი ხალენებითა და ფლასებითა, დიდი ნუგეშინის-ცემაჲ მოიღოს სიგლახაკისა თჳსისაჲ; მდიდარი თუ მივიდეს, დიდად შეიკდიმოს და ლმობიერ იქმნას. ხოლო ამათ თანა რაჲ იპოოს ესევითარი?

1 რომ. 6,19.

შე-თუ-ვიდეს გლახაკი და იხილნეს მემღერნი, შვილნი მზარაულთა და მეპრატაკეთანი, ძოწეულითა მოსილნი და ზეზითა, უფროჲსად იწყლას გული მისი და იწყოს დრტჳნვად, უკუეთუ არა ფრიად გონიერი იყოს, და შურითა ფრიადითა აღივსოს. შე-თუ-ვიდეს მდიდარი, უმეტესად გარდაჰმატოს ანგაჰრებასა და ტრფიალებასა და ტყუედ ვნებათა გამოვიდეს მიერ. ამისთჳს ვთქუ, ვითარმედ: იგი კრებული მგელთა კრავ-ჰყოფს, და ესე ცხოვართა მგლად შესცვალებს. იგინი სულთა მათ მათდა შევედრებულთა ტყუეობისაგან ეშმაკისა განათავისუფლებენ, ყოველსავე კეთილსა ასწავებენ; რამეთუ საწადელ არს ცხორებაჲ მათი არა თუ ოდეს გალობდენ ხოლო, არამედ შემდგომად ამისაცა. რამეთუ აღასრულიან რაჲ კანონი იგი ლოცვათა სერობისათაჲ, მეყსეულად რომელმანმე წიგნი ესაიაჲსი აღიღის და მას თანამზრახვალ ექმნის, სხუამან იერემიაჲსი ანუ სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაჲ, სხუამან წიგნი მოციქულთაჲ, სხუამან წიგნი მამათაჲ, და კაცად-კაცადი აღაორძინებნ გულისჴმის-ყოფასა თჳსსა, აღიმაღლებნ გონებასა ხედვად ღმრთისა, განიცდინ ბუნებასა ხილულთა და უხილავთასა, ამაოებასა ამას საწუთროჲსასა და სიმტკიცესა მის საუკუნოჲსასა. ესრეთ იყვნიან სიტყუანი ღმრთისანი ტკბილ სასასა მათსა, უფროჲს თაფლისა პირსა მათსა.1 თაფლ მათდა არნ გულისჴმის-ყოფაჲ საღმრთოჲ, თაფლ გოლეულ, ფრიად საკჳრველ, უაღრეს თაფლისა მის, რომლითა უდაბნოს იოვანე იზარდებოდა. რამეთუ ამას თაფლსა არა ფუტკარნი იქმან ცუართაგან ზეცისათა და ყუავილთა ველისათა, არამედ მადლი სულისა წმიდისაჲ შეჰმზადებს სულთა შინა ღმრთისმოყუარეთასა. გნებავს თუ ხილვაჲ სიტკბოებისა და სურნელებისა თაფლისა მის, მიეახლე ნეტართა მათ და იხილო გამოუთქუმელი სიტკბოებაჲ და მიუთხრობელი სურნელებაჲ, რომელი გამოვალს პირით მათით. რამეთუ არარაჲ გამოვალს მათგან ბოროტისა სიტყუაჲ, ანუ ცუდადმეტყუელებაჲ, ანუ ძჳრის-ზრახვაჲ, არამედ ყოველი სიტყუაჲ მათი ღირს არს აღწერად წიგნთა შინა სულიერთა.

მსგავს არიან პირნი მათნი წყაროსა თაფლისასა, გინა თუ წყლისა ცხოელისასა; ხოლო პირნი სივერაგეთა სოფლისათა შექცეულთანი, მოკიცხართა და განმცხრომელთა და მემღერთა და ძჳრისმეტყუელთანი უკუეთუ ვინ მიამსგავსნეს მდინარესა მწჳრისასა, არა სცთების ყოვლადვე, არამედ ჭეშმარიტსა იტყჳს.

უკუეთუ მრისხავთ ამისთჳს, რომელ პირნი ესევითარნი მდინარესა მწჳრისასა მივამსგავსენ, უწყოდეთ, ვითარმედ ფრიად რიდობით ვთქუ ესე; ხოლო წერილი ფრიად უმეტეს ამისა იტყჳს ესევითართათჳს: „გესლი ასპიტისაჲო ბაგეთა მათთა“;2 და „სამარე ზეღებულ არს ჴორჴი მათი“.3 ხოლო ნეტართა მათ მონაზონთაჲ არა ეგრეთ არს, არამედ იხილვების სავსე სიტკბოებითა და სურნელებითა ფრიადითა, და ესე ამასვე სოფელსა.

1 შდრ. ფსალმ. 118,104. 2 ფსალმ. 139,4. 3 ფსალმ. 5,10.

ხოლო მის საუკუნოჲსაჲ რაჲ-იგი მიელის მათ, რომელმან-მე სიტყუამან გამოთქუას, რომელმან-მე გონებამან მოიგონოს ბრწყინვალებაჲ იგი ანგელოზებრივი, ნეტარებაჲ იგი გამოუთქუმელი, კეთილნი იგი მოუგონებელნი? უწყი, მრავალთა გულნი განჴურდეს სიტყუათაგან ამათ და სურვილად აღიძრნეს კეთილისა ამის მოქალაქობისა. გარნა რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ ვიდრე ეკლესიასა შინა იყვნეთ, სურვილი ესე აღეტყინებოდის შორის თქუენსა, ხოლო გან-რაჲ-ხჳდეთ ამიერ, დაშრტეს ალი იგი და განგრილდეს? ამისთჳს, ჵ კაცო, უკუეთუ იქმნა შენ შორის სურვილი, უკუეთუ აღეტყინა გულსა შენსა ცეცხლი სულიერი, ნუ გცონინ წარსლვად მათ ანგელოზთა თანა და შერთვად კრებულსა მათსა. ვერ გულისჴმა-გიყოფს ესრეთ სიტყუაჲ ჩუენი, ვითარ ხილვაჲ თუალითა. ნუ იტყჳ: განვაზრახო ცოლსა ჩემსა და ვიურვნე საქმენი ჩემნი. ესე სიტყუანი დროებისანი დაჴსნილობისა დასაბამ არიან. ისმინე, რამეთუ ინება ვინმე მოკითხვად სახლეულთა თჳსთა, და არა შეუნდო წინაჲსწარმეტყუელმან.1

და რად ვიტყჳ მოკითხვასა სახლეულთასა? მამისა თჳსისა დამარხვაჲ ენება მოწაფეთაგანსა ვისმე, და არცა ესე შეუნდო ყოფად ქრისტემან.2 და რაჲმცა იყო უმეტეს ამისა საჭიროჲ და სათანადოჲ საქმე, ვითარ დამარხვაჲ აღსრულებულისა მამისაჲ? არამედ ესეცა დააყენა. რაჲსათჳს-მე ყო ესე? ამისთჳს, რამეთუ ეშმაკი ყოვლითა ძალითა ზედადგას დახრწევად ჩუენდა გზათაგან საღმრთოთა, და უკუეთუ რაოდენიცა პოოს მიზეზი მცირედისა უცალოებისა და დროებისაჲ, დიდსა უდებებასა იქმს.

ამისთჳს ბრძენი იგი იტყჳს: „ნუ სდროებ დღითი-დღე, უკუეთუ გნებავს გზასა მას საღმრთოსა წარმატებად“.3

უკუეთუ ყოველივე ღმრთისათჳს უგულებელს-ჰყო, ყოველივე კეთილად განგემარჯოს, ვითარცა იტყჳს: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“.4 ნუ ზრუნავ უკუე სახლეულთა შენთა, არამედ არწმუნენ იგინი ღმერთსა, რაჲთა მან კე-თილად იღუაწნეს. უკუეთუ შენ იურვოდი მათ, კაცობრივ იურვი, და ღმერ-თი არა ფრიად იღუწის, არამედ ვითარცა ყოველსა სოფელსა ოდენ. უკუეთუ კულა მხოლოსა ღმერთსა არწმუნო მათი ზრუნვაჲ და შენ მას შეუდგე, ნეტარ იყვნენ იგინი, რწმუნებულნი მეუფისა მის სახიერისა.

აწ უკუე, გნებავს თუ, რაჲთა ყოვლით კერძო კეთილი გეყოს და ზრუნვათაგან თავისუფალ იქმნე, უგულებელს-ყავ სოფელი და სული შენი იღუაწე, რაჲთა აქაცა სანატრელ იქმნე და საუკუნეთა მათ კეთილთა მიემ-თხჳო მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 3 მეფ. 19,20. 2 მათ. 8,21-22; ლუკ. 9,59-60. 3 ზირ. 5,8. 4 მათ. 6,33.