📋 სარჩევი
პავლეს მოციქულთა წიგნი კორინთელთა მიმართ პირველი
მოციქულისაჲ: პავლე, ჩინებული მოციქული ქრისტე იესუჲსი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1).
თარგმანი: სიტყჳთა ამით, რომელი თქუა თუ "ჩინებული მოციქული", ამას მოასწავებს, რამეთუ ვინაჲთგან რომელნიმე მათგანნი თჳსითა ნებითა მოძღურიდეს არა-კეთილად, ამისთჳს ესე შესძინა მოციქულმან, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: მე თჳთ არა ქმნილ ვარ თავით ჩემით მოციქულ, ვიდრემდის ჩინებულ ვიქმენ ღმრთისა მიერ, და ვითარ თქუენ იკადრებთ თავით თჳსით წინამძღურებასა ერისასა, რომელნი-ეგე არცა დამიდგენიეთ, არცა მითქუამს თქუენი წინამძღურობაჲ!
მოციქულისაჲ: და სოსთენი ძმაჲ (1,1).
თარგმანი: სოსთენი მოწაფე იყო მოციქულისაჲ და ანუ კორინთელთაგანი იყო, ანუ მასცა ფრიადი მოსწრაფებაჲ ეჩუენა სწავლასა შინა მათსა, და ამისთჳს სიმდაბლითა მით კეთილითა, რომელი აქუნდა პავლეს თავისა თჳსისა თანა, ვითარცა მის მაგიერცა დააწესა მოკითხვაჲ იგი.
მოციქულისაჲ: ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა (1,2).
თარგმანი: ეკლესია შესაკრებელად გამოითარგმანების და სახელ-სდებს მათ მოციქული შესაკრებლად ღმრთისა, და ეტყჳს ამას ძალსა, ვითარმედ: ვინაჲთგან ღმრთისა მოწაფენი ხართ და მისნი შესაკრებელნი, რაჲსათჳს კაცთა დაემოწაფენით, არა საღმრთოჲსა სწავლისა მეტყუელთა!
მოციქულისაჲ: განწმედილთა ქრისტე იესუჲს მიერ (1,2).
თარგმანი: განწმედილნი ხართო ქრისტეს მიერ ნათლისღებითა და სარწმუნოებითა და არა ცუდთა მათ მოძღუართა მიერ.
მოციქულისაჲ: ჩინებულთა წმიდათა (1,2).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თჳთ ეგე საქმე, რომელ გრწმენა, არა თქუენი არს, არამედ ჩინებაჲ არს საღმრთოჲ.
მოციქულისაჲ: ყოველთა თანა, რომელნი ხადიან სახელსა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ყოველთა ადგილთა, მათთა და თქუენთა (1,2).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: არა თუ თქუენ კორინთელთადა ოდენ მშვდობაჲ და მადლი, არამედ ყოველთა მორწმუნეთა ქრისტესთა, სადაცა იყვნენ; გინა თუ სხუათა ადგილთა, გინა თუ თქუენ თანა.
მოციქულისაჲ: მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ (1,3).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ კაცთა მიმართ გაქუს მშჳდობაჲ, რომელნი-იგი მოძღურად აღგიარებიან, თქუენი ანუ თუ მათ მიერ გაქუს მადლი, რაჲ გერგოს, უკუეთუ ღმრთისა მიერ არა გაქუნდეს; არამედ მე ვილოცავ, რაჲთა მადლი და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მოვიდეს თქუენ ზედა, რომელი-იგი შემძლებელ არს განათლებად სულთა თქუენთა.
მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს (1,4).
თარგმანი: გუასწავლის ჩუენ მოციქული მადლობასა ღმრთისასა, და ამისთჳს ყოველთა მათ ებისტოლეთა შინა მისთა დასაბამად მადლობაჲ დაუწესებიეს, რაჲთა ვისწავოთ ჩუენცა ყოველსავე კეთილსა ზედა ღმრთისა მადლობაჲ, რამეთუ მის მიერ არს ყოველი ნიჭი კეთილი და სრული. ეჰა სიყუარული ყოვლადწმიდისა მის სულისაჲ, რომელი აქუნდა ღმრთისა მიმართ! ამისთჳსცა მარადის ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, "ღმერთსა ჩემსა", რამეთუ სიტყუაჲ ესე ფრიადისა სიყუარულისა გამომაჩინებელი არს.
მოციქულისაჲ: მადლსა მას ზედა ღმრთისასა, რომელი მოცემულ არს თქუენდა ქრისტე, იესუჲს მიერ (1,4).
თარგმანი: მოიქცეს რაჲ კორინთელნი კერპთაგან და ჰრწმენა ქრისტე და ნათელ-იღეს, მიეცნეს მრავალთა მადლნი: რომელსამე — დაფარულთა ცნობაჲ, რომელსამე — წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელსამე — ენათა უცხოთა სიტყუაჲ, რაჲთა ვინაჲთგან ჩჩჳლ იყვნეს და უძლურ, ხედვიდენ მადლთა მათ, და ეგნენ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა; ხოლო რომელნიმე მათგანნი ზუაობდეს მადლთა მათთჳს. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ვჰმადლობ ღმერთსა მადლსა მას ზედა, მოცემულსა თქუენდა; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მადლნი ეგე არა თუ თქუენითა სათნოებითა მიიხუენით, არამედ ნიჭითა ქრისტესითა. რაჲსათჳს უკუე ჰზუაობთ, ვითარმცა თქუენითა მოღუაწებითა და ძალითა მოგებული გაქუნდა! აჰა ესერა, ერთობასა მას მამისა და ძისასა გამოაჩინებს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, რომელი მოცემულ არს თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ, რამეთუ ჭეშმარიტად ყოველთავე მადლთა თჳსთა მამაჲ ძისა მიერ მიჰმადლებს კაცთა, მადლითა მით სულისა წმიდისაჲთა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ყოვლითა განმსდიდრდით მის მიერ (1,5).
თარგმანი: კუალად მასვე ეტყჳს, ვითარმედ: ყოვლითა განმსდიდრდით მის მიერ. ვინაჲთგან უკუე მის მიერ გაქუს ყოველივე სიმდიდრე, და ღმრთისა მიერ არს სიმდიდრე თქუენი, ვითარ კაცთა შეუდეგითო და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ დაუტევეთ!
მოციქულისაჲ: ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა (1,5).
თარგმანი: სიტყუაჲ და მეცნიერებაჲ ურთიერთას შეაერთნა, რამეთუ არს სიტყუაჲცა უცხოჲ მეცნიერებისაგან (ესე იგი არს, ყოველივე სიტყუაჲ ცუდი და მაცთურისა მიერ მოპოვნებული და მავნებელი სულისაჲ — შორს არს მეცნიერებისაგან), და კუალად არს მეცნიერებაჲცა თჳნიერ სიტყჳსა, რამეთუ მრავალნი გულისჴმა-ჰყოფენ, და გამოთარგმანებად გულისჴმა-ყოფილისა მის ვერ შემძლებელ არიან. ხოლო მათ ეტყჳს მოციქული, ვითარმედ: თქუენ ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა განგამდიდრნა ღმერთმან, რამეთუ გასწავნა მადლმან მისმან ჩემ მიერ სიტყუანიცა მეცნიერებითა მით საღმრთოჲთა სავსენი და განმანათლებელნი სულისანი, და მიგცა მეცნიერებაჲცა, შემკობილი სიტყჳთა, რაჲთა შემძლებელ იყვნეთ სიტყუათა კეთილთა თქუმად. ხოლთ უკუეთუ თქუენ ნებსით დააგლახაკნეთ თავნი თქუენნი, ბრალი თქუენი არს და საშჯელი.
მოციქულისაჲ: ვითარცა წამებაჲ იგი განმტკიცნა თქუენ შორის (1,6).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარცა-იგი სიტყუათა მათ კეთილთა მიერ და ღმრთივმონიჭებულითა მით გულისჴმის-ყოფითა წამებაჲ იგი ქრისტესი, რომელ არს მისისა სარწმუნოებისა ქადაგებაჲ, რწმუნებულ იქმნა თქუენ მიერ და ესრეთ დაემტკიცა თქუენ შორის. ხოლო ესე საქმე იქმნა თქუენ შორის არა სიფრთხილითა თქუენითა ანუ სიბრძნითა მით კაცობრივითა, არამედ მადლითა ქრისტესითა.
მოციქულისაჲ: რაჲთა არარაჲთა ნაკლულევან იყვნეთ, არცაღა ერთითა მადლითა (1,7).
თარგმანი: რომელნიმე გამოეძიებენ ამის სიტყჳსათჳს და იტყვან, ვითარმედ: რაჲსათჳს ზემო ჰრქუა მათ, ვითარმედ "ყოვლითა განმსდიდრდით, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა", და აქა კუალად იტყჳს, "რაჲთა არარაჲთა ნაკლულევან იყვნეთო, არცა ერთითა მადლითა"; და კუალად ქუემორე ჴორციელად სახელ-სდებს მათ და იტყჳს, ვითარმედ: "ჯერეთ ჴორციელ ხართ თქუენ". ამას უკუე ვიტყჳთ, ვითარმედ მრავალთა სიტყუაჲ მოეზავებოდა და მრავალთა — იგი; რამეთუ არა შესაძლებელ იყო, თუმცა ეგოდენ დიდსა მას კრებულსა შორის ანუ-მცა ყოველნი სრულნი იყვნეს, ანუ-მცა ყოველნი ჩჩჳნი და უძლურნი.
მოციქულისაჲ: და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,7).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ უკუეთუ მარადის მოელოდით გამოჩინებასა ქრისტესსა, არაოდეს ნაკლულევან იქმნეთ, არცა ერთითა მადლითა, რამეთუ ჴსენებამან მან მოიყვანოს შიში ღმრთისაჲ გულთა თქუენთა, და რაჟამს შიში ღმრთისაჲ მოიგოთ, მერმე ყოველნი მადლნი მოგეცენ თქუენ. ხოლო გამოჩინებად სახელ-სდებს მეორედ მოსლვასა, და გამოჩინებაჲ უწოდა მას და არა მოსლვა, რაჲთა გულისჴმა-ვყოთ, ვითარმედ ქრისტე აწცა მარადის ჩუენ შორის არს და ყოველი ადგილი აღუვსიეს, დაღაცათუ არა იხილვების თუალითა მით ჴორციელითა, არამედ იგი ყოველსავე ხედავს, ხოლო მაშინ გამოაჩინოს თავი თჳსი და იხილვოს ყოველთა მიერ.
მოციქულისაჲ: რომელმან-იგი მტკიცე გყვნეს თქუენ სრულიად უბრალონი (1,8).
თარგმანი: ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლნა გონებანი მათნი, რამეთუ თქუა რაჲ თუ "მტკიცე გყვნეს", უჩუენა, ვითარმედ შერყეულნი იყვნეს, რამეთუ სიმტკიცე მას უჴმს, რომელი შიშსა შინა დაცემისასა იყოს. ხოლო, თქუა რაჲ თუ "უბრალონი", გამოაჩინა, ვითარმედ ბრალსა ქუეშე იყვნეს.
მოციქულისაჲ: დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (1,8).
თარგმანი: განაშორებს კაცობრივთა ზრახვათაგან და შეაძრწუნებნ გულთა მათთა ჴსენებითა დღისა მის საშჯელისაჲთა, და უჩუენებს, ვითარმედ ფრიადი მოსწრაფებაჲ და მოღუაწებაჲ ჯერ-არს და ვედრებაჲ ღმრთისაჲ ფრიადი, რაჲთა დღესა მას საშჯელისასა უბრალო იპოვნენ.
მოციქულისაჲ: სარწმუნო არს ღმერთი (1,9).
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "უბრალო იპოვნეტ დღესა მას საშჯელისასა", მეყსეულად შესძინა, ვითარმედ "სარწმუნო არს ღმერთი", ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ უბრალოდ ვიპოვნეთ დღესა მას, მერმე ღირს-ვიქმნეთ ქრისტეს თანა სუფევად. რამეთუ ღმერთი, რომელმან ესე აღგჳთქუა, სარწმუნო არს, და აღასრულოს მან აღთქუმაჲ თჳსი.
მოციქულისაჲ: რომლისა მიერ იწოდენით ზიარებასა მას ძისა მისისა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა (1,9).
თარგმანი: იხილე ერთობაჲ იგი მამისა და ძისაჲ, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: ქრისტეს მიერ ვპოეთ მამისა მიმართ დაგებაჲ; ხოლო აქა იტყჳს თუ: მამისა მიერ ვიწოდენით ქრისტეს სარწმუნოებად. ეჰა საკჳრველი! რაჲსა თქუა, ზიარებად მხოლოდშობილისა იწოდენითო? — რაჲთა, უკუეთუ იღუაწოთ, სასუფეველსა მის თანა ზიარ იყვნეთ; ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ მოვითმინოთ, მის თანა ვსუფევდეთ.
მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაჲთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალებაჲ (1,10).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუმცა მე თავით ჩემით გევედრებოდე, არა კმა ვარ დარწმუნებად თქუენდა. ამისთჳს უკუე ქრისტეს მიერ გევედრები, რამეთუ თავადი იგი ქრისტე, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ, იგი გლოცავს, რაჲთა არა იქმოდით განწვალებათა, რაჲთა ეკლესიისა გუამი არა განიწვალოს.
მოციქულისაჲ: არამედ იყვენით განმტკიცებულ მითვე მეცნიერებითა და მითვე გონებითა (1,10).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ — "მასვე იტყოდეთ ყოველნი", — რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ სიტყუათათჳს ოდენ არს ერთობაჲ, ამისთჳს აქა თქუა, ვითარმედ: "იყვენით განმტკიცებულ მითვე მეცნიერებითა და მითვე გონებითა", ესე იგი არს, ვითარმედ: სიტყჲთცა მასვე-მცა ერთსა პირსა იტყჳთ ყოველნი, რომელი-იგი ისწავეთ, და მითვე-მცა მეცნიერებითა და მითვე გონებითა იყოფებით, რომელი მე სათნო მიჩნს, და ნუმცა გქონან ცილობანი.
მოციქულისაჲ: რამეთუ მეუწყა მე თქუენთჳს, ძმანო, ქლოველთა მათგან, ვითარმედ ჴდომანი რაჲმე არიან თქუენ შორის (1,11).
თარგმანი: რაჲთა არა უარ-ჰყოფდენ შეცოდებასა და ცთომასა მათსა, ამისთჳს პირველვე თქუა, ვითარმედ: მეუწყა მე ქლოველთაგან. ქლოველნი არიან წოდებულ წინამძღუარნი იგი, რომელნი იყვნეს მათ შორის, რომელთაცა მიუწერეს ყოველივე იგი მოციქულსა, რამეთუ "ქლოველი" გამოითარგმანების გამომეძიებელად; და ეტყჳს მათ, რომელნი-იგი მათ შორის გამომეძიებელნი იყვნეს და წინამძღუარნი, თავნი ერისანი.
მოციქულისაჲ: ხოლო ვიტყჳ ამას, რამეთუ კაცად-კაცადი თქუენი იტყჳს: მე პავლესი ვარ, მე კეფაჲსი ვარ, მე აპოლოჲსი ვარ (1,12).
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ — "ამას ვიტყჳ"? — გარნა ესე არს, ვითარმცა იტყოდა თუ: სიტყუად ვიტყჳ ამას, ვითარმცა იტყოდეთ თუ ესევითართა ამათ სიტყუათა; რამეთუ არა თუ იგინი იტყოდეს ესრეთ, თუ "მე პავლესი ვარ" და "მე აპოლოჲსი ვარ", არამედ სიტყუად თქუა ესე და მოასწავებდა მათ შორის მყოფთა მათ მდიდართა და ფილაფოსთა, რომელთა შეუდგეს იგინი. ხოლო ესე შორის-შემოიღო სიტყუაჲ, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ, უკუეთუ ამათ სიტყუათა თქუმაჲ თუ — "მე პავლესი ვარ" და "მე —კეფაჲსი" და "მე — აპოლოჲსი", რომელნი-ესე ერთ-ვართ ყოველნი, და არა კეთილ არს ესრეთ სიტყუად; რავდენ უმეტესად ბოროტ არს, რომელ იტყჳთ თუ: ჩუენ მის მდიდრისა ანუ მის ფილაფოსისანი ვართ, რომელნი-იგი ჰყვენით მოძღუარ თავისა თქუენისა.
ხოლო აპოლო იყო პირველი ეპისკოპოსი კორინთისაჲ.
მოციქულისაჲ: მე ქრისტესი ვარ (1,12).
თარგმანი: არა თუ აბრალებს თუ: რად იტყჳთ, ვითარმედ ქრისტესი ვარ; არამედ ამას აბრალებს, თუ: რად არა ყოველნი ამას იტყჳან; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: რად ითქუმის თქუენ შორის სხუაჲ სახელი თჳნიერ ქრისტესა; ვინ გიჴსნნა მძლავრებისაგან ეშმაკისა თჳნიერ ქრისტესა; ვინ განგწმიდნა ბილწებისაგან ცოდვათაჲსა გარეშე ქრისტესა; რად უკუე დასდებთ თავთა ზედა თქუენთა სხუასა სახელსა, თჳნიერ ქრისტესა?
მოციქულისაჲ: გან-მე-ყოფილ-არს-ა ქრისტე? (1,13).
თარგმანი: აბრალებს მათ და იტყჳს, ვითარმედ: ჵ კორინთელნო, ესრეთ განჰკუეთეთ-ა და განჰყავთ გუამი ქრისტესი? რასა იტყჳთ, ნუ-უკუე ქრისტე განყოფილ არს ეკლესიისაგან, და თანამკჳდრნი და თანამონაწილენი ჰყვანან-ა ქრისტეს, რაჲთამცა მათ თანა განიყვნა მორწმუნენი? ნუ-უკუე ზიარნი ვინმე ჰყვანან-ა, რომელთა მის თანა სოფელი აღავსეს მადლითა? რაჲ არსო საქმე ესე? განყოფილ არს-ა ქრისტე, რომელი-იგი მოკუდა სოფლისათჳს? ხოლო სხუაჲ არავინ არს, რომელმან იღუაწა კაცთათჳს. გარნა იგი განგიყოფიეს-ა უკუე ქრისტე, რაჲთა-მცა რომელიმე ქრისტესად იყო და რომელიმე პავლესი და რომელიმე კეფაჲსი და რომელიმე აპოლოჲსი?
მოციქულისაჲ: ანუ პავლე ჯუარს-ეცუა თქუენთჳს, ანუ სახელისა მიმართ პავლესისა ნათელ-იღეთ? (1,13).
თარგმანი: ვინაჲთგან აჴსენა კეფაცა და აპოლოცა, რაჲთა არავინ თქუას თუ შურითა აჴსენნა იგინი, ამისთჳს ყოველსავე თავისა თჳსისათვის იტყჳს. ხოლო არა თქუა თუ: ნუ-უკუე პავლე შეგქმნნა და დაგბადნა თქუენ; დაღაცათუ ესეცა ძლიერებისა ღმრთისა გამომაჩინებელი საქმე იყო, არამედ კაცთმოყუარებისა ღმრთისა გამომაჩინებელი საქმე თქუა, რომელი უმეტესსა მას მოწყალებასა ღმრთისასა გამოაჩინებდა. ამისთჳს ჯუარი შორის-შემოიღო და ცოდვათა აღმჴოცელი იგი ნათლის-ღებაჲ, და დაწყებითგან ებისტოლისა ვიდრე აღსასრულადმდე კნინღა რაჲ სიტყუა სახელსა ქრსიტჱსსა აჴსენებს, რაჲთა სიმრავლითა ცხოველს-მყოფელისა მის სახელისაჲთა გესლი იგი ზუაობისა და ამპარტავანებისაჲ განწმიდოს გულთა მათთაგან.
მოციქულისაჲ: ვჰმადლობ ღმერთსა, რამეთუ არავის თქუენგანსა ნათელ-ვეც, გარნა კრისპოს და გაიოს (1,14).
თარგმანი: ვიეთნიმე მათ შორის მღდელნიცა იყვნეს და ზუაობდეს ნათლისცემისათჳს. იტყჳს უკუე მოციქული, ვითარმედ: რაჲსა ზუაობენ ნათლისცემისათჳს! მე უფროჲსად ვჰმადლობ ღმერთსა, რომელ არავის ნათელ-ვეც. ხოლო ესე თქუა მათისა ზუაობისა დაჴსნისათჳს, არა თუ ნათლისცემასა დაამცირებს.
მოციქულისაჲ: რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც (1,15).
თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, თუ: და რად ჰმადლობ არა-ნათლისცემისათჳს, — ამისთჳს პირველვე თქუმისა თქუა მიზეზი, ვითარმედ: ამისთჳსო, რაჲთა არავინ თქუას თუ სახელითა ჩემითა ნათელ-ვეც; რამეთუ უკუეთუ სხუათა მათ უნდოთა ნათელ-სცეს და ეგოდენი განწვალებაჲ იქმნა, ვიდრეღა მათითა სახელითა წოდებულ იყო თითოეული, მაშა უკუეთუ ყოველთადა პავლეს ნათელ-ეცა, არამცა ყოველთა პავლეს სახელი დაედვა თავთა თჳსთა ზედა და არა ქრისტესი?
მოციქულისაჲ: ხოლო ნათელ-ვეც სტეფანაჲსსაცა სახლსა (1,16).
თარგმანი: სტეფანა არს იგი მესაპყრობილეთ მთავარი, რომელსა ეგულებოდა მას ღამესა თავისა თჳსისა მოკლვაჲ ფილიპიას შინა, და ნათელ-იღო პავლეს და შილაჲს მიერ სახლეულით თჳსითურთ.
მოციქულისაჲ: მერმე არა ვიცი, უკუეთუ ვისმე ნათელ-ვეც სხუასა (1,16).
თარგმანი: ამის მიერ გამოაჩინებს, ვითარმედ არცა საძიებელ იყო მის მიერ სხუათა ნათლის-ცემაჲ. ამისთჳს არცა აჴსოვდა თუ ნათელ-ვისდამე-ეცა სხჳსა. ხოლო ესე თქუა, რაჲთამცა დაამდაბლნა იგინი, რომელნი ამას ზედა ზუაობდეს.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მომავლინა მე ქრისტემან ნათლის-ცემად (1,17).
თარგმანი: რაჲსათჳს უკუე ნათელ-სცემდა, ვინაჲთგან არა ამისთჳს მივლინებულ იყო; რად ნათელ-სცემდა ერთსაცა? —ამას უკუე ვიტყჳთ, ვითარმედ მოვლინებულ იყო ხარებად, ხოლო ნათლის-ცემად არავე დაყენებულ იყო; არამედ, უკუეთუმცა ინება, იქმოდა მასცა.
მოციქულისაჲ: არამედ ხარებად არა სიბრძნითა სიტყუათაჲთა (1,17).
თარგმანი: რამეთუ ესე იყო საქმე საჭიროჲ და ამას უჴმდა ჭეშმარიტად რკინისა უმაგრესი და კლდისა უმტკიცესი სული, რომელ ურწმუნოთა ახარებდა და არწმუნებდა ქრისტესა, რამეთუ მორწმუნეთა ნათლის-ცემად ყოველივე მღდელი შემძლებელ არს, ხოლო ურწმუნოთა მორწმუნეყოფაჲ ჭეშმარიტად პავლეს საზომისა საქმე არს. უძნელესი უკუე იყო საქმე მისი, რამეთუ ახარებდა მათ, რომელთა მიერ მრავალნი გუემანი და ტანჯვანი მოიწეოდეს მის ზედა.
მოციქულისაჲ: რაჲთა არა დაცარიელდეს ჯუარი ქრისტესი (1,17).
თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელ თქუა თუ "რაჲთა არა დაცარიელდეს ჯუარი ქრისტესი"? — ესე იგი არს, რაჲთა არა დაბდაბლდეს და დამცირდეს ჯუარისა დიდებაჲ; რამეთუ, უკუეთუმცა მოციქულთა სიტყუათა სიბრძნითა ექადაგა, ეთქუა-მცა ვიეთმე თუ: სიტყუათა მათთა მრავალღონეობითა და სივრცითა დაარწმუნეს კაცთა ქადაგებაჲ მათი, და არა ძალითა ქრისტესითა, რომელსა ქადაგებდეს. და ესე საქმე დაცარიელებაჲ დადამდაბლებაჲ იყო ჯუარისა და ქადაგებისაჲ მის. ხოლო აწ რომელ უსწავლოთა კაცთა ერწმუნა სოფელი ესე, და მათ მოაქციეს იგი საცთურისაგან, ამის საქმისა მიერ დიდად გამოჩნდა ძალი ქრისტესი და უფროჲსად იდიდა დიდებაჲ ჯუარისაჲ.
მოციქულისაჲ: რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს (1,18).
თარგმანი: სიტყუაჲ ჯუარისაჲ და საქმე ესე ქრისტიანობისაჲ და ქადაგებაჲ ესე წინაშე წარწყმედულთა მათ ურწმუნოთა სიცოფედ შერაცხილ არს, რამეთუ, რაჟამს ვიტყოდით თუ — ძე ღმრთისაჲ ჯუარს-ეცუა და მოკუდა და აღდგა და ჯუარითა სიკუდილი დაიჴსნა, და ვითარმედ აღდგებიან მკუდარნი და იქმნების საშჯელი, — ესე ყოველი სიცოფედ შეურაცხიეს, თუ ვითარმცა კაც იქმნა ღმერთი და ჯუარს-ეცუა, და ყოველი იგი ზღაპრად შეურაცხიეს და სიცოფედ. ხოლო ჭეშმარიტად წარწყმედილნი არიან იგინი, რომელთა საქმენი იგი, ღმრთისა მიერ კაცთა საცხორებელად მოცემულნი, მათ სიცოფედ შეურაცხიან.
მოციქულისა: ხოლო ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს, რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო. სადა არს ბრძენი ანუ სადა არს მწიგნობარი; სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? (1,18-20).
თარგმანი: რამეთუ ჩუენ, რომელნი-ესე არა ცნობამიღებულნი ვართ ეშმაკთა მიერო, არამედ არს ჩუენდა სასოებაჲ ცხორებისაჲ, ამათ ესევითართა საქმეთა მიერ გულისჴმა-ვყოფთ უმეტესად ძალსა ღმრთისასა და სიბრძნესა. ძალსა — ამით, რამეთუ სიკუდილითა სიკუდილი დაჰჴსნა; ხოლო სიბრძნესა — ამით, რამეთუ ამით ესევითარითა სახითა წარწყმედულნი აცხოვნნა.
ვინაჲთგან შემოიღო შორის სიტყუაჲ წერილისაჲ, ვითარმედ "წარვწყმიდოო სიბრძნე ბრძენთაჲ", ამისთჳს თჳსსაცა შესძინებს, ვითარმედ: "სადა არს ბრძენი" — ესე წარმართთა მათ ფილაფოსთათჳს თქუა; და "სადა არს მწიგნობარი" — ესე ჰურიათათჳს თქუა; "სადა არს გამომეძიებელი" — ესე იგი არს, რომელნი გულისსიტყუათა მიერ კაცობრივთა გამოეძიებენ მიუწდომელთა მათ საქმეთა. იტყჳს უკუე მოციქული, ვითარმედ — სადა არიან იგი ყოველნი? გამოაჩინონ-ღა საქმე მათი! ვინ სადა იჴსნეს მათ თჳსითა სიბრძნითა და მწიგნობრობითა და გამომეძიებლობითა საცთურისაგან? ვისნი აჴოცნეს ცოდვანი? ვინ განკურნეს უძლურებისაგან? სადა არს ცუდი იგი სიქადული მათი? — წარწყმდა და უჩინო იქმნა.
მოციქულისაჲ: გან-რაჲმე-აცოფა ღმერთმან სიბრძნე ამის სოფლისაჲ (1,20).
თარგმანი: ვითარ განაცოფა ღმერთმან სიბრძნე ამის სოფლისაჲ? — გარნა ესრეთ, რამეთუ, რაჟამს-იგი არსებითმან მან სიბრძნემან ღმრთისამან უსწავლელთა კაცთა არწმუნა ქადაგებაჲ იგი ზეცისა საქმეთაჲ, მაშინ უჩინო იქმნა წარმართთა იგი სიბრძნე, და მოციქულთაჲ — გამოჩნდა. რამეთუ სიბრძნედ სოფლისა სიტყუაკეთილობასა და სივრცესა მას სიტყუათასა სახელ-სდებს, რამეთუ იგიცა ღმერთმან მოსცა კაცთა. რომელმან-იგი ენანიცა განუყვნა და თითოეულსა ენასა თჳსნი წესნი მისცნა, მან მისცა ფილაფოსთა მათცა ბერძენთა სიბრძნე იგი და სიტყუაკეთილობაჲ, რაჲთამცა იცნეს მიმცემელი იგი, ხოლო მათ საქმე იგი უფროჲსად საჭურველად უკეთურებისა იჴმარეს და განავრცეს საცთურისა იგი საქმე. ესე რაჲ იხილა ღმერთმან, ვითარმედ არაჲ ერგო მათ სიბრძნისა მისგან, განაცოფა სიბრძნე იგი და შეურაცხად გამოაჩინა, და ჭეშმარიტად განცოფნეს ყოველნივე, რომელთა შეერაცხნეს თავნი თჳსნი ბრძენად, რამეთუ ვერ უძლეს პოვნად, ვერცა გულისჴმის-ყოფად, რაჲ-იგი მეთევზურთა მათ და უსწავლელთა ქადაგეს და დაარწმუნეს სოფელსა. და ესრეთ გამოჩნდა მათი იგი სიბრძნე ცოფად და ვერშემძლებელ პოვნად ჭეშმარიტებისა.
მოციქულისაჲ: რამეთუ სიბრძნითა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-უჩნდა ღმერთსა სისულელითა მით ქადაგებისაჲთა ცხორებად მორწმუნეთა მათ (1,21).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მით ღმრთისა მიერით, რომელი მოსცა მან კაცთა, ვერ იცნეს სიბრძნითა მით, რომელი ჩანს დაბადებულთა შორის, ცასა ზედა და ქუეყანასა და მზესა და მთოვარესა, და სხუათა ყოველთა დაბადებულთა ღმერთი; რამეთუ ღმერთმან მისცა მათ სიბრძნე და სწავლულებაჲ, რაჲთამცა მის სიბრძნისა მიერ გულისჴმა-ყვეს სიბრძნე იგი ღმრთისაჲ, რომელი ჩანს ამათ ყოველთა დაბადებულთა შინა. და მის სიბრძნისა გულისჴმის-ყოფითა იცნეს-მცა ღმერთი, არამედ მათ არა ქმნეს ესე. ამისთჳს ღმერთმან კუალად მათი სიბრძნე უჴმარ ყო, და სისულელითა მით ქადაგებისაჲთა სოფელი აცხოვნა. ხოლო სისულელედ ქადაგებისა იტყჳს, ერთად, სიმარტივესა მას სიტყუათა ქრისტეს ქადაგებისათასა, და რამეთუ არა არიან ესრეთ ძნელ ამაოდ, ვითარ საწარმართონი იგი. და კუალად, სისულელედ იტყჳს, რომელ-იგი ზემო თქუა თუ წარმართთა წინაშე სიცოფედ ჩანს სიტყუაჲ ჯუარისაჲ, და აქაცა ვითარცა მათ მაგიერ თქუა.
მოციქულისაჲ: რამეთუ ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარცუმულსა (1,22-23).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ვჰრქუათ ჰურიასა თუ — "გრწმენინ!" — მეყსეულად სასწაულებსა და ნიშებსა ეძიებს დასამტკიცებლად ქადაგებისა მის. ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტეს ჯუარცუმულსა, რომელი-ესე არა თუ ოდენ არა საკჳრველებისა ოდენ საქმედ არა ჩანს, არამედ უფროჲსად უძლურებასაცა აჩუენებს, თუ ჴორციელად ვინ გულისჴმა-ჰყოფდეს. გარნა ამით, ჴორციელთა საცნობელთა წინაშე უძლურად შერაცხილითა, და წინააღმდგომად მათისა თხოვისა, არა მცირედნი მოიქცევიან სარწმუნოებად რომელ-ესე დიდსა მას ძალსა ღმრთისასა გამოაჩინებს. კუალად წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ ჩუენგან, არამედ მათცა ჯუარსა უქადაგებთ, რომელ-ესე ჴორციელითა გულისსიტყჳთა სისულელედ და სიცოფედ ჩანს ქადაგებაჲ ჯუარცუმულისა ღმრთისაჲ, არამედ ეგრეთცა ჰრწამსვე. აწ უკუე, არა დიდი საკჳრველი არს-ა ესე, რომელ თხოვისა მის მათისა წინააღმდგომთა საქმეთაგან მოიქცევიან? და კუალად ესეცა ძალი აქუს სიტყუასა ამას, ვითარმედ: ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ და წარმართნი — სიბრძნესა, ჰპოებენ ორნივე ქრისტეს თანა, რასა-იგი ეძიებენ. ვითარ? —გარნა ესრეთ, რამეთუ ურწმუნოთა ჰურიათათჳს დაბრკოლება არს და საცთურად უჩნს ჩუენი ესე ქადაგებაჲ, და წარმართთა —სისულელედ უჩნს. ხოლო თჳთ მათგანნივე, რომელნი არიან წოდებულნი და რჩეულნი, ჰპოებენ იგინი, ვითარმედ ქრისტე არს ჭეშმარიტად ძალიცა და სიბრძნე მამისაჲ. რამეთუ, რასა იტყჳ, ჵ ჰურიაო, სასწაულსა ეძიებ-ა? — აჰა ქრისტე; იგი არს ძალი ღმრთისაჲ, მოქმედი საკჳრველებათაჲ. და შენ რასა იტყჳ, ჵ წარმართო, სიბრძნესა ეძიება? — იხილე, უკუეთუ გნებავს, ქრისტე, სიბრძნე იგი მამისაჲ! ესრეთ უკუე იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ვინაჲთგან სასწაულთა და სიბრძნესა ეძიებენ ჩუენგან, ჩუენ ქრისტეს ვქადაგებთ, რომელი-იგი ორივე არს — ძალიცა და სიბრძნეცა წინაშე რჩეულთასა, და პოვონ რაჲ ესევითართა მათ ჩინებულთა ორივე ესე მის თანა, მოიქცევიან, ხოლო რომელთა დაიბნელეს გონებაჲ მათი და არა შეიწყნარეს სარწმუნოებაჲ და ჩინებულებაჲ იგი და წოდებაჲ ღმრთისაჲ, საცთურისა და სისულელისა ღირსად ჰგონებენ საქმეთა მათ, ღირსთა საკჳრველებისათა. და რაჲ საკჳრველ არს, რამეთუ ხილულიცა ესე მზჱ ბნელად უჩნს ბრმათა, და ნელსაცხებელი სურნელი ბოროტ არს ორბთათჳს და ღორთა, არამედ ტრედთა მხიარულ ჰყოფს.
მოციქულისაჲ: ჰურიათა სამე საცთურ (1,23).
თარგმანი: ამისთჳს არს საცთურ ჰურიათა, რამეთუ იცოდეს წინაჲსწარმეტყუელებანი და არა ჰრწმენა აღსრულებაჲ მათი, არამედ ბოროტ უჩნდა ქადაგებაჲ ქრისტიანობისაჲ.
მოციქულისაჲ: და წარმართთა სისულელე (1,23).
თარგმანი: ამისთჳს, რამეთუ ზღაპრად შეერაცხა მათ და სისულელედ ესე, თუ ღმერთიმცა კაც იქმნა, და თუ ძე უვის ღმერთსა და თუ ღმერთი ჯუარს-ეცუა.
მოციქულისაჲ: ხოლო მათვე ჩინებულთა და წოდებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე (1,24).
თარგმანი: დაღაცათუ ურწმუნოთა ესრეთ უჩნსო, არამედ თჳთ მათგანთავე, რომელთა შეიწყნარონ წოდებაჲ ესე და ჩინებაჲ, გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ჭეშმარიტად ქრისტე არს ძალი და სიბრძნე ღმრთისაჲ. ხოლო ნუ-უკუე ვინმე თქუას თუ: რომელნიმე აჩინნა ღმერთმან და უწოდა, და რომელთამე — არა. ნუ იყოფინ ესე, არამედ ღმერთმან ყოველთა უწოდა და განაჩინნა, ხოლო რომელთა შეიწყნარეს ჩინებულებაჲ იგი და წოდებაჲ, მათ ოდენ უწოდა ჩინებულ და წოდებულ და რჩეულ. რამეთუ, რომელთა არა ინებეს ჩინებისა მის შეწყნარებაჲ, მათ-მცა რად უწოდა ჩინებულ!
მოციქულისაჲ: რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთასა არს (1,25).
თარგმანი: ჯუარი შერაცხილ არს უგუნურთა მათ მიერ სისულელედ, არამედ იგი უბრძნეს არს ყოველთა კაცთასა. და ქადაგებაჲ იგი ქრისტიანობისაჲ შერაცხილ არს სისულელედ, არამედ იგი უბრძნეს არს ყოვლისა სოფლისა. ვითარ? — გარნა ესრეთ, რამეთუ ბრძენნი იგი და ფილაფოსნი სოფლისანი ცუდთა და ჭეშმარიტად ცოფთა საქმეთა გამოძიებასა შეუდგეს, და ყოველნი მორჩილნი მათნი უფსკრულთა ჯოჯოხეთისათა შთაჴადნეს, ხოლო ჯუარმან და ქადაგებამან მან ქრისტიანობისამან მათცა პირი დაუყო და ყოველი აცხოვნა, რომელი-იგი წინაშე მათსა სისულელედ ჩნდა. და ამაოთა მათ ბრძენთა საჴსენებელიცა არა ჩანს სოფელსა შინა, ხოლო ქადაგებამან მან ჯუარცუმულისამან, მოციქულთა მათ უსწავლელთა მიერ ქადაგებულმან, ყოველი სოფელი აცხოვნა და დაიპყრა.
მოციქულისაჲ: და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთასა არს (1,25).
თარგმანი: უძლურად ჩნდა პირველ ქადაგებაჲ ქრისტიანობისაჲ რამეთუ გლახაკნი და უსწავლელნი კაცნი ქადაგებდეს მას და მეფენი და მთავარნი და ნათესავთა სიმრავლენი უფროჲსად დაშრეტად ისწრაფდეს სახელსა მას ქრისტესსა, და არარაჲ ძლიერებაჲ ჩნდა ჴორციელად მას შინა. რამეთუ, ვინმცა მოიგონა, თუ ამას ქადაგებასა შეუდგეს ყოველი სოფელი, რაჟამს-იგი ბევრეულნი ისწრაფდეს დაჴსნად და უჩინო-ყოფად სახელსა ქრისტესსა. არამედ, არა თუ ოდენ არა დაიჴსნა, არამედ უფროჲსად აღორძნდა და აღემატა და ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მისი, და იპოა უძლურად შერაცხილი იგი ქადაგებაჲ ღმრთისაჲ უძლიერეს ყოველთა კაცთა, რამეთუ ძლიერად შერაცხილთა მათ უძლურად შერაცხილითა მით ჯუარითა სძლო და უჩინო-ყვნა.
მოციქულისაჲ: აწ იხილეთ-ღა ჩინებულებაჲ ეგე თქუენი, ძმანო (1,26).
თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: იხილეთ-ღა და გულისჴმა-ყავთ, თუ რაბამი ძალი აქუს ჩინებასა მას, რომლითა იჩინენით, რომელ არს ქრისტიანობაჲ, რამეთუ არა ბრძენთა მიერ ჴორციელთა, არამედ უსწავლელთა მიერ ეგევითარნი და ღმრთივშუენიერნი საქმენი გასწავლნა და კუალად, თქუენ უსწავლელნი ეგე მრავალნი ესევითარსა გულისჴმის-ყოფასა მოგიყვანნა, რომელსა ვერ მისწუთეს ყოველნი ბრძენნი სოფლისანი.
მოციქულისაჲ: რამეთუ არა მრავალნი ბრძენ არიან ჴორციულად (1,26).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ამას წოდებასა და სარწმუნოებასა არა მოვიდეს მრავალნი ფილაფოსნი და ჴორციელად ბრძენნი და ამას სოფელსა შინა დიდებულნი, არამედ — უფროჲსნი უსწავლელნი. ხოლო კეთილად შესძინა სიტყუაჲ იგი თუ "არა მრავალნი", რამეთუ იყვნეს ბრძენნიცა ვიეთნიმე, რომელთა ჰრწმენა; დაღაცათუ არა მრავალნი, გარნა იყვნეს, ვითარ დიონოსი არიოპაგელი და იეროთეოს და სერგიოს პავლე ანთიპატი, რომელსა ჰრწმენა პამფლიას კჳპრისასა და სხუათაცა ესევითართა, ყოველგან უკუე არა მრავალი. ამისთჳს უთქუამნ, რამეთუ იყვნეს ვინმე ბრძენნიცა და ძლიერნი და აზნაურნი.
მოციქულისაჲ: არა მრავალნი ძლიერ არიან, არა მრავალნი აზნაურ არიან (1,26).
თარგმანი: რამეთუ მდიდარნი იგი და ძლიერნი და აზნაურნი და ბრძენნი სოფლისანი სავსე არიან ზუაობითა და ამისთჳს განვარდებიან ღმრთისმეცნიერებისაგან, რამეთუ არა ჰნებავს შეურაცხებაჲ სოფლისა საქმეთა.
მოციქულისაჲ: არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან (1,27).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ მარადის ღმერთმან გლახაკნი გამოირჩინა და შეურაცხნი, რაჲთა ძლიერთა მათ ურწმუნოთა არცსჳნოს. ხოლო რაჟამს გესმას თუ "გამოირჩინა", ნუ-სადა მოიგონო ესე თუ ღმერთსა ენება, რაჲთამცა გლახაკნი იგი და უნდონი გამოაჩინნა და შეიწყალნა და მდიდარნიმცა სირცხჳლეულ ყვნა; არამედ ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ღმერთმან გამოირჩინა გლახაკნი და შეურაცხნი ამისთჳს, რამეთუ იგინი შეუდგეს სარწმუნოებასა მისსა. რამეთუ, გინა თუ მდიდარი მოვიდეს სარწმუნოებად, გინა თუ გლახაკი, გამორჩეულ ეწოდების. ვინაჲთგან უკუე უმეტესნი გლახაკნი მოვიდეს სარწმუნოებასა მას, ამისთჳს რჩეულ უწოდა მათ. არა თუ, რამეთუ მდიდარნიცა არა იქმნებოდეს რჩეულ, უკუეთუმცა ენება! ჰე, და ფრიად კეთილადცა, ვითარცა იქმნესცა მრავალნი, ვითარ დიონოსი არიოპაგელი, ვითარ კლემენტოს ჰრომი, ვითარ სხუანი მრავალნი. ხოლო რომელნი დაშთეს და არა იქმნეს რჩეულ, თჳსთა ბოროტთა ნებათაგან არა იქმნეს, რამეთუ არა ინებეს. თუ არა, ღმერთსა ყოველთაჲ ენება ცხორებაჲ და ყოველთა უწოდა, ვითარცა სახარებასა შინა იტყჳს უფალი იგავსა მას მეუფისა მისთჳს სახიერისა, რომელმან ქმნა ქორწილი ძისა მისისაჲ და მოუწოდა მრავალთა ქორწილსა მას. ხოლო მათ იჯმნეს უკეთურებითა მათითა, და მერმე უწოდა გლახაკთა და დავრდომილთა, და იტყოდა უფალი, ვითარმედ: მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. ესე იგი არს, ვითარმედ: მე ყოველთადა მიწოდებიეს, ხოლო რომელნი აქა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: რომელნი მოვიდეს სარწმუნოებად, გლახაკნი გინა უსწავლელნი, იგინი რჩეულ ყვნა და ადიდნა, რამეთუ მდიდართა მათ და ფილაფოსთა თავს-იდვეს უსწავლელთა და გლახაკთა მიერ სწავლაჲ ღმრთისმეცნიერებისაჲ.
მოციქულისაჲ: რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა, და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოირჩინა ღმერთმან (1,27-28).
თარგმანი: ესე რაჲ გესმას თუ — "რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და მდიდართა" — ესე გულისჴმა-ყავ მათ ბრძენთათჳს და მათ ძლიერთა, რომელნი თჳსსა სიბრძნესა და დიდებასა და სიმდიდრესა ესვიდეს, და არა მოვიდეს სარწმუნოებად; რამეთუ, ვინაჲთგან მოსცა კაცთა მათ ღმერთმან სიბრძნე და სწავლულებაჲ, რაჲთამცა იცნეს ღმერთი, ხოლო მათ იჴმარეს იგი ბოროტად და უფროჲსად ჰგონებდეს თუმცა ქრისტეს ქადაგებაჲ დაჰჴსნეს. ხოლო იხილა რაჲ ღმერთმან მათი უკეთურებაჲ, უფროჲსად სირცხჳლეულ ყვნა უსწავლელთა მიერ და უაზნოთა, რამეთუ ჭეშმარიტად ესე არს დიდი იგი ძლევაჲ არს ქრისტესი, რომელ სულელთა მათ მიერ სძლევდა ბრძენთა.
მოციქულისაჲ: და არაარსნი (1,28).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, რომელნი-იგი სწავლულთა მათ და დიდებულთა, ვითარცა არაარსნი, შეერაცხნეს.
მოციქულისაჲ: რაჲთა არსნი იგი (1,28).
თარგმანი: "არსად" მათ იტყჳს, რომელთა აქუნდეს თავნი მათნი, ვითარცა დიდნი ვინმე და დიდებულნი, სიმდიდრისათჳს და სწავლისა მათისა.
მოციქულისაჲ: განაქარვნეს; რაჲთა არა იქადოს ყოველმან ჴორციელმან წინაშე ღმრთისა (1,28-29).
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "განაქარვნეს?" — ესე იგი არს, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ ყოველივე იგი ამისთჳს ქმნა ღმერთმან და უსწავლელთა მიერ და უძლურთა და უაზნოთა მიერ არცხჳნა მდიდართა და სწავლულთა და ძლიერთა და აზნაურთა, რაჲთამცა მათი იგი ამპარტავანებაჲ და ქედმაღლობაჲ და ზუაობაჲ განაქარვა, და რომელ ჰგონებდეს თავთა თჳსთა თუ: ვართ რანი-მე. ხოლო ესე ყოველი მათდა მიმართ თქუა, რომელნი იყვნეს კორინთეს შინა ფილაფოსნი და მდიდარნი, რაჲთა მათცა დაუტევონ ზუაობაჲ იგი თჳსი და ერიცა არა შეუდგეს მათ, რაჟამს არა-კეთილსა ასწავლიდენ.
მოციქულისაჲ: მისგან უკუე თქუენ ხართ ქრისტეს იესუს მიერ (1,30).
თარგმანი: მისგან თქუენ ხართო, ესე იგი არს, ვითარმედ: ღმერთმან, რომელმან-იგი ყოველი ამაოებაჲ და სიბოროტე განაქარვა, მან გჳჴსნნა ჩუენ ყოვლისაგან ამპარტავნებისა და უკეთურებისა და გუყვნა ჩუენ შვილად თჳსად იესუ ქრისტეს მიერ, რომელი-იგი იქმნა ჩუენდა ღმრთისა მიერ სიბრძნე, სიმართლე, სიწმინდე და გამოჴსნაჲ; ესე იგი არს, რომელმან მყვნა ჩუენ ბრძენ და წმინდა და მართლად, და გჳჴსნნა ჩუენ ესევითარითა ბოროტთაგან; რამეთუ, რომელნიცა გამოირჩინა (ესე იგი არს, რომელნიცა შეუდგეს მას), ყვნა იგინი ბრძენ და მართალ და წმინდა.
მოციქულისაჲ: რომელი-იგი იქმნა ჩუენდა სიბრძნე (1,30).
თარგმანი: არა თქუა თუ "განგუაბრძნვნა ჩუენ", არამედ, რაჲთამცა უზომოებაჲ იგი და გარდარეულებაჲ მადლისა ღმრთისაჲ გამოაჩინა, ამისთჳს ესრეთ თქუა, ვითარმედ: "იქმნა ჩუენდა სიბრძნე". ესე იგი არს, ვითარმედ სრულიად თავი თჳსი ჩუენ მოგუცა და ჩუენდა სიბრძნედ იქმნა, რამეთუ ყოვლითურთ დაემკჳდრა ჩუენ შორის, და არა თუ შორით სიბრძნე გუასწავა, არამედ თავადი მოვიდა ჩუენდა და იქმნა ჩუენდა სიბრძნედ. ნუღარამცა უკუე ვზუაობთ სიბრძნესა ზედა, რამეთუ არა თუ ჩუენი რაჲმე სიბრძნე გუაქუს, არამედ ქრისტე არს ჩუენდა სიბრძნე, სიმართლე და სიწმიდე, და არარაჲ არს ჩუენი.
მოციქულისაჲ: ღმრთისაგან (1,30).
თარგმანი: ვინაჲთგან დიდებულებაჲ ძისაჲ თქუა, ვითარმედ იგი არს სიბრძნე, სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნაჲ. ამისთჳს შესძინა, ვითარმედ "ღმრთისაგან", რაჲთა არა უშობელად მოიგონონ იგი და უმიზეზოდ, და შთავარდენ ბოროტსა შინა.
მოციქულისაჲ: სიმართლე, სიწმიდე და გამოჴსნა (1,30).
თარგმანი: იხილე, ვითარ შემდგომითი-შემდგომად იტყჳს ქველისმოქმედებათა მათ; რამეთუ პირველად სიბრძნე ჩუენდა იქმნა და დაამტკიცა შორის გულისჴმის-ყოფაჲ, და ესრეთ გჳკსნა ჩუენ საცთურისაგან, და მერმე გუექმნა ჩუენ სიმართლე, რამეთუ დაშჯილნი ესე და შეცოდებულნი განგუამართლნა, რაჟამს თანამდები ჩუენი მან თავადმან გარდაიჴადა. და სიწმიდე მექმნა ჩუენ, რამეთუ შეგინებულნი ესე და შებღალულნი ბევრეულთა მიერ ცოდვათა — წმიდად გამოგუაჩინა, რაჟამს თავი თჳსი მსხუერპლად ჩუენთჳს შეწირა. ხოლო გამოჴსნა მექმნა, რამეთუ შეპყრობილნი ესე მონებასა შინა ცოდვისასა გამომიჴსნნა და განგუათავისუფლნა, მისცა რაჲ თავი თჳსი საჴსრად ჩუენთჳს განმწმედელად ყოვლისა სოფლისა და ესრეთ მოჰფინა ზედა სული წმიდაჲ, და მართალ და წმიდა გუყვნა და გამოგჳჴსნნა ყოველთაგან ბოროტთა.
მოციქულისა: რაჲთა, ვითარცა წერილ არს, რომელი იქადოდის, უფლისა მიერ იქადოდენი (1,31).
თარგმანი: ესე ყოველი ამისთჳს იქმნაო, რაჲთა არავის შეერაცხოს თავი თჳსი რადმე, არცა თავსა ზედა თჳსსა იქადოდის, არამედ ყოველი სიქადული ყოველთავე ღმრთისა მიერ აქუნდეს. რამეთუ, ვინაჲთგან ვიეთნიმე კორინთელთგანნი ზუაობდეს და იქადოდეს, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველი ამისთჳს ქმნა ქრისტემან, ჵ კაცნო, რაჲთა არღარა ვზუაობდეთ თავთა ჩუენთა ზედა, არამედ ვიჴსენებდეთ, რაჲ ქმნა ჩუენ თანა ქრისტემან, და სიმდაბლით ვჰმადლობდეთ მას.
მოციქულისაჲ: ხოლო მე, მოვედ რაჲ თქუენდა, ძმანო, მოვედ არა მეტნობითა სიტყუათა ანუ სიბრძნისაჲთა მოთხრობად თქუენდა (2,1).
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა, თუ სიბრძნე სოფლისაჲ განცოფდა და სულელად შერაცხილი იგი გამოჩნდეს, ამისთჳს ამასცა იტყჳს, ვითარმედ მე თჳთ მო-რაჲ-ვედ თქუენდა, რომელი-ესე ქადაგი ვარ ქრისტიანობისაჲ, არა მოვედ ჴორციელითა ფილაფოსობითა შეჭურვილი და სიბრძნითა კაცობრივითა, არამედ სიბრძნითა საღმრთოჲთა. და ამისგან ცანთ, ვითარმედ არაჲ არს სარგებელი ჴორციელსა სიბრძნესა შინა, თუ არა, რად არა მითურთ-მცა მოსრულ ვიყავ ქადაგებად თქუენდა! ნუ-უკუე ვინმე თქუას, ვითარმედ: და უკუეთუმცა ჰნებებოდა, ძალ-ედვაა ჴორციელისა ფილაფოსობისა ქონებად? გარნა გულისჴმა-ყავნ, ვითარმედ დაღაცათუ მას ვერ ეძლო, გარნა ქრისტეს ძალ-ედვა, რაჲთამცა ექმნა იგი ფილაფოს, უკუეთუმცა ენება და იყო-მცა რაჲმე მისგან სარგებელი.
მოციქულისაჲ: წამებაჲ იგი ღმრთისაჲ (2,1).
თარგმანი: რამეთუ სიკუდილსა და ჯუარ-ცუმასა ქრისტესსა ქადაგებდა, ამისთჳსცა წამებად ღმრთისა სახელ-სდვა მას, ვითარცა სხუასა ადგილსა იტყჳს ქრისტესთჳს, ვითარმედ: რომელი-იგი იწამა პონტოელისა პილატეს ზე.
მოციქულისაჲ: რამეთუ არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ, და ესეცა ჯუარცუმულივე (2,2).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა ვინებე ცუდთა და ამაოთა სიტყუათა შორის-შემოღებად, ვითარ-იგი წარმართნი სიტყუათა მათ უგუნურებისა მათისათა ბევრეულთა სიძნელითა სიტყუათაჲთა დაჰფარვენ, და შეწყობილებითა მით მათითა ჰნებავს განშუენებაჲ მათი. არამედ მე არა ვინებე ესევითარისა რაჲსამე სწავლად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ ოდენ ვქადაგე ადვილად გულისჴმისსაყოფელითა სიტყჳთა და იგიცა ჯუარცუმული. გარნა ამით ესევითარითა საქმითა ყოველთა მათ ბრძენთა პირები დაუყავ-ვე. ხოლო ყოველსა ამას პირსა შინა ესე არს მისწრაფებაჲ მოციქულისაჲ, რაჲთამცა გულისჴმა-უყო, ვითარმედ ჴორციელი სიბრძნე არად საჴმარ არს, რაჲთამცა დაამდაბლნა გონებანი კორინთელთა მათ ფილაფოსთანი.
მოციქულისაჲ: და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მომართ (2,3).
თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: მე არა თუ ოდენ არა ვიჴმარე სიბრძნე ჴორციელისა ფილაფოსობისაჲ ქადაგებასა ამას შინა, არამედ უფროჲსად უძლურებითაცა ჴორციელითა, რამეთუ უძლურ ვიყავ წინაშე ძლიერთა მათ მძლავრთაჲსა, რომელნი მდევნიდეს და შიშითა და ძრწოლითა მათისა მის დევნულებისაჲთა ვქადაგე, რომელ-ესე დიდსა მას ძალსა ჯუარისასა გამოაჩინებს, რამეთუ უსწავლელთა მიერ და უძლურთა, და შიშსა შინა და ძრწოლასა ქადაგებითა დაიპყრა ყოველი სოფელი. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ დაამდაბლებს მათსა გონებასა, რომელნი მუნ ფილაფოსნი იყვნეს; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: იხილეთ-ღა, რავდენნი წინააღმდგომნი იყვნეს ჩემისა ქადაგებისანი, და ამას ყოველსა ზედა წარვჰმართე-ვე იგი თქუენ შორის ქრისტეს ძალითა. გულისჴმა-ყავთ უკუე, ვითარმედ სიბრძნე ეგე, რომელსა ზედა ჰზუაობთ, არად საჴმარ არს, არამედ უფროჲსად სიმდაბლე და შიში უფლისაჲ არიან ყოვლისა კეთილისა მოქმედნი, და ვის ღმერთი შეეწეოდის, იგი არს დიდ და ძლიერ.
მოციქულისაჲ: და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა მით კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოცხადებითა სულისა წმიდისაჲთა და ძალითა (2,4).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჩემი ქადაგებაჲ არა თუ გარეგანითა მით წარმართთა მათ ფილაფოსთა სიბრძნითა შემზადებულ იყო, არამედ უცხო იყო ყოვლისავე ესევითართა საქმეთა ზიარებისა. ხოლო გამოცხადებაჲ და დამტკიცებაჲ ჭეშმარიტებისა მისისაჲ სულისა მიერ წმიდისა იქმნა და მისითა მით მადლითა ქმნილთა ძალთა და სასწაულთა მიერ, და ძალითა მით, რომელი მის მიერ დამკჳდრებულ იქმნა ჩუენ თანა.
მოციქულისაჲ: რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაჲთა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა (2,5).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ უკუეთუმცა სიბრძნისა მიერ კაცობრივისა დამტკიცებულ იყო თქუენ შორის სარწმუნოებაჲ და ჴელოვნებითა სიტყუათაჲთა მოქცეულ იყვენით, მრავალთამცა თქუეს თუ —არა თუ საქმე იგი და ქადაგებაჲ ძლიერი რაჲმე იყო, არამედ სიჴელოვნემან სიტყუათამან და სივრცემან ფილაფოსობისამან დაარწმუნა კაცთა და მიიქცინა. ხოლო აწ, ვინაჲთგან ფილაფოსობისამან დაარწმუნა კაცთა და მიიქცინა. ხოლო აწ, ვინაჲთგან ესევითარი არარაჲ შემოვიღეთ, არამედ ნიშებითა და სასწაულებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა იქმნა მოქცევაჲ თქუენი, ვერღა-რას ვინ იტყჳს ესევითარსა, არამედ გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ ძალი დიდი აქუს ამას სარწმუნოებასა, რომელ უსწავლელთა მიერ და გლახაკთა და უჩინოთა კაცთა — მძლე ექმნა მდიდართა და ძლიერთა და სწავლულთა.