მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂, * ა

წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, გარნა სიბრძნესა არა ამის სოფლისასა (2,6).

თარგმანი: ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ კაცთა მიერ სიბრძნედ შერაცხილი იგი სიცოფე არს, ხოლო საღმრთოჲ იგი — სიბრძნე, რომელი წარწყმედულთა მათ სიცოფედ შეურაცხიეს, იგი არს ჭეშმარიტი სიბრძნე. ამისთჳს აწ განჩინებულად სახელ-სდვა მას სიბრძნედ, ხოლო სიბრძნედ იტყჳს ქრისტეს ქადაგებასა, და რომელ ჯუარისა მიერ ცხონდა ყოველი სოფელი. იტყჳს უკუე, ვითარმედ: წარმართნი იგი ფილაფოსნი მათთა მათ მიმდგომთა ასწავლიან სიბრძნესა ცოფსა და საწუთროჲსასა და მცირედჟამ მყოფსა, რომელსა შინა არარაჲ არს სარგებელი, უკუეთუ ჭეშმარიტი იგი სიბრძნე არა თანა-ერთოს, არამედ — ფრიადიცა სავნებელი. ხოლო ჩუენ მოციქულნი ჭეშმარიტსა მას სიბრძნესა ვასწავლით სრულთა მათ, რომელ არიან მორწმუნენი, რომელთაცა ჰრწმენეს ქრისტე, რამეთუ იგინი არიან სრულნი და ბრძენნი, რომელთა უგულებელს-ყვნეს კაცობრივნი საქმენი, ვითარცა უძლურნი და არად სარგებელნი, და მისცნეს თავნი მათნი ღმერთსა ესევითართა მათ ვასწავლით სიბრძნესა, ხოლო სიბრძნესა არა თუ ამის სოფლისასა, რომელი-იგი განხრწნადი და წარმავალი არს და არარაჲ არს მისგან საუკუნისა მის მიმართ მერმისა მიმავალი, არამედ დალევნასა თანა ამის საწუთროჲსასა დაილევის იგიცა. ხოლო ჩუენ ვასწავლით კაცთა ქრისტეს, რომელი-იგი ჭეშმარიტი სიბრძნე არს მამისაჲ, და ჩუენ გუექმნა სიბრძნე, რამეთუ წარტყუენულნი მტერისა მიერ განგუაბრძნვნა და გჳჴსნნა ტყუეობისა მისგან ბოროტისა.

მოციქულისაჲ: არცაღა მთავართასა მას ამის სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან, არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა (2,6-7).

თარგმანი: რამეთუ განქარდების ყოველი დიდებაჲ მათი და სიხარული, და დაილევის ამის ცხორებისა დალევნასა თანა. არამედ მართალნი არა ესრეთ, რამეთუ უფროჲსად მაშინ ყუაოდინ და ბრწყინვიდენ, რაჟამს საწუთრო ესე წარჴდეს. ხოლო მთავრად სახელ-სდებს მათ თანა მყოფთა მათ ფილაფოსთა და გამომეტყუელთა, რომელნი ჯერეთ არა მოქცეულ იყვნეს.

მოციქულისაჲ: საიდუმლოსა მას (2,7).

თარგმანი: საიდუმლოდ იტყჳს ქრისტეს ქადაგებასა და განკაცებასა მისსა, რამეთუ არცა ერთმან ძალთაგან ცისათა იცოდა იგი პირველ ქმნისა. და კუალად, საიდუმლო არს, რამეთუ სხუასა ვხედავთ და სხუასა გულისჴმა-ვჰყოფთ; რამეთუ ქრისტეს განკაცებაჲ რაჲ ვიხილოთ, კაცთმოყუარებასა მისსა გულისჴმა-ვჰყოფთ, და მონებისა ხატისა შემოსაჲ რაჲ მისი გუესმას, სახიერებასა მისსა თაყუანის-ვსცემთ; შეურაცხებაჲ რაჲ და ჯუარ-ცუმაჲ მისი გულისჴმა-ვყოთ, ძალსა და დიდებასა მისსა ზედა განვკჳრდებით უმეტესად, რამეთუ სიკუდილითა სიკუდილი დაჰჴსნა და ძელითა ჯოჯოხეთი წარმოტყუენა; და წყალსა შინა ნათლისღებისასა რაჲ შთავიდოდით, გურწამს, ვითარმედ ცოდვანი ჩუენნი განწმდებიან, და ესე ყოველი არს საიდუმლოჲ იგი სიბრძნე.

მოციქულისაჲ: დაფარულსა (2,7).

თარგმანი: რამეთუ აწცა ჯერეთ დაფარულვე არს უმრავლესთაგან ჭეშმარიტი ძალი მაღალთა მათ საქმეთაჲ. ხოლო ურწმუნოთაგან ყოველთავე ყოველივე ფრიად დაფარულ არს. ხოლო მორწმუნეთაგან არა ყოველივე, არცა ფრიად, გარნა სრული ძალი მათი მცირედთა მიერ საცნაურ არს, და ვჰგონებ თუ არცა მცირედთა მიერ, გარნა თუ ვინ იყოს სულითა მსგავსი პავლესი.

მოციქულისაჲ: რომელი-იგი პირველადვე განიჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა (2,7).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ სიბრძნე იგი ქრისტეს განკაცებისაჲ, რომელი განაგო მამამან წინა საუკუნეთა ჩუენისა წყალობისათჳს, რამეთუ ჩუენისაცა დაბადებისა პირველ, აქუნდა ჩუენდა მომართ წყალობაჲ თჳსი, და მაშინვე იცოდა ყოველი მოწევნადი ჩუენ ზედა და განაჩინა სახიერებითა თჳსითა განკაცებაჲ ძისაჲ სადიდებელად ჩუენდა, ესე იგი არს, რაჲთა ჩუენ დაცემულნი ესე დიდებისა მისგან სამოთხისა და უპატივო-ქმნულნი და უბადრუკებათა მათ მრავალთა შთავრდომილნი კუალად გუადიდნეს ჴორცთშესხმითა მით და ვნებითა მხოლოდშობილისაჲთა, და უზეშთაესსა პატივსა და დიდებასა აღგჳყვანნეს. ხოლო "წინა საუკუნეთა" თქუა, რაჲთა დაუსაბამოებაჲ იგი ძისაჲ გულისჴმა-გიყოს, რამეთუ უკუეთუ განკაცებაჲ მისი უწინარეს საუკუნეთა განიჩინა, მისისა შობისა ჟამი სადაღა იპოვოს?

მოციქულისაჲ: რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისათამან იცნა, რამეთუ უკუეთუმცა ეცნა... (2,8).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ გულისჴმა-იყოფების პილატეს და ჰეროდესთჳსცა, რამეთუ არა იცოდეს მათ საიდუმლო იგი, და კუალად გულისჴმა-იყოფების მღდელთმოძღუართა და მწიგნობართათჳსცა, რამეთუ უმეცარ იყვნეს განგებულებასა მას, რომელი ჯუარითა და სიკუდილითა ქრისტესითა აღესრულებოდა.

მოციქულისაჲ: არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა (2,8); თარგმანი: კეთილად და თჳსსა ჟამსა უწოდა მას "უფლად დიდებისა", რამეთუ, ვინაჲთგან უგულისჴმოთა ჯუარ-ცუმაჲ ქრისტესი შეურაცხებად შეურაცხიეს, ამისთჳს, ჯუარ-ცუმაჲ რაჲ აჴსენა, მეყსეულად "უფლად დიდებისა" უწოდა მას, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ, არა თუ ოდენ არაჲ ევნო ამისგან დიდებასა მისსა, არამედ უმეტესადღა იდიდა კაცთმოყუარებისა მისისათჳს. კჳრილესი სხუაჲ: უკუეთუ სიტყუაჲ იგი, რომელი თქუა თუ — მთავართა ამის სოფლისათა ვერ ცნეს, — ჰეროდეს და პილატესთჳს გულისჴმა-ჰყო, შემდგომი ესე უმარტივესად-რე გულისჴმა-ყავ ესრეთ, ვითარმედ: უკუეთუმცა ეცნა ჭეშმარიტებით, არა-მცა ჯუარს-ეცუა უფალი იგი დიდებისაჲ, რამეთუ არა ესრეთ ფრიად აღბორგებულ იყვნეს, ვინაჲთგან ესოდენი შური არა აქუნდა მათ, ვითარ მღდელთმოძღუართა მათ. უკუეთუ კულა მღდელთმოძღუართა მათ და მწიგნობართათჳს გულისჴმა-ჰყო სიტყუაჲ იგი, რომელთაცა იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე, და ამისთჳს თქუა უფალმან, ვითარმედ თქუესო მცველთა მათ ვენაჴისათა: "ესე არს მკჳდრი ამის ვენაჴისაჲ; მოვედით, მოვკლათ იგი, და ვენაჴი ესე ჩუენი იყოს", და ესრეთ დაბრმდეს უკუე შურითა; ვითარ უკუე იტყჳს მოციქული, ვითარმედ "უკუეთუმცა ეცნა"? რაჲ-მცა ეცნა? გარნა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ: უკუეთუმცა ეცნა, თუ ესოდენი ცხორებაჲ იქმნების წარმართთაჲ ჯუარისა მიერ, არა-მცა ჯუარს-ეცუა იგი, არამედ ერჩია-მცა სიკუდილი შურითა მით, ვიდრეღა განვრდომაჲ მათი და ქალაქისა და მღდელობისა მათისა მოოჴრებაჲ, და ადგილსა მათსა წარმართთა შესლვაჲ და ცხორებაჲ წარწყმედულთა მათ ნათესავთაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წერილ არს: რომელი-იგი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი-იგი განუმზადა მოყუარეთა მისთა (2,9).

თარგმანი: რაჲ განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა მისთა? —საცნაურ არს, ვითარმედ ქრისტე განუმზადა და განკაცებითა მისითა ქმნილი იგი ცხორებაჲ. ხოლო "მოყუარედ ღმრთისა" მორწმუნეთა სახელ-სდებს წერილი, რამეთუ მათთჳს იქმნა მოსლვაჲ უფლისაჲ ცხორება, რომელთაცა ჰრწმენა იგი; ხოლო ვითარ "თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა" იგი, რამეთუ მოციქულთა იხილეს და წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთა ესმა და გულისჴმა-ყვეს საიდუმლოჲ იგი? — გარნა ამას ვიტყჳთ, ვითარმედ წერილი პირველთა მათ ჟამთათჳს იტყოდა თუ: ვიდრემდის არა მოვიდეს, არავინ იხილოს იგი, რამეთუ არცა ანგელოზთა, არცა ქერობინთა ეხილა ღმერთი განკაცებული, ვიდრემდის არა იქმნა. ხოლო სმენისათჳს ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ: უკუეთუ იტყჳ თუ — წინაჲსწარმეტყუელთა ვითარ ესმა? —სხუაჲ არს კაცობრივითა სასმენელითა სმენაჲ, და სხუაჲ არს საწინაჲსწარმეტყუელოჲთა; რამეთუ წინაჲსწარმეტყუელთა რაჲ იგი ესმოდა ღმრთისა მიერ, არა თუ ჴორციელითა სასმენელითა ესმოდა, არამედ სულისაჲთა, ვითარცა ესაია იტყჳს, ვითარმედ: "მომცნა მე ყურნი სმენად". არა თუ ჴორციელნი ყურნი აკლდეს, არამედ მიეცნეს ყურნი წინაჲსწარმეტყუელებისანი. ჴორციელსა უკუე ყურსა არა ასმიოდა, არცა გულსა მოსრულ იყო, ხოლო რომელ წინაჲსწარმეტყუელთა ესმა და მოუჴდა, სულისა ყურითა ესმა, და სულიერსა მას გულსა მოუჴდა.

მოციქულისაჲ: ხოლო გამოგჳცხადა ღმერთმან სულითა მით თჳსითა (2,10).

თარგმანი: რაჲთა არავინ თქუას, თუ: ვინაჲთგან არავინ ცნა, თქუენ ვითარ სცანთ? — ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ღმერთმან სულისა მიერ წმიდისა გამოგჳცხადა, და არა სიბრძნითა კაცობრივთა, რამეთუ იგი არა ღირს იქმნა ხილვად საიდუმლოთა მათ.

მოციქულისაჲ: რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს (2,10).

თარგმანი: გამოაჩინებს სიდიდესა ესევითარისა მის სწავლისასა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა არა ესწავა ჩუენდა სულსა წმიდასა, რომელმან-იგი იცნის ყოველნი სიდრმენი ღმრთისანი, ვერცა-მცა ჩუენ გუეცნა, რამეთუ დაფარული იყო საიდუმლოჲ იგი. ამისთჳსცა სულისა მიერ წმიდისა საჴმარ იქმნა სწავლაჲ, რამეთუ სხჳთა სახითა შეუძლებელ იყო. ხოლო თუ "გამოეძიებს", ესე არა უმეცრებისა მომასწავებელი არს, არამედ უფროჲსად ჭეშმარიტისა მეცნიერებისა. სხუაჲ, გრიგოლ ღმრთისმეტყუელისაჲ: არა თუ ვითარმცა არა იცოდა და ამისთჳს გამოეძიებს, არამედ რამეთუ ბუნებით იშუებს და იქცევის ხედვასა მას შინა.

მოციქულისაჲ: და სიღრმესაცა ღმრთისასა (2,10).

თარგმანი: კჳრილესი: სიღრმენი ღმრთისანი არიან წმიდათა წერილთა შინა დაფარულნი ძალნი და იცნის სულმან წმიდამან და გამოუცხადებს სულთა მათ წმიდათა მაღალსა მას და ღრმასა ძალსა, მათ მინა მყოფსა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა არავინ იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა, ეგრეცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან (2,11).

თარგმანი კჳრილესი: ვინაჲთგან თქუა თუ — "სული ყოველსავე გამოეძიებს სიღრმესა ღმრთისასა", — რაჲთა არავინ მწვალებელთაგანმან თქუას თუ — არა სადმე იცის და მისთჳს გამოეძიებს, — ამისთჳს მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: "ვითარცა კაცისაჲ სხუამან არავინ უწყის კაცთაგანმან, ვითარ თჳთ მისმან სულმან, ეგრეთვე არცა ღმრთისაჲ ვინ უწყის თჳნიერ სულმან მისმან". და რომელთაცა ცნან რაჲმე ღმრთისა საქმეთაგანი, სულისა მიერ წმიდისა სცნობენ და სხუაჲ არა-სადაჲთ. და ვითარცა არარაჲ არს კაცსა თანა, რომელიმცა სულმან მისმან არა იცოდა, ეგრეთვე არცა რაჲ ღმრთისაჲ არს, რომელი არა იცის სულმან მისმან წმიდამან.

მოციქულისაჲ: ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელი არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა, რომელსაცა-ესე ვიტყჳთ (2,12).

თარგმანი კჳრილესი: "სულად სოფლისა", ვითარ მე გულისჴმა-ვჰყოფ, იტყჳს კაცობრივსა სიბრძნესა და სწავლულებასა, რომელსა თანა არა ერთოს საღმრთოჲ იგი სიბრძნე, რომელი-იგი ზემო თქუა, ვითარმედ: მოვედ არა სიბრძნითა სიტყუათაჲთა, რაჲთა არა დაცარიელდეს ჯუარი ქრისტესი. და ვინაჲთგან მის მიერ იქმნების დაცარიელებაჲ ჯუარისაჲ, ამისთჳს აქა "სულად სოფლისა" სახელ-სდებს მას და იტყჳს, ვითარმედ: არა მოვიღეთ იგი, არამედ სული ღმრთისაჲ მოვიღეთ, რაჲთა ვიცნოდით კეთილნი იგი, რომელნი მოგუანიჭნა ჩუენ ღმერთმან. ესე იგი არიან, რომელნი მოგუეცნეს განკაცებითა ღმრთისაჲთა: ჴსნაჲ მონებისაგან და შენდობაჲ ცოდვათაჲ და ყოფაჲ ანგელოზთა თანა და შვილებაჲ ღმრთისაჲ. და ესრეთ ამას მოასწავებს, ვითარმედ: უკუეთუმცა სული ამის სოფლისაჲ (რომელ არს სწავლულებაჲ ჴორციელი) გუაქუნდა ჩუენ და მითმცა ვქადაგებდით, ვითარმცა გულისჴმა-ვყვენით საიდუმლონი ღმრთისანი, რომელნი არავინ იცნის, გარნა ღმრთისავე სულმან, რამეთუ სოფლისა სიბრძნემან სოფლისა საქმენი იცნის, ხოლო ღმრთისანი ვითარმცა ცნნა? ამისთჳს უკუე მოგუეცა ჩუენ სული ღმრთისაჲ, რაჲთა კეთილადცა გულისჴმა-ვყვნეთ საიდუმლონი ღმრთისანი და უმეტესად ვჰმადლობდეთ მას და არა ვჰგონებდით თუ ჩუენითა რაჲმე სიბრძნითა ვცანთ საიდუმლოჲ ღმრთისაჲ.

მოციქულისაჲ: არა სწავლულებითა კაცთა სიბრძნისა სიტყჳთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა (2,13).

თარგმანი: ამით სიტყჳთა უჩუენა უაღრესობაჲ მათი უფროჲს ჴორციელთა მათ ფილაფოსთასა, ვითარმედ ესოდენ უაღრეს მათსა ვართ ჩუენ, რომელ მათ მოძღურად ჰყავს პლატონ და პითაღორა და სხუანი ესევითარნი, ხოლო ჩუენი მასწავლელი არს სული წმიდაჲ, და არასადა საჴმარ არს კაცობრივი სიბრძნე, არამედ ყოველივე საქმე ჩუენი სულიერ არს.

მოციქულისაჲ: სულიერთა მათ თანა სულიერსა შევატყუებთ (2,13).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ რაჟამს შემოვიდეს შორის სულიერი რაჲმე საძიებელი და მიუწთომელი ჴორციელითა გონებითა, მაშინ სულიერთავე სახეთა და წამებათა მოვიღებთ, და მათითა მით შეტყუებითა და მიმსგავსებითა გამოვაჩინებთ მას. ვითარ-იგი, რაჟამს შემოვიდეს სიტყუაჲ აღდგომისა უფლისაჲ, რომელი-იგი სულიერი არს ჭეშმარიტად, ამისთჳს სულიერსაცა სახესა თანა-შევატყუებთ და მივამსგავსებთ მას და მოვიღებთ სახედ იონას წინაჲსწარმეტყუელსა. და კუალად, რაჟამს შემოვიდეს სიტყუაჲ თუ ვითარ შვა ქალწულმან უფალი და ეგო ქალწულად, მოვიღებთ წამებასა შობისაგან ბერწთაჲსა, ვითარ ელისაბედისა და ანაჲსა და სარაჲსა, და კუალად მოვიღებთ სახედ მაყუალსა მას, რომელი იხილა მოსე; და ესრეთ თითოეულსა სულიერსა საძიებელსა სულიერთა მათ სახეთა თანა-შევატყუებთ.

მოციქულისაჲ: ხოლო მშჳნვიერმან კაცმან არა შეიწყნარის სულისა მისგან ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას (2,14).

თარგმანი: მშჳნვიერად კაცად მას იტყჳს, რომლი ყოველსავე ჴორციელითა გულის-სიტყჳთა გამოეძიებდეს, და რავდენსაცა საქმესა გონებაჲ მისი არა მისწუთებოდის, არა შეიწყნარებდეს მას სარწმუნოებით. და ესევითარი იგი გონებითა თჳსითა სულიერთა მათ და საღმრთოთა საქმეთა და სწავლათა სულისა წმიდისათა ვერ მისწუთების და კუალად სარწმუნოებითა ოდენ არას შეიწყნარებს, და ესრეთ, სიცოფედ შეურაცხიენ მას საქმენი ქრისტესნი, ვითარ: განკაცებაჲ ღმრთისაჲ, შობაჲ ქალწულისაჲ, დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ ჯუარითა, შენდობაჲ ცოდვათაჲ ნათლის-ღებითა და აღდგომაჲ მკუდართაჲ და სხუაჲ ყოველივე, რომელსა ვერ მისწუთების კაცობრივი ბუნებაჲ. სხუაჲ, კჳრილესი: კუალად მშჳნვიერი იგი არს, რომელი ჴორციელად ცხონდებოდის და არა განათლებულ იყოს გონებაჲ მისი სულისა მიერ წმიდისა. არამედ კაცობრივი ოდენ მეცნიერებაჲ აქუნდეს და ცნობაჲ, რომელი დანერგულ არს ღმრთისა მიერ ბუნებასა შინა და არღარაჲ მიეღოს სულისა მიერ წმიდისა სინათლე გონებისაჲ.

მოციქულისაჲ: და ვერშემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად გულისჴმა-იყოფებიან (2,14).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ვერშემძლებელ არს ესევითარი იგი ცნობად უგუნურებისაგან თჳსისა, და ვერ სცნობს, თუ ესევითართა საქმეთა ზედა სარწმუნოებაჲ ოდენ საჴმარ არს, რამეთუ მოუძლურდების კაცობრივი გონებაჲ, და სულიერად გულისჴმა-იყოფებიან. ესე იგი არს, ვითარმედ სარწმუნოებითა და სულისა მიერ წმიდისა იცნობების ძალი საღმრთოთა მათ საქმეთაჲ და სულიერთავე სახეთა მიერ, და არა ჴორციელითა გონებითა ანუ სიბრძნითა.

მოციქულისაჲ: ხოლო სულიერმან მან გულისჴმა-ყოს ყოველი, გარნა იგი არავისგან გულისჴმა-იქმნას (2,15).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომელი სულიერთა საქმეთა შინა განათლებულ იყოს სულისა მიერ წმიდისა, იგი სარწმუნოებით ხედავს და გულისჴმა-ჰყოფს ყოველსავე, თჳსსაცა და ურწმუნოთასაცა, ხოლო მისთა საქმეთა ურწმუნონი ვერ შემძლებელ არიან ცნობად. ხოლო რაჲ არს ესე სიტყუაჲ? ვითარ იცის მორწმუნემან ყოველივე? — გარნა ეგრეთ, რამეთუ იცის და გულისჴმა-ჰყოფს ამის საწუთროჲსა საქმეთა, ვითარმედ არარა და წარმავალ არიან, და გულისჴმა-ჰყოფს მერმეთა მათცა, ვითარმედ მტკიცე და საუკუნო არიან. და კუალად, რაჟამს საქმენი იგი საღმრთონი ესმნენ (ვითარ: შობაჲ ქალწულისაჲ, ჯუარცუმაჲ უფლისაჲ, აღდგომაჲ მკუდართაჲ და სხუაჲ ყოველივე, სულიერად გულისჴმა-ჰყოფს. ხოლო ურწმუნომან არა იცნის არცა ამის საწუთროჲსა საქმენი, არამედ დიდად შეურაცხიან მას იგინი, რომელნი-იგი არარა არიან, არცა მის საუკუნოჲსანი იცნის, რამეთუ არა ჰრწამნან იგინი, და ვერცა საქმეთა მათ საღმრთოთა გულისჴმა-ჰყოფს ჰყოფს, რამეთუ არა შეიწყნარებს მათ სარწმუნოებით.

მოციქულისაჲ: ვინ-მე უკუე იცის გონებაჲ უფლისაჲ, რაჲთა გამოუცხადოს მას. ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს (2,16).

თარგმანი: რაჲსათჳს არარაჲ იცის ურწმუნომან? — ამისთჳსო, რამეთუ არა იცის გონებაჲ უფლისაჲ, რაჲთამცა მან გამოუცხადოს მას საძიებელი იგი, რამეთუ მტერსა თჳსსა ღმერთი არარას გამოუცხადებს. ხოლო სულიერთა რაჲსათჳს იციან ყოველი? — ამისთჳსო, რამეთუ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს, ესე იგი არს, ვითარმედ სული ქრისტესი არს ჩუენ თანა, რამეთუ სულსა იტყჳს გონებად ქრისტესა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რავდენიცა ვიცით, სულისა მიერ წმიდისა გჳსწავიეს. და ამისთჳს სამართლად იგინი უმეცარ არიან, რამეთუ გარე-მიუქცევიეს ღმერთი თავთა თჳსთაგან, ხოლო ჩუენ ვიცით, რამეთუ სულმან წმიდამან გუასწავა. გინა თუ გონებად ქრისტესა მამასა იტყჳს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ჩუენ მამაჲ ქრისტესი გუაქუს მკჳდრად ჩუენ შორის, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: "დავემკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის", რამეთუ გონებად მამასა სახელ-სდებენ წმიდანი, ვითარცა იტყჳს გრიგოლ ღმრთისმეტყუელი, ვითარმედ: "გონებითა და სიტყჳთა და სულითა, ერთითა მით არსებითა და ღმრთეებითა" და კუალად იტყჳს, ვითარმედ: პირველად მოიგონნა ანგელოზებრნი ძალნი და ზეცისანი, და მოგონებაჲ იგი — საქმე იყო, სიტყჳთა აღსრულებული და სულითა სრულქმნილი".

მოციქულისაჲ: და მე, ძმანო, ვერ გეტყოდე თქუენ, ვითარცა სულიერთა (3,1).

თარგმანი: ვინაჲთგან დაამდაბლა კაცობრივსა სიბრძნესა ზედა ზუაობაჲ მათი, აწ კუალად დაამდაბლებს სულიერთაცა საქმეთა ზედა მყოფსა ზუაობაჲ მათსა და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ თუ სულიერისა რაჲსმე გულისჴმის-ყოფად შემძლებელ ვართ, რამეთუ სმენადცა ვერ ძალ-გიც სულიერისა რაჲსმე მაღლისა საქმისა. ამისთჳსცა უკუე, დაღაცათუ მენება, არამედ ვერ-ვე გეტყოდე თქუენ, ვითარცა სულიერად გულისჴმისმყოფელთა, არამედ ვითარცა უძლურთა.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა ჴორციელთა (3,1).

თარგმანი: და ვითარ ჴორციელ იყვნეს, ვინაჲთგან ვიეთნიმე სასწაულთაცა იქმოდეს? ვიტყჳთ უკუე, ვითარმედ იყვნეს სრულნიცა და უძლურნიცა, და ესე სიტყუაჲ უძლურთა მათ მიმართ არს. ხოლო არს ესეცა, რამეთუ იქმნების სასწაულთა მოქმედებაჲცა და არა სრულებაჲ, ვითარცა, რომელნი-იგი იტყოდეს, ვითარმედ — "უფალო, არა სახელითა შენითა ვქმნენით სასწაულნი", — და ესმა, ვითარმედ: "არა გიცნი თქუენ".

მოციქულისაჲ: ვითარცა ჩჩჳლთა ყრმათა (3,1).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ჩჩჳლნი ხართ გულისჴმის-ყოფითა, რამეთუ ვერ ძალ-გიც სრულითა მათ და მაღალთა საქმეთა გულისჴმის-ყოფად.

მოციქულისაჲ: სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი (3,2).

თარგმანი: სძედ იტყჳს მდაბალთა და მარტივთა სწავლათა, ხოლო საჭმლად — სრულთა მათ და მაღალთა.

მოციქულისაჲ: რამეთუ არა გეძლო, არცაღა აწ გიძლავს (3,2).

თარგმანი: თუ "ვერ ძალ-გიც" არა თუ ძალისა ნაკლულევანებასა მოასწავებს, არამედ არა-ნებებასა იტყჳს არა-შემძლებად, რამეთუ ქუემო-რე გამოაჩინებს, ვითარმედ მათისა ნებისაგან არს მიზეზი არა-შეძლებისაჲ, რომელი-ესე ჭეშმარიტად საბრალობელ არს, რამეთუ უკუეთუ ძალი არა აქუნდეს კაცსა, იგი არა ფრიად საბრალობელ არს, ხოლო რომელსა არა ენებოს, იგი არს ღირს ბრალისა.

მოციქულისაჲ: რამეთუ ჴორციელვეღა ხართ, ვინაჲთგან არს თქუენ შორის შური და ჴდომაჲ. არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით? (3,3).

თარგმანი: ვინაჲთგან ჰრქუა მათ, ვითარმედ "ჴორციელ ხართ",, აწ მიზეზსაცა ეტყჳს თუ ვითარ იყვნეს ჴორციელ, და დაღაცათუ აქუნდეს სხუანი მრავალნი საქმენი, რაჲთამცა ამხილნა, არამედ ჯერეთ, რომლისათჳს იყო სიტყუაჲ მისი, იგი ამხილა, რომელ იყვნეს განწვალებანი იგი და შურნი და ჴდომანი, რომელნი აქუნდეს მათ.